დეკანოზი ზოსიმე გაბრიელის ძე მაქაცარია დაიბადა 1844 წელს სოფელ ცაიშში. კითხვა, გალობა, კატეხიზმო... ცაიშის მონასტერში ისწავლა
და 1855 წლიდან აქვე მსახურობდა მედავითნედ. 1869 წელს ეპისკოპოსმა ტარასმა (ელიავა) დიაკვნად აკურთხა, ხოლო 1872 წლის 22 ნოემბერს
ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ხელი დაასხა მღვდლად და განაწესა ცაიშის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარში.
1893 წლიდან ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) თეკლათის დედათა მონასტერზე მზრუნველობა დაავალა.
კეთილსინდისიერი მსახურებისათვის სხვადასხვა დროს მიღებული ჰქონდა ჯილდოები. დეკანოზი ზოსიმე ცაიშის საკათედრო ტაძარში მსახურობდა
1921 წლის ბოლომდე. გარდაიცვალა 1926 წელს, დაკრძალულია ცაიშის ტაძრის სასაფლაოზე.