ვლადიმერ ფოფხაძე დაიბადა 1867 წლის 10 იანვარს რაჭის მაზრის სოფელ ბარეულში მღვდლის ოჯახში.
დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1889 წელს დაამთავრა.
1890 წლის 2 თებერვალს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 17 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და ბოსტანას მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა.
1890 წლის 15 ოქტომბერს დიაკვანი ვლადიმერ ფოფხაძე სადმელის ოლქის სამღვდელოებამ იმერეთის ეპარქიის საეპარქიო კრებაზე დამსწრე დეპუტატად გამოარჩია, ხოლო 1891 წელს ხვანჭკარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამავე წელს იმერეთის ეპარქიის მზრუნველობა მოკლებულ სასულიერო პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებელი კომისიის წევრად დაინიშნა, სადაც 1897 წლამდე იმუშავა.
1895 ელს დიაკვანი სადმელის ოლქში არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველად დაინიშნა და 1896 წელს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III სახელობის სამახსოვრო ვერცხლის მედალი უბოძეს. 1897 წლიდან იგი რაჭის მაზრის სკოლების ზედამხედველია.
1898 წლის 8 ივლისს საგვერდულით დააჯილდოვეს, ხოლო 1899-1906 წლებში სადმელის ოლქის სამღვდელოების სულიერი მოძღვარია. 1902 წლის 2 მარტს სკუფია უბოძეს და 1905 წლის 5 სექტემბრიდან კვაცხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.
1909 წელს დიაკვანი ვლადიმერ ფოფხაძე იმერეთის ეპარქიის სამღვდელოების ყრილობის თავჯდომარე იყო.
1911 წლის 15 მაისს კამილავკა ეწყალობა. მამა ვლადიმერი ესწრებოდა 1920 და 1921 წლების საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის II და III საეკლესიო კრებებს. 1922 წელს ნიკორწმინდის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა.
მე-20 საუკუნის 20-იან წლებში მამა ვლადიმერმა ანაფორა გაიხადა და მისი შემდგომი ბედი უცნობია. ჰყავდა მეუღლე ბაბილინა სპირიდონის ასული და შვილები: ალექსანდრე, თამარი და მარიამი.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ონის განყოფილების წევრი (1914-)