ივანე სიმონის ძე ლუკაშვილი დაბ. 1873წ. მართლმ. მღვდელი სოფ. ვანათი ერედვი
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1911-)
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: სოფელი ვანათი
1908 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილებამ საზოგადოების წევრობის მსურველთა სია გაუგზავნა. სიაში ზემო ნიქოზიდან იყვნენ ალექსანდრე ილარიონის ძე კასრაძე , ქვემო ნიქოზიდან – მღვდელი დავით კაპანაძე, ტირძნისიდან – მღვდელი სპირიდონ ანდრიას ძე კასრაძე, ქემერტიდან – მღვდელი დიმიტრი ანდრიას ძე კასრაძე, დიციდან – მღვდელი იოსებ კაპანაძე, ვანათიდან – მღვდელი ივანე ლუკიანოვი, შინდისიდან – მღვდელი დავით სვიმონიშვილი, თამარაშენიდან – გიგია აბესალომის ძე მაჩაბელი და ივანე აბესალომის ძე მაჩაბელი, ყელქცეულიდან – მიხეილ ანტონის ძე ლიაძე, საქაშეთიდან – დიმიტრი ნიკოლოზის ძე დიასამიძე.
1920-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მამა იოანე ლუკაშვილს დეკანოზის წოდება მიანიჭა და ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. ეს ამბავიც მისი წინამძღვრობისას მომხდარა.
1931 წელს, აღდგომის ღამეს ანჩისხატის ტაძარში ოციოდე მორწმუნეს შეეფარებინა თავი, რომელთა შორის მოხუცები ჭარბობდნენ. ანჩისხატის შემოგარენში არსებული სახლები მთავრობას ეკლესისსთვის ჩამოერთმია და ათასი ჯურის ხალხი შეესახლებინა შიგ. ტაძრის გაპარტახება უკვე მოესწროთ კომუნისტებს. ანჩის სასწაულმოქმედი ხატიც უპატიოდ მოეშორებინათ ეკლესიიდან. აივნიდან ცნობისმოყვარე მცხოვრებნი გადმომდგარიყვნენ და ავი თვალით უცქერდნენ ლიტანიობის დასაწყისს. მამა იოანე გალობით გაუძღვა მცირე სამწყსოს, სამჯერ შემოუარეს უძველეს ტაძარს და როდესაც მოძღვარმა სიხარულით შესძახა: "ქრისტე აღსდგა" და მრევლმაც "ჭეშმარიტადო", უპასუხა, სტვენით და სიცილ-ხარხარით მორწმუნეთა გამოჯავრება დაიწყეს ახალშეკედლებულებმა. შეშფოთდა მრევლი. შეწუხდა მამა იოანეც, მაგრამ სულიერი ძალები მოიკრიბა და უღმრთოთა ღრიანცელის თანხლებით გააგრძელა სადღესასწაულო ღვთისმსახურება.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ მამა იოანემ იქადაგა - კლდესა ზედა აშენებულია და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან ეკლესიას. მომდევნო წელს ანჩისხატის ტაძარიც გაუქმდა. მამა იოანეს ნათქვამი სიტყვა 1988 წელს გამართლდა - უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამღვდელოებასთან ერთად აღადგინა ღვთისმსახურება ანჩისხატის წმინდა ტაძარში.
ტექსტის წყარო: "საპატრიარქოს უწყებანის" არქივი.
სურათზე: ვანათის საეკლესიო-სამრევლო სკოლა. ცენტრში - მღვდელი, იოანე ლუკაშვილი. გადაღებულია 1909 წელს.