ალადაშვილი სარდიონ ნიკოლოზის ძე (1872, სოფ. ზემო ხოდაშენი, თელავის მაზრა, თბილისის გუბერნია _ 194?, იქვე) _ დეკანოზი. დაიბადა გლეხის ოჯახში. 1889-1895 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1896 წლის 17 მარტს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 21 მარტს მღვდლად დაასხა ხელი და დიდი გომარეთის წმ. გიორგის ტაძარში დანიშნა. 1898 წლის 8 მაისს თელავის მაზრაში, სოფ. აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადაიყვანეს და ამავდროულად სოფლის ორკლასიანი სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1900 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1902 წლის 23 სექტემბერს ზემო ხოდაშენის წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1906 წლის 11 აპრილს მირზაანის წმ. თომა მოციქულის ტაძარში განამწესეს. 1908 წლის 9 სექტემბერს თელავის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა. 1910 წლის 26 დეკემბერს თელავის სასულიერო სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1913 წლის 6 მაისს სკუფია უბოძეს. 1916 წლის 20 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1924 წლის 22 ივლისს გაიხადა ანაფორა და მუშაობა დაიწყო სახალხო გამომძიებელთან საქმის მწარმოებლად (იყო რვა თვე). შემდეგ იმუშავა იგივე თანამდებობაზე სამაზრო აღმასკომის განათლების განყოფილებაში (ერთ თვე). 1925-1926 წლებში ზემო ხოდაშენის ოთხწლედში მასწავლებლად მუშაობდა. 1926 წლიდან შვიდი თვე იყალთოს კოოპერატივში ბუღალტრის თანაშემწედ მუშაობდა. 1927 წლის თებერვალში ჩამოერთვა ხმის უფლება, როგორც ყოფილ მღვდელს, რაზედაც თელავის აღმასკომში შეიტანა თხოვნა ხმის აღდგენაზე. სამაზრო აღმასკომმა დაუკმაყოფილა თხოვნა და იგი ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტში გადააგზავნა განსახილველად. საქმე გაჭინაურდა. 1928 წლის 28 ივნისის დადგენილების საფუძველზე უარი ეთქვა. 1929 წლის 1 თებერვალს სარდიონმა კიდევ ითხოვა აღდგენა, მაგრამ კვლავ უარი ეთქვა. XX ს-ის 40-იან წლებში ისევ ცოცხალია, რადგან ამ პერიოდში პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) წერილს უგზავნის, სადაც დააბეზღა არქიმანდრიტი მელქისედეკი (ცელაძე), რომ ის მარცხენა ხელით ატარებდა ღვთისმსახურებას. მისი შემდგომი ბედი უცნობია. მეუღლე ანა ადამის ასული (1877)
გიორგი მაჩურიშვილი
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1913-)
1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია: ალექსანდრე სუხიტაშვილი, ალექსანდრე ციციშვილი, სიმონ ალექსანდრეს ძე მაღრაძე, თამარ ნიკოლოზის ასული მაჩაბელი და მღვდელი სარდიონ ნიკოლოზის ძე ალადაშვილი. 1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების წევრები იყვნენ: ოლღა ზაქარიას ასული პაატაშვილისა, დავით პეტრიაშვილი, მარიამ ესტატეს ასული პაატაშვილისა, მღვდელი სარდიონ ნიკოლოზის ძე ალადაშვილი და იოსებ ადამის ძე ქობულაშვილი. 1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: შუამთის მონასტრის იგუმენი ნიკოლოზი, თამარა ამბროსის ასული ხელაშვილისა, მარიამ იოსების ასული სოფრონოვისა და მღვდელი სარდიონ ნიკოლოზის ძე ალადაშვილი.