სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
კორძაია თეოფანე გრიგოლის ძე 1839-1911წწ არქიმანდრიტი მოღვ. სოფ. წვიმრი, მესტია სვანეთი კორძაია თეოფანე გრიგოლის ძე 1839-1911წწ არქიმანდრიტი მოღვ. სოფ. წვიმრი, მესტია სვანეთი

1838-1911 წწ. გარდ. 73 წლის

ბმულის კოპირება



გვარი კორძაია სია

მესტია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

2       ბეჭდვა

კორძაია თეოფანე გრიგოლის ძე 1839-1911წწ არქიმანდრიტი მოღვ. სოფ. წვიმრი, მესტია სვანეთი


არქიმანდრიტი თეოფანე (კორძაია)

 

მადლობა თანამშრომლობისთვის შვილიშვილი, კორძაია ნინო, სქემმონაზონი. დაიბადა 1949 წლის 22 აპრილს. 2010 წლის 19 იანვარს  აღიკვეცა დიდ სქემაში, დედა ნინო მსახურობს წვირმში, სოფელ ფეხში. დადვანი სპირიდონი (ელგუჯას ძე) მღვდელმონაზონი. დაიბადა 1991 წლის 7 ნოემბერს.ბერად აღკვეცა 2016 წელი, ბერ დიაკვნად კურთხევა 2022, მღვდლად ხელდასხმა  2023 წლის 7 აპრილი. მამაო მსახურობს სოფელ წვირმის ივერიის ღმრთისმშობლოს სახელობის ტაძარში. 


დაიბეჭდა მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონის (ქიტიაშვილი) ლოცვა-კურთხევით.

ტექსტის ავტორი:

დიდსქემმონაზონი ნინო (კორძაია)

გარეკანზე და წიგნში გამოყენებულია ფოტოსურათები არსენ კორძაიას არქივიდან.

გვ2


გვ3


გვ4-5


გვ6

,,მობაძავ ჩემდა იყავით ვითარცა მე ქრისტესა.’’

(1 კორ. 4,16)

,,წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო - მომავლისა, და თუ ჩვენი ისტორია დავივიწყეთ მაშინ დაგვვიწყნია ჩვენი ცხოვრების ფესვი,  ჩვენის ცხოვრების საძირკველი, და ასეა, რაღაზედ უნდა დავამყაროთ ჩვენი აწმყო, ჩვენი მერმისი?..’’

წმ. ილია მართალი

,,აქედან იწყება დიდი შრომა და ღვაწლი მამა თეოფანესი. ისეთის სასოებით და მოხერხებით შეუდგა თავისს მოძმეების გაქრისტიანებას, რომ სულ მცირე ხანში სამი ათასი სვანი მოაქცია და ქრისტიანობის გზაზე დააყენა.’’

,,ივერია’’ 1893წ. N229

გვ7

წმინდა მოციქული უფლისგან იღებდა მაგალითს , თვით მოციქულისგან კი- მისი მოწაფეები. იმ მოწაფეების შთამომავლებიც წინაპრის მაგალითზე იზრდებოდნენ, და ასეა დღემდე. ჩვენთვის ჩვენი წინაპრის ცხოვრება ანთებული ლამპარივითაა, რომელიც წინ მიგვიძღვის და გზას გვინათებს.

ჩვენს ქვეყანას ოდითგან ჰყოლია ღვთისა და მამულისთვის თავდადებული გმირები , რომელთა მხრებზეც იდგა საქართველო.

მრავალსაუკუნოვანი ქართული სახელმწიფოს მყარი ბურჯი ყოფილა ულამაზესი კუთხე სვანეთიც. ის ყოველთვის თავისი ქვეყნის უღალატო მეციხოვნედ და ქართული კულტურის სავანედ ითვლებოდა. ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა თბილისის ეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის

გვ8

სიტყვებით რომ ვთქვათ ,,მესტია და ზემო სვანეთი არის საოცარი, სასიქადულო და საამაყო კუთხე საქართველოსი... სრულიად საქართველომ სწორედ ამ კუთხეს ანდო თავის დიდი საუნჯე.’’

აქ დავანებული სიწმინდეების მადლით იზრდებოდნენ სვანეთში სამაგალითო მამულიშვიები, რომელთა კეთილკრძალლ ქცევასა და მოქმედებას აღფრთოვანებაში მოჰყავს თანამედროვენი. მათ შორის გამორჩეული, ნამდვილად ქების ქების ღირსია არქიმანდრიტი თეოფანე (კორძაია).

გვ 9


გვ10

სოფელ იფარში რომ შეხვალთ, ჩრდილო დასავლეთ ფერდობზე, მუხნარში დაინახავთ მაღალ, გუმბათიან ეკლესიას, თეთრად შეღებილს. ეკლესიის ქვემოთ სახლის სახურავი მოჩანს. ამ ადგილს ჰქვია ფეხი და ეს არის სავანე, რომლის არსებობასაც დიდ კაცს, მამა თეოფანეს ვუმადლით.

სავანემდე მხოლოდ საცალფეხო ბილიკი მიდის. იმხანად, როცა სავანე შენდებოდა, საძნელო სავალიც იყო, ზვავის გამო - მთა წყდებოდა. ბილიკი ტყეში მიიკლაკნება. აი, კიდევ ერთი მოსახვევი, ეკლესიასაც დავინახავთ.

ამ ადგილისათვის გასაკვირად დიდი ნაგებობაა. უწინ მთავარ ტაძარს პატარა ეკლესია ჰქონია მიდგმული, რომელიც მორწმუნე და ღვთისნიერ კაცზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა თავის სიწმინდით, სისადავით და უბრალო მოწყობილობით. აქვე იყო რამდენიმე სენაკი, ზოგი- მომცრო, ზოგიც -ზომიერი, სუფთა, მოწესრიგებული.

ირგვლივ დღესაც ხეხილი ხარობს, მაღალი მკაცრი სვანეთისთვის უჩვეულოდ მრავალფეროვანი: ,, გომბრუ’’ - ამ მსხალს ,, კაცისთავას’’ ეძახიან, ,,ლემარაი’’, რომელიც მხოლოდ მარიამობის დღესაა მწიფე, ,,ლუზნუ იცხ’’- მეგრული მსხალი და კიდევ მრავალი სხვა. დღეს ,,ლემმარაი’’ და ,,ხაყრაი’’

გვ 11

მრავალ ბაღსა თუ ეზოში შეგხვდებათ, და ყველამ იცის : ესენი მამა თეოფანეს წყალობაა, მან ამოიტანა ეს ჯიშები, მან გაახარა.

იქ სავანეში, ზეცის მუშების, პატიოსან მუშაკ-ფუტკრის ზუზუნი ისმოდა. ჰყვებიან, მამა თეოფანე ყოველი მარხვის დასაწყისში  თავის მრევლს თაფლს და რანგს ურიგებდაო. ხალხი დიდად მადლიერი ჰყოლია. და იმასაც ჰყვებიან, ზაფხულის ერთ მზიან დღეს, ჯაფით დაღლილი, ტაძრის ეზოში იდგა თურმე და აკვირდებოდა ფუტკრების მუშაობას-ფუტკარი კი ას ოჯახამდე ჰყოლია.

უცბად ერთი სკიდან გამოსულა ნაყარი ფუტკარი.

ნაყარი როცა გამოდის, ახლომახლო თუ სადმე ხეა, ხოროდ დაკიდება, თუ ხე არ დახვდა, მაშინ შორს მიდის და იკარგება კიდეც. წინამძღოლი ყოველვის დედაფუტკარია.

ამჯერად ნაყარს ხის ძებნა არ დასჭირვებია, იქვე მდგომ ღვთის კაცს- ასე ეძახდნენ მამა ტეოფანეს- თურმე თმა- წვერზე დაეხვია. მთელი სახე დაუფარეს ფუტკრებმა. მამა თეოფანეს

ლოცვა დაუწყია , გაუმზადებია ახალი სკა. ამ ხნის განმავლობაში აქეთ-იქით დაატარებდა,, უფლის მუშაკთ’’, ბოლოს კი ისევ ლოცვით, ფრთხილად, ორივე ხელი ცამოუსვია თმა-

გვ12

წვერზე და უკლებლივ ჩაუბრძანებია ფუტკარი ახალ სკაში ისე, რომ ერტი ნაკბენიც არ ჰქონია.

და ფუტკარი, თითქოს უხარიაო სტუმრის მობრძანება, გარს ევლებოდა სავანეში მოსულს, ხან წინ მოუვლიდა, ხან უკან, ეალერსებოდა და თან თითქოს მისი ცნობაც ენება: წმინდა გულით მოდიხარ სავანეში თუ არაო?

აქვე, ახლოს, დღესაც მოჩანჩქარებს ანკარა წყარო გაჭიმულია სათიბები და ყანები, სადაც ითესება პური, ქერი, შვრია, ფეტვი, ცერცვი, ოსპი, და სხხვა. ამის გარშემო შემორტყმია ტყე-მუხნარი.. სავანეს ერთ-ერთი სტუმარი, მღვდელი ივანე მარგიანი, მამა თეოფანეს სამყოფის აღწერისას აღტაცებას ვერ ფარავდა: ,,ყველგან ბუნების სილამაზე,’’- წერდა ის, - ,,მშვენიერება და დიდება!’’

მართლაც მსვენიერია მამა თეოფანეს სავანე - საცალფეხო ბილიკით მოსაღწევი ფეხი, გამრჯელი, დაუძინებელი მუშა ბერის დანატოვარი. ბევრი იშრომა ამ პატივცემულმა სულიერმა მამამ, ააგო სავანე, რომელსაც მიასაკუთრა მისგან შეძენილი აუარებელი ადგილი, ბევრ ღატაკსა და დავრდომილს აძლევდა ლუკმას, სცემდა ნუგეშს, და, ქრისტიანულ სიქველეთან ერთად , მის სახელს მრავალი დიდი საქმე უკავშირდება

 გვ13

მამა თეოფანეს საქმიანი ურთიერთობა და მიმოწერა ჰქონდა თავისი დროის ყველაზე თვალსაჩინო მოღვაწეებთან, როგორებიც იყვნენ პოეტი და საზოგადო მოღვაწე, თავადი რაფიელ ერისთავი; პროფესორი ალექსანდრე ხახანოვი (ხახანაშვილი); არქეოლოგი და ნუმიზმატი ივანე ბართლომეი; ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი ალექსანდრ სტაიანოვ; მოგზაური და არქეოლოგი გრაფინია პრასკოვიაუვაროვა; ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი, მარშალი, თავადი დათა (დავით) ნიჟარაძე; ქუთაისის ვიცე-გუბერნატორი, პოლკოვნიკი ნიკოლაი  კოლუბიაკინი  იმერეის ეპისკოპოსი  გაბრიელი (ქიქოძე); ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე); ექსარხოსი ევსევი;  არქიმანდრიტი ამბროსი (კავკასიძე); დიდი მამულიშვილი  ექვთიმე თაყაიშვილი; ეთნოგრაფი, სვანეთის ეკლესიის ბლაღოჩინი, მღვდელი ბესარიონ ნიჟარაძე და მრავალი სხვა.

მამა თეოფანე ქრისტიანობის აღმადგინებელი საზოგადოების  საქმიანობასი იყო ჩართული.  ის მუშაობდა სვანური ენის გრამატიკის შედგენაზე, პროპაგანდას უწევდა სვანეთში  კარტოფილის კულტურის დანერგვას, იღწვოდა სვანეთის თემთა  შორის  წამოჭრილ დავა- დაპირისპირებების ლიკვიდაციის საქმისათვის, და რაც მთავარია, მან ჭეშმარიტად ფასდაუდებელი შრომა გაწია სვანთა გაქრისტი-

გვ14

ანების საქმეში: მამა თეოფანემ სამი ათასი სვანი მოაქცია და ქრისტიანობის გზაზე  დააყენა.

ბერი თეოფანე  კორძაიას შესახებ მრავალს წერდნენ და მრავალს ჰყვებოდნენ. ჰყვებიან დღესაც. ნაღვაწი  და ნაჯაფი არქიმანდრიტ თეოფანესი რომ აღიწეროს, ალბათ, კარგი  კალამი და მოკალმე უნდა, მე კი, უღირსი მხევალი ღვთისა, დიდსქემმონაზონი ნინო, ცემი წინაპრის ღვაწლის შესახებ გადმოვცემ იმ მცირეს, რაც  წყაროებში მოვიპოვე და რაც ბაბუაჩემის, პაპიდის, მამის  და ჩვენი ხალხის ნაამბობიდან მახსოვს და თავის დროზეჩამიწერია.

გვ15


გვ16

სოფელ იელის მაცხოვრის ფერისცვალების  სახელობის ტაძარი, რომელიც ზედმიწერილი ყოფილა წვირმის ამავე სახელობის ტაძარზე.

აქ 40 წელი იღვაწა მამა ტეოფანე კორძაიამ.

გვ17



გვ18

1892 წლის სვანეთის სოფლის წვიმრის მაცხოვრის  ფერისცვალების ეკლესიის საკრებულო უწყებაში ვკითხულობთ:

იღუმენი თეოფანე  კორძაია საერთო წოდებისა სვანთაგან. უსწავლია წერა-კითხვა, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ქართულს ენაზედ გაენათის მონასტერში, ხოლო საღმრთო ისტორია და კატეხიზმო მღვდლის თადეოზ კანდელაკისაგან. განმწესებულ არს პრიჩეტიკად სვანეთის ფხოტრერის მრევლში 15 მაისს 1859 წელსა.

1860 წლის 1 მაისს ბერად აღკვეცილ არს.

1861 წლის 17 აგვისტოს  იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის მიერ ხელდასხმულ არს დიაკვნად,  ხოლო მღვდელ-მონაზვნად საქართველოს გზარხოსის ევსევისგან  30 სექტემბერს 1861 წელსა და განმწესებულ არს სვანეთში, წვირმის მრევლში.

სვანეთის  სვანების მონათვლის დროს ბლაღოჩინის შემწეობისთვის გამოცხადებია მწყემსმთავრული კურთხევა საქართველოს ექსარხოსის  ევსევისგან 21 აპრილს 1862 წელსა. 31 დეკემბერს 1864 წელს დაჯილდოებულ არს ნაბედრენიკითა.

გვ19

1865  წლის 5აპრილს დაჯილდოებულ არს გულის ჯვრითა.

N5480 თხოვნისამებრ გადაყვანილ არს უშგულის მრევლში. 19 ნოემბერს 1865 წელს

N3415 დაბრუნებულ არს წვიმრის მრევლშივე.

31 მაისს 1866 წელსა N1529 შემწირველობისათვის ეკლესიისადმი გარდმოცემულ არს უწმინდესი სინოდისგან კურთხევა.

12 იანვარს 1868 წელს N2917 შემწირველობისათვის რამოდენიმე ქცევის  მიწისა გამოსცხადებია მწყემსმთავრული  კურთხევა ეპისკოპოსის გრიგოლოსგან 20 სექტემბერს 1891 წელსა.

6 დეკემბერს 1891 წელსა აღყვანილ არს მასა ზედა იღუმენობისასა.

გვ20

მამა თეოფანეს ცხოვრების შესახებ ცალკეული ამბები, მეტწილად, ყმაწვილკაცობის დროინდელი, მისივე ქაღალდებიდანაა ცნობილი. ეს ფრაგმენტული ჩანაწერებია, ნაკუწ-ნაკუწ ქაღალდებზე სემონახული, რომლებიც სვანეთის ეკლესიის ბლაღოჩინს, მღვდელ ბესარიონ ნიჟარაძეს, მამა თეოფანეს გარდაცვალების შემდეგ დიდი გულმოდგინებით შეუსწავლია.

მამა თეოფანეს ჩანაწერების თანახმად, ის 1839 წელს დაიბადა სვანეთში, სოფელ წვირმისში. მშობლებმა, გრიგოლ და მანია კორძაიებმა, შვილს თაისავი დაარქვეს.

დედა წელიწადნახევრის შემდეგ გარდაიცავალა, მამა კი თაისავს სამი წლისას დაეღუპა მთიდგან ჩამოგორებულ ქვას მოუკლავს. ობლად დარჩენილ ბიჭის მოვლა-პატრონობა ერთ მეზობლის ქალს უტვირთია, დარჯი ივერჩიანის მეუღლეს.

მამა თეოფანე წერდა: ,,იმ დროს, სვანეთში მღვდლების მაგიერ პაპები იყვნენ. ამათ შედარებით, პატივიც კარგი ჰქონდათ და ხორაგით შემოსავალიც,  ასე რომ ყველა სვანს ენატრებოდა პაპობა. ჩემმა გამზრდელმა ქალმაც, აიღო  და 14-16 წლისა მიმაბარა ადგილობრივ პაპს ფუთა ფანგანს, რომელსაც უნდა ესწავლებინა ჩემთვის დიაკვნობა; სამადლოთ ერთი

გვ21

ვერცხლის დიდი ღილი მისცა და როცა სწავლას გავათავებდი, ძროხა უნდა მიეცა.’’

თაისავი ორი წელიწადი დარჩენილა პაპა ფანგანთან. მერე იხსენებდა , პაპა დღისით მამუშავებდა და ღამით ზეპირად ლოცვბს მასწავლიდაო, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, დიდად არეულ-დარეულად. ყმაწვილი თაისავი დაუზარლად შრომობდა და სწავლობდა, და ორი წლის შემდეგ  უკვე პაპა დიაკონი გახდა. მართალია, ჯერ საკურთხეველში შესვლის ნება არა ჰქონდა, მხოლოდ უნდა ეგალობა ეკლესიაში  წირვა-ლოცვის დროს. საქმე ისაა, რომ საკურთხეველში  შედიოდა მხოლოდ ის პაპა, რომელმაც საღმრთო წიგნების კითხვა იცოდა, თან  ნაკურთხიც უნდა ყოფილიყო. მას პაპები,  ზედა მწირველს’’ ეძახოდენ, ანუ ის იყო ნაკურთხი მღვდელი.

,, ესრეთი ზედამწირველი,’’- წერს მამა თეოფანე,- ,,ყველა სოფელში უნდა ყოფილიყო, და თუ არ იყო,  საჭირო დროს  სხვა სოფლიდან უნდა მოეწვიათ და ეს კი არ უნდოდა ხალხს და კიდევაც სწყინდა. ჩემი პაპობის დროს სოფელ წვირმისში ,,ზედა მწირველათ’’ პაპა იობა თამლიანი იყო, მაგრამ, როგორც სნეული, სოფლის ყველა მოთხოვნილებას თავის დროზე ვერ ასრულებდა და ამისთვის სოფელი უკმაყოფილო იყო პაპებზე.’’

გვ22

ერთხელაც სოფელი შეკრებილა და გამოუცხადებია პაპებისთვის: ან ვინმემ ისწავლეთ ,,ზედამწერველობა’’, ანდა პაპობას ყველამ თავი დაანებეთო. სოფლის ეს გადაწყვეტილება პაპა თაისავისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: ხალხის არჩევანი მასზე შეჩერდა  და იგი მიაბარეს მეზობელ სოფელ აფარის ,,ზედამწირველს’’, ადამ გულბას, რომელსაც თავის ცოდნით და ნასწავლობით იმხანად სვანეთში ბადალი არ ჰყავდა.

თაისავმა ამ პაპასთან ორი წელიწადი დაჰყო. მან ადამ გულბანისგან  წიგნების კითხვა ისწავლა, და ამის შემდეგ, უკვე ნაკურთხი, ზედამწირველად დაბრუნდა სოფელ წვირმიში.

,,ხან მარტო ვწირავდი, ხან პაპებთან,’’- იხსენებდა მამა თეოფანე,- ,,ვგრძნობდი, რომ არაფერი ვიცოდი და ვიტანჯებოდი.’’

ამასობაში, როგორც სვანეთში იტყოდნენ, ,,რუსობამაც მოაწია’’. სვანეთს ეწვია ქუთაისის გუბერნატორი , გენერალი ნიკოლოზ პეტრეს ძე კოლიუბაკინი, და მასთან ერთად-სვანეთში კარგად ცნობილი თავადი ალექსანდრე მიქელაძე. ის სვანეთის  პირველი ბოქაული იყო- 1847 წელს სექმნილი რაჭის მაზრის დაქვემდებარებული მულახ იფარის მცირე საბოქაულოს ბოქაულად დაინიშნა. მანამდე ის სვა-

გვ23

ნეთში ერთი წლით  ადრე ყოფილა და სწორედ მაშინ გაუცნია პაპა თაისავ კორძაია. ამ ჯერზე, უკვე კოლუბიაკინის თანმხლებად ასულს, ყმაწვილი პაპა თაისავი თავისთან, ქუთაისში წაუყვანია.

,,დიდხანს ვიმყოფებოდი ქუთაისში ,’’- იხსენებდა ბერი თეოფანე, - ხშირად დავდიოდით კულაშშიც, სადაც ორმოც კომლზე მეტი იყო ოჯახები თავად მიქელაძეებისა. მათთან გამოთხოვილი იყო საჭილაოს  ერთი მფლობელის აზნაურ ესტატე კორძაიას ქალი ნინო, რომელიც დედასავით ზრუნავდა ჩემზე.’’

ალექსანდე მიქელაძემ თაისავ კორძაია ,, საღმრთო წერილში გასაწრთვნელად’’ მამა გიორგი კანდელაკს მიაბარა. ეს თავადიშვილი, საერთოდ დიდად მფარველობდა ახალგაზრდას თავის სასახლეში მოანათლინა და უფლის მიმრქმელადაც მისი მწყალობლის შვილი იყო.

მონათვლის შემდეგ თაისავს თეოფანე დაარქვეს.

ამავე თავადმა მიქელაძემ წაიყვანა თეოფანე თბილისში, სადაც ის საქართველოს ექზარქოს ისიდორეს წარუდგიეს. მისი ნებით თეოფანე დარიის მონასტერში მიაბარეს მორჩილად, იქიდან კი გადაიყვანეს გელათის მონასტერში, სადაც მან თითქმის სამი წელიწადი დაჰყო.

გვ24

აქ გელათში, თეოფანე გულმოდგინედ სწავლობდა საღმრთო წერილს ქართულ ენაზე, ისე, რომ 1859 წლის 15 მაისს ის უკვე მედავითნედ დანისნეს სვანეთში.

თეოფანე ბერად აღიკვეცა  1861 წლის 1 მაისს , მთავარი ეპისკოპოსის, ექზარქოსის მიერ. ამიერიდან ბერ თეოფანეს სვანეთში ქადაგება  ქრისტიანობის გავრცელება დაევალა.

იმავე წლის 17 აგვისტოს გაბრიელ ეპისკოპოსს თეოფანე დიაკვნად აკურთხებია, ხოლო 30 სექტემბერს ექსარქოს ევსევს-მღვდელ-მონაზონად, და დაუნიშნავს  თავის მშობლირი სოფელ წვირმის მღვდლად, სადაც მამა თეოფანე მსახურობდა 1901 წლის 22 დეკემბრამდე, ანუ ორმოცი წელიწადი.

საყურადღებოა, რომ ზემო სვანეთის თითქმის ყოველ ეკლესიას მეტ-ნაკლები რაოდენობით გააჩნდა მიწები. ალექსანდრე ჩარკვიანის კვლევის თანახმად , 1906 მონაცემებით ზემო სვანეთის სამრევლო-ეკლესიები ფლობდნენ შემდეგი რაოდენობის სახნავ-სათიბ მიწებს: ბეჩოსი - 15 დესეტინი, ფარში -7, ლატალში -7,4, ლენჯერში-6,4, მესტიაში-8, უშგულში-4,4, მურშკელში- 7,4, მულხაში- 7, კალაში-11, ჩუბეხევში-7, იფარში-8,ხოლო წვირმიში, ბერი თეოფანეს წყალობით, 34 დესეტინი.

გვ25




გვ26-27

მამა თეოფანეს ხშირად უთქვამს თურმე , რომ ბერობა შეაყვარა გელათის მონასტერში ცხოვრებამ და გადმოცემით მიღწეულმა ამბებმა , რომ სვანეთში ძველად ბერ-მონაზვნები ყოფილან. ამავე მიზეზით ჩაუფიქრებია დიდი საქმე სვანეთში მონასტრის გახსნა.

მამა თეოფანეს დიდი იმედი მაშინდელი მღვდელ-მთავარი გაბრიელ ეპისკოპოსი იყო. ის კარგი თვალით უყურებდა მამა თეოფანეს, ყველაფრის გარდა, იმის გამოც, რომ ის სვანი იყო და რასაკვირველია, სვანურ ენას ჩინებულად ფლობდა.

მამა თეოფანეს მღვდელ-მონაზვნად კურთხევის შემდეგ სამი წელი იყო გასული, როცა გაბრიელ ეპისკოპოსი სვანეთს ეწვია. მან ყველა სოფელი მოიარა და, სხვათა შორის, სოფელ წვირმისში, თეოფანეს სამრევლოშიც მიბრძანდა. აქ გაბრიელ ეპისკოპოსმა მამა თეოფანეს სთხოვა, წირვის დროს სვანურად ეთარგმნა დღის სახარება და ზოგირთი ასამაღლებელი. როგორც სჩანს, მღვდელმთავარმა  ამგვარი ,,თარჯიმნობა’’ საჭიროდ და მოსაწონად მიიჩნია, რადგან ამის შემდეგ  მან მამა თეოფანე სვანეთის სხვა სიფლებშიც იახლა.

სწორედ ამ გზაზე, სვანეთის მიმოხილვის დროს, მამა თეოფანემ  მღვდელმთავარს თავის აზრი გაანდო

გვ28

რომ მონასტრის გახსნას ფიქრობდა. მისი განზრახვით, ეს მონასტერი სოფელ წვირმის სიახლოვეს უნდა აშენებულიყო. მან მღვდელმთავარს სამონასტრო ადგილი აჩვენა და პასუხად თანხმობა და კურთხევა მიიღო.

ასე მოხდა, რომ 1864 წლიდან  იღუმენი თეოფანე შეუდგა სამონასტრო ადგილის შეძენა-გაწმენდას და, როგორც მამა ბესარიონ ნიჟარაძე  წერს ,,მეტის მეტი ჯაფით უერონი, უვარგისი და უყენი ადგილი გადააქცია სახნავ-სათესად’’.

მამა თეოფანეს გასაკვირი სიბეჯითე და შეუპოვრობა საარაკოდ იყო ქცეული. ის ცხენით არ დადიოდა: ისეთი მუხლმაგარი და ფეხმარდი ყოფილა, რომ ერთ დღეში ლასილის უღელტეხილით გადადიოდა ლენტეხში, იქ წირავდა  და მეორე დღეს ბრუნდებოდა სახლში თურმე.

ერთხელ ქუთაისიდან მოდიოდა ფეხით, ლასილის უღელტეხილით. მდინარე ლასილურას ნაპირზე დაჯვარული რიყის ქვა უპოვნია. ძალიან გახარებია თურმე, იქიდან წამოუღია  ზურგით და სახლში სამ ნაწილად გაუპია. სამივე ეს ჯვრიანი ქვა, მის მიერ აშენებული ეკლესიის დასავლეთ კლდეშია ჩატანებული.

გვ29

ქვა ისეთი მძიმე ყოფილა, რომ ღონიერ ვაჟკაცებსაც უჭირდათ ადგილზე მისი აწევა. თვითონ მამა თეოფანე კი დამტკიცებით ამბობდა თურმე: არ უგრძვნიათ ჩემს ბიჭებს  სიმძიმე და დაღლაო. არადა რამდენიმე ათეულ კილომეტრზე რიყექვის წამოღება კი არა, ჩვეულებრივ ადამიანს  ჯოხის ტარებაც გაუჭირდება.

სწორედ ლასილის უღელტეხილზე, ქვემო და ზემო საზღვარზე  აუშენებია მოძღვარს წმინდა

გიორგის სახლობის პატარა ეკვტერი, რომელიც დღესაც დგას.

როგორც ჩანს, ეს ნაგებობა, სამლოცველოს გარდა, თავისებური ხანაგაც იყო, მგზავრთა დროებითი თავშესაფარი. ზემო სვანეთიდან ქვემო სვანეთში  ადრე  გაზაფხულიდან თოვლის  ჩამოსვლამდე  ხალხის მოძრაობა არ წყდებოდა. მიჰქონდათ გასყიდად ზამთრის მანძილზე შინ გაკეთებული ნივთები, კვერნის, მგლის ან მელიის ტყავები, და იქიდან მოჰქონდათ, ძირითადად სარჩო: სიმინდი, ლობიო, და სხვა. ვინაიდან ეს ხანაგა  ზუსტად  შუა გზაზე იდგა, მგზარები აქ ღამესაც ათენებდნენ, განსაკუთრებით, წვიმის დროს.

ერთხელაც დაღამებისას, აქ მოსულა ივანე, მამა თეოფანეს ძმისწული. ის ქუთაისიდან მოდიოდა, სადაც

გვ30

ყოველ წელს მამა თეოფანეს ხელფასს აძლევდნენ, 400 მანეთს, ერთბაშად.

ივანე მარტო იყო, ამხანაგი არ ახლდა, თან მსუბუქად მოდიოდა, ყოველგვარი ბარგის გარეშე. სამლოცველოს ეზოში თურმე ცეცხლი ენთო და გარს შემოჯდომოდა სამი კაცი. ორი მათგანი ივანეს ძალიან ახლობელი ყოფილა, ხოლო მესამე, იასონ პირველი (გვენეშა), არ ყოფილა ნათესავი, თუმცა კარგი ნაცნობი და კეთილისმყოფელი იყო. ივანეს გახარებია ახლობლების დანახვა და გადაუწყვეტია, თვითონაც მათთან ერთად გაეთენებინა ღამე.

გამთენიისას აშლილან მგზავრები და დაუპირებიათ გზის გაგრძელება. სამი კაცი ქვემო სვანეთში მიდიოდა, ხოლო ივანე- ზემო სვანეთში, სახლისკენ. ყველასთვის მოულოდნელად იასონ პირველს უთქვამს, რომ არ მიდის ქვემო სვანეთში, უკან უნდა დაბრუნდეს, რადგან რაღაც ნივთი დავიწყებია და ის უნდა წამოიღოს გასაყიდად, ვიღაც ცაგერლებს უკვე შეპირებულიც ყოფილა. ,, მარტო არ იქნები, მხიარულად ვივლით ერთადო.’’- უთქვამს ივანესთვის.

წამოსულან ერთად. სოფელ ზეგანში იასონს უთქვამს ივანესთვის: ,,მარტო ნუ დადიხარ ამდენი ფულით, რაღაც ხიფათს გადაეყრები. აქედან შენი სახლიც ჩანს და ხალხიც ყველა შენი ახლობელია. მე

გვ31

ისევ უკან წავალ, ქვემო სვანეთში. არაფერი მე აქ არ დამრჩენია და არც ვინმეს რამეს შევპირებივარ, მხოლოდ შენ გამოგაცილეო.’’

ივანეს მადლობა უთქვამს და ასე დაშორებიან ერთმანეთს.

რამდენიმე ხნის მერე სოფელ ადიშში გარდაცვლილა ქალი, რომელიც ნათესავად ერგებოდა იასონის ოჯახს  და ახლობელი იყო ივანესიც. ქელეხის მერე ივანე და იასონი  წამოსულან ერთად , და აი, ალბათ შეზარხოშებულმა, იასონმა უამბო  თურმე ივანეს, იმ ორ ნათესავს , ვინც ლასილის სალოცავთან ჩვენთან ერთად  იყო,  შენი მოკვლა  და ფულის წაღება უნდაო. მე არ მეძინა, მათ რომ ჩურჩულით უთხრეს ერთმანეთს, ამის მოკვლას  არაფერი მოჰყვება, ძმა ამას არ ჰყავს და მამა, სისხლის მაძიებელი არავინ რჩება და არც არავინ გამოეკიდება ამ საქმესო. გვამს ისეთ ადგილას დავაგდებთ, რომ ვერავინ იპოვისო.

იმ ორი კაცის მიმართ, ვისაც მისი მოკვლა ჩაუფიქრებია, ივანემ გარეგნულად არაფერი შეიმჩნია, ხოლო იასონ პირველი  ძმასავით დაიახლოვა და არ ჰქონია რამე ლხინი ივანეს, რომ იასონი არ დაეპატიჟა და საგანგებო  პატივი არ ეცა მისთვის. ივანეს შთამომავლობა დღესაც კეთილად იხსენებს მის სახელს.

გვ32

მამა თეოფანე მუდამ ცდილობდა გაეფართოებინა სამონასტრო ადგილები. ამან, ცოტა არ იყოს, მეზობლებში უკმაყოფილება გამოიწვია და რამდენიმეჯერ გულიც მოაყვანიეს თავის მოძღვარ ბერს ეს იყო მიზეზი , რმ 1873 წელს, როდესაც სავანეთისთვის დაუვიწყარი გაბრიელ ეპისკოპოსი მეორედ ეწვია სვანეთს, თეოფანემ სამდურავი განუცხადა თავის მრევლზე, რამაც გამოიწვია შემდეგი საყვედური სათაყვანო მღვდელმთავრისა:

(თეოფანეს სახლთან შეკრებილი აქაური (წვირმის) მრევლის დასარიგებლად მე, სხვათა შორის, ძლიერ ვსაყვედურობ მცხოვრებლებს იმის გამო რომ თავიანთ  სულიერ მამას  არ აფასებდნენ. ნაცვლად იმის რომ უხაროდეთ  თავისიანთაგან ასეთი  გულმოდგინე  მოძღვარი  და მსმენელი ჰყავთ, ისინი მას გულს სწყვეტენ.

გვ33


გვ34

 არქიმანდრიტ თეოფანეს ხელით აშენებული ღვთისმშობლის  მიძინების ტაძარი  სოფელ იელიშიაცში.

ეს ტაძარი დღესაც  მოქმედია

მადლიერმა სოფელმა  მამა თეოფანეს  სანავლოდ მთა აჩუქა. ამ მთას  დღესაც თეოფანეს მთას ეძახიან

გვ35

მამა თეოფანე 12 წელს მონდომებია  სამონასტრო ადგილების შეძენა-შემუშავებას და მხოლოდ 1876  წელს მიურია  ნებართვა ეკლესიის შენებისა. აი, რას სწერს გაბრიელ ეპისკოპოსი  მაშინდელ  სვანეთის ბლაღოჩინს ი. ვაწაძეს:

(პასუხად თქვენს ანგარიშზე ამა წლის 3 მარტისა  N20, რომელიც წვირმის მონასტრის არქიმანდრიტ თეოფანეს მიერ  მის  მიერ  შეძენილ  ადგილას  ეკლესიის აშენებას შეეხება, განკარგულებას გაძლევთ გამოუცხადოთ, რომ  ნებართვას და კურთხევას  ვაძლევ დააკმაყოფილოს  თავის ღვთისმოსავი  სურვილი და ააშენოს ეკლესია  იმ ადგილას, რომელიც ჩემი სვანეთში ყოფნის დროს მაჩვენა. გაბრიელი, იმერეთის ეპისკოპოსი, 24 მარტი 1876 წლისა, N1579).

ნებართვის მიღებისთანავე მამა ტეოფანე შეუდგა დიდი ეკლესიის აშენებას, ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. მაგრამ რადგან ამ ეკლესიის დასრულებამდე მას იქვე სამლოცველო-სამწირველო

გვ36

სჭირდებოდა, 1877 წლის 11 ოქტომბერს  გაბრიელ ეპისკოპოსმა კერძო ბარათი მისწერა  იმავე სვანეთის  ბლაღოჩინს ვაწაძეს, რომელშიც აუწყებს, რომ მა, ეპისკოპოსმა ნება მისცა თეოფანეს ,,აკურთხოს  ეკვტერი რომელიც აუსენებია იოანე ნათლისმცემლის სახელზედ დიდ ეკლესიასთან.’’

მამა თეოფანეს ცხოვრების ა მონაკვეთის შესახებ  მრავალ  სასწაულს ჰყვებიან : თურმე, მარხვაში მდინარე  ენგურის გაღმა  გამოქვაბულებში რჩებოდა ხოლმე. დღე შეშას  და კვარს  აგროვებდა  ქვრივ-ო-ბოლთათვის, ღამეს ლოცვაში ატარებდა.

ერთხელ დაღლილს ჩასთვლიმა თურმე, და გამოაღვიძა ძლიერმა წელზე მოჭერამ. მოუსვია ხელი წელზე და უგრძვნია უზარმაზარი გველს სხეული. მამა თეოფანეს უშიშრად და აუჩქარებლად დაუწყია ლოცვა. უნასს უგრძვნია ლოცვის ძალა, თანდათან შემოხსნია სხეულს და გლარზვნით გაშორებია იქაურობას.

ივანე კორძაიას შთამომავლები დღესაც ვთვლით, რომ იქ, სადაც მოძღვარი მარხვაში იყო ხოლმე, იმ გველის ნაშიერი ცხოვრობს. ის ჩვენ არაფერს გვერჩის და არც ჩვენ ვავნებთ რამეს.

მამა თეოფანეს შესახებ იმასაც ჰყვებიან, რომ ერთი

გვ37

ძაღლი ჰყოლია, სახელად ქირიმი, ქუთაისი მოუყვანია პატარა ლეკვი. ბერმა ისე ასწავლა ისე გამოწრთვნა

თურმე ადამინივით ესმოდათ.  როგორც თვითონ მამა თეოფანე არ ჭამდა ისე მისი ძაღლიც.

პატრონმა თავის ხელით მოუქსოვა ქირიმს უნაგირის ფორმის ჩასაცმელი, რომელსაც ჩასაწყობი ჩანთები ჰქონია. როგორც თვითონ საქმეში ყოფილა ყოველთვის, ასევე ამ ძაღლსაც არ ჰქონია მოსვენება. წასაღები და წამოსაღები მიჰქონდა და მოჰქონდა. თუ წვირმიში ან იფარში რამე დასჭირდებოდა, მოძღვარი ძაღლს ყელზე გამოაბამდა გახვრეტილ

ფიქალქვას, ზედ დააწერდა, რაც სჭირდებოდა, თითით უჩვენებდა, საით უნდა წასულიყო, და ძაღლიც მორჩილად ასრულებდა პატრონის სურვილს. მთელ თემში ყველამ იცოდა ამ ჭკვიანი და მშვიდი ცხოველის ამბავი, დაინახავდნენ თუ არა, ფეხზე დგებოდნენ, ფიქალს დახედავდნენ, წაიკითხავდნენ მამა თეოფანეს დანაბარებს და რაც სჭირდებოდა, უმალ ჩაუწყობდნენ ქირიმს განდიკურებში, და იმასაც მიჰქონდა პატრონთან.

16 წელი იცოცხლა თურმე ქირიმმა. მის შემდეგ ჩვენს ოჯახში ყოელთვის იყო ძაღლი ქირიმი, რა თქმა უნდა, ისეთი ვერა, როგორიც წინაპარი ქირიმი იყო, მაგრამ სახელი მაინც დარჩა.

გვ38

იმასაც ჰყვებიან, რომ ერთხელ, როცა მამა თეოფანე იფარის წმინდა გიორგის სახელობის თესვა, წირვას ატარებდა, მრევლში რაღაც ჩოჩქოლი და მითქმა-მოთქმა ამტყდარა. მოძღვარს გაკვირვებია მრევლის ასეთი მოქცევა და უკითხავს, რა ამბავია, რა ხდებაო. ადაი გულბანის სახლს ხანძარი გაჩენია და ალშია იქაურობა გახვეულიო.

მამა თეოფანეს წირვისთვის თავი მიუნებებია და პირველი გაჭრილა ცეცხლმოდებული სახლისკენ.

ეზოში შესულს საზარელი სურათი დახვედრია. ოჯახის ქალი მიწაზე ეგდო, ტანსაცმელშემოფხრეწილი და თმაგაშლილი. ხრიალით იძახდა თურმე, ბავშვი იწვის, ბავშვი იწვისო.

 

მამა თეოფანეს პირჯვარი გადაუწერია. ანაფორა არც გაუხდია, ისე შეუბიჯებია სახლის კარში. კარის გაღებისთანავე ცეცხლის ალი ბურთივით გამოჭრილა, რამაც თეოფანეს საშუალება მისცა დაენახა, ოთახში სად რა იდგა. უცებ თვალი მოუკრავს აკვნისთვის, რომლი გადასაფარებელსაც უკვე ცეცხლი ეკიდა და არტახებშემოკრულ ქვეშაგებელზე ნაღვერდალი ეყარა. საცაა, აკვანი მთლად ალში გაეხვეოდა.

გარეთ რომ გამოსულა, მამა თეოფანეს მარტო წვერი ჰქონდა შეტრუსული და ანაფორას კალთა დაწვოდა:

გვ39

აკვანში კი გოგონა იწვა, საღსალამათი. შემდეგში გოგონა გაიზარდა და ღვთის განგებიც თუ მამა თეოფანეს ნებით, ჩვენი რძალი გახდა მარიამ ადაის ასული გულბანი. ის ცოლად შეურთავს მამა თეოფანეს ძმისშვილს, ივანე კორძაიას, ბედნიერი ოჯახი იყო, მაგრამ მარიამი სრულიად ახალგაზრდა მუცელს გადაყვა. მისი ოქროსფერი ნაწნავები მამა თეოფანეს საკანში ეკიდა და მხოლოს 1987 წელს მომხდარი სტიქიური უბედურების დროს დაიკარგა, როცა სენაკში ბათქაში ჩამოინგრა.

სახლის გადაწვის შემდეგ მამა თეოფანეს ადაი გულბანის ოჯახი თავისთან გადმოუყვანია და მურყმელში, უკვე აშენებულ სახლში მიუცია ბინა.

იფარში დამწვარი სახლი კვლავ აღუდგენიათ, მაგრამ ისევ ხანძარი გასჩენია, ამიტომ, როგორც უიღბლო სახლი, აღარავის შეუძენია და ახლა დანგრევის პირასაა. გუალის სახლს ეძახის რატომღაც სოფელი.  იფარში სახლი ახლაც დგას, სკოლისგან მესერი ჰყოფს.

გვ40



გვ41

1903 წელს ამ სახლის ეზოს ნაწილი ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოებას შეუძენია და ამ მიწაზე აუშენებია ნაკიფარის სკოლა. ბლაღოჩინ ბესარიონ ნიჟარაძის ცნობით, აღნიშნული სკოლის ასაშენებლად მამა თეოფანეს 100 მანეთი შეუწირავს, თავად ბესარიონს კი მასწავლებლად უმუშავია. სწორედ ამ სკოლასთანაა დაკავშირებული „ლუშნუ ანბანის“ - მამა თეოფანეს მონაწილეობით შედგენილი „სვანური ანბანის“ ისტორია.

თავად ამ ანბანის გამოცემის იდეა ეკუთვნოდათ რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტს, ცნობილ არქოლოგსა და ნუმიზმატს, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, ივანე ალექსის ძე ბართოლომეის და რუს სამხედრო ინჟინერს, ლინ-

გვისტსა და ეთნოგრაფს, პეტრე კარლის ძე უსლარს. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, ეს წიგნი სახელმძღვანელოდ გამოეყენებინათ სვანურ სკოლებშიც. „ლუშნუ ანბან” სამენოვანი უნდა ყოფილიყო - ლოცვანი, სიმბოლო სარწმუნოებისა, ათი მცნება და ცხრა ნეტარება სვანურ, ქართულ და რუსულ ენებზე. ზემოთნახსენებ პირთაგან ქართული არცერთმა არ იცოდა, სვანური - მით უმეტეს. ამიტომაც სახელმძღვანელოს თანაავტიორობა მათ ბერი თეოფანესთვის შეუთავაზებიათ.

გვ42

მამა თეოფანე იმთავითვე თვლიდა, რომ სახელმძღვანელოსთვის შერჩეული ტექსტები მეტისმეტად რთული იქნებოდა სვანი ბავშვებისათვის.  საბოლოოდ, წიგნი მაინც გამოქვეყნებულა, ის თბილისში, მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს ტიპოგრაფიაში დასტამბეს და გამოსცეს 1864 წელს.

მამა თეოფანეს ვარაუდი გამართლებულა: მესტიის, მულახისა და იფარის სკოლებში მოწაფეებს ეს წიგნი ვერ დაუძლევიათ. მრავალი წლის შემდეგ ვარლამ თოფურია წერდა: „ანბანის ენის შესახებ კი საერთოდ შემდეგი ითქმის: მასში ფორმები იმდენად არეულია და ზოგჯერ გაუგებარიც (სტამბურ შეცდომებზე არას ვამბობთ), რომ სრულიად სამართლიანად გვეჩვენება, როგორც ამას ასტოიანოვი გადმოგვცემს, მისი ერთ-ერთი შემდგენლის, მღ. თეოფანე კორძაიას (იფარის თემიდან) განცხადება: «...азбука эта составлена наскоро без особой тщательности, так что многие из ея фраз непонятны сванетским детям.» (ეს ანბანი შედგენილია ნაჩქარევად, განსკუთრებული გულმოდგინების გარეშე, ისე, რომ მისი მრავალი ფრაზა სვანი ბავშვებისთვის გაუგებარია.), საყურადღებოა აგრეთვე ეს ცნობაც: სტაიანოვი არ იზიარებდა ბერი თეოფანეს აზრს მისი მონაწილეობით შექმნილი წიგნის ვარგისიანობის თაობაზე. მას უკვირდა კიდეც:

გვ43

Феофан... отвергает свое детище «Лушну Анбан», так как хотя и сотворилось при его содействии, но не им одним» (ib, 2-3) („ლუშნუ ანბან“, რომელიც სვან ბავშვებს არ ესმით... იმავე თეოფანემ... უარჰყო თავის პირმშო „ლუშნუ ანბან“, რადგან ის თუმც მისი შემწეობით, მაგრამ მხოლოდ მის მიერ არ შექმნილა.)

და მაინც, მამა თეოფანეს თავის მთავარ საქმედ მონასტრის აშენება მიაჩნდა. რასაკვირველია, მონასტრის მოწყობას, ეკლესია-სენაკთა აშენებას შეძლება უნდა და ეს სად ჰქონოდა იღუმენს? როგორც მრევლის მღვდელს მას ეძლეოდა წელიწადში 400 მანეთი, მაგრამ ამითი რას გააწყობდა? შემწეობისთვის მან მიმართა ნებაყოფლობით შეწირულობათა მოგ-როვებას, რომლისთვისაც საჭირო იყო სათანადო ნებართვა და კურთხევა.

როგორც მამა თეოფანეს ქაღალდებიდან სჩანს, პირველი ნებართვა გაბრიელ ეპისკოპოსს მიუცია 1886 წელს 20 ნოემბერს; შემდეგ ასეთივე ნებართვა მიუცია ექსარქოს ვლადიმერს, ორჯერ - ეპისკოპოს ალექსანდრეს ექსარქოსის მაგიერ და ეპისკოპოს ბესარიონს

ჟურნალ  „მწყემსში“ (M4 1883-1893 28 თებერვალს) დაიბეჭდა დეკანოზ ვახტანგ ღამბაშიძის წერილი: ,,სამაგალითო ბერი-მისიონერი შთამომავლობით

 გვ44

სვანი’’. ავტორი მოღვაწე ბერის მხარდაჭერას ეცადა და მკითხველებს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა:

რადგან სვანეთი კარგა მოშორებულია და მასთან ძნელი შესავალია

უგზოობის გამო, ამიტომ სვანეთში მღვდლად წასვლას არავინ არ სურვობს და თვითონ სვანებში დღემდის ძვირად მოიძებნებოდა ისეთი პირი, რომელსაც სასულიერო განათლება ჰქონოდა მიღებული ღა სურვილი განეცხადებინა მღვდლად წასვლისა. კავკასიაში მართლმადიდებელი სარწმუნოების გამავრცელებელი საზოგადოება დიდი ხანია ბრუნავს, რომ სვანეთში გაგზავნოს განათლებული მღვდლები, მაგრამ ამ საზოგადოების კეთილს აზრს ბევრი დაბრკოლება ხვდება წინ. პირველი დამაბრკოლებელი მიზეზი ის არის, რომ სვანეთში მღვდლებს ძლიერ მცირე ჯამაგირები აქვსთ დანიშნული და მეორეც ისაა, რომ რადგან მისულმა მღვდლებმა სვანური ენა არ იციან, ამიტომ მათსწავლა-მოძღვრებას სასურველი ნაყოფი არ მოაქვს ხალხისთვის...

დღეს, ჩვენდა სასიხარულოდ, სვანებს შორის გამოჩნდა ერთი პირი, შთამომავლობით სვანი, სახელდობრ მ. იგუმენი თეოფანე, რომელმაც შეისწავლა ქართული საეკლესიო წიგნები და ტიბიკონი, აღიკვეცა ბერად და ერთგულად შეუდგა ქრისტეს სარწმუნოების აღდგენის საქმეს თავის მოძმეთა შორის.

გვ45

როგორც გვწერენ, მ. თეოფანეს დიდ პატივსა სცემენ თურმე სვანები, როგორც ღრმა მორწმუნეს, კეთილი ცხოვრების მექონეს და დაუღალავს მუშაკს.

მ. თეოფანეს მშვენივრად აქვს თურმე შესწავლილი ხუროს და კალატოზის ხელობა. მას დიდი ხნიდგან სდომებია სვანეთში მონასტრის დაარსება და დღეს თვითონ მიუყვია ხელი ამ კეთილი საქმისათვის. მას დაუწყია შენება ერთი დიდი ეკკლესიისა, რომლისთვისაც მიუშენებია ორი სამლოცველო. ერთი უკვე დაუმზადებია და მასში ასრულებს ის დღეს წირვა-ლოცვას. თვითონ ტაძარი ნახევრამდე უკვე მოუსრულებია. ყოველივე ამას აკეთებს თეოფანე თავის ხელით და თავისი მცირე საშუალებით. იმედია, რომ ამ კეთილის მუშაკის მეცადინეობით სვანეთში დაარსდება სავანე, რომელიც დიდად დაეხმარება ქრისტეს სარწმუნოების გავრცელებას სვანეთში... ამ ბერისაგან მომავალი მონასტრისათვის ამორჩეული ადგილის გარშემო მოფენილია თურმე მშვენიერი ტყეები, სათიბები, სამკურნალო წყლები და სახნავ-სათესი მიწები.

თავის მცირე ჯამაგირს მამა თეოფანე მისგან დაწყებული ტაძრის ასაგებად და შენობისთვის საჭირო გრაფების მოსაპოვებლად ხმარობს, მაგრამ რას უნდა გახდეს იგი თავისი მცირე ჯამაგირით? მას სრულებით არ გააჩნია რიგიანი სამღვდელო შემოსავლები და ეკკლესიაში სახმარებელი სხვა-და-სხვა

გვ46

საღმრთო ჭურჭლები.

... იმედი გვაქვს, რომ ჩვენი საზოგადოება შემწეობას აღმოუჩენს ამ კეთილ მოღვაწეს, რომელიც თავისას ხელით და თავისი მცირე ჯამაგირით აშენებს სავანეს თავის მოძმეთა შორის’’.

შემოწირულობათა შეგროვების დროს მამა თეოფანეს მთელი საქართველო შემოუვლია, არ დაუტოვებია უნახავი არც ერთი სალოცავი. ყველაზე უფრო მოსწონებია შიო მღვიმის მონასტერი. ამ მონასტრის წესრიგზე სურდა მას თავისი მონასტერიც მოეწყო. სხვათა შორის, ყველიერის ხუთშაბათიც, როგორც შიო მღვიმელის მონასტერშიც ყოფილა, მამა თეოფანემ დღესასწაულად გააწესა. ამ დღესასწაულს ის ყოველთვის  დიდი ამბით იხდიდა, და თუმცა ამ დროს სვანეთში ყოველთვის დიდი თოვლი დევს, სამღვდელოება მაინც მუდამ ესწრებოდა.

შემოწირულობათა შეგროვების დროს მამა თეოფანეს ასაშენებელი ეკლესიის პროექტზე უზრუნია.

ეკლესიის არქიტექტურული პროექტი შედგენილია თბილისში, არქიტექტორ ლეოპოლდ ბილფელდის სახელოსნოში. ეკლესიის მშენებლობაში მონაწილეობდა ხუროთმოძღვარი მომი ჩეგიანი - ფიქალით

ნაგები მშვენიერი გუმბათი მისი ხელობა ყოფილა,

გვ47

რისთვისაც მამა თეოფანემ მას სამადლობლად ერთი უღელი ჩინებული ხარი უბოძა.

,, через рекуб на выдающейся лесной полянеб в  виду всего Ипарского обществаб строится ныне Архимандритом Феофаном монастырь''.- ჰყვებოდა 1904 წელს, თავისი სვანეთში მოგზაურობის შესახებ

დაწერილ წიგნში გრაფინია უვაროვა.

 მდინარის მეორე ნაპირზე, ტყის მდელოზე, მთელი იფარის თემის დასანახად, არქიმანდრიტი თეოფანეს მიერ მონასტერი შენდება.

შემოწირულობათა მოგროვება 1890 წლამდე გაგრძელდა. ამ წელს სვანეთში ავიდა მისიონერ-ინსპექტორი არქიმანდრიტი ამბროსი (კავკასიძე).

 თავის ანგარიშში სვანეთის შესახებ არქიმანდრიტს აღუნიშნავს სასარგებლო მოღვაწეობა იღუმენის თეოფანესი და სხვათა შორის ის აზრი შეუტანია ქრისტიანობის აღმადგინელბელ საზოგადოების საბჭოში, რომ ცნობაში მოეყვანათ თეოფანეს მიერ შეძენილი ადგილები. ეს საქმე ადგილობრივ ბლაღოჩინისთვის მიუნდიათ. ადგილების აღწერილობასთან ერთად იღუმენს თხოვნაც წარუდგენია მაშინდელ ეპისკოპოს გრიგოლთან; თხოვნაში იღუმენი თეოფანე აცხადებდა, რომ მის მიერ შეძენილ

გვ48

ადგილებს სწირავს (რაკი მონასტერი არ მოხერხდა) ადგილობრივ ეკლესიას, ამ შემოწირულებისათვის ეპისკოპოსმა გრიგოლმა 1891 წლის 20 სექტემბერს ლოცვა-კურთხევა გაუგზავნა შემომწირველს.

იღუმენი თეოფანე მონასტრის გახსნის იმედს მაინც არ ჰკარგავდა. დიდი ეკლესია, ეკვტერი, ცხრა ქვის სენაკი, ერთი სვანური სახლი თავისი კალო-კარაპანით - ყველა ააშენა. ერთ წელს ორი ბერიც მიუყვანია, მაგრამ იმათ სვანეთის მკაცრი ცხოვრება ვერაიტანეს და ისევ უკან დაბრუნდნენ.

ამ მდგომარეობაში იყო საქმე 1901 წლამდე. ამ წელს სვანეთში ყოვლად სამღვდელო ლეონიდე მობრძანდა. მან პირადად მოინახულა ბერი თეოფანე, იხილა მისი მისი ნაღვაწ-ნაშრომიც, დარწმუნდა, რომ არქიმანდრიტს ბევრი უშრომია, მაგრამ მონასტრის გახსნის და ძველად რომ უნახავს, ისეთი ბერების შოვნის იმედი ვერ აღუთქვა.

არქიმანდრიტი თეოფანე მიხვდა, რომ ამდენმა ზნეობრივმა და ფიზიკურმა შრომამ ტყუილად ჩაუარა და დაღონდა, მაგრამ ეს საქმეს ვერ გამოაკეთებდა, და ბედს დაემორჩილა.

გვ49


გვ50-51

დეკანოზი იოანე (მარგიანი) საუკეთესოდ აღწერს მამა ტეოფანეს იმჟამინდელ ყოველდღიურ ცხოვრებას ნარკვევში, რომელიც ჟურნალ ,,მწყემსში’’ გამოქვეყნდა:

,,ეხლა შევიდეთ ერთს საშუალო ოთახში და რას დავინახავთ? ერთ კუთხეში ხის ფიცრებზედ ლოგინია გაკეთებული; ლოგინს აღმოსავლეთით უდგია ოთხკუთრიანი მაგიდა. აქვეა ორიოდე უბრალო სკამი. მაგიდაზედ აწყვია საეკლესიო წიგნები, რამდენიმე წიგნაკები წმინდანების ცხოვრებიდგან, რამოდენიმე ნომერი ჟურნალ ,,მწყემსისა’’, მიბაძვა ქრისტესი, ხელთნაწერები და სხვა. ჩრდილოეთით კედელს ბუხარი აქვს; ბუხარს აღმოსავლეთით უდგია პატარა კიდობანი- ფქვილის ჭურჭელი და ზედ გობი.

აგერ ბუხარზედ მიყუდებულია კეცები (პურის გამოსაცხობად), მის ახლოს აგდია ხის მაშა. ლოგინის ჩრდილოეთ მხარეს გაკეთებულია პაწია შკაფი და შიგ აწყვია სხვადასხვა ჭურჭელი. იქვე ჰკიდია ხის კანის ,,ბოყვით’’ ლობიო, მის გვერდით მარილი და სხვა საკმაზავი მასალები. ფანჯრიდან შემოყვანილია სიმა და კედელზედაა მიბმული ზარის დასარეკად, რომელიც გარედ აივანზედ ჰკიდია. აგერ ლოგინის ერთ ნაპირას აწყვია დართული მატყლის ძაფები, იქვე საქსოვი სავარცხელი და ყოველგვარი მოწყობილობა, რაც კი რამ საჭიროა ქსოვილისათვის და რაც სვანეთში ხმარებაშია.

გვ52

ლოგინზედ თქვენ დაინახავთ მწოლარეს თმა ჭაღარას და ლმობიერი სახის ადამიანს. ის ეს ორი წელია სენმა შეიპყრო და ფეხები დაუკავა-დაუხუთა. მიუხედავად ამისა, მას წინანდელი ენერგია-მოძრაობა არ დაუკარგავს. არცა ჰყავს მომვლელი, არცა პატრონი!

თვითონ იცხობს, თვითონ რთავს, ქსოვს, თვითონ რეცხავს ძურჭლებს და სხვა. ლოგინთან უდგია მისგანვე გაკეთებული ბორბლებიანი სკამი, რომლის შემწეობითაც მიდი-მოდის ოთახში და ოთახიდგან ოთახში (უიმისოდ ვერ დადის). ვინ არის ეს ბუნებისაგან დასჯილი? იკითხავს პატივცემული მკითხველი. ეს არის ბუნებითი სვანი, იღუმენი მამა თეოფანე.

აი, ამ გამრჯელის, დაუძინებელ მუშა ბერის ხელს ეკუთვნის ყველა ის, რაც ზემოთ ავსწერეთ. ბევრი იშრომა ამ პატივცემულმა სულიერმა მამამ, ააგო სავანე, რომელსაც მიასაკუთრა მისგან შეძენილი აუარებელი ადგილები, ბევრ ღატაკსა და დავრდომილებს აძლევდა ლუკმას, სცემდა ნუგეშს და ეხლა, როდესაც მას მოძრაობა აღარ შეუძლია, ვიმეორემ, ახლაც არ უძლებს გული, რომ საწყალს არ შეეწიოს! რთავს, ქსოვს ამითი ჰმოსავს გაჭირვებულებს!

აი, სად არის ნამდვილი სიყვარული! აი, სად სუფევს ქრისტეს მადლი! აი, ჩვენი მაცხოვრის მიმდევარი!

„დიდ არს ღმერთი, შვილო, - მეუბნება ის საუბრის დროს ღიმილით - მე დამსაჯა ღმერთმა ამ სოფლად

გვ53

და მომიგო რიგისამებრ... მე დავისაჯე, რათა ვადიდო ღმერთი მიუწვდომელი! დიდება მისსა სახიერებასა!“

 გვ54

როგორც ცნობილია, 1910 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა იმოგზაურა სვანეთში, და მას თან ახლდა ფოტოგრაფი დიმიტრი ერმაკოვი. მამა თეოფანეს მონასტერშიც მისულან მოძღვარს ეკლესიიდან გამოსვლა ვერ მოუხერხებია, ფეხები ჰქონია „დახუთული“: სტუმრები სენაკში მიუღია, შემდეგ კი ტაძრის გასაღები ანდო მათ (ძმისშვილი ადგილზე არ ყოფილა).

ამ სტუმრებს წვირმიდან მეგზურად გამოუყოლიათ ანტონ თამლიანი, და ცხენიც მისი უქირავებიათ. მამა თეოფანეს ანტონი გაუფრთხილებია, ყურადღებით ყოფილიყო, რომ ტაძრიდან რამე არ დაკარგულიყო.

ივანეს, შინ დაბრუნებულს, რამდენიმე სიწმინდე ადგილზე არ დახვდა. დაიბარეს ანტონი - მე არაფერი ვიციო! მამა თეოფანეს უპასუხნია: „შენთვის სჯობდა, სიმართლე გეთქვა, არაფერი არ არის უფლის წინაშე დაფარული, რომ ბოლოს მაინც არ გამოჩნდესო, დაკარგული არ არის, წაღებულია! შეიძლება, ასე სჯობდა. უკეთესად იქნება დაცულიო“.

მოძღვრის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის მერე ეს ანტონი უყვება თურმე ივანეს, რომელიც ნათლული ყოფილა ამ კაცისა: რაც მე სიმართლე დავუმალე მამა თეოფანეს, მას შემდეგ მოსვენება მაქვს დაკარგულიო. არ მინდა, ისე წავიდე ამ ქვეყნიდან,

გვ55

ოსანა მამა თეოფანეს ძმისშვილი იყო. სახელიც მას დაურქმევია. იყო დიდებული მანდილოსანი: მშვიდი, სათნო, ხმას არასოდეს აუწევდა, სულ ილოცებოდა, ყველა და ყველაფერი უყვარდა. იყო ექიმბაში, იცნობდა სამკურნალო მცენარეებს და იცოდა მათი გამოყენება. ჰქონდა ამინდის გამოცნობის ნიჭი. სოფელში, სანამ სალეწად გაშლიდნენ მოსავალს კა-ლოზე, ამ ქალთან მოდიოდნენ საკითხავად, გაავდრდებოდა თუ არა. იგი მეზობელ სოფელში, კალაში იყო გათხოვიული.

ამ სოფელში ოსანას ყველა ძიძას და მადლმოსილ ქალს ეძახდა.

ადრე სვანეთში სამშობიარო სახლები არ ყოფილა, და ოსანა კორძაია ყოფილა იმედი და გადამრჩენი მშობიარე ქალებისა მთელ კალაში.

როცა თავის ამბავს გვიყვებოდა, იტყოდა ხოლმე: ასზე მეტი ქალი მყავს გადარჩენილი. დიდბა ლამარიას (ღვთისმშობელს), ჩემი ხელშენახები და ჭიპმოჭრილი ყველა ბედნიერი გაიზარდაო.

მთელ თემში თუ ვინმეს ჭირვეული და ცუდი გასაზრდელი ბავშვი ჰყავდა, გამოიყვანდნენ და ჩაუსვამდნენ კალთაში. ოსანაც ლოცვითა და მოფერებით დაამშვიდებდა, დააწყნარებდა. მადლიერი მშობ-

გვ58

ლები ხასიათგამოცვლილი შვილებით გახარებულები ბრუნდებოდნენ შინ.

ოსანა კორძაია 90 წლის გარდაცვლილა. ერთი დღე არ ჩაწოლილა, გამოთვლილი ჰქონდა, იცოდა, როდის უნდა აღსრულებულიყო. მოემზადა, დაიბანა, ჩაიცვა თავის გემოზე და ლოცვითა და გალობით.

შეხვდა სიკვდილს.

აი, სწორედ ეს ოსანა უვლიდა ბოლოს მამა თეოფანეს. გარდაცვალების წინაც ის ყოფილა მასთან და თვითმხილველი იყო იმ სასწაულისა, რაც მოძღვრის აღსრულებამდე მოხდა.

მამა თეოფანეს ოსანა გაუფრთხილებია: ჩემი ამ ქვეყნიდამ გასვლის ჟამი მოახლოებულია და შენ ნურაფრის შეგეშინდება, რაც მოხდება, კარგად დააკვირდი და დაიმახსოვრეო. სენაკში ფიცრების საწოლი ჰქონია მოძღვარს, იმაზე მიწოლილა, გადაჯვარედინებულ ხელებში, რომლებიც მკერდზე დაუწყვია, აუნთებელი სანთელი დაუჭერია. უცბად დასავლეთის სარკმლიდან გრძლად შემოსულა მოკაშკაშე ნათელი, გარს შემოუარა მოძღვრის ლოგინს და იმავე სარკმლიდან გასულა, საიდანაც შემოსულა და მამა თეოფანეს ხელში სანთელი ანთებულა. მომაკვდავს გალობა დაუწყია. სანთელი რომ დამწვარა მოძღვარი გასწორებულა გალობა შეუწყვეტია

გვ59

და თვალები დაუხუჭია. მშვიდად და უშფოთველად წასულა. ეს მოხდა 1911 წლის ნათლისღების დღეს, 19 იანვარს.

სანამ დაასაფლავებდნენ მიცვალებულს, ხშირად ხედავდნენ თურმე ტაძარში შესულ მოკაშკაშე შუქს და სასულიერო პირები ამტკიცებდნენ, რო ეს იყო ყერ-ცისიერი ანგელოზი.

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე შეუკრებია მისი აღზრდილი სასულიერო პირები: გრიგოლ და მიხეილ კორძაიები, სამსონ და კონსტანტინე ფანგანები, როსტომ გოშუანი, გიორგი და ლევან პირველები, ნესტორ ჩართოლანი, სამსონ თამლიანი, და ანდერძად დაუბარებია: წლისთავზე ახადეთ ქვა ჩემს საფლავს და კუბო გახსენითო (მოძღვარი აკლდამაში განისვენებს, მიწა არ აყრია). თუ გვერდზე ვიყო გადაბრუნებული, მასინ ეს ნიშანი იქნება იმისა, რომ ცუდი და რთული დრო დგება სასულიერო პირთა და ეკლესია-მონასტრებისათვის. ეცადეთ, გაუფრთხილდეთ ეკლესიის ქონებას და ხატ-ჯვარი გადამალოთ.

წლისთავზე კარგად დამიურვეთ და მთელ თემში ყველას წილი გაუგზავნეთ სურსათ-სანოვაგისო.

ანდერძი პირნათლად შესრულებულა და წლისთავზე, დაწყებული ხარით, დამთავრებული ქათმით,

გვ60

ყველა სახის საკლავი დაკლულა და თემში განაწილებულა. საფლავი გაუხსნიათ. მიცვალებული გვერდით ყოფილა გადაბრუნებული. როგორც დაუსაფლავებიათ, ისეთი ყოფილა, ფერი საერთოდ არ ჰქონია შეცვლილი. ეს ამბავი 1912 წლის ნათლისღების დღეს მომხდარა. განსვენებული თეოფანე კარგი შესაყარი კაცი იყო; თვითონ ბერულ ცხოვრების მიმდევარი, სტუმარს უხვად უმასპინძლდებოდა. სანამ ლოგინად არ დავარდა, მუდამ ჰყავდა სარჩენად 3-8 სული ქვრივ-ობოლნი და უპატრონონი. ყოველ გაჭირვების დროს მზად იყო მოხმარებოდა გაჭირვებულს, სადა ცხოვრებისა და ჩაცმა-დახურვის მიმდევარი, თავის ჯამაგირიდან სულ ცოტას ხარჯავდა თავისთვის.

სვანები „ღმერთა მარა“ - ღვთის კაცს ეძახოდნენ.

გვ61


გვ62

1910 წლის იანვრის 10 რიცხვში

 სახელითა მამისათა და ძისა და სულისა წმინდისა, მე ქვემორეხელისმომწერი სრულ გონსა და ჭკუაზე მყოფი თეოფანე ვადგენ ამ სულიერ ანდერძს იმაზედ, რომ სულიერი ანდერძი, რომელიც მე-9 (1909 წლის) 19 იანვარს იყო შედგენილი, ძალაში უნდა დარჩეს და არავინ უნდა დაარღვიოს მასში მითითებული პუნქტები. ჩემი გარდაცვალების შემდეგ ამ ეკლესიის

ყველა საქმის მართვა მღვდელ გიორგი პირველის განკარგულებაში უნდა იყოს და როგორც სულიერ ანდერძშია მითითებული, არავინ უნდა შეეხოს ჩემს ძმისწულ ივანეს. დაკრძალვის დღე იმგვარად უნდა წარიმართოს, როგორც ჩვენთანაა მიღებული, და არა სვანური დატირების ადათის თანახმად...

გვ63


გვ64

კომუნისტური რეჟიმის დროს ივანე კორძაია შავსიელთა რიცხვში ჩაუწერიათ, როგორც სასულიერო პირის ჩამომავალი, და ყოველწლიურად ერთ ხარს ახდევინებდნენ თურმე. ივანე ეკლესიასაც იცავდა, როგორც შეეძლო, მაგრამ გაძარცვეს მაინც, ვერ გადაარჩინა. წაუღიათ ძვირფასი ხატ-ჯვარი, ზარი კი ჩამოუხსნიათ და იფარის სკოლისთვის გადაუციათ.

სკოლის შენობას ღამით ცეცხლი წაჰკიდებია. ყველაფერი გადამწვარ-გადაბუგულა, ხარიხაღა დარჩენილა დაუმწვარი, რომელწზეც ზარი ეკიდა. სკოლის დირექტორს ზარი ჩამოუხსნია, თავის ხელით წამოუღია ტაძარში, სადაც ჩამოუკიდია თურმე და ივანე კორძაიასთვის უთქვამს: ევედრე ღმერთს და შენი წინაპრის სულსაც, რომ გვეპატიოს ჩვენი საქციელიო.

გვ65

ბოლოთქმა

2002 წელს უწმინდესისა ღა უნეტარესის, სრული. საქართველოს პათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის ეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორისაგან სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში ეპისკოპოსის ჯვარმიღებული და კვერთხდალოცვილი, ღვთისა და ერის წინაშე ფიცდადებული, უფლის წყალობით აღსავსე, ჩაუქრობელ მნათობად მოევლინა მართლმადიდებლობის შეურყეველი სვეტი მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი) მესტია-ზემოსვანეთის ეპარქიას და მადლით აავსო.არ დარჩა სოფელი ახალი თუ ძველი აშენებული, ამოქმედებული ტაძრის გარეშე, სადაც წირვა-ლოცვას აღავლენენ. საბედნიეროდ, იმ მომრავლებულმა სასულიერო პირებმა, რომლებიც თავდაუზოგავად იღწვიან და ამრავლებენ ღვთის სიტყვას, კარგად იციან მეუფისგან, რომ ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი მსგავსებასაც მიაღწევს მღვიძარებით გონებისა და გულის დაცვით ყოველნაირი ცოდვილი აზრისა და გრძნობებისგან. ეს ზეცისკენ აღმავალი სულიერი კიბის მხოლოდ ბოლო საფეხურზე მიიღწევა. სწორედ მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით და დიდი ერისკაცის, მშობელ ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებული, ცნობილი სპორტსმენის, ირაკლი ერაჯის

გვ66

ძე თამლიანის ხარჯებით, მთელი თემის (იფარის და წვირმის) დაუღალავი შრომით და ჯაფით განახლდა ღვთისმშობლის მიძინებისა და იოვანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძარი, დაემატა წმინდა ნინოს სახელობის ეკვტერი.

მამა თეოფანეს ნეშტი, რომელიც ამ ტაძრის საკურთხეველშია დავანებული, ნათლის გვირგვინით იმკობა, ხარობს, ხარობს და მაღლდება უფლის დიდების დაბრუნებით, მისი განახლებით. სული, რომელიც უკვდავებაშია გადასული, ლოცავს მთელ საქრისტიანოს, უფალს შესთხოვს საქართველოს გაძლიერებას და გამთლიანებას.

წყალობა უფლისა და შემწეობა არ მოაკლდეს თოეულ ადამიანს, ვინც ოდნავი წვლილი მაინც შეიტანა სავანის აღდგენაში.

ამინ.

გვ67


გვ68


გვ69

სახელთა და საგანთა საძიებელი იფარი არის თემი ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში.

აერთიანებს ოთხ სოფელს: ბოგრეში, ადიში, ზეგანი, ნაკიფარი. წვირმი არის სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში.

ივანე მარგიანი, დეკანოზი იოანე (1867-1933), იყო ლოტბარი და საზოგადო მოღვაწე. მან პირველმა დააარსა სვანეთში ხალხური გუნდი, რომელმაც ფართო საზოგადოებას გააცნო სვანური სიმღერებისა და ცეკვების იშვიათი ნიმუშები.

ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილი (ხახანოვი) (1864-1912) იყო ქართველი ფილოლოგი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი.

დავით (დათა) ოტიას ძე ნიჟარაძე (1856-1922) იყო სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი, დასავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულოს წინამძღოლი (მარშალი).

კოლუბიაკინი ნიკოლოზ პეტრეს ძე (1811-1968) იყო გენერალ-ლეიტენანტი, სამეგრელოს მმართველი (1857),  ქუთაისის გუბერნატორი (1857-1862).

ამბროსი კავკასიძე იყო არქიმანდრიტი, მისიონერი, კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორი. საქართველოს საექსარქოსო იყო რუსეთის მართლმადიდებელი

გვ70

ეკლესიის საეკლესიო-ადმინისტრაციული ორგანო 1811-1917 წლებში კავკასიის სამეფისნაცვალოს ტერიტორიაზე. ის დაარსდა რუსეთის ეკლესიის მიერ  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შედეგად. საექსარქოსო გაუქმდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ.

პრიჩედნიკი- ეკლესიის ყოველი მსახური, მღვდლისა და დიაკვნის გარდა. პრიჩედნიკების მოვალეობა იყო საღვთისმეტყველო ტექსტების კითხვა, გალობა და ყველა ღვთისმსახურებაში მონაწილეობა.

ფხოტრეტი (ფხუტრერი) ეცერის თემის სოფელია. ნაბედრენიკი მღვდლის სამოსის ნაწილია, გრძელ ზონარზე დაკიდებული მართკუთხედი ქსოვილი, რომელსაც თეძოზე ატარებდნენ. მღვდელს ეძლეოდა როგორც ჯილდო და წარმოადგენდა სულიერი იარაღის, ღვთის სიტყვის სიმბოლოს.

არქიეპისკოპოსი ისიდორე ნიკოლსკი იყო საქართველოს ექსარქოსი 1844-1858 წლებში.

ევსევი ინსკი იყო საქართველოს ექსარქოსი 1858-1877 წლებში. ეპისკოპოსი გაბრიელი, ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე (1825-1896), იყო ქართველი სასულიერო მოღვაწე, მეცნიერი და პედაგოგი, იმერეთის ეპისკოპოსი 1860-1896 წლებში.

ბლაღოჩინი - მართლმადიდებლურ ეკლესიაში მღვდლის ადმინისტრაციული თანამდებობა, რომელზე დანიშვნის შედეგაც ის ხდება ეპისკოპოსის ერთ-ერთი თანაშემწე ეპარქიის შემადგენლობაში არსებული საეკლესიო ოლქის ზედამხედველობა ევალა. ბლაღოჩინი ერგავრი სუამავალია მრევლისა და

გვ71

ეპარქიალურ მმართველობას შორის. ივან ალექსანდრეს ძე ბართოლომეი (1813-1870) იყო გენერალ-ლეიტენანტი, ნუმიზმატი, არქეოლოგი, მწერალი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 1953 წელს დიპლომატიური დავალებით მივლენილი იყო სვანეთში, რის შედეგადაც, 1855 წელს თბილისში გამოქვეყნდა მისი ნაშრომი

(„მოგზაურობა თავისუფალ სვანეთში“).

პეტრე კარლის ძე უსლარი (1816-1875), ბარონი, იყო სამხედრო ინჟინერი (გენერალ-მაიორი), ლინგვისტი და ეთნოგრაფი, მე-19 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კავკასიოლოგი, კავკასიური ენების გრამატიკული აღწერილობების ავტორი. მიტროპოლიტი ვლადიმერი (ვასილ ნიკიფორეს ძე ბოგოიავლენსკი) იყო საქართველოს ექსარქოსი 1892-1898 წლებში. ეპისკოპოსი ალექსანდრე (ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე) იყო ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.

ბესარიონი (დადიანი) (1832-1900) იყო ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.

ვახტანგ ღამბაშიძე (1872-1951), „დიდი დეკანოზი“, იყო ჟურნალ „მწყემსის“ გამომცემლის, დავით ღამბაშიძის ვაჟი, რომელმაც პირადად გაბრიელ ეპისკოპოსის თხოვნით აირჩია სასულიერო სარბიელი.

ლეოპოლდ ბილფელდი (1838-1922) იყო საქართველოში მოღვაწე გერმანელი არქიტექტორი. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. ის მუშაობდა კავკასიის საფოსტო ოლქის, შემდეგ კი საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის არქიტექტორად.

გვ72

მომი ჩეგიანი იყო 1875-1876 წლების ხალდეს აჯანყების წევრი. გადასახლებიდან დაბრუნებული კვლავ ხალდეში დასახლდა და ცნობილი ხუროთმოძრვარი იყო.

გრაფინია პრასკოვია სერგეი ასული უვაროვა (1840-1924) იყო სეფექალი, ისტორიკოსი და არქეოლოგი, ავტორი 1904 წელს გამოცემული წიგნისა ,,კავკასია,  მოგზაურის ჩანაწერები''.

ლეონიდე (ლონგინოზ სოლომონის ძე ოქროპირიძე; 1861-1921) იყო ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავრეპისკოპოსი 1919–1921 წლებში, კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების სკოლების ინსპექტორი, საქართველოს საეპარქიო სასწავლებელთა საბჭოს წევრი.

ლასილი არის უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის ქედზე, მდინარეების ლასილის (ენგურის მარცხენა _შენაკადი)და მუხრის (ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი) სათავეებში 3000 მეტრის სიმაღლეზე.

გვ73

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები:

 

უწყება სვანეთის სოფლის, წვირმის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესიისა 1862-1893 წ.წ.

დეკანოზი დ. ღამბაშიძე “სამაგალითო ბერი - მისიონერი, შთამომავლობით სვანი“ – „მწყემსი“, 1883 წ. 3.02.

ბლაღოჩინი სვანეთის ეკლესიისა ბ. ნიჟარაძე „არქიმანდრიტი თეოფანე“ – „შინაური საქმეები“ 1911 წ. N26

“სვანი მისიონერი თეოფანე“ – „ივერია“ 1893 წ. N239 მღვდელი ივანე მარგიანი “ბუნებით სვანი მამა თეოფანე“ - მწყემსი 1900 წ. N12 

გაბრიელ ეპისკოპოსის პირველი მოგზაურობა.

გაბრიელ ეპისკოპოსის მეორე მოგზაურობა.

 ომინდე (იოანე) კორძაია „სვანური ამბები. 1920-1960-იანი წლები“, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, 2016 წ.

გვ74

ბოროზდინი კ. სამეგრელო და ზემო სვანეთი, 1854-1861: მოგონებანი.-

თბ, 1934.-გვ.53.- (თბ. 2004)- მე-2 გამოც. -გვ53,85

ჩათო გუჯეჯიანი „უძლეველი მხედარი“ – „საგანმანათლებლო კერები სვანეთში“ 2014 წ.

თეა ცაგურიშვილი „ბალზემო და ბალქვემო“ – „კარიბჭე“ 2016 წ. N27

მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი) „ქადაგებები“ - მესტიის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარი, 2010 წ. 19.06.

მიტროპოლიტი სტეფანე „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“, წიგნი IV ვარლამ თოფურია „შრომები“, ტომი I, თბილისი, 1967 წელი.

როზეტა გუჯეჯიანი „ღირსეული სვანი მიღვაწე ბერი თეოფანე კორძაია“ – „საპატრიარქო უწყებანი“. 2004 წ. 20.08.

გერონტი გასვიანი, ნარკვევები შუა საუკუნეების სვანეთის ისტორიიდან'', თბილისი, 1991 წ.

ექვთიმე თაყაიშვილი არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, ქართული ემიგრანტული ლიტერატურა, ,,დაბრუნება'', ტ.2, თბილისი, 1991წ.

ალექსანდრე ჩარკვიანი, ,,სვანეთი'', 1967წ.

გვ75


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.03.2024
ბოლო რედაქტირება 12.03.2024
სულ რედაქტირებულია 9





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0