არქიმანდრიტი სოგრატი (ერისკაცობაში - სეხნო ჭულუხაძე) დიდი ლიახვის ხეობის სოფელ აჩაბეთში დაიბადა 1933 წლის 19 თებერვალს. გარდ. 2016 წელი
ცხოვრების ეკლიან ბილიკზე ადრეული ბავშვობიდან მოუხდა გავლა - ერთმანეთის მიყოლებით გარდაეცვალა სამი და. დიდი იყო მათი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. მწუხარებით მოცული ყრმა გამუდმებით შესთხოვდა უფალს დების უმანკო სულთა ზეცაში დამკვიდრებას.
8 წლისამ თავადაც ჩახედა სიკვდილს თვალებში - სასწაულებრივად გადაურჩა მდინარე ლიახვში დახრჩობას. "მშვიდობა, ქვეყანავ..." - ასე ეთხოვებოდა ბავშვი სამყაროს, მაგრამ ეს ორი სიტყვა ოდენ ქვეყნიერებასთან გამომშვიდობებას როდი ნიშნავდა, ისინი დედამიწის ყოველი მკვიდრის დალოცვის საკრალურ მნიშვნელობასაც მოიცავდა. სტიქიასთან შერკინებულ ბავშვს გადარჩენა მხოლოდ მას შემდეგ ურწმუნებია, სახლამდე ბარბაცით მისულს ეზოში უსაყვარლესი დედა და აკვანში მწოლიარე უმრწემესი ძმა რომ დაუნახავს. იმ წუთას ასეთი ლოცვა აღმოხდენია ბაგეთაგან: "ღმერთო, ბედნიერი ამყოფე ყოველი ადამიანი და მე მატვირთეო მათი წილი განსაცდელი". უფალმა შეისმინა მისი თხოვნა, მძიმე და ამასთან მსუბუქი ჯვარი ატარებინა. ისეთი, რჩეულთ რომ უმზადებს.
ცხოვრების სიმძიმით დაბრძენებულ და მოყვასზე დადარდიანებულ მოძღვარს მართალია წლები მოემატა, მაგრამ გული ბავშვივთ უმანკო და მოსიყვარულე დარჩა. თავისი ცხოვრების 75 წლის მანძილზე იმდენად დაიხარჯა მოყვასზე ზრუნვაში, ერთი დღეც არ უცხოვრია საკუთარი კეთილდღეობისთვის. იქნებ ამიტომაც იზიდავს ასე ანდამატივით ადამიანებს. ბავშვებს კი მართლაც განსაკუთრებულად უყვართ. მამა სოგრატისგან მომისმენია - დახმარებისთვის მოსულ ყოველ ადამიანში გარდაცვლილ დებს, ახლობლებსა და უფლისგან გამოგზავნილ მოყვასს ვხედავო...
მცხეთის სასულიერო სასწავლებლის დასრულების შემდეგ, 1968 წლის 17 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დიაკვნად დაუსხამს ხელი საქართველოს იმჟამინდელ კათოლიკოს-პატრიარქს ეფრემ მეორეს (სიდამონიძე). იმავე წლის 14 მაისს ცელებატად უკურთხებია და დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაუდგენია მღვდელმსახურად. მალე დეკანოზის ხარისხშიც აიყვანეს, ხოლო ბერად აღკვეცის შემდეგ, 1975 წლის 30 დეკემბერს, არქიმანდრიტობა უბოძეს და ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს, სადაც თითქმის 3 ათეული წელი იმსახურა. 1979 წლის 26 ნოემბერს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ეკლესიის ერთგული სამსახურისთვის მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა, 1982 წლიდან კი მცხეთისა და შიომღვიმის მთავარ ხუცესად დანიშნა.