იღუმენი ელისე 2001 წლის 5 დეკემბერს კოდორის ხეობაში ტრაგიკულად აღესრულა. გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს აჟარის მამათა მონასტერში, სადაც ბოლო დროს მოღვაწეობდა, ღვთის მშობლის ხატს კეთილსურნელოვანი მირონი წარმოუვიდა. მირონი სდის მის ფოტოებს, მის მიერ დატოვებულ ხატებს, სულიერი შვილებისა და სრულიად უცხოთა ოჯახებში, რაც იმის მიმანიშნებელია,რომ იღუმენი ელისემ დაიმკვიდრა ადგილი ,,სადაც მართალი განისვენებენ".
ეს წიგნი საქართველოს საპატრიარქოს მისიის და ევანგელიზაციის განყოფილების ხელშეწყობით ორი წელი იწერებოდა, ვრცელდება სამების საკათედრო ტაძრიდან და წიგნი არის სამას გვერდიანი. შევხვდით და ვესაუბრეთ მის უახლოეს თანამოღვაწეებს, მღვდელმთავრიებს, იღუმენიებს, სოხუმელ თანაკლასელებს, პატიმრობის დროინდელ მოძღვარს, რომელსაც პირველი აღსარება ჩააბარა. გამოგვეხმაურნენ ქალთა კოლონიიდანაც. ჩავფრინდით კოდორში და ვნახეთ ის ადგილი სადაც იღუმენი ელისე ,, თავის აფხაზეთს ჯვრად გაეკრა"(ხუთას კილოგრამამდე მორმა იგი ხეს მიაკრო) მისი ტრაგიკული ფინალი სახარებისეული სიბრძნის ასრულება იყო. მამა ელისეს დედაც მონაზვნად აღიკვეცა და დღეს ბოდბის მონასტერში მოღვაწეობს. იღუმენი ელისეს ცხოვრება და მოღვაწეობა ადამიანის სულიერი განწმენდისა და ფერისცვალების სანიმუშო მაგალითია. მაგალითი იმისა თუ როგორ აირჩია ცოდვილმა სულმა ღვთისკენ სავალი გზა, უბრალოებითა და თავგანწირვით განვლო იგი. დაკრძალულია მარტყოფში ღვთაების ტაძარში.
ჩვენი სურვილია ,,ფერისცვალებამ" იპოვოს გზა მკითხველის გულებისაკენ და გამოსწორების და სიკეთისკენ მოაბრუნოს უფლისგან პირმიქცეული ადამიანები.
წიგნის ავტორი და რედაქტორია სვეტლანა კვიკვინია.
კონსულტანტი: იღუმენი ბიძინა (ქობალია),ბერი იერემია (ლომიძე), ბერი სვიმონ(აბრამიშვილი)