სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
იოანე ქააძე 1890 -იანი -დახვრ. 1937წწ დეკანოზი დაბ. ზემო ალვანი, ახმეტა წარმ. ფარსმა, თუშეთი იოანე ქააძე 1890 -იანი -დახვრ. 1937წწ დეკანოზი დაბ. ზემო ალვანი, ახმეტა წარმ. ფარსმა, თუშეთი
ბმულის კოპირება



გვარი ქააძე სია

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

2       ბეჭდვა

იოანე ქააძე 1890 -იანი -დახვრ. 1937წწ დეკანოზი დაბ. ზემო ალვანი, ახმეტა წარმ. ფარსმა, თუშეთი

დეკანოზი იოანე ქააძე XIX საუკუნის 90-იან წლებში სოფელ ზემო ალვანში დაიბადა. წარმოშობით თუშეთის პირიქითა ხეობის სოფელ ფარსმიდან იყო. სად მიიღო საერო ან სასულიერო განათლება უცნობია, თუმცა მის პირად არქივში


შემორჩენილი წერილებიდან ნათლად ჩანს, რომ იგი ფრიად ნიჭიერი და განათლებული პიროვნება იყო და ერთ ხანს პანკისის ხეობაში სკოლის დირექტორად მუშაობდა. ცდილობდა სულიერი ცოდნა მოეხვეჭა და დახმარებისათვის მღვდელმონაზონ ალექსი შუშანიას მიმართა.

1914 წლის 10 დეკემბერს მღვდელმონაზონი ალექსი შუშანია სენაკის მთავარანგელოზის სავანიდან იოანე ქააძეს საპასუხო წერილს წერს:

„დიდად პატივცემულო ივანე!

თქვენს თხოვნას გისრულებთ ჩემი ნაწარმოები წიგნაკების შესახებ; რაოდენიც მეპოვებოდა ეს არის. გიგზავნით 9 წიგნაკს. ფასის გამოგზავნა არ ინებოთ – ფასი თვით თქვენი სარწმუნოებაა.“

მამა იოანე 1916 წლის საბუთებში მღვდლად იხსენიება. იგი თუშეთში, სოფელ ომალოში მსახურობდა. 1917 წელს მღვდელი იოანე ახმეტის ოლქის მთავარხუცესის მოადგილეა. შემდგომში, როგორც სანიმუშო კალიგრაფიის მქონე, სოფელ ქვემო ალვანის საბჭოს კანცელარიაში მდივნის მოვალეობასაც ასრულებდა. ამ უკანასკნელის გამო ალავერდის საეპარქიო საბჭოსგან მკაცრი გაფრთხილება მიიღო:

„სოფელ ომალოს მღვდელს მ. იოანე ქააძეს

ამით გაუწყებთ დადგენილებას, იანვრის 22-დგან ამა 1918 წლისა, დამტკიცებულ საეპარქიო საბჭოს მიერ, რომ თქვენ უნდა დაუყოვნებლივ დასტოვოთ სოფლის კანცელარიაში მწერლობა, როგორც მღვდლისთვის შეუფერებელი თანამდებობა, და შეუდგეთ პირდაპირ თქვენის მოვალეობის აღსრულებას.

თელავის საოლქო საბჭოს თავმჯდომარე: მღვდელი ლეონტი ღვინიაშვილი.

მეუღლესთან დარეჯან აშაძესთან ერთად

1918 წ. თებერვლის 5 დღესა.“


მამა იონემ თავისი სამწყსოს გასაჭირი კარგად იცოდა.


იგი 1926 წლიდან ახმეტის ოლქის მთავარხუცესია.


უმძიმეს წლებში მამა იოანესათვის მთავარხუცესობა დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა იყო. მის მდგომარეობას ის ამძიმებდა, რომ მას ახალგაზრდა მეუღლე გარდაეცვალა და სამ მცირეწლოვან შვილს დიდი გაჭირვებით ზრდიდა. მისი მეუღლე იყო დარეჯან (დარო) აშაძე, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა: ანასტასია, გიორგი (1923წ) და დამიანე (1925წ).. მათი ოჯახის ახლობლების მონათხრობიდან ცნობილია, რომ დედის გარდაცვალების დროს, უმცროსი ვაჟი დამიანე იმდენად მცირეწლოვანი დარჩენილა, რომ საწოლში უკვე გარდაცვლილ დედას ძუძუს წოვდაო…


მამა იოანეს ახმეტისა და თუშეთის სამრევლოში ყველა პრობლემის მოგვარება ევალებოდა. კერძოდ:


– ყოველ ოთხ თვეში ერთხელ ეპარქიის კანცელარიაში უნდა წარედგინა ანგარიში მოქმედი ეკლესიებისა და მღვდელმსახურების შესახებ;


– მას ყველა საეკლესიო სიახლე და განკარგულება უნდა გაეცნო ახმეტის ოლქში შემავალი ყველა მოქმედი ტაძრის ღვთისმსახურთათვის და მათი ზუსტად აღსრულებისათვის ეზრუნა;


– ევალებოდა საეპარქიო კანცელარიაში ფინანსური ანგარიშების წარდგენა;


– 1926 წლის საკათალიკოსო საბჭოს განჩინებით მთავარხუცესებს უნდა აღერიცხათ და შეეკრიბათ დაწვრილებითი ცნობები ეკლესიას ჩამოშორებულ, ანაფორაგახდილ მღვდელთა შესახებ და მათზე სათანადო ზედამხედველობა დაეწესებინათ.


1926 წლის 14 ივნისს მღვდელი იოანე ქააძე დაჯილდოვდა კამილავკით.


1927 წლიდან მამა იოანე მსახურობდა თუშეთის პირიქითა ხეობაში – ფარსმის თემში. რადგანაც მამა იოანე განუხრელად ასრულებდა საეკლესიო წესს, ამის გამო სხვა მოძღვრების მხრიდან დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა, რადგან ზოგიერთი სამღვდელო პირი კომპრომისს თხოულობდა.


1930-იანი წლებიდან ქვეყანაში, როგორც მთელი სამღვდელოების მდგომარეობა, ისე მამა იოანეს ცხოვრებაც უკიდურესად დამძიმდა. მის დიდ ეკონომიურ გასაჭირზე მეტყველებს 1930 წლის 14 მარტს ზემო ალვანის გამგეობის სახელზე დაწერილი განცხადება: „ჩემი ქონების აღწერის დროს სხვათა შორის აღწერილი იქმნა სიმინდი ოთხი კოდი (4კ.), რომელიც ზოგი, როგორც მაშინვე პირადი მოხსენებით განვუცხადე ამღწერლებს, მოვალეებისათვის უნდა ჩამებარებია და ზოგიც თვითონ მომეხმარა. აღწერილი სიმინდი სრული რაოდენობით დღემდე ჩემივე ხელშია. ამ ჟამად ცოტაოდენი ქუმლის გარდა მე არც მარცვლეულად და არც დაფქული არაფერი მებადება, რომ ისაზრდოონ ჩემმა დედით ახალდაობლებულმა წვრილშვილმა (3 სულმა).


ამისათვის ვსთხოვ გამგეობას კეთილი ინებოს და აღნიშნული ოთხი კოდი სიმინდი დამიტოვოს, რომ მოვახშეების მოშორებაც შევსძლო და ნამცხვრით საზრდოობა არ მომიკლოს.“


1931 წლის 15 ოქტომბერს კი შემდეგი განცხადებით მიმართავს ზემო ალვანის სასოფლო საბჭოს პრეზიდიუმს: „გთხოვთ ნება დამრთოთ გავყიდო ჩემი ფიცრული ორი ოთახი პატარა კარიდორით სახლი და დამინიშნოთ შემფასებელი კომისია, რომელიც შეაფასებს სახლს გადატანით გაყიდვით.“


1935 წლის ნოემბერში დეკანოზი იოანე მხოლოდ ზემო ალვანის სამების ეკლესიის მღვდლად იხსენიება.


1936 წ. კიდევ უფრო მეტ გაჭირვებაში მყოფი მამა იოანე დახმარებას სთხოვს ვინმე საბა ცისკარიშვილს:„ძმაო საბა! დიდი გაჭირვების გამო შეგაწუხებთ როგორც საიმედო ძმას. თუ როგორმე მოახერხებთ ერთი ოცი თუმანი (200 მ.) მომიხერხეთ სესხათ ამ ორი კვირის ვადით. საქმის ვითარებას შემდეგ გეტყვით, რადგან გაჭირვება მოულოდნელად შემხვდა. თქვენი ძმა მღვდ. ვ. ქააძე 1936წ.“


მამა იოანეს პირად არქივში მიმოწერა 1936 წელს წყდება.


სოფ. შენაქოს მკვიდრს, უხუცეს შოთა კურდღელაიძეს თავისი ბავშვობიდან ხსოვნაში შემორჩა ის დღე, როცა მამა იოანე დააპატიმრეს. 10 წლის ვიქნებოდიო, როდესაც მამაო ღვთისმსახურებისთვის ბარიდან შენაქოში იყო ამოსული. შინსახკომელებმა სწორედ აქ მოაკითხეს, მოსთხოვეს კაბის გახდა, მან კი წინააღმდეგობა გაუწია, დაიჭირეს და წაიყვანეს.


1937 წ. მამა იოანე ადგილობრივმა უღმერთო ხელისუფლებამ დააპატიმრა და თუ კი რამ ებადა ჩამოართვა. მის ობლად დარჩენილ წვრილშვილს აღარაფერი დაუტოვეს. მისი უფროსი ვაჟი გიორგი, რომელიც მაშინ 14 წლის იქნებოდა, შემდეგში იხსენებდა, როგორ წვალებით მოახერხა ერთი-ორჯერ მამასთან თელავის საპატიმროში ყვირილ-ჭყივილით დალაპარაკება. დამიანე მაშინ 12 წლისა იყო. მას ახსოვდა ზამთრის ყინვაში ფეხშიშველი როგორ აედევნა უფროს ძმას, რომელიც მამის სანახავად თელავისკენ მიდიოდა. ზემო ალვანიდან დამიანემ მხოლოდ გაყინულ ალაზნამდე მიაღწია…


მამა იოანეს გარდაცვალების შესახებ მხოლოდ შინსახკომის შეტყობინება არსებობს. 1937 წელს ალვანში მისმა ოჯახმა შეტყობინება მიიღო:


– „იოანე ქააძე მძიმე ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა.“


რეპრესიები ქააძეების ოჯახში ამით არ დამთავრებულა. მოძღვრის ძმა არსენი სვერდლოვსკში გადაასახლეს.


მამა იოანეს თანაკურსელი (სავარაუდოდ თბილისის სასულიერო სემინარიიდან), რომელიც კომუნისტური პარტიის წევრი გახდა და თანამდებობა მოიპოვა, ხშირად სთხოვდა დეკანოზ იოანეს წვერი გეპარსა, სამღვდელო კაბა გაეხადა და ღვთისმსახურება მიეტოვებინა, სამაგიეროდ მის ოჯახს დახმარებას, სამსახურს და კარგ ცხოვრებას სთავაზობდა. სულით მტკიცე მოძღვარმა ეკლიანი გზით სიარული არჩია. ჩეკისტები დასცინოდნენ მის რწმენას და სიმტკიცეს. მან უფალს არ უღალატა.


წლების შემდეგ დაახლოებით 1957-58 წწ. მისი ნაქონი ნივთები, ურემზე დადგმული თუშური სკივრით, მისმა შთამომავლებმა ზემო ალვანის სამების ეკლესიაში ღვთისანაბარა დატოვეს, რადგან ტაძარი იმდროს უმოქმედო იყო. მისი არქივის ნაწილი, კანცელარიის წერილები, ხელნაწერი წიგნები, რომელიც მას თავისი ხელით ჰქონდა გადაწერილი დაიკარგა. მაგრამ დარჩა მისი სახელი, როგორც ქრისტესთვის თავდადებული მოძღვრისა


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 17.10.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0