დეკანოზი გიორგი მაჭავარიანი დაიბადა 1872 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ მელაანში მღვდლის ოჯახში. 1884-1888 წლებში იგი თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1888 წელს, ოცდაორი წლის ყმაწვილმა ახლადგახსნილ ზედაზნის მონასტერს მიაშურა, სადაც ერთ წელზე მეტი დაჰყო. იმჟამად მონასტრის აღდგენა მიმდინარეობდა და ახალგაზრდა და ჯანღონით სავსე გიორგის მისვლით დიდად გაიხარა სავანის წინამძღვარმა, მღვდელ-მონაზონმა ათანასემ (ზურაბაშვილი). მამა ათანასეც წარმოშობით სიღნაღის მაზრიდან იყო და განსაკუთრებული სითბოთი ეპყრობოდა ყმაწვილს. მისი დახმარებით გიორგიმ საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი და მიიღო უფლება მედავითნე ყოფილიყო.
1889 წლის 20 ივლისს გიორგი მოხისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა, 1890 წლის 20 მარტს ზემო ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს, 1891 წლის 24 მაისს ჩალაუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაადგინეს, 1897 წლის 26 ივლისიდან მელაანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის მედავითნეა, ხოლო 1900 წლის 10 მარტს ბიყარის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაადგინეს.
1901 წლის 25 მარტიდან გიორგი ისევ მელაანის სამრევლოში დააბრუნეს, ხოლო 1906 წლის 6 სექტემბერს თბილისში, ვერის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის წიგნის მკითხველად დაადგინეს.
1907 წლის 22 მაისს გიორგი მაჭავარიანი ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში განამწესეს. ამავე წელს ამტნისხევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესეს და 1908 წლის 28 იანვარს ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 30 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და ჯიმითის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მასვე დაევალა ჯიმითის ძველი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრობაც. 1908 წლის 7 სექტემბერს ჯიმითის ორკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის პედაგოგად დაიწყო მუშაობა. 1914 წლის 30 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1921 წლის გასაბჭოების შემდეგ სამღვდელოება დიდი განსაცდელის წინაშე დადგა. უღვთო ხელისუფლებისგან დევნილი მოძღვრები აუტანელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მათ ოჯახის სარჩენად სახსრები აღარ ჰქონდათ. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში იყვნენ მცირეწლოვანი შვილების პატრონები. მამა გიორგიც მათ სიაში იყო, ვისაც ყველაფერი უნდა ეღონა, რათა ოჯახი ლუკმა-პურის გარეშე არ დარჩენილიყო და მშივრები არ დახოცილიყვნენ. მამა გიორგი რამდენჯერმე ჩავიდა თბილისში და საეკლესიო მმართველობას ქალაქის ნებისმიერ ტაძარში მისი დანიშვნა სთხოვა. პასუხის მოლოდინში კუკიის წმინდა ნინოს სახელობის სასაფლაოზე საეკლესიო წესებს ასრულებდა, რასაც ადგილობრივ სამღვდელოებასთან დაპირისპირება მოჰყვა. მოძღვარს საკათალიკოსო სინოდში უჩივლეს და მას მკაცრი გაფრთხილება მიეცა, თუ იგი არ შეწყვეტდა უკანონო ქმედებებს, საერთოდ აეკრძალებოდა მღვდელმსახურება. მღვდელი გიორგი იძულებული გახდა თავის სამრევლოს დაბრუნებოდა და იქ განაგრძო მოღვაწეობა.
1925 წლის მიწურულს, ბოდბის ეპარქიის აღწერის დროს, იგი სოფელ ჯიმითის ორივე ეკლესიის წინამძღვრად მოიხსენიება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მამა გიორგის დაშინება. ვერ ააღებინეს ხელი ღვთისმსახურებაზე. არ გაჭრა არც მუქარამ და არც დაშინების სხვა ხერხებმა. ამის შემდეგ ისინი პირდაპირ იერიშზე გადავიდა და მოძღვარი საკუთარი სახლიდან გამოაძევეს. ეს მოხდა 1926 წლის 27 ივნისს. გამოსახლების ფაქტი დაადასტურა სამაზრო აღმასკომმა. მათი გადაწყვეტილებით შენობა უნდა დანგრეულიყო და გადაეტანათ სოფელ გადრეკილში სკოლის შენობის ასაგებად. გაჭირვებაში და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი მოძღვარი რამდენიმე წელიწადი ეძებდა სამართალს. თუმცა არავინ უსმენდა. ბოლოს როგორც იქნა, საქართველოს ცაკის თავჯდომარეს, ფილიპე მახარაძეს მიაწვდინა ხმა. წერილი 1928 წლის 21 სექტემბრითაა დათარიღებული: `გთხოვთ უმორჩილესად მიიღოთ მხედველობაში ჩემი უკიდურესი გაჭირვება და გამომიყვანოთ ამ უფრსკულიდგან, რომელშიც მე ვიმყოფები. მყავს სარჩენელი ოთხი მცირეწლოვანი შვილები, ესე რომ ოჯახობით სულ 6 სული შევსდგებით. არავითარი საქონელი არ მყავს, არც მაქვს სახნავი და არც ვენახი რაიმე, არც მიწა, არც სახლ-კარი. ჩემს სიყმაწვილის დროს გვქონია ჩვენს მშობლებს სოფელ მელაანში ვენახი და სახნავი მიწა და სახლი, რომლებიც ეხლა სხვათა ხელშია. ოც წელიწადზე მეტია ცხოვრობ სოფელ ჯიმითში ერთ კუხნიან ფიცრულ ოთახში, რომელსაც აქვს 400 კვ. საჟენი ეზო და ბაღჩა ცოტა ხეხილით. სხვა არაფერი არც სახლი გამაჩნია და არც ერთი საჟენი მიწა რაიმე. ოთახიდან გამოუბარგებიათ ჩემი ოჯახობა და ყმაწვილები ადგილობრივ აღმასკომის თავჯდომარის თანაშემწეს და მილიციის უფროსს. ახლაც ჩემი ცოლი და ბავშვები იმყოფებიან ბარგით გარეთ ბალკონ საჩუხში და ღია უჭერო კუხნაში და კარებიო გაულაქიათ ბეჭდით. ჩემს ბინაში არ ყოფნის დროს ეს მეორე წელიწადია ვიტანჯებით, არც ოთახი მოიხმარეს რათმე და არც გამოდგება ძველი რაიმე შენობაა. მე ვარ ძლიერ უღარიბესი პირი, მასთან ჯანით ავადმყოფი, წლოვანებით 57 წლის, სახლში ჩემს მეტი მომმარაგებელი არა მყავს, მყავს მარტო უწლოვანი შვილები. სიღარიბის გამო არც რაიმე სამეურნეო ხარჯი არ მაწერია, და რომ ისევ გარეთ დავრცე, რადგან აცივდა და ზამთარი მომავალია გარეთ ყოფნა ბავშვებისა და ჩემისთანა ავადმყოფი მოხუცისა ვერ ძალგვიძს და რაიც შეუძლებელია, ამისთვის უმორჩილესად გთხოვთ ნება გვიბოძეთ, გავხსნათ და ისევ მოგვათავსონ იმავე ჩვენ კუთვნილ ოთახში. იმედი გვაქვს კეთილ ინებებთ და არ დაგვტოვებთ გარეთ ეზოში. მოგახსენებთ მასთან, საკვირველი და გასაოცარია, განა რისთვის სჭირდებათ ასეთი მსხვერპლი და ბავშვების აწიოკება. ეს ყოველივე კი ვისი ინტერესებით არის მოქმედებული, მაშ და რისთვის არის აქნობამდის სახლი დაკეტილი და დაბეჭდილი. ამასთან დაურთავ ადგილობრივი აღმასკომის მოწმობას, საიდანაც სჩანს, რომ მე არავითარი სახლ-კარი და ქონება არ გამაჩნია და ამ მიზნით კი გამოუტანიათ ბარგი, ვითომც მე მქონდეს მელაანში რაიმე ბინა, აგრეთვე ინახულებთ ჩემს ავადმყოფობის მედიცინის მოწმობას და დამიბრუნებთ. მასთან, მოგახსენებთ, მე გახლდით გაწვეული ქუთაისის საეკლესიო კრებაზედ დელეგატად, როდესაც მილიცია და თემის თავჯდომარის თანაშემწე მოსულიყვნენ და დაჭერა ეპირებინათ ჩემი ცოლის და მცირეწლოვან ვაჟის, თუ არ დასცლით ოთახსაო~. თავის მხრივ, ფილიპე მახარაძე ამავე წლის 25 სექტემბერს კახეთის მაზრის აღმასკომის თავჯდომარეს, გრიგოლ ხელაშვილს წერდა: `გიგზავნით რა ამასთანავე სოფ. ჯიმითის მცხ. მღვდლის გიორგი მაჭავარიანის განცხადებას. გავალებთ გამოარკვიოთ, როდის, ვისი განკარგულებით, რა მიზეზით და რა პირობებში ჩამოერთვა ხსენებულ მაჭავარიანს და მის წვრილშვილიან ოჯახს ერთად ერთი თავშესაფარი სახლი, რომელიც შესდგება ერთი საცხოვრებელის ოთახიდან და სამზარეულოდან. მთხოვნელის განცხადებით, ჩამორთმეული ოთახი დღემდე დალუქულია და მისი ოჯახი კი მოთავსებულია საცხოვრებლად გამოუსადეგარ სამზარეულოში. საქმის ვითარების გამორკვევის შემდეგ გავალებთ მოიმოქმედოთ შეკრებილი მასალის და მიხედვით და მიიღოთ სათანადო ზომები, რათა მოქ. მაჭავარიანის თხოვნა ჩამორთმეული ოთახის დაბრუნების შესახებ დაკმაყოფილებულ იქნეს შესაძლებელ ფარგლებში და შედეგი აცნობეთ ს. ს. ცაკს~. ფილიპე მახარაძის სიტყვები მხოლოდ ფურცელზე დარჩა, თავი არავინ შეიწუხა მის შესრულებაზე. უმძიმესი დრო იდგა. სამღვდელოება თითქმის კანონგარეშედ იყო გამოცხადებული და ამიტომ მათ თხოვნებსა და საჩივრებს არავინ ანიჭებდა უპირატესობას. XX ს-ის 30-იან წლების დასაწყისში მღვდელი გიორგი იძულებული გახდა თბილისში გადმოსულიყო და დახმარება კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატესათვის (ცინცაძე) ეთხოვა. უწმინდესმა კალისტრატემ გაითვალისწინა მამა გიორგის გაჭირვებული მდგომარეობა და იგი ჩუღურეთის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დანიშნა. გარდა ამისა, მამა გიორგის დაევალა საეკლესიო წესების შესრულება ვერის ახალ სასაფლაოზე, სადაც ის უნდა დახმარებოდა თბილისის ყოვლადწმინდა სამებისა და სოლოლაკის მაცხოვრის ამაღლების ტაძრების მღვდელმსახურებს. 1937 წლის აღდგომას დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1939 წლის 25 იანვარს დაიხურა ჩუღურეთის წმ. ნიკოლოზის ეკლესია და ამავე წლის 10 მარტს დეკანოზი გიორგი კუკიის წმ. ნინოს სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. 1940 წლის 23 დეკემბერს საბჭოთა ხელისუფლებამ სისხლის სამართლის #58-10 მუხლის საფუძველზე დააპატიმრა და გასამართლების შემდეგ ხელისუფლების დამხობაში და აგიტაცია-პროპაგანდაში დასდეს ბრალი. დეკანოზ გიორგის 6 წლით გადასახლება მიუსაჯეს. 1945 წლის 22 ოქტომბერს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ საქართველოს სსრ. სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატიდან მიიღო ცნობები 1937-1941 წლებში რეპრესირებული სამღვდლოების შესახებ. გადასახლებულთა სიაში, რიგით პირველ გრაფაში დეკანოზ გიორგი ილიას ძე მაჭავარიანის შესახებ ეწერა, რომ იგი გარდაიცვალა საპატიმროში. ეს მოხდა, დაახლოებით 1944 წელს. მეუღლე მარიამ ევგენის ასული ლოლაშვილი (1886, სოფ. ჯიმითიდან) და შვილები: ნინო (1905), ქეთევანი (1907), ნიკოლოზი (1909), ანა (1912), თამარი (1916) და ალექსანდრე (1922).
გიორგი მაჩურიშვილი
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1915-)