1863 წელს ახალციხის მაზრაში, სრფელ მუსხში მღვდლის ოჯახში დაიბადა.
1880 წელს დაამთავრა ახალციხის საქალაქო სასწავლებლის სრული კურსი.
1881-82 წლებში პედაგოგიური კურსები გაიარა და მასწავლებლად მუშაობის უფლებამიენიჭა.
1882-84 წლებში კავკასიაში ქრისტიანობის აღმადგენელი საზოგადოების მასწავლებლად მუშაობს.
1884-88 წლებში ახალციხის საქალაქო სასწავლებლის დირექტორის თანაშემწეა.
1888 წლის 25 აგვისტოს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროკირიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 28 აგვისტოს თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) მღვდლად დაასხა ხელი და ზაქათალის მაზრაში, სოფელ ბელაქანის სამრევლოს წინამძღვრად დაინიშნა.
1889 წლის 23 აგვისტოს თავისი თხოვნით ახალქალაქის მაზრაში, სოფელ ბარალეთის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1894 წლის 18 ოქტომბერს აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1896 წლის 17 სექტემბერს საგვერდული უბოძეს.
1897 წლის 13 ივნისს რუსეთის იმპერიის პირველი საყოველთაო აღწერის დროს გამოჩენილი ერთგულებისათვის სამკერდე მუქი ვერცხლის ფერი მედლით დაჯილდოვდა.
1900 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოედა.
1900 წლის 19 დეკემბერს ახალციხე-ახალქალაქის ოლძქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა.
1901 წლის 15 თებერვალს ახალციხის სანთლის ქარხანაში სარევიზიო კომისიის თავჯდომარედ დაინიშნა.
1902 წლის 5 ივლისს საეპარქიო სამღვდელოების დეპუტატად აირჩიეს.
1903 წლის 6 მაისს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელით - უგრამოტოთ დაჯილდოვდა.
1904 წლის 12 მაისს კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და ზაქათალის ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს. ამავე წლის 23 ივნისს თიანეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისა და თიანეთის მაზრის II ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. ამავდროულად მამა გრიგოლი თიანეთის ოლქში არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლებისა და თიანეთის ორკლასიანი სამინისტრო სკოლის ზედამხედველად დაადგინეს.
1905 წლის 6 მაისს კამილავკით, ხოლო 1911 წლის 6 მაისს კი - სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.
1915 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი უბოძეს.
1916 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა.
XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში ენქერით დაჯილდოვდა. მიუხედავად ხელისუფლების მკაცრი ზეწოლისა ანაფორა არ გაუხდია და ღვთისმსახურება არ შეუწყვეტია. 1927 წლის დასაწყისში კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის (ხელაია) ლოცვაკურთხევით ბერად აღიკვეცა და სახელად გიორგი ეწოდა. მისი უწმინდესობა აპირებდა მამა გიორგის აწყურის ეპარქიის მღვდელმთავრად კურთხევას, მაგრამ ქვეყანაში იმ დროს შექმნილმა უმძიმესმა ვითარებამ და კათოლიკოსის
უეცარმა გარდაცვალებამ, ეს კეთილი საქმე ჩაშალა.
1928წლის აღდგომას, ახალმა კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) არქიმანდრიტისწოდება მიანიჭა. არქიმანდრიტი გიორგი 1934 წლის 16 ნოემბერს გარდაიცვალა.
არქიმანდრიტი გიორგი (ჯინჭველაძე)
დაიბადა მღვდელ გაბრიელ ჯინჭველაძის ოჯახში. 1880 წ. 15 მაისს დაამთავრა ახალციხის საქალაქო სასწავლებლის სრული კურსი (შვიდწლედი – სამი განყოფილება და ოთხი კლასი). 1880-1881 წწ. იქვე მოისმინა პედაგოგიური კურსები და მიიღო მასწავლებლის დიპლომი. 1881-1883 წწ. კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლის პედაგოგია, 1883 წ. 15 დეკემბრიდან 1886 წ. 25 აგვისტომდე კი ახალციხის საქალაქო სასწავლებლის დირექტორის თანაშემწე. ასევე ასწავლიდა გალობას და ტანვარჯიშს. 1887 წ. ჩააბარა გამოცდები სასულიერო ხარისხის მისაღებად. 1888 წ. 25 აგვისტოს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 28 აგვისტოს სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) მღვდლად დაასხა ხელი და ზაქათალის მაზრაში, ბელაქნის ყოვლადწმიდა სამების ტაძარში განაწესა. 1889 წ. 23 აგვისტოს, თავისი თხოვნის თანახმად, ჯავახეთში, ახალქალაქის მაზრის სოფ. ბარალეთის ფერისცვალების ტაძარში გადაიყვანეს. ბარალეთის სამრევლოში ხუთწლიანი მოღვაწეობის პერიოდში გიორგიმ მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. პირადი ასკეტური ცხოვრებითა და ღვთისადმი ერთგული სამსახურით იგი კეთილ მაგალითს აძლევდა და სულიერად განამტკიცებდა მრევლს. უმოკლეს ხანში მან პატიოსანი და კეთილსინდისიერი მოღვაწეობით დიდი ავტორიტეტი მოიპოვა მთელ ჯავახეთის მხარეში და როდესაც 1894 წ. 18 ოქტომბერს იგი აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადაიყვანეს, ბარალეთის მორწმუნენი ფრიად დააღონა ენერგიული და პატივცემული მოძღვრის სხვა სამრევლოში გადაყვანამ. გაზ. „ივერიაში“ 1894 წ. 23 დეკემბერს საზოგადო მოღვაწე და მწერალი ილია ალხაზიშვილი ჯავახეთში გიორგის ღვაწლის შესახებ წერდა: „მამა გრიგოლი, როგორც მღვდელი და როგორც კაცი, სწორედ სამაგალითო ადამიანია. წარსულ წერილშიაც მოგახსენეთ, რომ ბარალეთი, ეს მიყრუებული გადმოვარდნილი ადგილი, ლამის ქალაქად გადაიქცეს მეთქი, რადგან სოფელში რამდენიმე კაცი ფხიზლობს მეთქი. ამ გულშემატკივართა შორის მამა გრიგოლიც სამაგალითოდ ირჯებოდა საზოგადო და საქველმოქმედო საქმეებში. სანატრელია, რომ ახალმა მოძღვარმაც, რომელიც ბარალეთშია დანიშნული, მამა გრიგოლის მოქმედებით იხელმძღვანელოს, როგორც ამბობს ძველი თქმულება: „წინა კაცი უკანისა ხიდიაო“. ყველა საზოგადო საქმე მშვენივრად არის ბარალეთში დაყენებული და ახლად მოსულ მღვდელს მხოლოდ დასჭირდება მხნედ განაგრძოს კეთილი საქმე საზოგადოებისა“.
1896 წ. 17 სექტემბერს გიორგი საგვერდულით დაჯილდოვდა. 1897 წ. 13 ივნისს რუსეთის იმპერიის პირველ საყოველთაო აღწერაში მონაწილეობისთვის სამკერდე ვერცხლის მედალი დაიმსახურა. 1900 წ. ჯილდოდ სკუფია უბოძეს. 1900 წ. 19 დეკემბერს ახალციხე-ახალქალაქის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს. 1901 წ. 15 თებერვალს ახალციხის სანთლის ქარხანაში სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. 1902 წ. 5 ივლისს სასულიერო დეპუტატად გამოარჩიეს. 1903 წ. 6 მაისს წმ. სინოდმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა. 1904 წ. 15 მაისს საინგილოში, კახის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრად და ზაქათალის ოლქის მთავარხუცესად გადაიყვანეს. ამავე წლის 23 ივნისს თიანეთის წმ. გიორგის ტაძარში განაწესეს და ფშავ-ხევსურეთის მეორე ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს, ხოლო სექტემბერში თიანეთის ოლქში არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლებისა და თიანეთის ორკლასიანი სკოლის ზედამხედველად დაადგინეს. 1905 წ. 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1907 წ. 29 მაისს გათავისუფლდა მთავარხუცესის მოვალეობიდან. 1911 წ. 6 მაისს ჯილდოდ სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1915 წ. 15 მაისს წმ. ანას III ხარისხის ორდენი უბოძეს.
დიდია გიორგის დამსახურება ერწო-თიანეთის მხარეში სწავლა-განათლების გავრცელების საქმეში. ენერგიული და პატიოსანი მოღვაწეობით რამდენიმე წელიწადში მან სინათლის შუქი შეიტანა მოსახლეობაში.
1916 წ. 2 ივლისს თიანეთის წმ. გიორგის ტაძარში ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსმა (ოქროპირიძე) გიორგის ეკლესიაში ერთგული და მრავალწლიანი ნაყოფიერი სამსახურისთვის დეკანოზის პატივი მიანიჭა. 1918 წ. 24 სექტემბერს ეპისკოპოსმა პიროსმა გიორგი თიანეთის მაზრის პირველი ოლქის მთავარხუცესად დანიშნა.
1921 წ. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ უმძიმეს პირობებში უწევდა ღვთისმსახურება. მდგომარეობა განსაკუთრებით სავალალო იყო საქართველოს მთიანეთში, სადაც იმ პერიოდში უამრავი ავაზაკი და ყაჩაღი აფარებდა თავს ფშავსა და ხევსურეთში მოღვაწე რამდენიმე სასულიერო პირი მოწამეობრივად აღესრულა. მიუხედავად ამისა, გიორგი მტკიცედ იდგა დედაეკლესიის სადარაჯოზე და მრევლსაც მოუწოდებდა ეცხოვრათ ქრისტეს სულისკვეთებით. მას ანაფორა არ გაუხდია და არც ღვთისმსახურება მიუტოვებია. როგორც თიანეთის ოლქის მთავარხუცესი, იგი სამღვდელოებას რჩევა-დარიგებებს აძლევდა, ანუგეშებდა მათ, პატიოსნებისა და ღვთისმსახურებისკენ მოუწოდებდა. ამის დამადასტურებელია უამრავი წერილი, რომელსაც ის უგზავნიდა მოძღვრებს. 1926 წ. 27 მაისს ეკლესიის ერთგული სამსახურისთვის იგი ენქერით დაჯილდოვდა.
1926 წ. იანვარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია), რომელიც კარგად იცნობდა გრიგოლს და იცოდა მისი თავდადებული მოღვაწეობა ჯავახეთის მხარეში, განზრახული ჰქონდა მისი ბერად აღკვეცა და აწყურის ეპარქიის მღვდელმთავრად დადგინება. 1926 წ. 15 ოქტომბერს იგი წილკნელ ეპისკოპოს პავლეს (ჯაფარიძე) სწერდა: „ს. საბჭოს ა.წ. იანვრის 10 სხდომაზე დასახელებულ იქმნა დეკანოზი გრიგოლ გაბრიელის ძე ჯინჭველაძე სასურველ კანდიდატად მაწყვერის კათედრაზე. წარმოგიგზავნით რა ამასთან ერთად ცნობებს დასახელებულ კანდიდატის შესახებ, გთხოვთ შესაძლებელის დაჩქარებით წარმომიდგინოთ თქვენი მოსაზრება. ზემოაღნიშნულს დავსძენთ, რომ დეკანოზი გრიგოლ ჯინჭველაძე ცნობილია როგორც ღირსეული მოძღვარი, ენერგიული მოღვაწე და მესხეთ-ჯავახეთის კარგად მცოდნე“. კათოლიკოსმა ამბროსიმ სხვა მღვდელმთავრებსაც მისწერა და სთხოვა გამოეთქვათ თავიანთი აზრი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ქვეყანასა და ეკლესიაში იმ დროს შექმნილმა უმძიმესმა ვითარებამ ეს კეთილი საქმე ჩაშალა. 1926 წ. 29 ნოემბერს მისი მღვდელმთავრად ხელდასხმის საკითხი შეჩერდა.
1928 წ. 27 აპრილს მცხეთის სამთავროს წმ. ნინოს დედათა მონასტერში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) ლოცვა-კურთხევით წილკნელმა ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ფხალაძე) დეკანოზი გრიგოლი ბერად აღკვეცა და სახელად გიორგი უწოდა. 1928 წ. 4 მაისს მას არქიმანდრიტის პატივი მიენიჭა.
დაკრძალულია თიანეთის წმ. გიორგის ტაძრის (რომელიც დღეს აღარ არსებობს) ეზოში,.
დიაკ. გ. მაჩურიშვილი
წყაროები და ლიტერატურა
თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, საეკლესიო საბუთთა განყოფილება;
საქართველოს საპატრიარქოს არქივი, წილკნის ეპარქიის ფონდი, საქმე №34, ფურც. 302; სცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე №57639; ფ. 1698, აღწერა 1, საქმე №23; საქმე №31;
სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო სინოდის უწყებათა კრებული, 1928;
журн., Духовный Вестник Грузинского Экзархата, 1894, №22; 1896, №20; 1900, №10; 1901, N3; 1903, №11; 1904, №10; №16; N21; 1905, №11-12; журн., Духовный Вестник Грузинского Экзархата, 1911, №10; 1915, №10; 1916, №10-11.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის სხდომის ჟურნალები 1917 წლის 13 მარტი-14 სექტემბერი, ნ. შიოლაშვილის და ი. არაბიძის გამოც., თბ., 2016.
წყარო
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)