მღვდელი იობ პავლეს ძე ცისკარიშვილი დაახლოებით XIX საუკუნის ათიან წლებში დაიბადა. მისი პაპა დავითიც სასულიერო პირი ყოფილა. იობ ცისკარიშვილმა განათლება თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო.
მთაში, წოვათისა და გომეწრის ხეობებში, შემდგომ კი ბარში ღვთისმსახურებას ეწეოდნენ სასულიერო პირები: იობ ცისკარიშვილი, ალექსანდრე ბაძოშვილი, კონსტანტინე ჭარელიშვილი და სხვები. მღვდელი იობ პავლეს ძე ცისკარიშვილი დაახლოებით XIX საუკუნის ათიან წლებში დაიბადა. მისი პაპა დავითიც სასულიერო პირი ყოფილა.
შემდეგ წარჩინებით განაგრძო სწავლა პეტერბურგში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მას კავკასიაში ქრისტიანობის გავრცელების საზოგადოებამ თიანეთის მაზრაში ბლაღოჩინის მოვალეობა დააკისრა. იგი დიდხანს ხელმძღვანელობდა სასულიერო საქმიანობას დუშეთის მაზრაში, რომელშიც შედიოდა ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის ეკლესიები სამრევლოებით. მისი თაოსნობით თიანეთის, ჟაბოტას, მატნის, მარელისის და ალვანის ეკლესიებთან ბავშვებისათვის წერა-კითხვის შემსწავლელი ჯგუფები გაიხსნა. მამა იობმა ალვანის სამების ეკლესიასთან ოროთახიან ფიცრულ შენობაში დაწყებით სასულიერო სკოლას ჩაუყარა საფუძველი. მამა იობს დიდი წვლილი მიუძღვის ქართველებსა და ვეინახებს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარებაში. 1851 წელს ჩეჩნეთში მაისტის თემსა და თუშებს შორის დამოკიდებულება გამწვავებულა, დაწყებულა სისხლის აღება. ორივე მხარეს მრავალი ადამიანი დაუკარგავს. მამა იობი თიანეთის მაზრის უფროსის დავალებით გაემგზავრა ჩეჩნეთში და მაისტის თემის უფროსებთან ერთად მოსისხლე მტრები შეარიგა. მამა იობის მოღვაწეობა საინგილოსაც უკავშირდება. XIX საუკუნის დასაწყისში ქართული მოსახლეობით სავსე ეს მხარე ნელ-ნელა გადადიოდა მუსულმანურ სარწმუნოებაზე და კარგავდა თავის მამა-პაპეულ ქრისტიანულ რწმენას. ამ მეტად მტკივნეული პროცესის შეჩერებას ყოველმხრივ ცდილობდნენ მოწინავე ქართველი მამულიშვილები. მამა იობს ამ დიდ ეროვნულ-ქრისტიანულ საქმეში თავისი წვლილი შეუტანია. ერთ-ერთ ისტორიულ დოკუმენტში ვკითხულობთ: "1851 წელს 22 მარტს მღვდელმთავარი იობ ცისკარიშვილი მივლინებული იქნა ლეკების ხაზზე ინგილოთა მართლმადიდებლობაზე დასაბრუნებლად. მან შეძლო 1179 სულის კვლავ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე შემობრუნება." არც თუ ბევრისთვის იქნება ცნობილი ის ფაქტი, რომ მღვდელი იობ ცისკარიშვილი ვაჟა-ფშაველას ნათლია იყო. ამის შესახებ ვაჟას მეტრიკულ ამონაწერში წერია "…მშობლები სოფელ ჩარგლის მცხოვრებნი, ჩარგლის წმინდა გიორგის ეკლესიის მედავითნე პავლე რაზიკაშვილი და მისი კანონიერი მეუღლე ბარბარე. ორივე მართლმადიდებელი სარწმუნოებისა. მიმრქმელი იყო თიანეთის მაზრის მღვდელთმთავარი და კავალერი იობ ცისკარიშვილი, ხოლო საიდუმლო ნათლისღებისა აღასრულა ჩარგლის სამწყსოს მღვდელმა იასე მგელაძემ, მედავითნე ვასილ წოწკოლაურთან ერთად" (დოკუმენტი გაცემულია 1877 წლის 17 სექტემბერს რუსულ ენაზე). მამა იობი იყო უაღრესად განათლებული და ნიჭიერი პიროვნება, რომელიც წარმატებით უთავსებდა ღვთისმსახურებასა და მეცნიერულ-შემოქმედებით საქმიანობას. იბერიულ-კავკასიურ ენათა მეცნიერულად შესწავლის საქმეში მამა იობის შრომა მარი ბროსეს სახელს უკავშირდება.
ფრანგმა ქართველოლოგმა მარი ბროსემ საქართველოში მოგზაურობის დროს (1847-1848) გაიცნო და საქმიანი კავშირი დაამყარა მღვდელ იობ ცისკარიშვილთან. ცნობილია, რომ ბროსემ ჯერ კახეთში იმოგზაურა. 1847 წელს იგი ქისტაურში რაფიელ ერისთავის ოჯახს ესტუმრა, აქედან გადავიდა ალვანში, სადაც რაფიელ ერისთავმა მას მღვდელი იობი გააცნო, რომელმაც თავისი განსწავლულობით დიდი შთაბეჭდილება დატოვა მეცნიერზე. მამა იობი ხალისით გამოხმაურებია მარი ბროსეს მოწოდებას - შეეგროვებინა მასალები და მიეწოდებინა მისთვის ცნობები თავისი ტომის ენის, ყოფა-ცხოვრების, ისტორიისა და ხალხური სიტყვიერების შესახებ. მამა იობი, როგრც სასულიერო პირი, ერიდებოდა საერო საქმეებში აქტიურ ჩართვას. იგი თავის პირად წერილებში მარი ბროსეს თხოვდა საქართველოს ეგზარხოსის წინაშე უშუამდგომლოს, რათა ნება მიეცა თუშური კილოს გრამატიკაზე მუშაობის უფლება. მამა იობის დიდი შრომის ფასად შეიქმნა პირველი წოვა-თუშური ენის გრამატიკა, რომლის საფუძველზეც 1856 წელს ცნობილმა აკადემიკოსმა ა. შიფნერმა მონოგრაფია თუშური ენის გრამატიკული სტრუქტურის შესახებ გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა. ბერდო გოიშვილს, თავის ნაშრომში "მოგესალმებით თუშებო," საინტერესო დოკუმენტი აქვს მოხმობილი; მარი ბროსე 1849 წლის 15 ივნისს წაკითხულ მოხსენებაში მამა იობის შესახებ აღნიშნავს: "იობ ცისკარიშვილი მეტად საინტერესო მუშაობას ატარებს. მაქვს პატივი აკადემიას წარვუდგინო მღვდელი იობი ცისკაროვი, წარმოშობით თუში, რომელმაც შეადგინა წოვური ენის მოკლე გრამატიკა. აკადემიას არ შეუძლია არ თანაუგრძნოს კაცს, რომელიც მიისწრაფვის ასეთი საქებარი მიზნისაკენ და არ ისურვოს, რომ სასულიერო ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს მას მუშაობაში. ჩვენ გავიგეთ, რომ იობი ახლა უკვე იწოდება მღვდელმთავრად. ეს წოდება მას ხელს არ უნდა უშლიდეს, რომ გააგრძელოს თავისი ლიტერატურული მუშაობა. ჩვენი თვალსაზრისით მის მიერ წარმოდგენილ მასალას უთუოდ აქვს დიდი მეცნიერული ღირებულება". სოფელ ზემო ალვანის სამების ეკლესიის ისტორიაც მამა იობის სახელთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ დღეს ასაკოვანი თუშები თავიანთი მამა-პაპისგან გაგონილ ასეთ ამბავს ჰყვებიან: წოვათაში ყოფილა წმიდა სამების ნიში, ხატი. ბარში ჩამოსახლების შემდეგ, უფიქრიათ დროთა განმავლობაში თუშები ამ მთებში ვეღარ ივლიან, ვეღარ ამოსწვდებიანო და გადაწყვიტეს ამ ნიშის ბარში ჩამოტანა. თავისთავად ამ საქმეს ღვთისმსახური ითავებდა. მამა იობს სამების ნიშიდან საეკლესიო ნივთები, წიგნები, ჯვარი ხურჯინით წამოუბრძანებია. ჯვარი მთელი გზა ხურჯინიდან უვარდებოდა. ბოლოს თოკით დაუმაგრებია, მაგრამ ტბათანასთან ისე დაუკარგავს ვეღარ უპოვია. რამოდენიმე ხნის მანძილზე ამ ადგილას კაშკაშა ნათებას ხედავდნენ. ხალხს ამ სიწმინდის სასწაულებრივი გაუჩინარების ადგილას სალოცავი ნიში აუგია და მას მერე ეს ნათებაც გამქრალა. მამა იობს 1855 წელს მეუღლე გარდაეცვალა, ხოლო შემდეგ 1869 წელს დიდი პაპის მოსახელე ერთადერთი ვაჟი დავითი. ერთიმეორეს მიყოლებულ მწუხარებას დიდი დაღი დაუსვავს მამა იობისთვის. შთამომავლებს გადმოცემით როგორც ახსოვთ, სიცოცხლის ბოლო წლებში იგი საზოგადოებრივ საქმიანობას ჩამოშორდა და ზემო ალვანში, თავის სახლში მარტო ცხოვრობდა. წოვათის სამების სახელობაზეა სოფელ ზემო ალვანში აგებული სამების ეკლესია. აქვეა დაკრძალული მამა იობი მეუღლითურთ: "საფლავსა შინა მდებარე ვარ ბლაღოჩინ მღვდელი იობი დავით მღვდლის შვილის ძე ცისკაროვი. მხილველნო გევედრებით თითო შენდობა მაღირსეთ. გარდავიცვალე ჩყოზ-სა წელსა (1877) გიორგობის თვისა იბ-სა (12)." იქვე გვერდით დევს ასევე თლილი ქვა წარწერით: "ლოდსა ამა ქუეშე მდებარეობს გვამი ბლაღოჩინის და კავალერის მღვდელის იოვ ცისკაროვის მეუღლის ელისაბედ გიორგის ასულისა აღსრულებულისა იდ (14) დღესა მარტისასა ჩყნე (1855) წელსა შობიდგან თვისისა კე (25) წლისა. წამკითხველთა ევედრების შესწირონ საუკუნო ნეტარებითი ცხოვრება." მამა იობის ერთადერთი ვაჟის საფლავის ქვაც აქვეა: "ამა ლოდსა ქვეშე განისვენებს იოვ ცისკაროვის ძე დავითი აღსრულებული 13 იანვარსა 1869 წ შობიდან 18 წლისა … მკითხველნო შემავედრეთ უფალსა ვაჲ მე". ( იობ ცისკარიშვილის დაზიანებული ფოტო აღადგინა ილია ჭრელაშვილმა).
წყარო: ალვანელები: tirine.wordpress.com
სხვა წყარო
ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას ბლაღოჩინ ი. ცისკარიშვილზეც, რომელიც აღნიშნული საარქივო საქმის თითქმისყველა ფურცელზე ფიგურირებს და რომელმაც ვაჟას მამას უდიდესი წვლილი დასდო. ი. ცისკარიშვილს პავლე
"ივოს" უწოდებს. მისი სახელი კი "იოვი" (იობი) იყო. სწორედ ის შეიქმნა ვაჟას პირველი ნათლია ("მიმრქმელი")
და შემდეგშიც დიდი კეთილისმყოფელი. იობ ცისკარიშვილი გამორჩეული პიროვნება ყოფილა. 1847 წ. რაფიელ
ერისთავმა ქ. თელავში ის მარი ბროსეს წარუდგინა. ცნობილმა ქართველოლოგმა მაშინვე შეამჩნია იობის ნიწი
და მას წოვა-თუშურის გრამატიკის შედგენა სთხოვა, რაც ცისკარიშვილმა პირნათლად აასრულა. ამას გარდა,
მარი ბროსემ ცისკარიშვილს სთხოვა ახალი აღთქმის თავები ეთარგმნა წოვა-თუშურად. 1851 წელს იობი
საინგილოში მიავლინეს მისიონერ მღვდლად, სადაც 1170 სული ინგილო კვლავ ქრისტიანობას დაუბრუნა [17] .
ზევით განხილულ განცხადებაში პავლე შეცდომასაც უშვებს, როდესაც წერს, რომ თითქოს "ჩყნგ" (1853) წლიდან
ჩარგლის ეკლესიის მედავითნეა. სინამდვილეში, 1853 წლიდან, როგორც ზემოთ მოტანილი საბუთები მოწმობენ,
იგი ყვარას ეკლესიის მედავითნეა. ეს შეცდომა გასწორებულია ამ განცხადების შემდეგ დართულ რუსულენოვან
საბუთში:
«1858 года, Декабря 9 дня; по справке оказалось: Причетник Чаргальской Георгиевской церкви Павел
Разикашвили происходит из казенных крестьян, от роду имеет 30 лет, в училищах не обучался, согласно
прошению его допущен к исправлению причетнической должности. 24 ноября 1853 года, перемещен к
Чаргалськой Георгиевской Церкви в 1855 году; судим, штрафован (7ვ) не был. Аттестован. Поведения
хорошего, в семействе имеет жену 27 лет и сына Георгия 4-х лет. За правителя -
Д. Пурцеладзе»[18] .
ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მხოლოდ ამ საბუთიდან ვიგებთ, რომ ყვარას ეკლესიიდან
ჩარგლის წმ. გიორგის ეკლესიაში პავლე რაზიკაშვილი 1855 წლიდან გადაიყვანეს. ძალზე საინტერესოა ისიც,
რომ პავლეს დაბადების წელი ამ საბუთის მიხედვით, 1828 წელი გამოდის (1858 წელს გამოვაკლოთ 30 წელი) და
არა 1831 წელი, როგორც ეს აქამდე იყო მიღებული. გ. ხორნაული, მაგალითად, წერს, რომ პავლე გარდაიცვალა
1890 წ. 22 ოქტომბერს, 59 წლის ასაკში[19] . ამგვარად, ხორნაულის თანახმად, პავლე დაბადებული გამოდის
1831 წელს. სინამდვილეში, არც მიხა რაზიკაშვილის მოგონებაა შემცდარი და გაზვიადებული, როდესაც იგი
პავლეს სიცოცხლის ბოლო წლებს იგონებს და წერს, რომ მისი მოგონების დროს პავლე 60 წელზე მეტის
იქნებოდა. გ. ხორნაული აქ შენიშვნას ურთავს და განმარტავს, რომ მოგონების ავტორი აწარბებს, რადგან პავლე
59 წლის ასაკში გარდაიცვალა (იქვე). ზემოთმოტანილი საარქივო საბუთის მიხედვით კი, პავლე 1831 წელზე 2-3
წლით ადრე უნდა დაბადებულიყო (1828 წ.).
ამდენ ხანს პავლე მხოლოდ ბრძანებით და გამონაკლისის სახით იყო დაშვებული მედავითნედ. ახლა კი, მისი
საფუძვლიანი გამოცდა გადაუწყვეტიათ და თბილისში გამოუძახებიათ. იმხანად, პავლე ავად ყოფილა და
თბილისში წასვლაზე მცირე ხნით გადავადება უთხოვია. ამას კვლავ ცისკარიშვილი გვამცნობს:
«В канцелярию Экзарха Грузии
Благочинного священника Цискарова
Рапорт
В исполнение требования экзаршеской канцелярии от 10, прошлого Декабря за №3115, имею честь сим
покорнейше довести, что причетник Пшавской Чаргальской Георгиевской церкви Павел Разикашвили по
болезненному и от принятия лекарств слабому своему здоровью, считает ныне невозможным прибыть в
Тифлис, а по выздоровлению его и получения здоровья от болезни, считаю долгом выслать его в Тифлис,
для объясненной в требовании подробности.
Благочинный священник Цискаров, №12, 28 января 1859 г.»
ამ ცნობას რამდენიმე თვის შემდეგ ცისკარიშვილმა ახალი მიწერილობაც მიაყოლა:
«В канцелярию Экзарха Грузии
Благочинного священника Цискорова
Рапорт
В дополнение рапорта моего от 28 Января за №12, имею часть при сем выслать в Тифлис для испытания
причетника Пшавской Чаргальской Георгиевской церкви Павла Разикашвили. №58 Апреля 1859 г. сел.
Тионети. Благочинный священник - Цискаров».
ამ "რაპორტს" ორი რეზოლუცია ადევს, მელნით: "1859 Мая 15; Снестись с Губернским правлением" და
ფანქრით: "Преосвященному Викарию на испытание" [20] . ძალზე საინტერესო სწორედ ის არის, რომ ეს "ვიკარი"
(ქორეპისკოპოსი), ეგზარქოსის პირველი მოადგილე და გორის ეპისკოპოსი, იმხანად იყო, განთქმული გაბრიელ
ქიქოძე. იგი გორის ეპისკოპოსის და საქართველოს ეგზარქოსის ქორეპისკოპოსის მოვალეობას ასრულებდა 1858
წ. 6 დეკემბრიდან - 1860 წლის 2 ივლისამდე [21] .
ასე რომ, ვაჟას მამას ბედმა გაუღიმა, როდესაც გამოსაცდელად, სწორედ ქართული სულიერების ასეთ დიდ
მოამაგესთან მოხვდა.
"საქმეში" დაცულია თვით გაბრიელ ეპისკოპოსის ხელით დაწერილი გამოცდის ფურცელი.
«Павел Разикашвили
В чтении: хорошо
В пении: не совсем приятно
В уставе: хорошо
В священной истории и катехизисе: очень поря¬дочно
Гав¬риил, Епископ Горииский, Вика¬рий Грузинский, исполнено 19 мая 1859 года» [22] .
როგორც ვხედავთ, პავლეს გამოცდები წარმატებით ჩაუბარებია პირადად გაბრიელ ეპისკოპოსისათვის. ის
ფაქტი, რომ გზა სასულიერო წოდებაში, ვაჟას მამას, პავლე რაზიკაშვილს გაბრიელ ქიქოძემ დაულოცა, სრულიად
უცნობი იყო.
პავლეს ყველაფერში კარგი ნიშნები მიუღია, მხოლოდ სიმღერა არა სცოდნია კარგად. ალბათ, ეს ნაკლი მამისგან
თუ გამოჰყვა ვაჟას, რომელიც ჩივის, სიმღერას მიწუნებდნენ და მე არ ვიჯერებდიო. აი რას იგონებს ვაჟა:
"საშინლად შეურაცხყოფილი დავრჩი, რომ მან (გალობის მასწავლებელმა - ვ. კ.) ჩემში არამც თუ ბასი, ტენორი,
არამედ არავითარი ხმოვანება არა ჰპოვა... თავს მხოლოდ იმით ვინუგეშებდი, რომ მასწავლებელს, ალბათ
ვეჯავრები-მეთქი, ხოლო რომ ბასი ვიყავი, ეს უეჭველად მწამდა"[23] .
ასე იყო თუ ისე, ეპისკოპოსმა გაბრიელ ქიქოძემ სასულიერო ასპარეზზე გზა დაულოცა დიდი ვაჟას მამას.