ხომასურიძე ხარლამპი მღვდელმონაზონი , 1923 წლის 19 აპრილი, მარტყოდის საძმო.
იღუმენი ხარლამპი ზაქარიას ძე ხომასურიძე
დაიბადა 1876 წელს საჩხერის რაიონის სოფელ სპეთში. 1901-1915 წლებში სწავლობდა მონასტრის სკოლაში. 1915-1921 წლებში იყო შიომღვიმის მონასტრის მღვდელმონაზონი. 1921-1955 წლებში იყო მარტყოფის მონასტრის მღვდელ მონაზონი, 1955 წლიდან გარდაცვალებამდე იღუმენი.
სურათზე: არქიმანდრიტები გერმანე იაშვილი და ხარლამპე ხომასურიძე
1923 წლის 19 აპრილს მარტყოფის აღმასრულებელმა კომიტეტმა აღწერა მონასტერი. როგორც მამა გერმანე იუწყება, იმ დროისათვის მონასტრის საძმო, გარდა საქონლის მწყემსისა და კურატი ბიჭისა, 12 კაცისგან შედგებოდა. ესენი იყვნენ: არქიმანდრიტი გერმანე (იაშვილი), მღვდელ-მონაზონი ევაგრე (დიასამიძე), მღვდელ-მონაზონი ხარლამპი (ხომასურიძე), მღვდელ-მონაზონი იოანე (მაისურაძე), მღვდელ-მონაზონი ანტონი (ოროჟდანოვი), ბერდიაკონი იოაკიმე (რამაზაშვილი), ბერდიაკონი აიათალა (ძამაშვილი), ბერდიაკონი იოსები, ბერი იოსები (მელაძე) და კიდევ სამი უცნობი ბერი.
"ამ 14 კაციდან დასტოვეს მონასტერში ბრმანი, მკელობელნი და მოხუცებულნი, სულ 6 კაცი და ერთი ჯეელი ბიჭი. ბერდიაკონი აიათალა მომვლელად უძლურია. მწყემსი და კურატი სრულიად დაითხოვეს, დანარჩენთ, რომელთაც სიჯეილე შესწევთ, ე.ი. 3 მღვდელ-მონაზონს, ერთ ბერს და ერთ მორჩილს, გამოუცხადეს, - თუ იგინი ისურვებენ მონასტერში დარჩენას, მაშინ უნდა გადაიხადონ სენაკების ნალო¬გი (ხარკი), ხოლო მოხუცებულნი კი უხარკოდ იცხოვრებენ. მათი სიტყვით, ნალოგი იქნება თვეში 2 მანეთი ოქროთი, რომლის გადახდა შეუძლებელია ჩვენი ბერებისათვის.
შესანახად მოხუცებულთა ძმათა მონასტერს დაუტოვეს 2 დესიატინა მიწა და ძროხა თავისი ხბოთი, ხოლო დანარჩენი ერთი უღელი ხარი და ერთი მოზვერი წაიყვანეს. გარდა ამისა, მორთულობა, რაც უკეთესი იყო, თავისი სამმართველოსათვის წაიღეს. აპირებენ სამზარეულოს ჭურჭლის წაღებასაც. უმორჩილესად გთხოვთ, დარიგება მისცეთ ამ ჩვენი მონასტრის ძმათ, თუ როგორ მოიქცნენ ამ შემთხვევაში".
1934 წელს კომუნისტებმა ხელახლა დაარბიეს მარტყოფის მონასტერი და მამა გერმანე ძმებთან ერთად იძულებული გახდა, იქაურობა დაეტოვებინა და ქირით დასახლებულიყო სოფლის ზემოუბანში. მალე ყაჩაღებად გადაცმულ ჩეკისტებს დაურბევიათ, სამღვდელო სამოსი წაურთმევიათ და მოხუცი ბერისთვის წვერის ცალი მხარე ჩამოუპარსავთ. ბერს ერთი სამდურავიც არ დასცდენია, რაც მის სიწმინდესა და ურისხველობაზე მეტყველებს. სამრეკლოდან ზარები ჩამოუხსნიათ, მამა გერმანეს არც მაშინ დასცდენია საყვედური, მხოლოდ ეს უთქვამს: დრომ მოიტანა, ეკლესიებს რომ არბევენ, აბუჩად იგდებენ და ეს არავის შერჩებაო. თვითონ კი წამითაც არ შეყოყმანებულა. ძველებურად ემსახურებოდა ღმერთსა და მოყვასს. მას წინასწარმცნობელობის მადლიც ჰქონია. დიდად დამაშვრალმა მამა გერმანემ 1947 წელს მშვიდად ჩააბარა სული თვისი უფალს.
გამოყენებული ლიტერატურა:
გიორგი მაჩურიშვილი, ლუარსაბ ტოგონიძე, "XVIII-XX საუკუნეებში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა").