სამთავროს დედათა მონასტერში პატრიარქის ნათლია დედა ზოილეს (დვალიშვილის, გარდ. 1973 წ.) შემდგომ ბოლო წინამძღვარი იყო თუში ანა აჭაიძე, რომელიც წმინდა ნინოს მაყვლოვანისა და მცირე ტაძრის უკან, მონასტრის ეზოში განისვენებს.
ნინო ამილახვრის მიერ მე-19 ს-ის 20-იან წლებში დაარსებულ წმინდა ნინოს სახელობის ამ დედათა მონასტერს განაგებდა ორი წმინდანად შერაცხული მანდილოსანი, ორი მოსახელე ნინო – მამიდა და მისივე გაზრდილი ობოლი ძმისშვილი (ერთი 1839-ში გარდაიცვალა, მეორე – 1804-ში, 88 წლისა). უფროს ნინოს ჯერ კიდევ 1802 წლიდან 4 სხვა მოღვაწესთან ერთად დაუწყია მონაზვნური ცხოვრება. ამ ობოლთშემწყნარებელი, განმანათლებელი და კეთილმოღვაწე მონასტრის წინამძღვრები თავადური წარმომავლობისა ყოფილან: დარია ფაღავა, ნინო ციციშვილი-ბარათაშვილისა, რომელთაც შეემატათ ანუსია კოჭლამაზაშვილი და ანა აჭაიძე.
დარია აჭაიძე სრულიად ახალგაზრდა აღიკვეცა მონაზვნად ანას სახელით და გადაიტანა ყველა ის სიდუხჭირე და შევიწროება, რაც რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ ქართულ სულიერებას თავს დაატეხა საბჭოთა რეჟიმმა. სამეურნეო არტელად ქცეული მონასტერი და მუშებად ან დამლაგებლებად გაფორმებული მონაზვნები შრომობდნენ და ფარულად დაუცხრომლად განადიდებდნენ უფალს…
2010 წელს მალხაზ ამაშუკელისა და ნოდარ ახალკაცის ძალისხმევით სამთავროს დედებმა ქართული სასაყდრო სივრცისათვის უნიკალური მუზეუმი დააარსეს, სადაც საეკლესიო და ეთნოგრაფიული ნივთების გვერდით წარმოდგენილია არქეოლოგიური მასალაც – ამ ტერიტორიაზე ნაპოვნი მე-3 საუკუნის ექსპონატები – სიწმინდეები. მუზეუმს განაგებს დედა ნატალია. მნახველებს ეგებება უსათნოესი დედა სიდონია (ხუხუნაიშვილი), რომელიც ამბობს, რომ ძალიან კარგად იცნობდა დედა ანა აჭაიძეს და სიყვარულით დაამატებს: – მეც ბებია ფშაველი მყავდაო.
პირველი, რაც მუზეუმში შესულს კარის შეღებისთანავე თვალში მოხვდება, დიდი, ულამაზესი თუშური ფარდაგია კედელზე, რაც ჩვენთვის ძალიან მშობლიურს ხდის იქაურობას. ძალიან ემოციურია იღუმენიების სურათების ქვემოთ გაკრული თეთრი თექა – ანას მიერ მოთელილი წარწერიანი „ნაბდური,“ ანას მოქსოვილი სკვნილი, მისი საკერავი მანქანა და პატარა სკამი…
ორი სევდიანი ამბავი ამოვისმინე ამ თუში იღუმენიას შესახებ ჩემი ქვემოალვანელი ახლობლისგან, რომელიც, თურმე მცხეთაში ყოფნისას აუცილებლად მიდის მის სამარესთან და სანთელს უნთებს…
მოვალენი ვართ, ვიცოდეთ ღირსეული წინაპრის ღვაწლი, სკოლის მოსწავლეებმაც ხშირად უნდა მოიხილონ ჩვენი უმთავრესი ქალაქის სიწმინდეები, დაათვალიერონ მონასტრის მუზეუმი, საფლავები, და გაიგონ ისიც, თუ როგორ იხსენებს სამთავროში გატარებულ ბავშვობას და დედა ანას საქართველოს პატრიარქი.