აწ გარდაცვლილი დედა მარინე მელიქიძე-ვახტანგიშვილის დაბადების დღეა .
იგი 1936 წლის 16 აპრილს მელიქიძეების კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა . მის მამას ბიბლიური სახელი - ტროფიმე ერქვა . მისი პაპა კი გიორგი მელიქიძე გახლდათ .
დედა მარინეს საერო სახელი შუშანიკი იყო . მონაზვნობაში კი მას მარინე ეწოდა . ამ სამონაზვნო სახელის გამორჩევაც თავისთავად მოხდა ...
მან სამონაზვნო მორჩილების 8-წლიანი პერიოდი გაიარა და დადგა ჟამი მისი მონაზვნად აღკვეცისა . სათანადო კურთხევის თანახმად ფურცელზე დაიწერა შვიდი წმიდა დედის სახელი ; შვიდივე ფურცელი საგანგებოდ დაიკეცა და ტაკუკად წოდებულ , საეკლესიო ჭურჭელში მოთავსდა , რომელიც საკურთხეველში , წმიდა ტრაპეზზე დაიდო . სათანადო ლოცვების შემდეგ ტაკუკი საკურთხევლიდან გამოაბრძანეს და სამონაზვნედ გამზადებულ დედაოს მისთვის დასარქმევი სახელის ამოღება შესთავაზეს . დედაომ იმ შვიდიდან ერთ-ერთი ფურცელი ამოიღო და ყველას თვალწინ , მოწიწებით გახსნა . ეკლესიის მშვიდ წიაღში და მოლოდინით სულგანაბული ადამიანების წინაშე ხმამაღლა გაისმა სახელი მ ა რ ი ნ ე !
ეს პროცესი ახალციხის წმიდა მარინეს სახელობის ტაძარში აღესრულა და მოგვიანებით დედა მარინემ განაცხადა , რომ იგი შინაგანად სულ ამ სახელს ნატრობდა და ღმერთსაც სულ იმას თხოვდა , რომ ამ წმიდა სახელის ტარების ღირსი გაეხადა .
შემდეგ მან წმიდა მარინეს სამონაზვნო სახელი 17 წლის განმავლობაში ღირსეულად ატარა და როდესაც იგი აღესრულა , მისი კიდევ ერთი ნატვრა აღსრულდა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტის კურთხევით დედა მარინეს ცხედარი წმიდა მარინეს სახელობის ეკლესის ეზოში დაიკრძალა .
მოგვიანებით მისმა მონასტრის წევრებმა მითხრეს , რომ დედა მარინეს თავისი გარდაცვალების დღისთვის საგანგებოდ ჰქონდა გადანახული ის პირველი სამონაზვნო კვართი და ის გაკეცილი ფურცელი , რომელიც მან თავისი სახელდების ჟამს გახნა და გაშალა .
იმ ფურცელს ყველა ჩვენთაგანი ვემთხვიეთ , ვეამბორეთ და ჩვენთვის ძვირფას დედა მარინეს სასახლეში ჩავუდეთ და ჩავაყოლეთო , მითხრა მონასტრის წევრმა .
ამ ფოტოზე უფლის დიდად მოსიყვარულე და სამონაზვნო ღვაწლით წარმოჩენილი , ჩვენთვი ძვირფასი დედა მარინე არის ასახული . შორს კი ჯვარზე გაკრული უფალი ჩვენი იესო ქრისტე იხილვება . დედა მარინეს მთელი ცხოვრება უფლის სიყვარულით იყო განმსჭვალული და სწორედ უფლისკენ სწრაფვის გამოხატულებას წარმოადგენდა . ახლაც , თუ სადმე მოვიაზრებთ და მოვისაკლისებთ მის მარადუკვდავ სულს , მხოლოდ უფლის სასუფეველში და სხვაგან არსად , რადგან თავმდაბლობით , მორჩილებით , კეთილმსახურებითა და უფლის სიყვარულით გულაძრული ადამიანები სხვაგან სად უნდა უყვნენ , თუ არა თავის საყვარელ უფალთან ? !
ეს ჩემი აკვიატებული თვითდაჯერება კი არ არის , არამედ ის შინაგანი განცდაა , რომელიც დედა მარინეს მიმართ მისი გარდაცვალების პირველივე დღიდან გამიჩნდა და კვლავაც ასე მომყვება .
ჭეშმარიტად ,
ღმერთმა აცხონოს სული ჩემი სამელიქიძეო გვარის სახელით უფალთან წასული , კეთილმოღვაწე მოაზონისა და ჩვენთვის ძვირფასი დედა მარინესი !
პატივისცემით ,
მელიქიძეთა საგვარეულო დარბაზის
ხელმძღვანელი - გოგიტა მელიქიძე
ახალციხის წმინდა მარინეს საკათედრო ტაძარი – (ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია), XIX ს. ხუროთმოძღვრების ძეგლი.