გურგენიძე დავითი – (1840- 26.02.1907, ქ. თბილისი), დეკანოზი, მისიონერი.
დეკანოზი დავით გურგენიძე
დაიბადა მღვდლის ოჯახში. წინაპრების მსგავსად მომავალმა მოძღვარმაც სასულიერო გზა აირჩია. ამ ოჯახიდან მის გარდა კიდევ ორი სასულიერო პირი გამოვიდა დიდუბის ტაძრის წინამძღვარი,
დეკანოზი იროდიონ გურგენიძე (1853-1944) და თელავის მაზრის სოფელ აღდგომის მაცხოვრის აღდგომის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი მიხეილ გურგენიძე (1837-1915).
1855-1861 წწ. გურგენიძე თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1861 წ. 3 სექტემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) იგი დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 8 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და ლეკებით დასახლებულ ბელაქნის ყოვლადწმიდა სამების ტაძრის წინამძღვრად განაწესა. სამწყსოში ჩასვლისთანავე ახალგაზრდა მოძღვარი ენერგიულად შეუდგა მოღვაწეობას. ლეკებმა აზერბაიჯანული (თათრულის) და ლეკურის გარდა სხვა ენა არ იცოდნენ, ამიტომ გურგენიძემ 1861 წ. 12 ოქტომბერს ტაძართან გახსნა დაწყებითი სკოლა, სადაც პატარებს რუსულ ენას ასწავლიდა. 1862 წ. იანვრიდან იგი ასრულებდა ღვთისმსახურებას აზერბაიჯანულ ენაზე. მისი წინამძღვრობის დროსვე დასრულდა ბელაქნის ტაძრის მშენებლობა.
1863 წ. 3 იანვარს იგი პარალელურად ეწეოდა ღვთისმსახურებას ვართაშენის სამრევლოში მცხოვრებ უდინებისთვის (უდები) აზერბაიჯანულ ენაზე. 1863 წ. გაზაფხულზე ზაქათალის ოლქში მოხდა ლეკების აჯანყება რუსული მმართველობის წინააღმდეგ, რის გამოც ამავე წლის ივლისში დაიკეტა ბელაქნის ტაძარი. საეკლესიო მმართველობამ გურგენიძე თბილისში გადმოიყვანა და 1863 წ. 9 სექტემბერს თბილისის სასულიერო სემინარიასა და სასწავლებელში აზერბაიჯანული ენის მასწავლებლად დაადგინა. 1864 წ. 14 იანვარს ერევნის გუბერნიის ასირიელების სოფელ ყოილიასარში დაინიშნა. ამავე წლის 19 იანვარს გურგენიძემ დააარსა დაწყებითი სკოლა, სადაც 1867 წ. 1 მაისიდან ასწავლიდა. რადგან მან არ იცოდა ასირიული ენა, ჩასვლისთანავე შეუდგა შესწავლას და მოკლე პერიოდში ისე კარგად აითვისა, რომ მათ ენაზე დაიწყო წირვა-ლოცვის აღსრულება. 1864 წ. 24 მარტიდან 1867 წ. 1 მაისამდე დაჭრილი მეომრებისთვის უსასყიდლოდ ასრულებდა საეკლესიო წესებს არალიხის სამხელმწიფო ჰოსპიტალში. 1865 წ. 5 ნოემბერს ერთგული სამსახურისთვის საგვერდულით დაჯილდოვდა. ასირიელების მხარეში მოღვაწეობის პერიოდში გ-ემ ქრისტეს სარწმუნოებაზე მოაქცია 167 ადამიანი, რომლებიც მისი შუამდგომლობით ადგილობრივმა გუბერნატორმა ერევნის მახლობლად არზნიში დაასახლა, სადაც შემდეგ დიდი დაბა გაშენდა. 1867 წ. 1 მაისს გ. პირადი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა ასირიელების სამრევლოდან და თბილისის სასულიერო სასწავლებელში პირველი კლასების მასწავლებლად დაინიშნა. 1867 წ. 1 სექტემბერს თბილისის სასულიერო სემინარიის კარის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა.
ძმა იროდიონ გიორგის ძე გურგენიძე (1856-1903) მღვდელი, დეკანოზი დაბ. შილდა ყვარელი
ამავე წლის 20 ოქტომბერს სემინარიასა და სასწავლებელში აზერბაიჯანული ენის მასწავლებლობა დაევალა. 1867 წ. ნოემბერში, თბილისის სასულიერო სემინარიის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სხვა პედაგოგებთან ერთად წმ. სინოდისგან გამოეცხადა მადლობა. 1868 წ. 13 დეკემბერს სემინარიის ბიბლიოთეკარად დაინიშნა. 1869 წ. 8 აპრილს სკუფია უბოძეს. 1868-1870 წწ. გურგენიძე სიონის საკათედრო ტაძარში კატეხიზატორის მოვალეობას ასრულებდა. ამ წლების განმავლობაში მან ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია 1582 ასირიელი. მისივე ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით თბილისში კვირაცხოვლობის ქართული ეკლესიის ნანგრევებზე აიგო წმ. მოციქულ თომას მომხრეების ასირიული ტაძარი, სადაც წირვა-ლოცვას თავიანთ ენაზე ასრულებდნენ.
1871 წ. 10 სექტემბრიდან 1872 წ. 13 იანვრამდე იგი მსახურობდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის დაბალ კლასებში საღვთო სჯულის მასწავლებლად და კარის ეკლესიის მღვდლად.
დავით გურგენიძე - დეკანოზი; თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგი
1872 წ. 1 ივლისს თბილისის სემინარიაში გაუქმდა აზერბაიჯანული ენის კათედრა და გურგენიძე მხოლოდ სემინარიის ეკლესიის მოძღვრად დარჩა. 1872 წ. 1 სექტემბრიდან 1884 წლამდე იგი თბილისის ხუთ სკოლაში ასწავლიდა საღვთო სჯულს, აქედან ზოგიერთში – უსასყიდლოდ. 1873 წ. 8 აპრილს კამილავკა ეწყალობა. 1874 წ. 1 ოქტომბრიდან 1887 წ. 1 იანვრამდე იყო აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიების შემოსავალ-გასავლის წიგნების შემმოწმებელი სარევიზიო კომიტეტის წევრი. 1874 წ. 2 დეკემბერს სამი წლის ვადით აირჩიეს თბილისის სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს წევრად.
1877 წ. 18 თებერვალს გურგენიძეს მადლობა გამოეცხადა სემინარიაში 10-წლიან მოღვაწეობასთან დაკავშირებით და მალე თბილისის კალოუბნის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაინიშნა.
1877 6. 25 დეკემბრიდან 1878 წ. 9 მაისამდე, რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდში, გურგენიძე ფრონტის ხაზზე განაწესეს სამხედრო მღვდლად. 1879 წ. 13 მარტს ფრონტზე გამოჩენილი გმირობისთვის წითელი ჯვრის საზოგადოებამ სამახსოვრო ჯვრით დააჯილდოვა.
1879 წ. ივლისში იგი თბილისის წმ. ჯვრის ამაღლების ეკლესიაში დაინიშნა, სადაც პერიოდულად ბერძნულ ენაზე ატარებდა ღვთისმსახურებას. 1879 წ. 1 სექტემბერს თბილისის ნიკოლოზის ორკლასიან სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1881 წ. 1 აპრილს ჯილდოდ სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.
1882 წ. გურგენიძემ გამოსცა ქადაგებათა კრებული, რომლის წინასიტყვაობაშიც ვკითხულობთ: „ოთხი წლის განმავლობაში ჩემის მღვდლობისა ქართველთა შორის, მე შევნიშნე მდაბალთა ხალხთა შორის ჩვენთა მრავალგვარნი ნაკლულევანებანი შესახებ ცოდნისა მართლმადიდებლობითის სარწმუნოების ჭეშმარიტებათა. ამისთვის, კვირა და დღესასწაულ დღეებში წარმოვსთქვამდი სიტყვათა და მოძღვრებათა სხვადასხვა საჭირო საგანთა ზედა. სიტყვანი და მოძღვრებანი ესე დაწერილ არიან თვით დაბიურ ენაზედ, მდაბალთა ხალხთათვის. მაგრამ, რადგან სამსახური ჩემი დაიწყო იმისთანა ადგილებში და ხალხში, სადაც და რომელთა შორისაც არ იხმარებოდა ქართული ენა, არც სიტყვა-მოძღვრებანი წარმოითქმებოდნენ ჩემ მიერ 1861-1877 წლებში. ამა მიზეზისა გამო, რომელნიმე ნაკლულევანებანი აუცილებელნი უნდა იყვნენ ამა მოძღვრებათა შინა. გარნა, მკითხველთაგან მოვითხოვ კეთილმოწიწებითსა ყურადღებასა, და ვეცდები, რომ შემდეგი სიტყვა-მოძღვრების გამოცემაში, რომელნიც მომზადებულნი არიან დასაბეჭდავად, და უმჯობესნი ამათ ზედ შინაარსითა, მოვსპო ყოველგვარნი ნაკლულევანებანი შეძლებისამებრ“.
1883 6. გურგენიძემ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია და მონათლა 403 ასირიელი. ამასთან დაკავშირებით რუსეთის წმ. სინოდმა იგი წმ. ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. 1886 წ. 23 დეკემბერს წმ. ჯვრის ტაძარში თავდადებული და პატიოსანი სამსახურისთვის იერუსალიმის პატრიარქმა ნიკოდიმოსმა გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა.
წმ. მოციქულ თომას დიდი ტაძრის აგებამდე გურგენიძის ღვაწლით დროებით აშენდა პატარა ტაძარი, რომელიც 1888 წ. 20 დეკემბერს ნესტორიანული ეკლესიის მოწამის, მარიამ ავდიშოს სახელზე ეკურთხა.
1890 წ. 29 აპრილს გურგენიძეს დეკანოზის პატივი მიენიჭა. 1890 წ. ივნისს ოფიციალურად დაინიშნა ასირიელების ეკლესიის წინამძღვრად. 1890-1892 წწ. მოაქცია და მართლმადიდებლური წესით მონათლა 108 ასირიელი.
ერთგული და ნაყოფიერი სამსახურისთვის გურგენიძე დაჯილდოებული იყო: წმ. ანას II ხარისხის ორდენით (1896 წ. 6 მაისი), წმ. ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით (1899 წ. 15 მაისი), ენქერით (1905 წ. 7 აპრილი).
1906 წ. 29 დეკემბერს გურგენიძე თბილისში, მეტეხის ციხეში მდებარე წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს, სადაც დაასრულა კიდეც თავისი ამქვეყნიური სამსახური. მხცოვანი და დამაშვრალი მოძღვარი ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
ასირიელების გარდა გურგენიძემ არაერთი მაჰმადიანი და მონოფიზიტი მოაქცია მართლმადიდებლობაზე.
დიაკ. გ. მაჩურიშვილი
სცსა, ფ. 48, აღწერა 1, საქმე №49982;
გაზ. „ივერია“, 1890, №30;
жypн. Духовный Вестник Грузинского Экзархата, 1896, №10; 1898, №11; 1905, №11-12.
ცინცაძე კ., ქვაშვეთის წმიდის გიორგის ეკლესია ტფილისში, თბ., 1994;
Епископ Кирион, Краткий очерк истории Грузинской Церкви и экзархата за ХIХ столетие, Тифлис, 1901.