მღვდელი გრიგოლ (ზაქარია) აბრამიშვილი (1887-1928)
მღვდელი გრიგოლ (ზაქარია) გიორგის ძე აბრამიშვილი 1887 წელს გორის მაზრაში, გლეხის ოჯახში დაიბადა. ბაბუა მღვდელი ჰყოლია. ზოგიერთ საბუთში იგი ზაქარიას სახელით იხსენიება.
მღვდლობისკენ მიმავალი გზა
1921 წელს, როცა საქართველოში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა და სასულიერო პირების დევნა-შევიწროება დაიწყო, იმხანად თბილისის ნავთლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის მედავითნე გრიგოლი იძულებული გახდა, თბილისს გასცლოდა და ოჯახთან ერთად, სურამთან ახლოს, სოფელ კაკალათხევში (სამწუხაროდ, სოფელი დღეს აღარ არსებობს) დასახლებულიყო.
უცნობია, როდის მოხდა მისი ხელდასხმა. 1923 წლის დეკემბერში იგი უკვე მღვდლის ხარისხშია და ლუმბრუმას ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში მსახურობს.
ლუმბრუმის ტაძრის შესახებ ცნობებს ვპოულობთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს (ოქროპირიძე) 1920 წლის 22 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე მოგზაურობის დღიურში: „კათოლიკოზი წაბრძანდა სოფ. ლუმბრუმაში. ღვთისმშობლის ეკლესია ამ სოფელში დაუმთავრებელია, კანკელი არ ვარგა, აღსავლის კარები უბრალო ფიცრებიდან არის შეკრული. არა აქვთ შესამოსელი და რიგიანი ბარძიმ-ფეშხუმი. ხალხმა სთხოვა კათალიკოზს ამ ეკლესიაში შტატის გახსნა და საკუთარი მოძღვრის გამწესება. მის უწმინდესობა შეჰპირდა მათი თხოვნის დაკმაყოფილებას, თუ რომ სოფელი ეკლესიას გაამშვენებს, შეიძენს ბარძიმ-ფეშხუმს, შესამოსელს და დააკმაყოფილებს კრებულს სათანადო ჯამაგირის მიცემით“.
სავარაუდოდ, ამ დროს დაასხეს ხელი გრიგოლს მღვდლად და ლუმბრუმაში განამწესეს. იგი იხსენიება 1925-1926 წლების ურბნისის ეპარქიის აღწერებში. 1926 წლის 26 ოქტომბერს მას უთხოვია ოსიაურის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის თავისი სამრევლოსათვის მიერთება, რაც დაუკმაყოფილეს.
დევნის მძიმე წლები
იმ პერიოდში ღვთისმსახურების შესრულება მეტად საშიში და სარისკო საქმე იყო. მღვდელი გრიგოლიც მალულად აღასრულებდა ნათლობას, ჯვრისწერას და სხვა საიდუმლოებებს, აპატიოსნებდა მიცვალებულებს.
1928 დაიჭირეს და გადაასახლეს მეზობელ სოდელ გვერდისუბნის მღვდელი ლეონტი ბებიაშვილი. ამასთან დაკავშირებით სურამის საბჭოში დაიბარეს მღვდელი გრიგოლიც, მაგრამ ყველასგან მოულოდნელად, მრავალშვილიანობის გამო, შეიბრალეს და თბილისში აცნობეს, აღარ მღვდლობსო.
მამა გრიგოლი სოფელ კაკალათხევის ბავშვებს წერა-კითხვასა და საღვთო სჯულს ასწავლიდა. დღესაც ცოცხალი არიან ის ადამიანები, რომლებსაც ახსოვთ და იხსენებენ წერა-კითხვის მასწავლებელ მოძღვარს. მღვდელ გრიგოლს ჰქონდა თავისი მეურნეობა, ბაღი, ჰყავდა ხარები და ეწეოდა მიწათმოქმედებას.
XX ს-ის 20-იანი წლების ბოლოს კომპარტიის უფროსმა სკოლკო მულაძემ და მისმა თანაშემწე კონსტანტინე ლომიძემ „შეარცხვინეს“ კაკალათხევის მოსახლეობა, რომ მათ სოფელში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მღვდელი, რის გამოც ისინი ვერ ეღირსებოდნენ კოლმეურნეობას. მამა გრიგოლი რამდენჯერმე გააფრთხილეს, უარი ეთქვა მღვდლობაზე და საერო სამსახურში ჩამდგარიყო, მაგრამ ქრისტესა და ეკლესიის სიყვარულისთვის იგი სიცოცხლის დასათმობადაც მზად იყო.
მისი სახლი მრავალგზის დაარბიეს, დააწიოკეს, ემუქრებოდნენ და ავიწროებდნენ ოჯახს. დაუწვეს სასულიერო წიგნებით სავსე ორი ურემი, ხატები, საეკლესიო ნივთები და სამღვდელო შესამოსელი. ასევე რამდენჯერმე გაკრიჭეს და გაპარსეს თავად მოძღვარი. მღვდელი გრიგოლი ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა, ისევ გაიზარდა თმა-წვერი და მეტი შემართებით განაგრძო მოღვაწეობა.
მუხანათური მკვლელობა
1928 წლის 31 დეკემბერი იდგა. მღვდელი გრიგოლი ა. და მ. ლომიძეებმა ბავშვის მოსანათლად იხმეს. მოძღვარს ძალიან გაუხარდა, კეთილ საქმეზე რომ იბარებდნენ და დიდი სიხარულით გაეშურა წესის შესასრულებლად. რას იფიქრებდა, რომ ეს მისი ბოლო მსახურება იქნებოდა?!
ნათლობის შემდეგ, საღამო ჟამს უკანა გზაზე ფრთხილად მოდიოდა. იმხანად საქართველოს საეკლესიო კრებამ მიიღო დადგენილება, დაძაბული მდგომარეობის გამოსწორებამდე მოძღვრებს საღამოს საათებში, დაბინდებიდან გათენებამდე აღარ შეესრულებინათ მსახურება, რადგან ბევრი სასულიერო პირი გამოასალმეს სიცოცხლეს...
მკვლელებს არ ეძინათ. ისინი ნათლობიდან ჩუმად აედევნნენ მოძღვარს. შემდგომში თანასოფლელები იხსენებდნენ, რომ მღვდელი გარბოდა და უგუნურთ სთხოვდა, არ მოეკლათ იგი, არ დაედოთ მძიმე ცოდვა და არ დაეტოვებინათ მისი შვილები ობლად. მთვრალი მკვლელები კი მისდევდნენ და ბოლოს მარგილით გამოასალმეს სიცოცხლეს. ამ ყველაფერს უყურებდა ერთ-ერთი მეზობელი... დილით თანასოფლელებმა წყაროსთან იპოვეს მოძღვრის ნაწამები და თავგახეთქილი სხეული... ახალი წელი, 1 იანვარი თენდებოდა....
ბოროტთ საზღაური
მკვლელები მეორე დღესვე დააპატიმრეს. ისინი მონათლული ბავშვის ბიძები აღმოჩნდნენ. ეს ნათლობა კი მხოლოდ მიზეზი იყო მოძღვრის წასაყვანად და მოსაკლავად. ბოროტმოქმედები მალევე გაათავისუფლეს. თუმცა, ვაი, ასეთ თავისუფლებას! - მათგან ერთს შვიდი შვილი შეეძინა და შვიდივე დაეხოცა, მეორეს კი ოთხი გარდაეცვალა, თავად მკვლელს მატარებელმა გადაუარა, ფეხები გადაუჭრა და სიცოცხლე საშინელი ტანჯვა-წამებით დაასრულა.
რწმენას შეწირული მოძღვარი
1929 წლის 20 მაისს ურბნელი ეპისკოპოსი სიმეონი (ჭელიძე) საკათალიკოსო სინოდისადმი გაგზავნილ წერილში 1928 წლის ურბნისის ეპარქიის მდგომარეობას აღწერს და აღნიშნავს, რომ: „სოფელ ლუმბრუმაში მოხდა მღვდლის აბრამიშვილის ვერაგულად მკვლელობა ნათლობიდან დაბრუნების შემდეგ გზაზე“.
მღვდელი გრიგოლი (ზაქარია) სოფლის სასაფლაოზე დიდი პატივით დაკრძალეს. ეს საფლავი დღესაც არსებობს, საფლავის ქვაზე დატანილი წარწერა კი მისი სასტიკი მკვლელობის შესახებ მოგვითხრობს...
მოამზადა დიაკონმა გიორგი მაჩურიშვილმა
სტატია ქვეყნდება შემოკლებით. სრული ვერსია იხ: „საპატრიარქოს უწყებანი“ 2010 წ., გვ.18-20
ფოტოზე: მღვდელი გრიგოლი (ზაქარია) მეუღლე სონია ლომსაძესთან ერთად ერისკაცობაში