სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ჭელიძე გიორგი მიხეილის ძე 1885-1924წწ მღვდელი, დახვრიტეს. მსახურობდა უკანაფშავი დაბ. სოფ. ბახვი ოზურგეთი ჭელიძე გიორგი მიხეილის ძე 1885-1924წწ მღვდელი, დახვრიტეს. მსახურობდა უკანაფშავი დაბ. სოფ. ბახვი ოზურგეთი

1885-1924 წწ. გარდ. 39 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ჭელიძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

315       ბეჭდვა

ჭელიძე გიორგი მიხეილის ძე 1885-1924წწ მღვდელი, დახვრიტეს. მსახურობდა უკანაფშავი დაბ. სოფ. ბახვი ოზურგეთი


28.06.2007

- ცხვარი რომ მგლებში ჩავარდება, აბა, იმისი გზა რაღა საკითხავია?!

მამა გიორგი ჭელიძემ სასულიერო სემინარია სტალინთან ერთად დაამთავრა. როგორც მისი შთამომავალი, ნინო კეზევაძე იხსენებს, იგი ეპისკოპოს პიმენს უკურთხებია მღვდლად და თიანეთის მაზრის სოფელ უკანაფშავში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში გაუმწესებია.

ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში 1885 წელს დაბადებულა მიხეილ ჭელიძისა და ეფემია სიამაშვილის ოჯახში, რომელმაც გიორგის გარდა კიდევ 6 შვილი გაზარდა.


პირველდაწყებითი განათლება მშობლიურ სოფელში მიუღია, შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გაუგრძელებია, სასულიერო აკადემია კი რუსეთში დაუსრულებია.

1908 წელს დაქორწინებულა და 5 შვილი შესძენია.

ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარების შემდეგ ოჯახის მდგომარეობა რადიკალურად გაუარესებულა, რაც უბედურების მხოლოდ დასაწყისი იყო.

ნინო კეზევაძე, მამა გიორგის შვილიშვილი: "ოჯახზე პაპა ზრუნავდა. უჭირდა, მაგრამ ეს მრევლისთვის არასოდეს უგრძნობინებია. ბებია მიამბობდა, - "ბაზრის წყაროდან" (ასე ერქვა სოფლის წყაროს) წყალი რომ ამოგვეტანა, შუაღამეს ველოდით, რადგან გიორგი არ დაუშვებდა, თავის მრევლს ასეთ ყოფაში ენახაო.

მამა გიორგი 1924 წლის დასაწყისში რამდენიმეჯერ დააპატიმრეს. თავიდან მისგან ხალხის წინაშე ღვთის უარყოფას მოითხოვდნენ, მაგრამ როგორც კი მიხვდნენ, ვერ ერეოდნენ, მხოლოდ ანაფორის გახდა უბრძანეს, თუმცა ამ "სასჯელ-მინიმუმსაც" მტკიცედ დახვდა.

მამა გიორგიმ - თუ სხვა გზას აღარ დამიტოვებთ... მაგრამ რწმენას ვერაფრით დამათმობინებთო.

მორიგი დაპატიმრების დროს, დუშეთის შემოგარენში ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეიარაღებული რაზმის მოახლოებასთან დაკავშირებით, მამა გიორგისთან ერთად მისი 13 წლის ვაჟი, ბიძაჩემი ბორისიც დაუჭერიათ, ოღონდ ისინი საპატიმროში კი არა, ქალაქის ბოლოს, ტყის პირას მდებარე ყარანგოზიშვილების ციხესიმაგრეში მოუთავსებიათ...

ქაქუცა ჩოლოყაშვილსა და ქალდანს დუშეთში წითელი ხელისუფლების ჩამოგდება ცოტა ხნით მოუხერხებიათ, ძალაუფლება ხელში ჩაუგდიათ და პატიმრებიც ამ დროს გაუთავისუფლებიათ...

თურმე იქიდან გამოყვანილ მამა გიორგის ქაქუცას რაზმელები დიდი პატივით მთხვევიან ხელზე, მაგრამ მისი მოზარდი ვაჟი, ბორისი რომ დაუნახავთ, გაჰკვირვებიათ და უკითხავთ, - შენ აქ რაღა გინდაო...

- პოლიტიკურზე ვიჯექიო (ბავშვმა ამ სიტყვის მნიშვნელობა არც იცოდა, უბრალოდ, წარამარა ესმოდა პატიმრებისაგან), - უპასუხია.

ჩოლოყაშვილს გასცინებია და ძველი თოფი უჩუქებია, რომელიც მომავალში მისი დევნის ერთ-ერთ მიზეზად იქცა. იქვე ჩამომჯდარ ბავშვს თურმე თოფის თვალიერება დაუწყია, - ჩახმახს აწვალებდაო, - ბებია იხსენებს, - ამ დროს კი შორიახლო შინსახკომის თანამშრომელს, ვინმე ჭურღულიას ცხენი ვიღაცის ბრმა ტყვიას მოუკლავს, ბორისს კი ჭურღულიას მოკვლის მცდელობა მიაკერეს...

ამ ამბავს აღარ გავაგრძელებ და ისევ მამა გიორგის მივუბრუნდები: - პაპა შინ დაბრუნებულა და ის იყო, ოჯახთან ერთად დუშეთში გადასასვლელად დაუწყია სამზადისი, რომ ხელმეორედ დააპატიმრეს, - ჩოლოყაშვილის ჯანყის ჩასახშობად დუშეთში დამსჯელი რაზმი შემოვიდა და მტყუან-მართლის გამკითხავს დატოვებდნენ?!

ბებიასგან მახსოვს, - პაპაშენი ფანჯარასთან ლარივით დაჭიმული იდგა და ფიქრობდა, სად გაეხიზნა ოჯახი. მერე მეგობართან რჩევის საკითხავად ბორისი გაუგზავნია (მაშინ არ იცოდა, რომ წითელი რაზმი უკვე სოფელში შემოდიოდა), მაგრამ რაც შემდეგ მოხდა, ის ბებიას აღარ გაუგია, დაუმალეს. მეგობრის ბებიამ მიამბო: - იმ დროს დუშეთში წითელარმიელთა ცხენოსანი რაზმები შემოდიოდნენ. ბიძაშენი ბორისი ამ ცხენების ფეხებქვეშ მიძვრებოდა, სამშვიდობოს რომ გაეღწია... ამასობაში ვიღაცას უცვნია - ეს მამა გიორგის ვაჟი არ არისო? - და ხიშტი შეუმართავს, მაგრამ ბავშვს მყისვე ხალხი გადაჰფარებია, - რას შვრები, ხელი არ ახლო, უწლოვანიაო...

ასე იყო თუ ისე, პაპას ვეღარც ოჯახი გაუხიზნავს და ვეღარც თავად წასულა სადმე.

დაუპატიმრებიათ და მაშინვე წვერი გაუკრეჭიათ - თურმე რამდენიმე დალაქი მიუყვანეს, მაგრამ ხელი ვერც ერთმა ვერ ახლო... იდგნენ და რა ექნათ, აღარ იცოდნენ, სანამ ისევ მამა გიორგიმ არ უშველათ - აღასრულეთ, რაც გავალიათ, სანამ მღვდლად მაკურთხებდნენ, წვერი საერთოდ არ მქონდაო...

პაპას ამ ამბის მისასამძიმრებლად მცხეთიდან ეპისკოპოსიც კი სწვევია ეტლით, თუმცა წვერი მთლად კი არ გაუპარსავთ, - ალბათ დალაქებმა მაინც ვერ შეჰკადრეს პირწმინდად მოპარსვა, - ცოტა დაუტოვებიათ. ბებია იგონებდა, წვერშემოკლებული გიორგი უხერხულობას გრძნობდა და ყელზე შავ ხილაბანდს იხვევდაო.

ბებოს მისთვის საპატიმროში სადილი ყოველდღიურად ჩაჰქონდა. ერთ დღეს, 1924 წლის 25 სექტემბერს, სადილი აღარ მიუღიათ... შეფიქრიანებული ბებია შინ აღარ მობრუნებულა... დაუნახავს, ცოტა ხანში როგორ გამოიყვანეს ციხიდან პაპა და კიდევ ოთხი ტუსაღი. ბებიასთვის უთქვამთ - დასაკითხად მიგვყავს კობიაანთკარშიო. მაგრამ შეეჭვებული ბებია უკან ასდევნებიათ... თურმე პაპას მეგობრის, ექიმ იურგენსის სახლს რომ ჩაუარეს, მამა გიორგი ექიმის მეუღლეს დაუნახავს და რუსულად უკითხავს: - საით, მამაოო?!

- ცხვარი რომ მგლებში ჩავარდება, აბა, იმის გზა რაღა საკითხავიაო?! - უპასუხია პაპას.

წმინდა ბარბარეს ეკლესიას რომ გასცდენიან, ბებიას ეჭვი გასძლიერებია და მეუღლისკენ გაქცეულა... რამდენიმეჯერ დააკავეს, თან არწმუნებდნენ, - შინ დაბრუნდით, მხოლოდ დასაკითხად მიგვყავსო...

ამასობაში კარტოფილის ნათესებიც გაუვლიათ, თუჯიშვილების ბაღიც... კობიაანთკარის გზამდე გათხრილი სამარე რომ დახვედრიათ, ყველაფერი ნათელი გამხდარა...

იმ პატიმართა შორის ბებია იხსენებს სტუდენტ კლიმიაშვილს და მისრიაშვილს - ფშავის ხევში ცნობილ პიროვნებას... თურმე კლიმიაშვილს დახვრეტის წინ თავზე ქურთუკის საყელო წაუფარებია და სამარეში თავად ჩამხტარა, სადაც ჩაუცხრილავთ კიდეც.

პაპას უყვირია, - რას შვრებითო?! იქვე მდგომი ჯალათისთვის თოფი წაურთმევია და გაქცეულა... მერე იხსენებდნენ (შორიდან დაინახეს), როგორ მიაფრიალებდა ხელში რაღაც მეწამულ ნაჭერს... გაქცეულისთვის თავში უსვრიათ, შემდეგ გვამები თხრილში ერთად ჩაუყრიათ, მიწით დაუფარავთ და მცველებიც დაუყენებიათ.

აქ ერთი ძალზე საგულისხმო ამბავი მოხდა: - პაპას გვამის ამოსასვენებლად და ეკლესიაში დასაკრძალად ბებიას საკუთარი ნებით ერთი ადამიანი გაჰყოლია (ბებია ამბობდა, - დახმარებას ვერავის ვთხოვდი, რომ ვინმე საფრთხეში არ ჩამეგდო. ეს კაცი თავისით მოვიდაო) - უბრალო და ღატაკი ახალგაზრდა კაცი, სახელად ფაიკო... მეც მახსოვს ფაიკო, მოხუცი იყო, მიუსაფარი... ბებია გვეტყოდა ხოლმე, - შვილო, ამ კაცისთვის ლუკმა არასოდეს დაგენანოთ, ყოველთვის უწილადეთო. ეს დალოცვილი ადამიანი სასახლის შეკვრაშიც მიშველებია ჩვენებს...

მამა გიორგის დახვრეტიდან ორ საათში დუშეთში სტალინის დეპეშა მისულა (ყოველ შემთხვევაში, ამ დროს გამოაჩინეს): - გიორგი ჭელიძეს ხელი არ ახლოთო.

გურიიდან ჩამოსულ მამამისს შინსახკომის უფროს ბრეგვაძისთვის პირადად უთხოვია შვილის დაკრძალვისთვის ნებართვა. ბრეგვაძეს დიდი თანადგომა გამოუხატავს მამა გიორგის ოჯახის მიმართ. თურმე დახვრეტის დეტალების მოსმენისას საწერ მაგიდასთან მჯდარა, თავი ხელებში ჰქონია ჩარგული და მაგიდაზე გაშლილ გაზეთზე მისი ცრემლი ეცემოდა...

სწორედ ბრეგვაძის მითითებით მოუხსნიათ ერთი ღამით მცველები საფლავიდან, რომ მამა გიორგის ცხედარი ამოესვენებინათ და წმინდა ბარბარეს ეკლესიის ნანგრევებში დაეკრძალათ.

ბებიაჩემი სასაფლაოზე იშვიათად, ჩუმად დადიოდა, მაგრამ მიცვალებულის სულისთვის საჭირო ყველა წესს შინ აღასრულებდა. დედაჩემი მიყვებოდა, როგორ წაიყვანა რამდენჯერმე ჩუმად ბებიამ სასაფლაოზე - ეკლესიის კართან მტოვებდა, რათა მავანის მოსვლა შემეტყობინებინა, რომ ტირილი შეეწყვიტაო..."

სტატიის ავტორი: მანანა ტუაევა


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.02.2024
ბოლო რედაქტირება 11.02.2024
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0