1893 წელს სოხუმის სიახლოვეს მდებარე კირცხის მონასტრის მონახულებას იმდენად ძლიერ უმოქმედია ჭაბუკ მიხეილზე, რომ მტკიცედ განუზრახავს, ბერად შემდგარიყო. სწორედ ამ მიზნით მისულა ჯუმათის მონასტერში, საიდანაც მღვდელ სოლომონ დუმბაძეს თბილისს ჩამოუყვანია და აწ წმინდანთა დასს შეერთებულ ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძისთვის მიუგვრია.
მელქისედეკ ცელაძე - არქიმანდრიტი. კირილე ცინცაძე - არქიმანდრიტი. სტეფანე გიგოლაშვილი - იღუმენი
მეუფე ალექსანდრე ისე მოუხიბლავს ახალგაზრდა მიხეილს, რომ მალევე სამორჩილოდ დავითგარეჯის ლავრაში მიუვლენია.
1897 წელს ალავერდელმა ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) იგი კახეთს, შუამთის მონასტერში გადაიყვანა, ორი წლის შემდგომ კი ალავერდელმა ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი, აწ წმინდანად შერაცხული) მელქისედეკის სახელით აღკვეცა ბერად.
1900 წელს დიაკვნად აკურთხეს, ერთ წელიწადში კი - მღვდლად. 1901 წელს შუამთიდან თეთრი გიორგის მონასტერში გადაიყვანეს. 1904 წლიდან დროებით თბილისის დარიას ფერისცვალების მონასტერში გამწესდა. 1909 წელს დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა დოსითეოსმა (ბერძნიშვილი) იკონომოსად დანიშნა, რამდენიმე წელიწადში კი - მონასტრის ხაზინადრად.
1913 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა, 1916 წლიდან კვლავ შუამთის მონასტერში გადაიყვანეს, 1917 წლიდან კი ეპისკოპოსმა პიროსმა (ოქროპირიძემ) იგი თეთრი გიორგის მონასტრის წინამძღვრად დაადგინა.
1925 წლის მაისში, ორწლიანი დევნილობის შემდეგ, მამა მელქისედეკი ისევ თავის საყვარელ სავანეს - თეთრი გიორგის მონასტერს დაუბრუნდა და გაძარცვული ტაძრის აღდგენასა და მრევლის შემოკრებას შეეცადა.
მისი დიდი ძალისხმევით, 1925 წელს მონასტერი ხელმეორედ ამოქმედდა, მაგრამ არა როგორც მამათა სავანე, არამედ როგორც სამრევლო ტაძარი. 1926 წელს თელავის საკათედრო ტაძარში ალავერდელმა მღვდელმთავარმა მელქისედეკმა (ფხალაძემ, შემდგომში - კათოლიკოს-პატრიარქმა) ერთგული სამსახურისა და ღვაწლისთვის მამა მელქისედეკი იღუმენის ხარისხში აღიყვანა.
მიზანს რომ ვერ მიაღწია, ხელისუფლებამ მამა მელქისედეკზე ზემოქმედების სხვა ხერხს მიმართა - მონასტერს გადასახადები და ბეგარა უსაშველოდ გაუზარდა. უმკაცრესად აკონტროლებდნენ ტაძრის ყოველნაირ შემოსავალ-გასავალს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ეკლესიაში სანთელსაც კი ხელისუფლება ყიდდა.
მძიმე ცხოვრებამ და უკიდურესმა გაჭირვებამ მამა მელქისედეკს მძიმე სნეულებაც უწყალობა, ამას 1937 წლის რეპრესიებიც დაერთო და მამა მელქისედეკმა უწმინდეს კალისტრატეს აუწყა, რომ მონასტრის კრებულს ვეღარ უწინამძღვრებდა.
მართალია, პატრიარქს მისთვის ამ თხოვნის აღსრულება ძალიან გაუჭირდა, რადგან პატივს მიაგებდა მოხუცი მოძღვრის დიდ სულიერებასა და გამოცდილებას, მაგრამ 1939 წელს მაინც დასთანხმდა: "გულისტკივილით ვასრულებ მამა მელქისედეკის დაჟინებულ თხოვნას, ავადმყოფობის გამო ვათავისუფლებ სამსახურიდან და ვუცხადებ მწყემსმთავრულ მადლობას ეკლესიისადმი ერთგული სამსახურისათვის და მორწმუნეთადმი მამაშვილური განწყობისათვის. კრებული ჩაიბაროს არქიმანდრიტმა ამბროსიმ (ალადაშვილი)".
ამავე წელიწადს ხელისუფლებამ ისევ დახურა თეთრი გიორგის მონასტერი. უმძიმესმა წლებმა და გადატანილმა ინსულტმა მამა მელქისედეკს მარჯვენა ხელი წაართვა და იძულებული შეიქმნა, კვლავ ზემო ხოდაშენში ნათლულის მამას, ნიკოლოზ ჯავახიშვილს შეჰფარებოდა.
თავისი მდგომარეობის მიუხედავად, იგი მაინც ახერხებდა ადამიანთა ნათლობას, წესის აგებას, ჯვრისწერას, ნუგეშისცემასა და გამხნევებას. მაგრამ არც აქ მოასვენა ბოროტმა მოხუცი მოძღვარი - ერთ-ერთმა განმოსილმა თელაველმა მღვდელმა დააბეზღა, - სჯულის კანონიდან გამომდინარე, რა უფლება აქვს ცალხელა მღვდელს, საეკლესიო საიდუმლონი აღასრულოსო. ამასთან, მისი ახალგაზრდა თანაშემწის, მომავალი ალავერდელი მიტროპოლიტის, გიორგი ცერცვაძის დასჯასაც ითხოვდა, - ისიც მისი თანამზრახველიაო. მაგრამ უწმინდესმა კალისტრატემ გამონაკლისი დაუშვა და მედავითნე გიორგი ცერცვაძეს ნება დართო, მამა მელქისედეკს მღვდელმოქმედების აღსრულებაში დახმარებოდა.
მორწმუნეთა დაჟინებული თხოვნით 1946 წელს თეთრი გიორგის მონასტერი მესამედ ამოქმედდა და იქ მამა მელქისედეკთან ერთად არქიმანდრიტი ამბროსი ალადაშვილი, არქიმანდრიტი იოსებ ლაგაზიშვილი, იღუმენი სტეფანე გოგოლაშვილი, მღვდელმონაზონი ზენონ სუმბაძე და იპოდიაკონი გიორგი ცერცვაძეც მოღვაწეობდნენ.
უწმინდესი კალისტრატე ცინცაძის ამ ქვეყნიდან გასვლის შემდგომ მამა მელქისედეკს საგრძნობლად გაუტყდა ჯანი. 1952 წელს უწმინდესი მელქისედეკ მესამისადმი გაგზავნილ წერილში იგი წერდა: "52 წელია ვითვლები თეთრი გიორგის ეკლესიაში. მრავალი გაჭირვება და სასჯელი, ნიშნები სიკვდილისა გადამიტანია. სიბერისა და სიკვდილის დროც მომეახლა... აუტანელი მწუხარება, გაჭირვება... წაქცეულ ვარ და დაცემული ცხოვრებაში. ამ ეკლესიიდან მე დანიშნული მქონდა 15 თუმანი და ნაწილი სანოვაგისა, მომცეს საცხოვრებელი ბინა გალავანში, მაგრამ აღარ მომცეს დახმარება. ვთხოვ თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას, დამეხმაროთ, მინემ ცოცხალი ვარ და წაქცეულ-დაუძლურებული აღმადგინოთ თქვენი მოწყალების მადლით და მომცეთ ნუგეში ცხოვრებისა თეთრ გიორგში, როგორც ეს გააკეთა უნეტარესმა პატრიარქმა კალისტრატემ".
სიცოცხლის ბოლოს მამა მელქისედეკს თავისივე აღზრდილი მღვდელი, მომავალი ალავერდელი ეპისკოპოსი გიორგი ცერცვაძე უვლიდა და პატრონობდა. სწორედ მის ხელში დალია სული ამ ყოვლისმცოდნე და ყოვლისმნახველმა ხუცესმა და თეთრი გიორგის სავანის წიაღში პოვა სამუდამო ძვალთშესალაგი.
- თუკი რამ ვიცი, - თეთრი გიორგის მრავალჭირნანახი ბერებისგანო, - იტყოდა ხოლმე თავის გამზრდელ მამებზე თავადაც დიდად ნაღვაწი ალავერდელი მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე, +1992) და დასძენდა: - ჭეშმარიტად ყოვლისმცოდნენი იყვნენ ის მადლიანებიო. სამწუხაროდ, მიზეზთა გამო ამ ღირს მამათა ცხოვრებაზე ბევრი არაფერია ცნობილი.
თეთრი გიორგის ამჟამინდელი წინამძღვარი, მეუფე გრიგოლის აღზრდილი დეკანოზი ალექსი იგონებდა ერთი მოხუცი კაცის ნაამბობს, რომელმაც ბავშვობაში საკუთარი თვალით იხილა, თუ რა ხვედრი ეწიათ ამ უძველესი და უძლიერესი მამათა სავანის მოხუც ბერებს: - ფარულად ვუთვალთვალე, როგორ დაარბიეს კომუნისტებმა მონასტერი, როგორ გამოყარეს იქიდან მამები, ზოგიერთი როგორ ჩაყარეს ტომრებში და ცემით სული ამოხადეს... მერე ადგნენ და მათი გვამები მდინარეს მისცეს... დაველოდე და თვალს რომ მიეფარნენ, როგორღაც ამოვიტანე ტომრებშივე ჩახოცილები და როგორც ბავშვს მომიხერხდა, ისე დავმარხეო.
როცა "კარიბჭის" ერთ-ერთ ნომერში მეუფე გრიგოლის შესახებ გიამბობდით, შეგპირდით, რომ თეთრი გიორგის სხვა მამებსაც გაგაცნობდით. ჰოდა, ახლა ერთ-ერთი მათგანის, არქიმანდრიტ მელქისედეკ ცელაძის (1870-1957) მოწამებრივ ცხოვრებაზე უნდა მოგითხროთ.
სწორედ მეუფე გრიგოლის საოჯახო არქივმა შემოინახა მამა მელქისედეკის ჩანაწერი და იმ უმძიმესი ამბების გამოძახილი.
არქივიდან
"1923 წლის 27 აპრილს დაარბიეს თეთრი გიორგის მონასტერი, წაიღეს ეკლესიის ნივთები და სახლის ავეჯეულობა. მე გალავანში დამაპატიმრეს.
ყოველივე რომ მიითვისეს და ბეგრის ურმებზე ტაძრისა და ჩემს ბარგს აწყობდნენ, მე ჩემს ოთახში მოვახსენე, - კომისიას დეკრეტის ძალით არ გაქვენ უფლება, რომ კერძო საკუთრება წამართვათ-მეთქი...
მაშინვე ამოიღო მაუზერი ვლადიმერ ხუნდაძემ, - ეს არის შენი კერძო საკუთრებაო და ხმა ჩამაწყვეტინეს ფეხების ბრახუნით.
მეორე დღეს შემიყვანეს გასუფთავებულ ეკლესიაში, კარები ჩაკეტეს და იარაღით მომთხოვეს ფულები ოქროსი და ყუთი ორ ძირიანი.
მე მოვახსენე, - ეს ყუთი თქვენ წაიღეთ, მე ოქროს ფულის დროს აქ არ ვყოფილვარ და არცა ვიცი...
ბევრს ნუ ლაპარაკობთო, საჩქაროდ წარმოადგინეო...
გამიშინჯეს ჯიბეები, გულის ჯიბეში მიპოვეს ჯვარი მკერდის ჯილდოსი, პატარა სპილენძის სანაწილე ხატი, გურიაში მღვდელ ჭყონიას ნაჩუქარი... ხატი გახსნეს, ნაწილებს დააფურთხეს და მომცეს. ჯვარი არ დავანებე, ხელში მეჭირა და ჯაჭვი - იმათ. რომ გავწიეთ, გაწყდა და ჯაჭვი თავში მომარტყეს, არ წაუღიათ...
ამ დროს ძლიერ დაღონებამ შემიპყრო, ყოველივე ნუგეშს ცხოვრებისას მოკლებული, ღმერთს ვთხოვდი, რომ ეშველა...
ჩემს აქ ყოფნის დროს რვა ურემი წაიღეს.
გავერიდე აქაურობას. უგზოთ სად მივდიოდი, არ ვიცი. თელავში შემხვდა ნაცნობი და წამიყვანა კურდღელაურში გიორგი შიუკაშვილთან. ამ მორწმუნე პირთან დავყავი ერთი კვირა. ამ დროს ამისი დედა ნინო წამოვიდა სალოცავად 23 აპრილს ძველი სტილით დღეობაზე.
ერწოთგან ნათლის მამა პეტრე ფუნთრუშაშვილიც მოსულ იყო, ვეძებნე ნათლისმამებს პეტრეს, გიორგი ხარაშვილს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს...
ნინოს სიტყვით მიპოვეს და წამომიყვანეს წმინდა გიორგში...
მთავრობისათვის ეთხოვნათ, თუ ვიპოვნეთ, ჩვენ ვიქნებით თავდები და ჩვენ შევინახამთო.
ზემო ხოდაშენში წამიყვანა ნიკოლოზ სტეფანეს ძე ჯავახიშვილმა ავათმყოფი.
ამ პატიოსან, მორწმუნე ოჯახში დავყავი 2 წელი და 5 თვე..."
მასალის მოწოდებისთვის დიდ მადლობას მოვახსენებთ ბატონებს ლუარსაბ ტოგონიძეს და გიორგი მაჩურიშვილს.
მადლობა მანანა გიორგის ასული ტუაევა, ჟურნალისტი