სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
რატიანი გრიგოლი (გიორგი) 1820-1890წწ სქემმონაზონი, ათონის მთა რატიანი გრიგოლი (გიორგი) 1820-1890წწ სქემმონაზონი, ათონის მთა

1820-1890 წწ. გარდ. 70 წლის

ბმულის კოპირება



გვარი რატიანი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

267       ბეჭდვა

რატიანი გრიგოლი (გიორგი) 1820-1890წწ სქემმონაზონი, ათონის მთა

გრიგოლი, (რატიანი გიორგი) – (დაახლ. 1820, სამეგრელოს სამთავრო, – 14.01.1890, ათონის მთა, საბერძნეთი), სქემმონაზონი.

დაიბადა აზნაურის ოჯახში. მამამისი ბასილ რატიანი, სამეგრელოს მთავრის, დავით დადიანის მოურავი იყო. 35 წლამდე გრიგოლის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ არსებობს. 35 წლის ასაკში გიორგიმ გადაწყვიტა იერუსალიმის მოლოცვა, ხოლო იქიდან ათონის წმ. მთაზე წასვლა. თავისი სურვილი მან არავის გაანდო. არ ჰქონდა არანაირი სახსარი, არც პასპორტი, რომ დაეტოვებინა ქვეყანა. სწორედ ამ დროს მიმდინარეობდა რუსეთ-თურქეთის ომი (ყირიმის ომი 1853-1856). 1855 წ. 31 სექტემბერს თურქეთის არმიის სარდალი ომარ-ფაშა დესანტით გადმოსხდა სოხუმში, მალევე დაიკავა აფხაზეთი და იქიდან შეიჭრა სამეგრელოში, გადალახა ნაკლებად გამაგრებული სანარმანიოს გადასასვლელი და დაიკავა ზუგდიდი. მთელი სამეგრელო და აფხაზეთი თურქების ხელში აღმოჩნდა. დაკეტეს ყველა პორტი. მიუხედავად ამისა, გრიგოლს იმედი არ დაუკარგავს. მან გადადგა ძალიან გაბედული ნაბიჯი და ზუგდიდში პირდაპირ ომარ-ფაშას მიადგა დახმარების სათხოვნელად. ომარ-ფაშას საომარი მოქმედებების დროს თან ახლდნენ ინგლისელი და ფრანგი დიპლომატები. გრიგოლი რომ წარუდგა და თავისი თხოვნა გააცნო ფაშას, მან უცხოელთა თავის მოსაწონებლად მაშინვე გასცა ბრძანება, დახმარებოდნენ იერუსალიმისკენ მიმავალ გრიგოლს. ტრაპიზონამდე კი მშვიდობით ჩავიდა, მაგრამ იქ მას რუსეთის ჯაშუშობა დასწამეს და თავდაპირველად ტრაპიზონის, ხოლო შემდეგ სტამბოლის ციხეში გამოკეტეს, საიდანაც ომის დამთავრების შემდეგ გაათავისუფლეს. საპატიმროდან გათავისუფლებული გიორგი მაშინვე კონსტანტინოპოლის პატრიარქ კირილე VII-ს (1855-1860) ეწვია და სთხოვა დახმარებოდა ათონზე ასვლაში. პატრიარქმა შესაბამისი მოწმობა მისცა და მცირე ხანში იგი უკვე ადგილზე იყო.

მოილოცა რა ივერიის ქართველთა მონასტერი, გიორგიმ მაშინვე მიაშურა წმ. ილია წინასწარმეტყველის კელიას, სადაც მოსაგრეობდა ქართველი სქემმღვდელ-მონაზონი ბენედიქტე (ქიოტიშვილი) სქემმონაზონ ბესარიონთან (ქიქოძე) ერთად. ქართველ ბერებს დიდად გაუხარდათ თანამემამულის დანახვა. რამდენიმეწლიანი მორჩილების შემდეგ ბენედიქტემ გიორგი პირდაპირ დიდ სქემაში აღკვეცა და სახელად გრიგოლი უწოდა.

ოსმალთა ციხეებში შიმშილსა და სიცივეს მიჩვეულსა და ტანჯვაწამებაგამოვლილს აღარ გაუჭირდა უდიდესი ასკეტისა და მმარხველის, მამა ბენედიქტეს მორჩილება. მის ხელში იგი მალევე გამოიწრთო და ჩამოყალიბდა, როგორც ასკეტი და მლოცველი ბერი.

გრიგოლს ღვთისგან მინიჭებული ჰქონდა ერთ-ერთი უდიდესი სათნოება – მდუღარე ცრემლებით ტირილი. მღვიძარებისა და ყურადღების გასაძლიერებლად იგი მთელი ღამე მონასტერს ლოცვით უვლიდა გარს.

ათონზე მოსაგრეობის პერიოდში გრიგოლს საერთოდ აღარ მიუღია არც ღვინო და არც არაყი. ხშირად, განსაკუთრებით კი ღამ-ღამობით, სხეულის დასუსტების მიზნით ლოგინში არ წვებოდა, პირდაპირ ცივ იატაკზე ეძინა. მიუხედავად ამისა, იგი მაინც არასდროს უჩიოდა ჯანმრთელობას, პირიქით, სხვა ბერებს ეხმარებოდა მორჩილებაში.

ბენედიქტეს გარდაცვალების შემდეგ მას სხვა სულიერი მოძღვარი ჰყავდა, ხოლო როდესაც ათონის მთაზე გელათიდან მღვდელ-მონაზონი თევდორე (ერისთავი, შემდგომში – სქემ-მღვდელ-მონაზონი თეოდოსი) მივიდა, გრიგოლი მას დაემოწაფა.

თეოდოსი მთელ ათონის მთაზე განთქმული მოძღვარი გახლდათ. მასთან მრავალი დადიოდა სულიერი რჩევების მისაღებად. მამა თეოდოსის ლოცვა-კურთხევით გრიგოლი თავისი კელიიდან იშვიათად ჩადიოდა მონასტერში, წირვა-ლოცვებს მხოლოდ საუფლო დღესასწაულებზე ესწრებოდა, რადგან მომლოცველებთან ხშირი ურთიერთობა მას სულიერ წონასწორობას დააკარგვინებდა და ზედმეტი საუბრების დროს ის შეიძლება განკითხვასა და ამაოდმეტყველებაში ჩავარდნილიყო.

წმ. ილია წინასწარმეტყველის კელიაში მასთან ერთად სხვა ქართველი ბერებიც მოღვაწეობდნენ. ესენი იყვნენ: მღვდელ-მონაზონი ქრისტეფორე (ახვლედიანი) და სქემმონაზონი ბესარიონი (ქიქოძე). შემორჩენილია მამა ბესარიონის წერილი თავისი ძმის, იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელისადმი, სადაც ვკითხულობთ: „ვიცი ჩემ ვითარებას იკითხავ. დაბნელდა ჩემი სიცოცხლე: ჩემი მოძღვარი ვენედიქტე მოკუტა და მე და ჩემი შვილები: გრიგოლ რატიანი და ქრისტეფორე, ჩვენი მამიდაშვილი, ვართ და შაბათობით ეკლესიებშიდ თორბა მოკიდებული დაუღოღავართ".

1886 წ. ჟურნალ „მწყემსში“ უცნობი ავტორი ფსევდონიმით „მ. ა-დი“, რომელიც ათონიდან იყო ჩამოსული, წერდა: „მეორე დღეს ილია წინასწარმეტყველის დღესასწაული იყო, ამიტომ მოვიწადინე ამ დღესასწაულზე დასწრება და გავემგზავრე მეორე ადგილას, სადაც დღესასწაულობენ ამ დღეს და სადაც სცხოვრობს ღრმათ მოხუცებული სამი ქართველი ბერი. მათ დიდის სიამოვნებით მიმიღეს. დღესასწაულზე დავესწარი და დიდი პატივის ცემა მივიღე ამ ბერებისაგან. ამ ბერებს უამბე, თუ როგორ ცუდად მომეპყრნენ მონასტერში ბერძენთ ბერები. ამაზე მათ მიპასუხეს, რომ მათაც ძალიან ცუდად ეპყრობიან მონასტრის ბერძენთ ბერები. მათ მიამბეს, რომ იმათაც ძვირად უშვებენ მონასტერში და ერთ ამ ბერთაგანს, სქემმონაზონ გრიგოლს (რატიანია გვარად) სრულებით აღკრძალული აქვს მონასტერში ჩასვლა. ამ ქართველ ბერებს არ აძლევენ ნებას, რომ მათ მორჩილი იყოლიონ, რასაკვირველია, იმ აზრით, რომ როცა ისინი დაიხოცებიან, მათი სავანეც თვითონ ჩაიგდონ ხელში. ამ ღრმად მოხუცებულ სამ ბერთაგან ერთი ოთხმოცის წლისა არის, იმერეთის ეპისკოპოსის ძმა ბესარიონ სქემმონაზონი (ქიქოძე), მეორე სამოცდახუთი წლისა არის, ისიც გაენათის მონასტრის არქიმანდრიტი სერაპიონის ძმა ქრისტეფორე (ახვლედიანი), რომელიც ითვლება ახალი ივერიის იოანე ღვთისმეტყველის სავანის მოძღვრად. მესამე სქემმონაზონი გრიგოლი (რატიანი), რომელიც სამოცი წლისა არის. ამ უკანასკნელს კიდევ შეუძლია მცირეოდენი მოძრაობა, მაგრამ რომელ ერთს ემსახუროს“.

გრიგოლი ათონიდან საქართველოში აგზავნიდა სასულიერო ლიტერატურას ქართველი ბერმონაზვნებისთვის. 1824 წ. მან ილარიონ ყანჩაველის გადაწერილი „ისააკ განშორებულის“ წიგნი გამოგზავნა, რომელსაც შესაბამისი წარწერაც ახლავს: „ამ ისაკ განშორებულის წიგნი ალექსი შუშანიამ გადაწეროს და ისევე გამოგზავნონ. გადანაწერი დედათა მონასტერში (იგულისხმება თეკლათის დედათა მონასტერი) დადვან სანუგეშოდ და თანამემამულეთა მაცხოუნებელთ“.

გარდაიცვალა – თავის კელიაში ათონზე 35-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი


წყაროები და ლიტერატურა

სუიცა, ფ. 1806, აღწერა 1, საქმე #8;

ჟურნ. „მწყემსი“ 1886, №32.

საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, S კოლექცია, ტ. 5, 1955;

ჟურნ. „კარიბჭე“, 2005, №5;

Русский Афонский отечникь XIX-XX веков…, томъ 1, Святая Гора Афона, 2012.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.11.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0