ქუთაისის საკათედრო ტაძრის (სობორო) უკანასკნელი წინამძღვარი, დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე
ქუთაისს 1871-1924 წლებში ამშვენებდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული საკათედრო ტაძარი (სობორო). სამწუხაროდ, 1923 წლიდან ქუთაისის კათედრალი ბოლშევიკებმა დახურეს, ხოლო 1924 წელს დაანგრიეს. ქუთაისის წმიდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის (სობორო) უკანასკნელი წინამძღვარი გახლდათ დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე, რომელიც 1919-1923 წლებში იმყოფებოდა ხსენებულ საეკლესიო პოზიციაზე.
ერისკაცობაში ვასილ ლუკას ძე დოლაბერიძე დაიბადა 1867 წელს ქუთაისის მაზრის (ამჟამად წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) სოფელ მაღლაკში, მედავითნის ოჯახში. მან 1885 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, ხოლო 1891 წელს – თბილისის სასულიერო სემინარია.
1892 წლის 11 თებერვალს, ქუთაისის სასაფლაოს წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში, ყოვლადუსამღვდელოესმა იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე; აწ წმიდანად კანონიზირებული) დიაკვნად დაასხა ხელი ვასილ დოლაბერიძეს, ხოლო იმავე წლის 16 თებერვალს – მღვდლად აკურთხა და ხსენებული ტაძრის მღვდელმსახურად დაადგინა.
ქუთაისის საკათედრო ტაძარი (სობორო)
მამა ვასილი წერდა: „ახლა კი გადავსწყვიტე, ისევ ძველის გზით სიარული და მღვდლობას მოვკიდე ხელი. ვფიქრობ, ამ მცირე სწავლით და ადგილით მაინც ვემსახურო ქვეყანას. ქვეყანა კი ია და ვარდით ფიანდაზათ მოფენილი მგონია და ადამიანები კი ანგელოზები. მართალია, ერთი-ორი ყაჩაღი აწუხებს ხალხს, მაგრამ თუ ესენიც მოისპენ, მერე ანგელოზების მეტი აღარავინ იქნება ქვეყნად. ასეთი იდეალებით და ოცნებებით გაჟღენთილს ხალხის სამსახური მწყურია. მარტო საეკლესიო სამსახურიც არ მაკმაყოფილებს, მინდა ცოცხალ რამ საქმესაც მოვკიდო ხელი, რომ რაიმე ნაყოფი გამოვაღებინო ჩემს მეორე ცოდნას. ამიტომ დავაარსე სამრევლო სკოლა, მალე მას საკუთარი შენობაც ავუგე და შევუდექი ბავშვების სწავლების საქმეს“, – აღნიშნავდა მამა ვასილი.
მამა ვასილ დოლაბერიძეს სხვადასხვა დროს ებოძა საეკლესიო ჯილდოები: 1895 წლის 14 თებერვალს – საგვერდული, 1898 წლის 30 მარტს – სკუფია, 1902 წლის 6 მაისს – კამილავკა (მამა ვასილის კამილავკით დაჯილდოების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ჟურნალ „მწყემსში“, 1902 წლის #8), 1903 წლის 3 თებერვალს – წმ. ანას III ხარისხის ორდენი, 1907 წლის 6 მაისს – სამკერდე ოქროს ჯვარი, 1912 წლის 6 მაისს – დეკანოზის წოდება, 1916 წლის 6 მაისს – წმ. ანას II ხარისხის ორდენი, 1919 წლის 2 ოქტომბერს – ენქერი, 1935 წლის 23 ნოემბერს – მიტრა.
მამა ვასილი 1892-1894 წლებში იყო ქუთაისის სასაფლაოს წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძართან არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებელი, ხოლო 1896-1899 და 1905-1910 წლებში – ამავე სკოლის გამგე. 1898 წლის 1 სექტემბრიდან ქუთაისის უფასო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგი გახლდათ. მამა ვასილი 1901-1906 წლებში იყო ქუთაისის ეკლესიების სასულიერო გამომძიებელი, 1893-1907 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის გამგეობის წევრი, 1906 წელს დროებით იყო ქუთაისის ტაძრების მთავარხუცესი, 1911 წლის 5 მარტიდან დადგინდა ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად, 1911 წლის 7 მაისიდან დროებით ასრულებდა საკათედრო ტაძრის კანდელაკის, ხოლო იმავე წლის 7 ივლისიდან 25 აგვისტომდე საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოვალეობას. 1912 წლის 1 ივლისს კი დადგინდა ქუთაისის საკათედრო ტაძრის ტაძრის კანდელაკად.
დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი გახლდათ. 1917 წლის 12 (25) მარტს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა მამა ვასილისათვის დიდი სიხარულის მომტანი იყო. 1917 წლის სექტემბერში დეკანოზი ვასილი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომი პირველ საეკლესიო კრებაში აქტიურად მონაწილეობდა.
1918 წლის ნოემბრიდან ქუთაისის სამიტროპოლიტოს მმართველ მღვდელმთავრად დადგინდა მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა; 1924 წელს ბოლშევიკური რეჟიმის მიერ ცილისმწამებლური ბრალდებით დახვრეტილი, აწ წმიდანად კანონიზირებული). 1919 წლის 2 ოქტომბერს მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა ქუთაისის საკათედრო ტაძრის (სობორო) წინამძღვრად დაადგინა დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე.
1919-1921 წლებში მამა ვასილი გახლდათ იმერეთის საეპარქიო სასამართლოს მომხსენებელი წევრი. 1921 წელს გელათში გამართული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომი მესამე საეკლესიო კრების მომწყობი კომისიის წევრი იყო დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე. სწორედ, ხსენებულმა საეკლესიო კრებამ აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად (აწ წმიდანად კანონიზირებული წმიდა ამბროსი აღმსარებელი (ხელაია), რომლის ხსენებაც არის დღეს, 29 მარტს).
1921 წლის თებერვალში საქართველოში დამყარდა საოკუპაციო ბოლშევიკური რეჟიმი, რომელიც იდეოლოგიურად, აგრესიული ფორმებით ათეისტური შინაარსის იყო. ბოლშევიკები უსასტიკესი მეთოდებით მტრობდნენ ქრისტეს ეკლესიას, სასულიერო პირებსა და მრევლს.
1923 წლის დასაწყისში ათეისტურმა საერო რეჟიმმა უსამართლოდ დააპატიმრა ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი. მმართველი მღვდელმთავრის პატიმრობის პირობებში დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული საკათედრო ტაძრის წინამძღვრობა დეკანოზ ვასილისათვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მამა ვასილი იგონებდა, რომ 1923 წელს, ქუთაისის საკათედრო ტაძრის დღესასწაულის – წმიდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის ხსენებისადმი (ძვ.სტ. 26.01 – ახ.სტ. 08.02) მიძღვნილი წირვა-ლოცვა მიტროპოლიტის გარეშე აღსრულდა, თუმცა, მაინც ზარ-ზეიმით, როგორც კათედრალის დღესასწაულს შეეფერებოდა. მამა ვასილის მოგონებაში ვკითხულობთ: „რამდენიმე ქალი და კაცი მომეწიენ გზაში და ერთი პირის ხოკნითა და წუწუნით მომვარდნენ და შემომჩივლეს, თუ როგორ ძალმომრეობით დაადგინეს მათ /ბოლშევიკებმა/, რომ სობორო დაიკეტოს, რადგანაც, ვითომც მისი ზარების რეკვა მუშაობას უშლიდესო და დავით და კონსტანტინეს ნეშტიც უნდა გადმოტანილ იქნეს ქუთაისშიო. თუმცა, იკითხეს, თუ ვინა ხართ წინააღმდეგიო, მაგრამ, აბა, ვინ გაბედავდა ხმის ამოღებას, თუმცა, ერთმა მუშამ მაინც წამოიწყო საწინააღმდეგო ლაპარაკი, მაგრამ მაშინვე ჩააჩუმეს და გამოაცხადეს კიდეც: წინადადება ერთხმად მიღებულია და კრება დახურეს“, – იგონებდა მამა ვასილი. იმავე დღის საღამოს დეკანოზი ვასილი თბილისში გამგზავრებულა, სადაც მოახერხა შეხვედრა ბოლშევიკური ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილებით შინაპატიმრობაში მყოფ უწმიდეს და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსისთან.
სამწუხაროდ, ათეისტურმა ბოლშევიკურმა რეჟიმმა 1923 წელს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკანონოდ ჩამოართვა ქუთაისის წმიდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებელის სახელობის საკათედრო ტაძარი (სობორო), რომელიც საოკუპაციო ხელისუფლებამ სრულად დაანგრია 1924 წლის ზაფხულში. მამა ვასილს ფაქტობრივად თვალწინ დაუნგრიეს ქუთაისის საკათედრო ტაძარი, რომლის წინამძღვარი თავად იყო 1919 წლიდან.
1924 წლის აგვისტოში ბოლშევიკებმა ცილისმწამებლური ბრალდებით დააპატიმრეს ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა) თავის თანმხლებ სასულიერო პირებთან ერთად, რომელთა შორის იყო დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე. ქუთათელი მიტროპოლიტი თავის სამღვდელო კრებულთან ერთად სოფელ როდინოულში იყო ჩასული, მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის კურთხევისათვის. სწორედ ამ სოფელში, შუაღამისას შეიპყრეს ისინი ბოლშევიკური საოკუპაციო მთავრობის წარმომადგენლებმა. სამწუხაროდ, მიტროპოლიტი ნაზარი, დეკანოზი იეროთეოზ ნიკოლაძე, დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე და პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე ბოლშევიკურმა რეჟიმმა ცილისმწამებლური ბრალდებით დახვრიტა, ხოლო დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე გადაურჩა დახვრეტას. აღნიშნულთან დაკავშირებით, მამა ვასილი იგონებდა: „ეკლესიის გალავანში, ნაცნობ ორსართულიან შენობაში მიგვიყვანეს. გამოგვამწყვდიეს ერთ დიდ ოთახში და თვითონ მეორე ოთახში გავიდნენ, თან რაღაცას ჭოჭმანობენ. ამ საქმეს ხელმძღვანელობს, თურმე, რაიონის მილიციის უფროსი, ვინმე მაღლაკელიძე, ყოფილი ყაჩაღი. გაათავეს ჭოჭმანი, შემოვიდნენ და მოგვაძახეს: აბა, ადექით, რაიონში უნდა წახვიდეთო. ჩვენ რა ვიცით, სად არის რაიონი და ვუთხარი: რადგანაც წვიმს და ბნელა, ამაღამ აქ გაგვათევინეთ ღამე და ხვალ სადაც გინდათ, იქ წამოგყვებით-მეთქი. არ შეიძლება, ამაღამ უნდა წახვიდეთო, იყო პასუხი. მაშინ ვუპასუხე, რომ ამაღამ ამ ტყეში (იგულისხმება აჯამეთის ტყე) შეგიძლიათ, ყველანი დაგვხოცოთ და თავი იმითი იმართლოთ, გაქცევას აპირებდნენო, ამიტომ, ჯერ ბორკილები გაგვიყარეთ და მერე წაგვიყვანეთ-მეთქი. ბორკილებს ახლა გაგიჭედავთო, გვიპასუხეს. ამაზე მღვდელმა სიმონ მჭედლიძემ უპასუხა, თუ ბორკილები არ გაქვთ, ბაწრები ხომ გეშოვებათო. ამის თქმა და მილიციონრების დარევაც ერთი იყო და ყველანი ძირს, ეზოში ჩარეკეს. მერე მე დამავლეს ხელი და ციმციმ გამიტანეს გარეთ, და სხვებს შევუერთდი…
1 სექტემბერს, საღამოს, ასე ხუთ საათზე, მიტროპოლიტი და პროტოდიაკონიც მოიყვანეს საავადმყოფოდან. პროტოდიაკონი ისევ შეუძლოდ იყო. ამასობაში ათი საათი შეიქნა და დავწექით კიდეც. ცოტა ხანში ხმაურზე ისევ გამეღვიძა და რას ვხედავ, ვიღაც შეიარაღებული პირები შემოსულან ჩვენს საკანში. ერთი მათგანი ლამპასთან რაღაცას კითხულობს და მომესმა: „კორნელი კაკაბაძე, ჰო, მართლა, ის მეორე განყოფილებაშია” და დასძინა: „აბა, ჩქარა, ჩაიცვით და წამოდით!” ამ დროს კარს მოადგა ციხის უფროსის თანაშემწე – რუხაძე და დაიძახა: „ჩქარა წამოდით, თორემ მატარებელი გაგვასწრებს!”. სიის მკითხველმა ჩამოთვალა: ჯაჯანიძე, მჭედლიძე, ნიკოლაძე, მობრუნდა ჩვენკენ (ახლა კი გამაცივა), მიტროპოლიტი გააღვიძეთო და იკითხა კუხიანიძე სად არისო. მივეშველეთ მიტროპოლიტს ბარგის შეკვრაში. ბარგის შეკვრისას მიტროპოლიტი გარეთ გასულიყო და სხვები რომ გაირეკეს წინ, ჯაჯანიძემ ესღა მოასწრო: „ვასილი, აბა, შენ იცი, ბავშ…” და გარეკეს კიდეც. მიტროპოლიტი კაბის ამარა შემობრუნდა და ანაფორა ჩაიცვა, გამოგვეთხოვა ყველას პირზე კოცნით და გვითხრა: „არ შეშინდეთ, მხნედ იყავით, სიკვდილი ყველა ერთიაო” და გაჰყვა იმათ… ასე, ოთხი საათი იქნებოდა, რომ სადგურის მხრიდან მოგვესმა, ზედიზედ ორჯერ თოფების გრიალი, მერე – ორი-სამი კენტად. ვიფიქრეთ, ისევ გამოსვლები დაიწყოო, მაგრამ ეს იყო და ეს, იმ ღამეს მეტი თოფის ხმა არ გაგვიგონია. დილით, როგორც კი მიმოსვლა დაიწყო საკნებს შორის, ჩვენთან შემოვიდა ტუსაღი მაჭავარიანი და შეგვათვალიერა, თუ ვინ გაიყვანესო. ჩვენ გულუბრყვილოდ შევეკითხეთ, სად წაიყვანეს ისინიო. მან კი თვალცრემლიანმა სთქვა: დახვრიტესო! ამის გაგონებამ თავზარი დაგვცა. მან განაგრძო: მათთან ერთად შვიდი კაცი ჩვენი საკნიდან გახლდათ და ჩამოთვალა გვარები, ყველანი ჩვენი კარგი მეგობრები. გადის დღეები და აგერ, 17 სექტემბერი შეიქმნა. ნაშუადღევის ოთხ საათზე ეზოში გაგვდენეს. ამ დროს დერეფნის ფანჯარას მოდგომიან გარედან და ვიღაცას კითხულობს: ვასილი, სად არის, ვასილიო. მეც გამოვედი და ერთბაშად მომაძახა: მომილოცავს, ვასილი გათავისუფლებაო… აბა, რას ვიფიქრებდით, რომ ისინი დახვრიტეს და ჩვენ კი ორ კვირაში გაგვიშვეს. რაკი ისინი დახვრიტეს, ჩვენ ათ-ათ წლის ციხე მივუსაჯეთ საკუთარ თავს. ესენი კი ორ კვირაში გვათავისუფლებენ. მოდი და დაიჯერე! მაშ, რაღასთვის დახვრიტეს ისინი?”, – იგონებდა დეკანოზი ვასილი, რომელიც ქუთაისის ციხეში მყოფი სასწაულებრივად გადაურჩა დახვრეტას.
1924 წლის 3 დეკემბერს დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე დადგინდა ქუთაისის წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. 1926 წლის 12 სექტემბრიდან ქუთაისის საფიჩხიის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იყო, ხოლო 1932 წლის იანვრიდან – ამავე ტაძრის წინამძღვარი. 1935 წლის 21 აგვისტოს, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა სვიმეონმა (ჭელიძე) ქუთაისის არქიელის გორის წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაადგინა დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე. იმავე წლის 23 ნოემბერს, გიორგობას, ხსენებული ტაძრის დღესასწაულზე უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე; აწ წმიდანად კანონიზირებული) მიტრით დააჯილდოვა დეკანოზი ვასილი.
დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე მრავლისმხილველი სასულიერო პირი გახლდათ, რომელიც მიუხედავად არაერთი მძიმე წნეხისა და ზეწოლისა, ღვთის მადლით, არ შეუშინდა კომუნისტურ რეჟიმს, არ განიმოსა სამღვდელო სამოსი და არ შეწყვიტა ღვთისმსახურება. საერო ათეისტური მთავრობა სასულიერო პირებს ხელოვნურად აკისრებდა დიდძალ ფინანსურ გადასახადებს. მამა ვასილს მიუვიდა ქვითარი, რომლის მიხედვით ის სახელმწიფომ დაბეგრა 11 984 მანეთითა და 64 კაპიკით, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში ტაძრის დაკეტვით ემუქრებოდნენ. ამ ამბის შესახებ მამა ვასილი იგონებდა: „1940 წლის 1 ივლისს მივედით მე და ჩემი მედავითნე, მღვდელი გიორგი ჯაში ფინგანში დაპირებისამებრ განცხადებებით სამსახურისათვის თავის დანებების შესახებ. გვითხრეს, ჯერ დათხოვნის ქაღალდი შემოიტანეთო. შევიტანეთ. მერე გვითხრეს, ეკლესიას ჩავიბარებთო. ჩაიბარეს. ესე გვაწვალეს თვის ბოლომდე. ბოლოს ინსპექტორმა გოგისვანიძემ, როგორც იქნა, წამოღერღა: კი, თავი დაანებე სამსახურს, მარაო… მარაო… იძახის. რა ვქნა, არ ვიცი, რა მარაო უნდა-თქო, ვიფიქრე და კიდევ წამოღერღა: ანაფორაო… რაი, რაი-მეთქი?! და ავენთე: ვინ მოგცა შენ ჩემთვის ანაფორის გაძრობის უფლება-მეთქი?! ხელი დაადევი, რომელ კოდექსში გიწერია, რომ ანაფორის ტარება არ შეიძლებოდეს და თუ შენი მოვალეობა არ გესმის, მე გასწავლი: მდიე უკან და თუ მღვდელმოქმედებას შევასრულებ და შემოსავალი მექნება, შენი პროცენტები აიღე-მეთქი. გავშორდი და არც მივკარებივარ მას მერე“, – აღნიშნავდა თავის მოგონებებში მამა ვასილი. მხოლოდ ეს ფაქტიც საკმარისია, რომ წარმოვიდგინოთ, რა ურთულეს წნეხში უწევდათ საბჭოთა პერიოდს მოსწრებულ სასულიერო პირებს ცხოვრება და მსახურება.
დეკანოზ ვასილს ქუთაისში მღვდელმსახურება მოუწია ათი მღვდელმთავრის მმართველობისას. ესენი იყვნენ: იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე; წმიდანად კანონიზირებული), იმერეთის ეპისკოპოსი ბესარიონი (დადიანი), იმერეთის ეპისკოპოსი (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ლეონიდე (ოქროპირიძე), იმერეთის ეპისკოპოსი (შემდგომში მიტროპოლიტი) გიორგი (ალადაშვილი), ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე), ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა; წმიდანად კანონიზირებული), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი სვიმეონი (ჭელიძე), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ვარლაამი (მახარაძე), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ეფრემი (სიდამონიძე).
მრავალმა განსაცდელმა მამა ვასილს ფიზიკური სნეულებაც შეჰყარა. დეკანოზმა ვასილ დოლაბერიძემ ღვთივგანისვენა 1944 წლის 11 დეკემბერს, 77 წლის ასაკში. დაკრძალეს ქუთაისში, ოღასკურას სასაფლაოზე, ტაძრის მახლობლად.
საუკუნოდ იყოს ხსენება მისი!
ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი
გამოყენებული ლიტერატურა:
ვარდოსანიძე ს. „ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)“, თბილისი, 2010 წ;
კეზევაძე მ. „ეგზარქოსობისდროინდელი იმერეთის ეკლესიები და მღვდლები“, ქუთაისი, 2008 წ;
კეზევაძე მ. „ქუთაისის საკათედრო ტაძარი (სობორო)“, ქუთაისი, 2021 წ;
მაჩურიშვილი გ. „დეკანოზი ვასილ ლუკას ძე დოლაბერიძე“, გაზ. „საპატრიარქოს უწყებანი“, 2010 წ. #42, გვ. 15-19;
ტოგონიძე ლ; მაჩურიშვილი გ. „XVIII – XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა“, თბილისი, 2012 წ;
ჟურნალი „მწყემსი“, 1902 წ. #8, გვ. 1.
დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე 1867-1944წწ XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე
დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე 1867 წელს იმერეთში, მედავითნის ოჯახში დაიბადა. მამამისი, ლუკა იოსების ძე დოლაბერიძე,
წლების განმავლობაში მედავითნედ მსახურობდა იმერეთის ეპარქიის სხვადასხვა სოფელში, გარდაიცვალა 1907 წლის 11
თებერვალს, დასაფლავებულია სოფელ ზედა მაღლაკის სასაფლაოზე. დედა – ნატალია ლაზარეს ასული დიასახლისი გახლდათ.
მშვენიერი მოსაუბრე და შცოდნე ძველი ქართული მწერლობისა. ვასილის გარდა მშობლებს კიდევ სამი შვილი ჰყავდათ: მელიტონი, დომენტი და ნიმფადორა.
1881 წელს ვასილი მამამ სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, რომელიც 1885 წელს წარჩინებით
დაამთავრა. სწავლის გასაგრძელებლად მან თბილისს მიაშურა.
სემინარიაში სწავლის პერიოდი მას აღწერილი აქვს თავის მოგონებებში, რომელშიც მეტად საინტერესო ფაქტებია მოყვანილი:
გვ359
„1885 წელს სწავლა დავამთავრე ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში და იმავე წელს გავემგზავრე თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის გასაგრძელებლად.
დავდექი მთაწმინდაში. აქ ვიქირავეთ ოთხმა ამხანაგმა ერთი დიდი ოთახი და ვცხოვრობდით ღარიბულად. სახლის პატრონთან დგას ვინმე გ.,
რომელიც სემინარიიდან გამოურიცხავთ რალაც დანაშაულისათვის და გიმნაზიისათვის ემზადება. ის ხშირად შემოდის ჩვენთან და გვესაუბრება სემინარიის შესახებ და რაც
შეიძლება მუქი ფერებით გვისურათებს მის ყოფა-ცხოვრებას· ეს, ცოტა არ იყოს, ვერ ახდენს ჩვენზე სასიამოვნო შთაბეჭდილებას, მაგრამ რას ვიზამთ,
ჩვენ მაინც ინერციულად განვაგრძობთ სემინარიაში სწავლას. ღვთის მადლით, ამ ბინაზე დარჩენა დიდხანს არ მომიხდა. იმავე წლის 6 ოქტომბერს მიმიღეს სახელმწიფო ხარჯზე
და გადავბარგდი კიდეც სემინარიის პანსიონში
გვ360
საცხოვრებლად. თუმცა უნდა გამოვტყდე, რომ ძლიერ უხერხულად ვგრძნობ თავს, რადგან სულ უცნობ ატმოსფეროში ამოვრგე თავი. ყველანი და ყოველივე აქ ჩემთვის უცხოა,
ამიტომ ისე ვეფეთები, როგორც ცხონებული ბაბუაჩემის კიჟორა ხარი.
მაგრამ ადამიანი ხომ ისეთი არსებაა, რომ ყოველგვარ გარემოებასა და მდგომარეობას ეგუება და მეც შევეგუე ჩემს ახალ ცხოვრებას.
ბედნიერად ვგრძნობ თავს, რომ გ-ს გამანადგურებელ პროპაგანდას მაინც დავაღწიე თავი, მაგრამ თურმე, ნუ იტყვი,
სულ ტყვილად! არ გაუვლია ბევრ ხანს, რომ გ-ს მაგივრად ათი ამეტუზა წინ იობის ეშმაკებივით და რას არ ჩამჩურჩულებდნენ,
რა აზრებს არ მინერგავდნენ თავში.
ამ მდგომარეობაში მაისმაც მოატანა და დაიწყო გამოცდები. გამოცდა გვაქვს რუსულ სიტყვიერებაში. დილის ცხრა საათზე კლასში სიტყვიერების მასწავლებელი თემას გვაძლევს,
თვითონ გადის. მისი ადგილი წესრიგის დასაცავად სხვა მასწავლებელმა დაიკავა. შევუდექით მუშაობას და ერთ გაწამაწიაში ვართ. როგორც გეზელაკიანი მიმინო, ისე დაგვტრიალებს
თავს მეთვალყურე. ამ ჭაპანწყვეტაში რომ ვართ და უცბათ საშინელი კივილი მოგვესმა. გავიხედეთ ჩვენს პირდაპირ, აივანზე, თავისი ბინის წინ რექტორისათვის ვიღაცას წაუვლია
თმაში ხელი და შიშველ ხანჯალს უსობს ხერხივით წაღუნულ კისერზე. ამის დანახვაზე ავიშალენით და შეიქმნა ერთი განგაში. მყისვე გაჩნდა პოლიცია, პროკურატურა და მთელი ადგილობრივი მთავრობა ფეხზე დადგა. მკვლელი იქვე შეიპყრეს
თავისი ხანალით. რექტორი შეიტანეს თავის ბინაში და სულ რამდენიმე წუთში დალია სული. მკვლელი აღმოჩნდა სემინარიის ყოფილი შეგირდი ლაღიაშვილი, ობოლი, რომელიც
სახელმწიფო ხარჯზე იზრდებოდა თურმე, მაგრამ იმის გამო, რომ მას უნახეს ბელინსკის თხზულება, დაითხოვეს ის სემინარიის მესამე კლასიდან ,„მგლის მოწმობით“, ე. ი.
ყოფაქცევაში ერთის ნიშნით. მან წლის განმავლობაში ბევრი იხეტიალა, მაგრამ სასწავლებელში არსად არ მიიღეს და არც სამსახური მისცეს.
გვ361
ჩავარდა საცოდავი უმწეო მდგომარეობაში, უნუგეშობამ მოიცვა მისი არსება, დაეცა სულით და სასოწარკვეთილმა განიზრახა
შურისძიება, რაც აღასრულა კიდეც“.
თუ რა ბედი ეწია სტუდენტ ლაღიაშვილს, მკითხველმა კარგად უწყის, იგი შორეულ აღმოსავლეთში გადაასახლეს, საიდანაც ჯერ
იაპონიაში, შემდეგ კი ამერიკაში გაიქცა და იქვე აღესრულა.
1891 წელს ვასილმა თბილისის სასულიერო სემინარია მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა და სწავლის გაგრძელებას
უმაღლეს სასწავლებელში აპირებდა, მაგრამ თანხების უქონლობის გამო, ეს ოცნება ვერ განახორციელა. იგი იმერეთში
დაბრუნდა და საეკლესიო ცხოვრების ფერხულში ჩაება. ამავე წელს დაქორწინდა სოფიო ყარამანის ასულზე, რომელთანაც
ხუთი შვილი შეეძინა: ოლიმპია, თამარი, ნიკოლოზი, ნინო და მარიამი.
1892 წლის 11 თებერვალს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ვასილი ქუთაისის სასაფლაოს მთავარანგელოზთა
სახელობის ტაძარში დიაკვნად აკურთხა და იქვე დაადგინა მსახურებისთვის. ერთ კვირაში კი მღვდლად დაასხა ხელი და
ამავე ტაძრის მღვდელმსახურად დანიშნა.
1892-1894 წლებში მღვდელი ვასილი ამ ტაძართან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად მუშაობდა.
თუმცა ამასთან დაკავშირებით ისევ მამა ვასილ დოლაბერიძეს მოვუსმინოთ: „ახლა კი გადავსწყვიტე ისევ ძველის გზით
სიარული და მღვდლობას მოვკიდე ხელი. ვფიქრობ, ამ მცირე სწავლით და ადგილით მაინც ვემსახურო ქვეყანას. ქვეყანა კი ია და
ვარდით ფიანდაზათ მოფენილი მგონია და ადამიანები კი – ანგე
გვ362
ლოზები. მართალია, ერთი-ორი ყაჩაღი აწუხებს ხალხს, მაგრამ თუ ესენიც მოისპენ, მერე ანგელოზების მეტი აღარავინ იქნება
ქვეყნად. ასეთი იდეალებით და ოცნებებით გაჟღენთილს ხალხის სამსახური მწყურია. მარტო საეკლესიო სამსახურიც არ
მაკმაყოფილებს, მინდა რეალურს, ცოცხალ რამ საქმესაც მოვკიდო ხელი, რომ რაიმე ნაყოფი გამოვაღებინო ჩემს მეორე ცოდნას.
ამიტომ დავაარსე სამრევლო სკოლა, მალე მას საკუთარი შენობაც ავუგე და შევუდექი ბავშვების სწავლების საქმეს“.
1895 წლის 14 თებერვალს ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი სამსახურისათვის მეუფე გაბრიელმა იგი საგვერდულით
დააჯილდოვა.
1896-1899 წლებში მამა ვასილი მთავარანგელოზთა ტაძართან არსებული სამრევლო სკოლის გამგედ მუშაობს.
1895 წლის 30 მარტს სკუფია ეწყალობა.
1895-1911 წლებში იყო იმერეთის საეპარქიო რევიზიის კომიტეტის წევრი.
1897 წელს მისი ხელმძღვანელობით მოხდა ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის ახალი სამრევლო სკოლის შენობის აგება.
1902 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს·
1893–1907 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის გამგეობის წევრად აირჩიეს, სადაც უსასყიდლო სამსახურისათვის 1903 წლის 3 თებერვალს წშინდა ანას III ხარისხის
ორდენით დჯილდოვდა.
1907 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.
1908 წელს იმერეთის ეპარქიის სამღვდელოების 49-ე კრებას თავჯდომარეობდა.
1911 წლის 5 მარტს ქუთაისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის მდღვდელმსახურად გადაიყვანეს. 1912 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1915-
1917 წლებში იმერეთის სამოსწავლო საბჭოს წევრი და ხაზინდარი იყო. მრავალი წლის განმავლობაში დეკანოზი ვასილი აქტიურად
თანამშრომლობდა საქართველოში იმჟამად გამომავალ სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთთან. აქვეყნებდა თავის მოსაზრებებს საეპარქიო სასწავლებლების უკეთ
მოსაწყობად, ქართულ გალობასთან დაკავშირებით, სამრევლო-საეკლესიო სკოლებში სწავ
გვ363
ლების გაძლიერებისათვის. გაზეთებში ასევე ქვეყნდებოდა მისი ქადაგებები, წარმოთქმული სხავდასხვა წლებში ამა თუ იმ საკითხებზე.
1915 წლის 2 აგვისტოს ერთ-ერთი ასეთი ქადაგება მან წარმოთქვა ქუთაისის საკათედრო ტაძარში ცნობილი ქართველი პოეტისა და
საზოგადო მოღვაწის, ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების გამო:
,,წარსულზე ფიქრი მაწუხებს.
აწმყოზე არა ჰყრია რა
და მომავლის ფიქრებიც
არავინ გამიზიარა''.
ასე მოსთქვამდა, ასე შესტიროდა ცას და ქვეყანას სამშობლო ქვეყნის ბედის შესახებ ის, ვისაც დღეს მშობელი ერი თავს
დაქვითინებს, ვისაც დღეს ქართველი ხალხი თავს დასტირის და უკანასკნელად ესალმება.
ვაჟას აწუხებდა სამშობლოს წარსული დიდების დაკარგვა, შიშს გვრიდა მისი დღევანდელი მდგომარეობა, მოსვენებას არ
აძლევდნენ, აღელვებდენ მომავლის შესახებ უიმედო ფიქრები. ასეთი იყო ამ ერთ საუკუნის განმავლობაში ჩვენი საზოგადო.
მოღვაწეთა სულიერი ტანჯვა, სულიერი მდგომარეობა! ჯერ კიდევ წარსული საუკუნის დასაწყისში ამავე სევდით გამსჭვალული ჩვენი დიდებული მგოსანი
ნიკოლოზ ბარათაშვილი, „უგზო-უკვლოდ“, მქროლავ მერანზე მჯდომი, თავგამოდებით ებრძვის.
ქართველი ერის ბედის უკუღმა ტრიალს, მაგრამ ამაოდ: ,„არსაიდან ხმა არსით ძახილი! და მარტოდმარტო, ობლად შთენ -
ლი ისე მოკვდა, რომ ფიქრები, ფიქრებათვე შთენილნი, თან ჩაიყოლა საფლავში. მხოლოდ მესამოცე წლებში ისმის პასუხი:
„არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს, გაიღვიძებს და აღსდგებაო“. არ გასულა ამის შემდეგ ბევრი ხანი და ვაჟას ,„მთის წყაროც''
საშინელ სიზმარს ნახულობს: ვითომც ის გვალვისაგან დამშრალიყო, თანაც მიწამ პირი უყო და უნდა უფსკრულში დაღუპულიყო
გამოიღვიძა და შიშის კანკალმა აიტანა. ამ დროს ირემი მიდის და მის ანკარა წყალს დაეწაფა, დალია და გაძღა.
მაშინ კი გულდამშვიდებულმა სთქვა: „არ ვარ გამშრალი, არაო!”
გვ364
მართლაც, არ გამშრალა და არც დაიშრიტება ჯერ ქართველი ერის სიცოცხლე· არ გამშრალა და არც გაშრება ქართველის
სისხლი, მინამ თავის დანიშნულებას, თავის მიზანს არ მიაღწევს· ჯერ იმდენად არ გატეხილა ქართველის გული, რომ ვერ
შესძლოს ბედშავ ცხოვრებასთან ბრძოლა. ის კიდევ შესძლებს წარსულის მომავალთან გადაბმა-გადაჯაჭვას, კიდევ შესძლებს
თავის მომავლის ბედის გაჭედას, კიდევ დაეწაფება საქართველოს მომავალ ანკარა ცხოვრებას. ამის უტყუარ ნიშნებს კიდეც
ვხედავთ დღეს ჩვენს ცხოვრებაში. ქართველი უკვე შეუდგა თვითმოქმედების განახლებას. დღეს ქართველობა,თუ ლხინში
არა, ჭირში მაინც ერთად, შეთანხმებულად მოქმედებს იმ ვიწრო ფარგალში, რომელშიაც ის მომწყვდეულა დღეს. ის უკვე ამის
უნარს იჩენს. გაიხსენეთ დამშეულ მოძმეთა შესახებ ერთსულოვანი ზრუნვა, წყალდიდობისგან დაზარალებულ მოძმეთადმი თანაგრძნობა და ხელის გაწყობა,
ომისაგან დაზარალებულ მოძმე აჭარლების დახმარება, სპარსეთსა და ოსმალეთში გადახვეწილ ქართველთა საშველათ ხელის გაწევა, ქართველ
მართლმადიდებელ, კათოლიკეთ, გრიგორიანთ, მაჰმადიანთ და ებრაელთა გარსშემოკრება, გაერთიანება, შეკავშირება, ჩვენ ვაჟკაცთა
მამაპაპური მამაცობა ბრძოლის ველზე, ჩვენი კოლექტიური მუშაობა, კულტურული საქმიანობა ამ ბოლო დროს, გაიხსენეთ
ყველა ესენი და დარწმუნდებით, რომ ვაჟას „მთის წყარო“ არ დამშრალა არა, არა!
მაგრამ თვით ვაჟა კი გაშრა, თვით ვაჟა დასჭკნა, ვით სუსხისაგან დამძრალი ძვირფასი სურნელოვანი ყვავილი. მართალია, ის დასჭკნა,
მაგრამ მისგან მოფენილი ლვთიური მადლი, მისგან შთენილი სურნელება კი უკვდავია, ვით საქართველო.
მის უკვდავ ფესვებზე დღეს ამოდიან სხვა ახალი, მისივე მოდგმის ყვავილები და მის სამშობლო ქვეყანას გულის დამაამებელ და
ყნოსის დამატკბობელ სურნელებას არ მოაკლებენ.
სამწუხაროა მხოლოდ, რომ ის მოკვდა მაშინ, როცა თვითონ ქართველმა ერმა გაუზიარა მას იმედიანი მომავლის არა მარ
გვ365
ტო ფიქრები, არამედ საქმენიც. მით უფრო მწარე იყო მისთვის სიკვდილი და იმდენათ მწარე, რომ სიკვდილის დროსაც კი
გულხელი ვერვის დაუკრეფინებია და ვერც თვალები დაუხუჭვინებია მისთვის. კიდევ უნდოდა ჩვენთან ყოფნა, ჩვვენთან საქმიანობა
და ნასაქმით დატკბობა! მაგრამ ულმობელმა სიკვდილმა თავისი გაიტანა და ჩვენმა ბუმბერაზმა ბუნება-სამშობლომ ის
გულში ჩაიხუტა, მისი უკვდავი სული ქართველის სულს დაეკონა დღეს. მისი უდროო სიკვდილის გამო:
,,ცაზედ დამქრალან ვარსკვლავნი,
პირი ემანჭვის მთვარესა,
მთანი თავ-ჩაჩქნიანები,
ფიქრს მისცემნიან მწარესა''.
1916 წლის 6 მაისს დეკანოზი ვასილი წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯჯილდოვდა დიდი სიხარულით შეხვდა იგი საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას და აქტიურად მონაწილეობდა 1917 წლის სექტემბერში თბილისში გამართულ პირველ
საეკლესიო კრების მუშაობაში. 1919 წლის 2 ოქტომბერს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა (ლეჟავა) მამა ვასილი ქუთაისის წმინდა დავით
აღშაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაადგინდა და ეკლესიაში ერთგული და ხანგრძლივი სამსახურისათვის ენქერიით დააჯილდოვა.
1919-1921 წლებში იმერეთის საეპარქიო სასამართლოში მომხსენებელ წევრად მუშაობდა.
1921 წელს აირჩიეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის III სა
გვ366
ეკლესიო კრების გელათის მონასტერში მომწყობი კომისიის წევრად.
1921 წლის თებერვლის გასაბჭოების შემდეგ ქვეყანაში მძიმე ვითარება შეიქმნა. უღვთო ხელისუფლება მასიურად ხურავდა
ეკლესია-მონასტრებს და სასულიერო პირებს დევნიდა. მძიმე ვითარება იყო იმერეთის ეპარქიაში. მამა ვასილი თავის მოგონებებში
წერს: „1923 წლის 14 იანვარს ძველი სტილით დაატყვევეს პირველად მიტროპოლიტი ნაზარი. 14 იანვარს 26
იანვარი მოჰყვა და გაიმართა საკათედრო ტაძრის დღესასწაული. თუმცა მიტროპოლიტი არ არის, მაგრამ ღამისთევით ლოცვა მაინც დიდის ზეიმით
გადავიხადეთ. ხალხი ბევრია. ბევრია აგრეთვე უწყებებით დაბარებული მუშა-მოსამსახურეები ჩვენს პირდაპირ „ინტერნაციონალის“ კლუბში და რაღაც
ამბავი აქვთ. გავათავე ლოცვა და სახლისაკენ გავეშურე. ამ დროს „ინტერნაციონალშიც“ გათავებულა მათი „ლოცვა“ და რამდენიმე ქალი
და კაცი მომეწიენ გზაში და ერთი პირის ხოკნითა და წუწუნით მომვარდნენ და შემომჩივლეს, თუ როგორ ძალმომრეობით დაადგინეს მათ,
რომ სობორო (იგულისხმება საკათედრო ტაძარი) დაიკეტოს, რადგანაც, ვითომც მისი ზარების რეკვა მუშაობას
უშლიდეს და დავით და კონსტანტინეს ნეშტიც უნდა გადმოტანილ იქნეს ქუთაისშიო. თუმცა იკითხეს, თუ ვინა ხართ წინააღმდეგიო, მაგრამ, აბა,
ვინ გაბედავდა ხმის ამოღებას, თუმცა ერთმა მუშამ მაინც წამოიწყო საწინააღმდეგო ლაპარაკი, მაგრამ მაშინვე ჩააჩუმეს და გამოაცხადეს კიდეც:
წინადადება ერთხმად მიღებულია და კრება დახურეს. ესევე კომედია ითამაშეს თურმე იმავე დროს ქალაქის თეატრშიც.
მეორე დღეს ზეიმითვე გადავიხადეთ წირვაც და საღამოს მატარებლით მოვკურცხლე კიდეც თბილისისაკენ. თბილისში
პირველად, თუმცა „დომაშნი არესტი“ ჰქონდა კათოლიკოზს ამბროსის, მაგრამ მაინც მოვახერხე მისი ნახვა. კათოლიკოზს
მოვახსენე ჩემი თბილისში ჩასვლის მიზეზი და დიდადაც დაინტერესდა ამ საქმით და მიბრძანა, ყოველდღე მომეხსენებინა
ხოლმე მისთვის მთავრობაში ამ საქმის მსვლელობის ვითარება“.
გვ367
მიუხედავად სამღვდელოებისა და მრევლის დიდი წინააღმდეგობისა, საკათედრო ტაძარი მაინც დაიკეტა. ეს მოხდა 1923
წლის აპრილს ტაძარი დალუქეს და წირვა-ლოცვა აკრძალეს, დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები. დეკანოზი ვასილი იძულებული გახდა,
ოჯახით დროებით სოფელში გადასულიყო საცხოვრებლად, სადაც რამდენიმე თვე დაჰყო.
1924 წლის 29 მარტს ციხიდან გაათავისუფლეს მიტროპოლიტი ნაზარი, რომელიც მაშინვე ქუთაისში დაბრუნდა· მან შემოიკრიბა გაფანტული სამღვდელოება
და შეძლებისდაგვარად ცდილობდა ეპარქიაში საეკლესიო ცხოვრების აღდგენას.
1924 წლის 1 აგვისტოს მეუფე ნაზარი. მრევლის თხოვნით ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად სოფელ როდიონულის ეკლესიის
საკურთხევლად ჩავიდა. მწუხრის ლოცვის შემდეგ მრევლის ბინაში მივიდნენ მოსასვენებლად.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიტროპოლიტი ნაზარი და სასულიერო პირები, ვითომდა აჯანყების
მოწყობის მცდელობის საფუძველზე, დააპატიმრა და ქუთაისის ციხეში გადაიყვანა. მათ შორის იყო დეკანოზი ვასილი. რომელიც
შემთხვევით გადაურჩა დახვრეტას.
1924 წლის 3 დეკემბერს დეკანოზი ვასილი ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად
დაინიშნა. 1926 წლის 12 სექტმბერს საფიჩხიის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში გადაიყვანეს სადაც მატერიალურად ძალიან უჭირდა.
1935 წლის 21 აგვისტოს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა სვიმონმა (ჭელიძე) იგი ქ უთაისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დანიშნა.
ამავე წლის 23 ნოემბერს, ტაძრის დღესასწაულზე, კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ დეკანოზი ვასილი მიტრით დააჯილდოვა.
1935 წლის 10 ნოემბერს, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ სვიმონის (ჭელიძე) გარდაცვალების შემდეგ, დეკანოზი ვასილ
დოლაბერიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატეს (ცინცაძე) დავალებით
სახლში ესტუმრა პენსიაზე მყოფ ეპისკოპოს ნესტორს (ყუბა
გვ368
ნეიშვილი) და სთხოვა. სათავეში ჩადგომოდა ქუთაის-გაენათის ეპარქიას, მაგრამ სიბერისა და უძლურების გამო მეუფე ნესტორმა
უარი განაცხადა.
1937-1938 წლებში ქვეყანაში დაწყებულმა ახალმა რეპრესიებმა კვლავ მიიტანა იერში სამღვდელოებაზე. მათ დააკისრეს დიდი გადასახადები,
რომლის გადახდის შესაძლებლობა მოძღვრებს არ გააჩნდათ. დეკანოზ ვასილის სახელზეც მივიდა ქვითარი, სადაც ეწერა, რომ იგი დაბეგრილია
11 984 მანეთითა და 64 კაპიკით. გადაუხდელობის შემთხვევაში, ტაძრის დახურვით იმუქრებოდნენ.
მამა ვასილი იგონებს: ,,1940 წლის 1 ივლისს მივედით მე და ჩემი მედავითნე, მღვდელი გიორგი ჯაში ფინგანში დაპირებისამებრ განცხადებებით
სამსახურისათვის თავის დანებების შესახებ. გვითხრეს, ჯერ დათხოვნის ქაღალდი შემოიტანეთო. შევიტანეთ. მერე გვითხრეს, ჯერ ეკლესიას ჩავიბარებთო.
ჩაიბარეს. ესე გვაწვალეს თვის ბოლომდე. ბოლოს ინსპექტორმა გოგისვანიძემ, როგორც იქნა, წამოღერღა: კი, თავი ქე დაანებე
სამსახურს, მარაო... მარაო... იძახის. რა ვქნა, არ ვიცი, რა მარაო უნდა-თქო, ვიფიქრე და კიდევ წამოღერღა: ანაფორაო... რაი,
რაი-მეთქი?, და ავენთე: ვინ მოგცა შენ ჩემთვის ანაფორის გაძრობის უფლება-მეთქი! ხელი დაადევი, რომელ კოდექსში გიწერია,
რომ ანაფორის ტარება არ შეიძლებოდეს და თუ შენი მოვალეობა არ გესმის, მე გასწავლი: მდიე უკან და თუ მღვდელმოქმედებას შევასრულებ და
შემოსავალი მექნება, შენი პროცენტები აიღემეთქი. გავშორდი და არც მივკარებივარ მას მერე“· ამ საოცარი მოგონებებიდან კარგად ჩანს. თუ რა
საშინელი და აუტანელ პირობებში უხდებოდა ღვთისმსახურება მაშინ-
გვ369
დელ სამღვდელოებას და რა უმძიმესი წლები გამოიარა დედაეკლესიამ ათეისტურ ეპოქაში.
მიუხედავად მრავალგზის დაშინებისა და აკრძალვისა, მამა ვასილი მაინც უშიშრად განაგრძობდა მღვდელმსახურებას.
ნერვიულობამ და დევნა-შევიწროებამ მისი ფიზიკური ჯანმრთელობაც შეარყია. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი ხშირად
ავადმყოფობდა.
1944 წლის 11 დეკემბერს დეკანოზმა ვასილმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. დასაფლავებულია ქუთაისში, ოღასკურის სასაფლაოზე,
ტაძრის მახლობლად.
ჩვენი ეკლესიის ტრაგიკული ფორცლები
„ეკლესიების გახურებული კევაა. თემებში გააფთრებული დარბის ქუთაისის ცეცხლის მქრობელთარაზმის ყოფილი მეჯინიბე, ი.ხარანაძე და ეკლესიას ეკლესიაზე ჰკეტავს. მას ტერორის ქვეშ ჰყავს დაყენებული მთელი საზოგადოება და ცოტაოდენის ცირგაობის შემდეგ, ღმერთის, ეკლესიის და მის მსახურთა ხარჯზე, ჰკითხულობს ხოლმე, ვინ არის წინააღმდეგი ეკლესიის დაკეტვისა. აბა, ვინ იქნება თავზე ხელაღებულიდა იტყვის მეო, როცა თითო კაცს თითო ჯაშუში გვერდში უდგას და რო კიდეც გაბედოს და სიტყვა, კრინტი დასძრას წინააღმდეგ, იმ წუთში გააქრობენ იმ არემარედან. ამ პირობებში რაღა გასაკვირია, რომ ყველანი დადუმდენ და დაკეტოს კი არა, ქეც რო დააქციოს მისი სახელით, ხმას ვერ ამოიღებს და ბოღმას ისე გულში იკლავს. ასე რომ, მთელ მაზრაში სამი-ოთხი ეკლესია აღარ მოქმედებს 1923 წელს. ეკლესიების დაკეტვა რომ მოათავეს, მერე მიჰყვეს ხელი მის ნგრევას. აუარებელი ეკლესიები დააქციეს და ისიც საუკეთესოები. ბევრი მათგანი თეატრად და სამკითხველოებად აქციეს. ესეც რომ მოათავეს, ახლა ხელი მიჰყვეს მისი ქონების განიავებას. გაანიავეს დაბლა მაღლაკის „ოქონის“ ეკლესიის ქონება. ჯერი მიდგა ახლა ზედა მაღლაკის მაცხოვრისა და მერე ღვთისმშობლის ეკლესიის ქონებაზე. პირველის განიავება დანიშნულია სამშაბათს, ძველი სტილით 1 აგვისტოს. მე ამ დროს სოფელში ვარ ჩემს მამულში დასასვენებლად. წინა კვირას ჩემთან მოდიან გლეხები და მეკითხებიან, თუ რა ჰქნან, როგორ მოიქცენ, რომ ჩვენი ეკლესიის ქონებაც არ იქნეს განიავებული. მე ვურჩიე, რომ მათ განცხადებით მიემართათ ამის შესახებ მაზრის აღმასკომის თავჯდომარესთვის. ესენიც ასე მოიქცენ და მეორე დღეს მას განცხადება მისცეს, რომ მათი ეკ-ლესიის ქონება არ გაიყიდოს. მან ეს განცხადება გადაუგზავნა თემის თავჯდომარეს, იმის გამოსარკვევად, თუ ეს რამოდენიმე კაცი, რომლებიც ხელს აწერენ განცხადებას, თხოულობენ ამას, თუ მთელი სოფელიო.
3-1 საპატრიარქოს უწყებანი N3 19-25 იანვარი 2006წ გვ26
ამ განკარგულების მოლოდინში, რომ არიან და 1 აგვისტოს მართლაც მოსულან ეკლესიის შენობის გასაყიდათ და დარაჯმაც ზარის რეკვით ამცნო ხალხს ეს ამბავი. ზარი დაირეკაო, მთელი სოფელი ქალი თუ კაცი, ვინ თოხით, ვინ წალდით, ვინ ნაჯახით, ვინ ჩოგანით ხელში, ერთი სიტყვით, ვის რა ეკავა ამ დროს ხელში, იმით მიეშველა ეკლესიას, გარშემოერტყენ მას და მოითხოვდნენ ხელი არ ეხლოთ მისი ქონებისთვის, სანამ ისინი თავის განცხადებაზე ჯეროვან პასუხს არ მიიღებდნენ მაზრის აღმასკომისაგან. ამ ქონების გასანიავებლად მოსულნი დაიბნენ, არ იციან, რა ჰქნან. ამ დროს მათ მოუსწრო თემის თავჯდომარემ მილიციონრებით, მაგრამ ამათაც მედგრად დაუხვდა ხალხი და მოითხოვეს ხელი არ ეხლოთ მათი ქონებისთვის. ამათაც ამ პასუხის შემდეგ პირი იბრუნეს. ხალხმა თორმეტი კაცი აირჩიეს და მიუყენეს დარაჯად ეკლესიას დღე და ღამე. ნაშუადღევს თემის თავჯდომარემ დაიბარა თავისთან მილიციონრე-ბის საშუალებით ის პირი, რომელსაც ეკლესიის გასაღები ებარა ხალხისაგან მისი დაკეტვის შემდეგ. ეს პიროვნება, რაკი მას ცოლი მორჩენოდა იმ ღამით, მთელი ღამის უძინარი იყო და ნასადილებს ის-ის იყო მიწვა დასაძინებლად თურმე, რომ ამ დროს მილიციონრები მი- ადგნენ კარებს დავალების შესასრულებლად. ამან რაკი ისინი ახლოს დაინახა, მაგრად გაეხვია საბანში და ხვნეშა მორთო, ვითომც ავად არის. ამათ შეკითხვაზე, ამან ათისთავი მოითხოვა. ათისთავს გადასცა მან გასაღები და დაავალა ხალხისათვის ჩაებარებია ისინი. მინამ მილიციონრები ათისთავს მონახავდენ და მოიყვანდნენ, შეიქნა გამალებული რეკვა ზარის. ამ სიგნალზე ხალხმა ისევ მოიყარა თავი, მაგრამ ისე რომ, აკვნის ბავშვების მეტი სახლში არ დარჩენილა არ-ავინ. ამათ კიდევ ღვთისმშობლის ეკლესიის მრევლიც მიეშველა, რომ გაამაგრებინოს ამათ პოზიცია, თორემ მერე იგივე დღე იმათ ეკლესიის ქონებასაც დაადგებოდა. ახლა უკვე ხალხი ფეხად არ ტევია ეკლესიის გალავანში. ამ დროს მოდის ეს ჩვენი ათისთავი ეკლესიის გასაღებით ხელში მილიციონრების თანხლებით და გასაღებები დავალებისამებრ გადასცა ხალხს. ხალხმა კი გასაღებები ერთი მეორეს გადასცა, ასე რომ, მისი გზაკვალიც დაიკარგა. მილიციონრები ახლა ხალხს მიეძალა. ხალხმაც იფრინა მილიციონრები ყიჟინით. ამ ხმაურზე თავჯდომარე ექიმითა და მილიციონრების თანხლებით მოვარდა, იფიქრა თურმე, ჩემი გაგზა-ვნილი მილიციონრები დახოცა ხალხმაო. ხალხმა ახლა ესენიც იფრინა. ამავე დროს ღვთისმშობლის ეკლესიის გასაღებიც მოეთხოვა თავჯდომარეს. მოლარეს, რაკი ხალხი მაცხოვრის ეკლესიაზე იყო წამოსული, აეღო და სხვა გასაღებები გაეტანებინა მილიციონრებისათვის და თვითონ კი თავისი გასაღებებით მაცხოვრის ეკლესიაზე გამოქცეულიყო. ახლა კი მთელი ადგილობრივი პარტია დადგა ფეხზე და ერთი მეორეზე გარბის მთავრობაში, რომ თავისი გაიტანონ და ნივთები გაყიდონ. ამას კი შედეგად ის მოჰყვა, რომ მთავრობამ დაიბარა მრევლიდან რამოდენიმე კაცი, ვითომცდა მოსალაპარაკებლად. აქედან კი მთელი სოფელი აიყარა, ქალი თუ კაცი და წავიდა ქუთაისში. პარასკევი დღე იყო. ხალხი ისედაც ბევრი მივიდა აქედან და ამას კიდეც ბაზრის ხალხი შეუერთდა და აღმასკომის ახლო-მახლო მდებარე ქუჩები მთლად ხალხით გაიჭედა, ტევა აღარ არის. თავჯდომარე შეფიქრდა და ხალხს სთხოვა დაშლა. ხალხმა მოსთხოვა მას ეკლესიის გაღება, რადგან ამისი ნებართვა უკვე მოსულიყო უმაღლესი მთავრობიდან საზოგადოდ, ვინც ისურვებდა. ის, რაკი ხედავს რომ, სხვა გამოსავალი არ არის, დაპირდა ნებართვის მიცემას, რაც მართლა მაშინვე შესრულებულ იქნა. როცა ეს დაინახეს მეზობელი ეკლესიების სამრევლოებმა, ახლა ამათაც მოითხოვეს და ყოველდღე იღება და იღება ეკლესიები. ასე რომ, როგორც სახადი, ისე მოედო მთელ მაზრას ეს მოვლენა. ასე რომ, ძალად დაკეტილ ეკლესიებს, ხალხი ძალითვე აღებინებს მთავრობას და ზევიდან დაკეტილი დაბლიდან იღება“.
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე (1867-1944)
დეკანოზი ვასილ ლუკას ძე დოლაბერიძე დაიბადა 1867 წელს. 1891 წელს დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარიის სრული კურსი. 1892 წლის 11 თებერვალს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა ქუთაისის სასაფლაოს წმ. მთავარანგელოზთა ეკლესიაში და იქვე დაადგინა მსახურებისათვის. ერთ კვირაში ხელდასხმულ იქნა მღვდლად. 1892-94 წლებში ამ ეკლესიასთან არსებულ სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად მუშაობდა. 1895 წლის 14 თებერვალს დაჯილდოვდა საგვერდულით. 1896-99 წლებში დაინიშნა ხსენებული სასწავლებლის გამგედ. 1898 წლის 30 მარტს დაჯილდოვდა სკუფიით. 1895-1911 წლებში იყო იმერეთის საეპარქიო რევიზიის კომიტეტის წევრი. 1902 წლის 6 მაისს დაჯილდოვდა კამილავკით. 1893-1907 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის გამგეობის წევრად აირჩიეს, სადაც უსასყიდლო სამსახურისათვის 1903 წლის 3 თებერვალს დაჯილდოვდა წმ. ანას მე-3 ხარისხის ორდენით. 1897 წელს მისი ხელმძღვანელობით მოხდა ქუთაისის მთავარანგელოზთა ეკლესიის ახალი სკოლის შენობის აგება. 1907 წლის 6 მაისს დაჯილდოვდა მკერდის ჯვრით. 1908 წელს იმერეთის ეპარქიის სამღვდელოების 49-ე კრებას თავჯდომარეობდა. 1911 წელს გადაიყვანეს ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად. 1912 წლის 6 მაისს და- ჯილდოვდა დეკანოზის წოდებით. 1915-17 წლებში იმერეთის სამოსწავლო საბჭოს წევრი და ხაზინადარი იყო. 1916 წლის 6 მაისს და- ჯილდოვდა წმ. ანას მე-2 ხარისხის ორდენით. 1919 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა ქუთაისის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად და ეკლესიაში ერთგული და ხანგრძლივი სამსახურისათვის მიტროპოლიტმა ნაზარმა (ლეჟავა) დააჯილდოვა ენქერით. 1919-21 წლებში, იმერეთის საეპარქიო სასამართლოში მომხსენებელ წევრად იყო. 1921 წელს აირჩიეს საქართველოს III საეკლესიო კრების გელათის მონასტერში მომწყობი კომისიის წევრად. ქუთაისის საკათედრო ტაძრის დანგრევის შემდეგ, 1924 წლის 3 დეკემბერს დაინიშნა მთავარანგელოზთა საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. 1926 წლის 12 სექტემბერს გადაიყვანეს საფიჩხიის ამაღლების ტაძარში. 1932 წლის 23 ნოემბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა სვიმონმა (ჭელიძე) დააჯილდოვა მიტრით და დანიშნა ქუთაისის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრად. გარდაიცვალა 1944 წლის 11 დეკემბერს, დასაფლავებულია ქუთაისში, ოღასკურის სასაფლაოზე, ტაძრის მახლობლად. ჰყავდა მეუღლე სოფიო ყარამანის ასული დოლაბერიძე, დაბადებული 1874 წელს და 5 შვილი: ოლიმპია, თამარი, ნიკოლოზი, ნინო, მარიამი. ფოტოს მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით დეკანოზ ვასილის შთამომავალს ქალბატონ ნანა ბაქრაძეს.