არქიმანდრიტი გიორგი (ეპიტაშვილი)
მისი ადრინდ. გვარი ებიტაშვილი იყო. ებიტაშვილები ცხოვრობდნენ ქართლში, კასპსა და დუშეთის მხარეში. იქიდან რამდენიმე კომლი გარე კახეთში, კერძოდ, ნორიოში და ქ. თელავში გადასულა, სადაც ზოგი ისევ ებიტაშვილად ჩაწერილა, ზოგი კი ეპიტაშვილად. ამ ეპიტაშვილების გვერდითა შტოს წარმომადგენელი გახლდათ სოფელ ხაშმში მცხოვრები არქიმანდრიტი გიორგი, რომელიც ღრმადმორწმუნე გლეხის ოჯახში დაიბადა. ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი ყმაწვილი სიყრმიდანვე გამოირჩეოდა ღვთისმოშიშობით.გიორგის განსაკუთრებით ბერმონაზვნური ცხოვრება იზიდავდა და პატარაობიდანვე იჩენდა განსაკუთრებულ ლტოლვას მარტოობისკენ. სოფლის თანატოლებისგან განსხვავებით იგი ბევრ დროს უთმობდა საეკლესიო ლიტერატურას, რაც გაჭირვებული გლეხობისთვის იმჟამად დიდი ფუფუნება იყო. გიორგი ხშირად დადიოდა თავისი სოფლის ტაძარში, მოძღვრის ლოცვა-კურთხევას გულდასმით ასრულებდა და შაბათ-კვირასა და დღესასწაულებზე არ აკლდებოდა წირვა-ლოცვას. მას განსაკუთრებით საეკლესიო გალობა აინტერესებდა, მაგრამ სოფლის პირობებში მისი შესწავლა ვერ მოახერხა. ამიტომ გიორგიმ მონასტერში წასვლა გადაწყვიტა, რათა სიღრმისეულად დაუფლებოდა ქართულ სამხმიან საეკლესიო გალობას. 1897 წ., 12 წლის ასაკში, იგი გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერში მივიდა, სადაც რამდენიმე მოხუცებული ბერი მოღვაწეობდა. წლების მანძილზე მორჩილმა გიორგიმ მათგან არა მარტო გალობა, არამედ წმ. წერილი და საეკლესიო ტიპიკონიც საფუძვლიანად შეისწავლა და რამდენიმე წელიწადში უკვე სრულყოფილად დაეუფლა გალობასა და ღვთისმსახურების წესებს.
1907 წ. დეკემბერში მორჩილი გიორგი დავითგარეჯის ლავრაში გადავიდა, სადაც ერთი თვე დაჰყო. 1908 წ. იანვარში ალავერდელი ეპისკოპოსის, დავითის (კაჭახიძე 1872- 1935) ლოცვა-კურთხევით, რომელიც ამავდროულად თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარიც იყო, მორჩილი გიორგი აღნიშნული მონასტრის შტატში მიიღეს. 1917 წ. იოსებ იმედაშვილი თავის ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“ ქართული კითხვა-გალობის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც ახსენებს მორჩილ გიორგისაც: „ქართველ ბერთა შორის აქა-იქ კიდევ მოიპოვებიან ქართული გალობა-კითხვის მცოდნენი. ამერეთში, სხვათა შორის, ასეთები არიან ტარასი მღვდელ-მონაზონი (კანდელაკი), არჩილ ბერი (თარაშვილი), გიორგი მწირი (ეპიტაშვილი) და სხვ. ესენი გალობდენ დარიის მონასტერში. უკანასკნელი მათგანი – გიორგი მწირი თითქმის 20 წელიწადია მოღვაწეობს საეკლესიო გალობისა და კითხვის გავრცელების ასპარეზზე. საჭიროა მათი ცოდნის გამოყენება“.
გიორგი ეპიტაშვილის მიერ ჩამოყალიბებული მომღერალთა გუნდი
1917 6. 8-17 სექტემბერს მორჩილი გიორგი იმყოფებოდა საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე, როგორც გარე კახეთის სამღვდელოების დელეგატი.
1921 წ. თებერვალში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ეკლესიის მსახურთა და მონასტრებში მცხოვრები ბერმონაზვნობის მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. გიორგის კვლავ მოუხდა მონასტრის დატოვება. გარკვეული პერიოდი იგი თბილისში, კუკიის წმ. ნინოს ტაძარში მედავითნედ მსახურობდა.
1923 წ. სექტემბრის დასაწყისში მორჩილმა გიორგიმ თხოვნით მიმართა ურბნელ ეპისკოპოს ქრისტეფორეს (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III, ციცქიშვილი, 1873-1932), რომელიც იმ პერიოდში კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) პატიმრობის გამო მოსაყდრის მოვალეობას ასრულებდა: „მაქვს მოწოდება, რომ ვემსახურო ჩემს სარწმუნოებას, რადგანაც ვემსახურები ჩემი ბავშვობიდან ეკლესია-მონასტრებს. თანახმად სოფელ ხაშმის საზოგადოების მოთხოვნილებისა, უმორჩილესად გთხოვთ, თქვენო მეუფებავ, ხელდასხმულ მყოთ მღვდელ-მონაზვნად ნათლისმცემლის მონასტერში“.
1923 6. 18 სექტემბერს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა დიმიტრიმ (ყარყარაშვილი) მორჩილი გიორგი ბერად აღკვეცა და სახელად ისევ გიორგი უწოდა. მეორე დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში ურბნელმა ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ერთ კვირაში მღვდლად დაასხა ხელი და გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერში დანიშნა. მასვე დაევალა ხაშმის წმ. გიორგის ტაძარში მსახურება და იქაური მრევლის პატრონობა.
1925 წ. გიორგიმ დააარსა მომღერალთა გუნდი, რომლის შექმნაში მას დახმარება გაუწია მედავითნე ელისე მაჭავარიანმა. ეს გუნდი მონაწილეობდა რელიგიურ და საოჯახო დღესასწაულებზე, პანაშვიდებზე, დაკრძალვებზე როგორც ხაშმში, ისე სხვა სოფლებში. ასევე მონაწილეობდნენ სარაიონო და რესპუბლიკურ კონკურსებზე, უმღერიათ თბილისის ოპერაშიც. მათ ხშირად დაუმსახურებიათ მოწონება და მიუღიათ სხვადასხვა ჯილდო. გუნდის წევრებს ხალხი ვახშამს უმართავდა. ისინი ფულად გასამრჯელოს არ იღებდნენ.
1932 წ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) გ. ნინოწმინდის ოლქის მთავარხუცესად დაადგინა და იღუმენის, ხოლო 1936 წ. არქიმანდრიტის პატივი მიენიჭა. ამ პერიოდში ხაშმის გარდა არქიმანდრიტი გიორგი ემსახურებოდა რამდენიმე სამრევლოს, მათ შორის: გომბორის წმ. სერგის, პატარძეულის წმ. შიოს, სართიჭალის წმ. ლაზარეს, ნინოწმინდის წმ. ნინოს, გიორგიწმინდის ღვთისმშობლის, მანავის ღვთისმშობლის ეკლესიებს. არქიმანდრიტი გიორგი XX ს. 30-იან წლებში ქვეყანაში დაწყებული რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1937 წ. იგი დააპატიმრეს და სამეულის განაჩენით დახვრიტეს.
დიაკ. გ. მაჩურიშვილი
წყაროები და ლიტერატურა
სცსა, ფ. 488, აღწერა 1, საქმე №25538;
საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 1, საქმე №1505; საქმე №1630; სახელმწიფო უშიშროების არქივი, დოკუმენტი №48; ჟურნ. „შინაური საქმეები“, 1911, №14; ჟურნ. „თეატრი და ცხოვრება“, 1917, №34.
ქარუმიძე ვ., ქარუმიძე ნ., ხაშმი: ისტორია და თანამედროვეობა, თბ., 2002.
წყარო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია