ლავრენტი (გაბაშვილი) (გ. 20. V. 1720), საეკლესიო მოღვაწე, დიპლომატი. 1687 ხელმძღვანელობდა საქართველოს ელჩობას რუსეთში. დიდი წვლილი მიუძღვის დონის მონასტრის აღმშენებლობაში. 1705 ამავე მონასტერში არქიმანდრიტად (წინამძღვრად) დაინიშნა. მისი ძალისხმევით დონის მონასტერი იქცა მოსკოვის ქართველების სულიერ ცენტრად. ლ-მ მონასტერში საფუძველი ჩაუყარა ქართველ მოღვაწეთა პანთეონს. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მოსკოვში მცხოვრებ ქართველი ახალგაზრდობის აღზრდასა და განათლების საქმეს. დაკრძალულია დონის მონასტრის უფლის მირქმის ეკლესიაში.
ლიტ.: სიხარულიძე ფრ., მოსკოვში ქართველ მოღვაწეთა პანთეონის ისტორიისათვის, „საბჭოთა ხელოვნება“, 1981, №12; ტატიშვილი ვ., ქართველები მოსკოვში, გამოც., მე-2, თბ., 1959; ყუბანეიშვილი ს., რუსულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან XVIII ს-ში, „ლიტერატურული ძიებანი,“ 1956, ტ. 10.
ლავრენტი გაბაშვილი
საეკლესიო მოღვაწე, XVII-XVIII სს. მიჯნა
დიპლომატი და საეკლესიო მოღვაწე, არჩილ მეფის თანამოღვაწე. გარდაიცვალა 1720 წ. 20 მაისს. დაკრძალულია დონის მონასტრის უფლის მირქმის ეკლესიაში.
ლავრენტი გაბაშვილი 1687 წელს იგი ხელმძღავნელობდა ქართლის მეფის გიორგი XI-ის (1676-1688) მიერ რუსეთში გაგზავნილ ელჩობას. მას ევალებოდა კატალიკოს ნიკოლოზ IX-ის (1676-1687, 1691-1696) წერილის გადაცემა რუსეთის პატრიარქ იოაკიმისათვის. ამასთანავე ლავრენტის როგორმე უნდა დაერწმუნებინა პატრიარქი, რომ მხარი დაეჭირა არჩილ და გიორგი მეფეებისათვის მუსლიმური მეზობლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ლავრენტი გაბაშვილის და რუსეთის პატრიარქის მოლაპარაკება შედგა. რუსეთის სამეფო კარმა თანხმობა განაცხადა ფინანსური დახმარება გაეწია არჩილ მეფისათვის, მაგრამ ჯარის მიცემაზე არ დათანხმდა.
ლავრენტი გაბაშვილი რუსეთის ქართული ახალშენის თვალსაჩინო წევრი ხდება. მას დიდი წვლილი მიუძღვის მოსკოვის დონის მონასტრის მშენებლობის საქმეში. არჩილ მეფესა და არქიმანდრიტ ლავრენტის ჯერ კიდევ 1685 წელს დაუთვალიერებიათ დონის მონასტრის მშენებარე ობიექტი. თავდაპირველად იგი ყოფილა ხის ნაგებობა, არ ჰქონდა სახურავი, მის გვერდით მდებარე ძველი ტაძარი კი მიწაში იყი ჩაფლული (ტატიშვილი, 218). არჩილ მეფისა და ლავრენტის არქიმანდრიტის ძალისხმევით დონის მონასტერს შემოავლეს ქვის სარტყელი, აუშენეს სენაკები და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები, გარშემო შემოავლეს გალავანი. ეს სამუსაოები 6 წელიწადს გრძელდებოდა. ლავრენტი გაბაშვილი იყო დონის მონასტრის პირველი წინამძღვარი. მან დიდი ამაგი დასდო დონის მონასტერს _ შეავსო ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნებით მონასტრის ბიბლიოთეკა, ზრუნავდა მის კეთილდღეობაზე.
ლავრენტი არქიმანდრიტი ემსახურებოდა მოსკოვში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების აღზრდის საქმეს. მან შექმნა პირობები, რომ ქართველ მოზარდებს უკეთ შეესწავლათ რუსული სასულიერო მწერლობა, კალიგრაფია, საქმისწარმოება, ღვთისმსახურების წესები, ერთი ქართველი ყმაწვილი აუყვანია თავის კანცელარიაში დონის მონასტრის “სულთა მატიანის” შესადგენად.
დონის მონასტერი იქცა მოსკოვის ქართველობის სულიერ ცენტრად. ლავრენტი არქიმანდრიტის მეცადინეობით მონასტერში მოეწყო არჩილის საგავარეულო აკლადამაც. 1711 წელს იქ დაკრძალეს ალექსანდრე არჩილის ძე, ნოვოდევიჩის მონასტრიდან გადმოასვენეს დავით და მამუკა ბატონიშვილების ნეშთები. 1713 წელს აქვე დაკრძალეს არჩილი. 1712 წელს “პაპა” ლავრენტის მეცადინეობით აშენდა უფლის მირქმის საყდარი. დონის მონასტერზე გაწეული სამსახურის გამო მას “დონსკოის” უწოდებდნენ.