მღვდელი ისიდორე მაჭარაშვილი და მისი მეუღლე ნატალია ქარელი
მსახურობდა სოფელ ალში, კვირაცხოვლის ეკლესიაში, იყო ალის წიგნთსაცავ-სამკითხველოს გამგე
გაზეთ ,,ცნობის ფურცელის" 1898 წლის 10 სექტემბრის ნომერში ვხვდებით სოფელ ალში მყოფი მღვდლის, ალის წიგნთ-საცავ-სამკითხველოს გამგის, მღვდელ ისიდორე მაჭარაშვილის წერილს. აქვე მოვიყვანთ მის სრულ ტექსტსაც:
,,დღემდის ძალიან დაქვეითებული იყო ჩვენი სოფელი, როგორც შეძლებით, ისე სწავლა-განათლებით, დღეს კი წინმსვლელობის გზაზე გამოვიდა და იმედია, უკუნათ სიბნელეს თავს დააღწევს. აქ არ იყო სკოლა და დღეს კი ორ-კლასიანი ნორმალური სასწავლებელი გვაქვს; არ იყო წიგნთ-საცავ-სამკითხველო და დღეს უფასო წიგნთ-საცავ-სამკითხველო გვაქვს; სკოლის საქმე, დღემდის კარგად მიდიოდა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროთ დღეის იქით კი შეიძლება საქმე ცუდათ წავიდეს, რადგანაც როგორც ყური მოვკარით, მასში აპირობენ ქართული ენის მოსპობას და მასწავლებლად რუსის დანიშვნას, რითაც ქართველი
ბავშვები მოაკლდებიან სამსობლო ენის შესწავლას...
ამ სოფელში არაფერი გასართობი რამ არ იყო, რის გამოც აქაური ხალხი და სტუმრათ-მოსულნი ინტელიგენცია კვირა-უქმით იყრიდნენ თავს აქაურ დუქნების წინ, სადაც ისმოდა მხოლოდ ლანძღვა-გინება, ჩხუბი, საქონლის ქება-ძაგება, ერთი-ერთმანეთის ბეზღობა და სხვა. ან კი რა უნდა ექნათ? სად უნდა წასულიყვნენ?! ამ არა სასურველ გარემოების ასაცილებლად, მე, ადგილობრივმა მღვდელმა განვიზრახე აქ სამკითხევლოს დაარსება, შუამდგომლობაც აღვძარი უმაღლეს მთავრობის წინაშე; ბევრნიც თანამიგრძნობდნენ;
ბევრმა, რომ გაიგეს სამკითხველო არსდება ალშიო, ქართული წიგნები გამომიგზავნეს;
სხვათა შორის ,,წერა-კითხვის საზოგადოებამაც“ გამომიგზავნა რამოდენიმე ცალი თვის-მიერ გამოცემული ქართული წიგნები. მაგრამ სამწუხაროთ, ჩვენი თხოვნა კარგა ხანი იყო მიძინებული. დიდი ხანი ველოდი ამ ნებართვას, რომლითაც ჩვენი სოფელი ღირსი უნდა გამხდარიყო იმისა, რასაც თითქმის მთელი გორის მაზრის დაბა-სოფლები მოკლებულნი
არიან. ბოლოს, როგორც იქნა ვეღირსეთ უმაღლეს მთავრობისაგან ნებართვას (წიგნთ-საცავ-სამკითხველოს დაარსებაზე) მაგრამ მარტო ნებართვა არაფერს არ მოგვიტანს, თუ კიდევ არაღმოგვიჩინეს შემწეობა. აი ახლა გამოაჩნდებათ გულკეთილობა მათ, ვინც სანამ ნებართვა მოგვივიდოდა, გვპირდებოდნენ შემწეობას.თუ შემწეობა გვექნება ვისგანმე, ძალიან კარგათ წავა სამკითხველოს საქმე. დასასრულ ვსთხოვთ ყველა გულკეთილთ, აღმოგვიჩინოს რამე შემწეობა და ნუ დაზოგვენ თავიანთ წვლილს ამ კეთილი საქმისთვის. ორი გროშის საღირელ წიგნსაც დიდის სიამოვნებით მივიღებთ“.
მისი წერილიდან აშკარად ჩანს, თუ როგორ ზრუნავს იგი სოფელ ალში განათლების გავრცელებაზე, იქ ბიბლიოთეკის დაარსებაზე და ადგილობრივთათვის განათლების დონის ამაღლებაზე, რომელიც ამ პერიოდის საქართველოში ძალზე მძიმე მდგომარეობაშია. კვირაცხოვლის ეკლესიის შიგნით, საკურხევლიდან მარჯვენა მხარეს არსებული მისი საფლავის წარწერიდან ვიგებთ, რომ იგი 1920 წელს გარდაცვლილა.
ისიდორე მაჭარაშვილის ფოტო გამოგვიგზავნა მანანა გურგენიძემ