დეკანოზი იოსები (დალაქიშვილი)
,,იოსებ გიორგის ძე დალაქიშვილი დაიბადა 1871 წელს, სასულიერო პირის, დიაკონი გიორგი დალაქიშვილის ოჯახში. 1888 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მესამე კურსიდან საკუთარი თხოვნით სწავლა შეწყვიტა. 1891 წლის 10 თებერვალს დაინიშნა სოფელ საბუეს (ყვარლის) იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მედავითნედ. 1892 წელს იგი გადმოჰყავთ სოფელ ფშაველში (თელავის სოფელი) წმინდა მოწამე ევსტათი მცხეთელის სახელობის ეკლესიის მედავითნედ. (იმჟამად ტაძარში მღვდელმსახურებას აღასრულებდა მღვდელი ლონგინოზი (ბერიაშვილი) დაბ. 1848 - გარდ. 1910წ. იანვარს ძვ.სტ.).
1901 წლის 19 მარტს, ეგზარხოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო მეორე დღეს 20 მარტს მღვდლად დაასხა ხელი და ბახტრიონის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1907 წლის 17 მაისს გადაიყვანეს სოფელ მატანის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად. 1908 წლის 1 სექტემბრიდან სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1911 წლის აღდგომის დღესასწაულზე დაჯილდოვდა საგვერდულით, ხოლო 1916 წლის აღდგომის დღესასწაულზე კი - სკუფიით. 1918 წლის სექტემბერში თიანეთის მაზრის II ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1920 წელს მიენიჭა დეკანოზის წოდება. 1922 წელს, (დეკანოზ ლეონტის (ღვინიაშვილი) დაპატიმრებს გამო), დროებით ახმეტის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. მისი შემდგომი ბედი უცნობია“. ასე ასრულებს ბიოგრაფიულ თხრობას - წიგნში ,,ალავერდის ეპარქია“ - ავტ. გიორგი მაჩურიშვილი და ლუარსაბ ტოგონიძე.
მაშ ასე, მამა იოსები (დალაქიშვილი) მღვდელმოქმედებას აღასრულებს სოფელ მატანში, თავად ჩოლოყაშვილთა საგვარეულო-საძვალე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში, იგი გახლდათ ეროვნული გმირის, ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის მოძღვარი, (მოგესხენებათ ქაიხოსრო ქაქუცა ჩოლოყაშვილი გახლდათ ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, 1922-1922 წლებში იგი ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ბრძოლას საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ,) ქაიხოსროს მოძღვრობა გახდა მამა იოსებისათვის საბედისწერო, იგი შეიპყრეს და მოსთხოვეს ქაქუცას, სამომავლო გეგმების შესახებ. მამა იოსებს განუცხადებია, ქაიხოსრო არის ჩემი სულიერი შვილი, იგი არის აღმსარებელი და მაზიარებელი, მე მის აღსარების საიდუმლოს ვერვინ გამაცემინებსო, აღსარების საიდუმლოს გაცემას ხორციელად მოკვდინება მიჯობს, ვინემ გამცემელად ცხოვრებაო. მამა იოსები შეპყრობილი მიიყვანეს თელავში ,,გიგოს“ იგივე ,,ცოდვის“ გორაზე, სადაც გორის ძირას გათხრილი ყოფილა არხი, გორაზე კი მოწყობილი ჰქონიათ დასასჯელთა ბაქანი, ამ ადგილზე მიმდინარეობდა უმოწყალო ხოცვა უდანაშაულო ადამიანთა, სწორედ ამ ბაქანზე შემდგარს დაახალეს ტყვია და განგმირეს, დააგორეს და ამ თხრილში ჩააგდეს მამა იოსები, სხვა უამრავ, მის მსგავსად დახვრეტილთა გვერდში, სადაც შემდგომში ერთობლივად მიაყარეს მიწა და დაფლეს განგმირულები. მიწის მიყრამდე მღვდლის შვილმა, ახალგაზრდა ყმაწვილ-კაცმა (17 წლის) კოლამ, განიზრაზა მამის ცხედრის მოპარვა და შინ მოსვენება, განზრახვის ასასრულებლად, შეაბა კამეჩების ურემი, გზად გაიარა სოფელი იყალთო, შეიძინა თონე და მიადგა ცოდვის /გიგოს გორას, ღამეულ, მთავრის შუქზე ჩაიპარა თხრილში და ამოიტანა მამის გვამი. გვამი უკვე გაციებული ყოფილა და ვერ შეძლო თონეში მოთავსება, მას ისგი გადაუჭრია და ისე მოუთავსებია შინ. სახლში მოსვენებული გვამი კი ფუტკრის გეჯაში (გეჯა ხის მორში რამოდენიმე ოჯახი ფუტკრის ერთად დანაყოფებში სამყოფი სკა) ჩაუსვენებია და ისე მიუბარებია მიწისათვის.
წლების შემდგომ მღვდლის ოჯახმა გაყიდა სამოსახლო კარ-მიდამო, ახალმოსახლე ოჯახმა, ოჯახის რძალმა ქალბატონმა ნათელამ (ხაჩიძე-როსტომაშვილისა) არაფერი იცოდა ამ ტრაგიკული ამბის შესახებ. ყველაფერს ნათელი მაშინ მოეფინა როცა ბოსტანში, ნიორის ამოსაღებად შევიდა, ამ დროს მოესმა ფეხის ხმა, მოიხედა უკან და დაინახა მღვდელი რომელიც მას დასცქეროდა, მას შეეშინდა, მიატოვა ბოსტანი და აღშფოთებულ-აღელვებულმა მეზობელ ქალებს გაანდო, მოხუც ქალბატონებს ჭორად ჰქონდათ თრმე გაგონილი მამა იოსების ამბავი. მას შემდგომ ოჯახმა დაკარგა მოსვენება იმაზე ფიქრით, რომ შესაძლოა დღემუდამ მის საფლავზე დადიან, უპატიოდ ეპყრობიან. წლების შემდგომ ქალბატონმა ნათელამ, მომითხრო ეს ამბავი და დავიწყე კვლევა ამ ისტორიის. თბილისიდან ჩამოვიყვანე მღვდლის შვილიშივილი (ქალიშვილის მხრიდან - იოსები საყვარელიძე). სავარაუდო ადგილი რაც მანაც გადმოცემით იცოდა გავთახარეთ მაგრაამ ვერაფერს მივაკლვიეთ. (აღნიშნულის შესახებ დაიბეჭდა სტატია გაზეთ კვირის პალიტრა_ში 2006 წლის 18-24 სექტემბერი) დაგეგმილია აღნიშნული ადგილის შესაბამისი სპეციალისტების (არქეოლოგი - ექსპერტ კრიმინალისტი) მეშვეობით ცხედრის ნაშთის მოძიება, გახსნა და მისი ნაწილების ამოღება.
მამა იოსების ფოტო მოგვაწოდა მისმა შთამომავლებმა საოჯახო არქივიდან, აღმოჩნდა რომ მკვლევა ლუარსაბ ტოგონიძეს ჰქონია მამა იოსების ფოტო უბრალოდ ვერ ახდენდა ამოცნობას, მეორე ფოტო ბატონი ლუარსაბ ტოგონიძის მიერ მოგვეწოდა.
ისტორიკოსი - მკვლევარი არჩილ (ფშავლელი) ხუტუაშვილი
საძირკველში ნაპოვნი ძვლების გარდა, შემორჩენილია მოგონებები. გიგოს გორაზე დახვრეტილთა შორის იყო მღვდელი იოსებ დალაქიშვილი. მისი ერთ-ერთი შთამომავლის მემუარებში წერია, რომ მოწყობილი იყო ბაქანი, ქვევით კი ხარო. როდესაც დაკავებულს ტყვიას დაახლიდნენ, ის ორმოში ვარდებოდა, მერე აყრიდნენ მიწას.
თენგიზ სიმაშვილი: „დალაქიშვილის ისტორია საშინელია. მის ვაჟს მოუძებნია ცხედარი და ურმით სოფელ ფშაველში წაუსვენებია. გვამი გაშეშებული იყო და რომ დაესვენებინა, ცხედრის შუაზე გადაჭრა მოუხდა“.
აქვე უპირებდნენ დახვრეტას იღუმენ ზენონს (სუმბაძე), რომლის საფლავი ახლა ალავერდშია. ფოტოგრაფმა ვასილ როინიშვილმა იღუმენის გამოსახსნელად მილიციელი მოისყიდა. როდესაც თოკში ჩაბმული პატიმრები გიგოს გორაზე აჰყავდათ, მილიციელმა თოკი გადაჭრა. მამა ზენონი პირდაპირ ხრამში გადახტა და თავს უშველა.
ანტისაბჭოთა ორგანიზაცია „სამანის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ადამ ბობღიაშვილის შესახებ დაწერილ მოგონებაში აღნიშნულია, რომ 1920-იან წლებში სკოლაში სწავლისას ადამი და მისი მეგობრები გიგოს გორაზე იპარებოდნენ ხოლმე. მათ ხშირად წაუსწრიათ, თუ როგორ ხვრეტდნენ ადამიანებს.
მადლობა: თენგიზ სიმაშვილი, პროფესორი. დაბადებულია და მოღვაწეობს თელავში
"აღსარების საიდუმლოს გატეხას მოწამებრივი სიკვდილი მიჯობს..."
თელავის რაიონის სოფელი ფშაველი საქართველოს საზღვრიდან ლამის ხელის გაწვდენაზეა.
ეს მადლმრავალი და სასწაულმოქმედი ტაძრებით სავსე ველი ალაგი, სამწუხაროდ, დღემდე ვერ ვნახე, მაგრამ დიდედისგან გამიგონია , - მასზე ლამაზ სოფელს საქართველოში ვერ ვიპოვიო...
სწორედ აქაურობამ გამოზარდა ჩვენი ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოძღვარი, ბევრისთვის სრულიად უცნობი მოღვაწე, ჩოლოყაანთ კარის მღვდელმსახური, მამა იოსებ დალაქიშვილი.
მისი ფოტო დღევანდელთაგან არავის უნახავს, - ვინ იცის, იქნებ არც არსებულა ან დროთა დინებამ გაანადგურა... ჩვენთვის უცნობი განგებულებით, არც მისი სამუდამო ძვალთშესალაგი გაგვიმჟღავნა დედამიწამ...
სამაგიეროდ, ზეცამ მიითვალა თავის მნათობთა, მოწამეთა და მართალთა შორის და ჩვენდა ნუგეშად არ დაგვიკარგა...
მისი ბიოგრაფიის მრავალი დეტალი, თარიღი და ამბავი დღემდე უცნობია, მხოლოდ ის ვიცით, რომ მის ოჯახთან მეგობრობდა და ხშირად სტუმრობდა ვაჟა-ფშაველა - მათ ნათელ-მირონი აკავშირებდათ.
ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ როგორი იყო ქაქუცასნაირი კაცის მოძღვარი. გავიდა თუ არა საბრძოლველად ქაქუცა თავის საძმოსთან ერთად, ისიც და მამა იოსებიც მყისვე ამოიღო მიზანში ხელისუფლებამ. ჯერ სასულიერო პირად ყოფნა რა იყო იმ დროს და ახლა - ქაქუცასნაირი კაცის მოძღვრობა...
გააფთრებით ნადირობდა საბჭოეთი შეფიცულებზე. მატიანემ მეტ-ნაკლებად შეინახა იმ უმძიმესი დროების ექო და ამაზე სიტყვას ახლა აღარ გავაგრძელებთ, მაგრამ რა ელოდა მართლაც ღვთის იმედად დარჩენილ მამა იოსებს, როდესაც ზოგს მხოლოდ იმიტომ ასალმებდნენ სიცოცხლეს, ქაქუცას ოდესღაც ხელი რატომ ჩამოართვი, რატომ მიესალმე და უმასპინძლე, ან ღმერთის სახელი რად ახსენეო, ადვილი წარმოსადგენია...
ამბობენ, მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის ღრმა შინაგანი მსგავსება და უხილავი სულიერი კავშირიაო. ჰოდა, ქაქუცაც იმ მოდგმისა და ყაიდის კაცი იყო, როგორიც მამა იოსები - უშიშარი და მართალი.
მეგობარმა სასულიერო პირმა გააფრთხილა, - საფრთხეში ხარ, მამა იოსებ, იქნებ თავს უშველოთ შენც და ყველა შენიანმაცო, მაგრამ წირვა-ლოცვა და მსახურება კიდევ უფრო გააძლიერა...
გაშლეგებულმა წითლებმა, რომლებიც ნებისმიერ მიზეზს შეთხზავდნენ, ოღონდ კი მისთვის ბრალი დაედოთ, ერთ დღეს ტაძრიდან გამოიყვანეს - ახლავე გამოტყდი, ზარს იმად რომ რეკდი, აქაურები შეგეკრიბა და აჯანყება მოგეწყოო.
ეს მხოლოდ მცირე ფრაგმენტია იმ კოშმარისა და ბაკქანალიისა, რაც წმინდა კაცს თავს დაატეხეს, მაგრამ ამის მიზეზთ მიზეზი ყველამ იცოდა - მამა იოსებმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის აღსარების საიდუმლოს გაცემას მოწამებრივი სიკვდილი არჩია.
ერეკლეს ქალაქში, იქ, სადაც დღეს სტადიონია, გიგოს გორაზე აიყვანეს სხვა "ხალხის მტრებთან" ერთად მამა იოსებიც. ტყვია დაუნდობლად დაახალეს და სახელდახელოდ გათხრლ ორმოს მიწა მიაყარეს. ამბობენ - ზოგი ცოცხლად ჩამარხეს, სიკვდილიც კი არ აცალესო...
მამა იოსებს ჰყოლია ვაჟი, კოლა დალაქიშვილი, თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი სტუდენტთაგანი. მან მამის ცხედრის ფარულად წამოსვენება და ქრისტიანულად დაკრძალვა განიზრახა, რაც, ბუნებრივია, ძალზე რთული და სახიფათო იყო. კოლამაც ხერხს მიმართა: მამის ცხედრის დასამალად თიხის მოზრდილი თონე შეიძინა. სავსემთვარობას დაელოდა და სრულიად მარტომ შუაღამისას სოფელ ფშავლიდან გიგოს გორისკენ ურმით გასწია...
გარდაცვლილთა შორის ჯვრითა და ანაფორით ამოიცნო მამა. სამარეს ისევ მიწა მიაყარა და ცხედრის თონეში ჩასვენებას შეუდგა, რაც დიდი ტანჯვით ძლივს მოახერხა გათენებამდე - ცხედრის მოდრეკა ძალიან გაუჭირდა. შინისკენ გამოემართა...
დაკრძალვაში, გასაგებ მიზეზთა გამო, მხოლოდ სამი ადამიანი - კოლა, დედამისი და ოჯახის ერთ-ერთი მეგობარი - მონაწილეობდა... სოფელი და იქურობა სავსე იყო დამსმენებით. ამის გამო ვერც კუბოს შეკვრა გაბედეს - შეიძლებოდა, ამის გამო მთელი ოჯახი დაეხვრიტათ, ამიტომ შვილმა მამა ფუტკრის სკებისგან შეკოწიწებულ სათავსში ჩაასვენა, ეზოში დაკრძალა და ზედ ბზის ბუჩქები დარგო. თუმც ხელისუფლება ამ ამბავმაც დააეჭვა - აქ რად გინდათ, მოთხარეთო.
- მამის საფლავი აღარ გვაქვს და მის სანაცვლოდ ბზას მაინც არ შეგვარჩენთო? - დაეკითხა კოლა.
- რა ბზა, რის ბზა, ახლავე მოთხარეთო! - და ოჯახს აღარ დალოდებიან, თავად მოჯიჯგნეს წმინდა მცენარე.
მას შემდეგ სახლმა რამდენიმე პატრონი გამოიცვალა და ეს სამარეც თითქოს დაიკარგა...
მაგრამ არა - მიწამ თავის დედობრივ წიაღში წმინდა საიდუმლოდ დაიმახსოვრა, ღვთისმგმობ დროებას გამოარიდა და როცა იქნება, გამოაბრწყინვებს...
ბოლოს და ბოლოს, სადაც არ უნდა განისვენებდეს მამა იოსები, მიწას რომ ვეამბორებით, ამით დაკარგულ სამარეთა კიდეებს ხომ მაინც ვეხებით?
სტატიის ავტორი: მანანა ტუაევა