ჭილაშვილი (ჩილაევი) სერგი გაბრიელის ძე (1803-64), გენერალ-მაიორი (1850), 1850-57 შემახის სამხედრო გუბერნატორი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1840) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1828);
სერგი (შიოში) ჭილაშვილი - გენერალ-მაიორი; რუსეთ-ირანის, რუსეთ-თურქეთის და ყირიმის ომის მონაწილე; ლეიბ-გვარდიის ჰუსართა პოლკის ოფიცერი (1835), შემახიის მაზრის სამხედრო გუბერნატორი და სამოქალაქო ნაწილის უფროსი (1850-1856), შს სამინისტროს ჩინოვნიკი (1858-1864)
დუშელ აზნაურ ჭილაშვილთა შთამომავლის, მედეა ჭილაშვილის დამსახურებაა, რომ დღეს გმირ ჭილაშვილთა ისტორია კიდევ ცოცხლობს.
ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ რუსეთიდან სამშობლოში საცხოვრებლად დაბრუნებულ გენერალ კონსტანტინე ჭილაშვილს არა მხოლოდ ციხე -დარბაზი გადაუწვა დუშეთში, არამედ ცოლ-შვილიც შიმშილით ამოუხოცა...
ჭილაშვილების სასახლე XVII საუკუნიდან დგას დუშეთში, მილახვრიანთკარში. კომპლექსი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს. ესენია: მთავარი კოშკი, გალავანი კოშკებით, კარის ეკლესია, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები. ჭილაშვილების ციხე-დარბაზის კედლები გარედან თეთრი ფერით იყო შეღებილი, ამიტომ ხალხი მას "თეთრ სასახლესაც" უწოდებდა.
მას ქვეყნისთვის ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს, ისევე, როგორც თავად ჭილაშვილებს, რომელთა ვაჟკაცობისა და ერთგულების ამბავი საუკუნეებს გასცდა, თუმცა სასახლე განადგურების პირასაა...
მედეა ჭილაშვილი:
"ჭილაშვილთა სასახლე თითქოს ერთი პერიოდი ფრანგებს უნდა აღედგინათ, მაგრამ... აქაურობა ქარსა და წვიმას მიაქვს და კედლებს შლის. სასახლიდან ჭილაშვილების ვინაობის აღმნიშვნელი აბრაც ჩამოუგლეჯიათ და მის ნაცვლად ახალი გაუკრავთ, რომელზეც წერია: "არქეოლოგ რამინ რამიშვილის მუზეუმი". რამინ რამიშვილი ჭილაშვილთა სასახლის აღდგენისთვის იბრძოდა და მის ღვაწლს პატივი უნდა მიეგოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აზრად არასოდეს მოუვიდოდა, ისტორიული ციხე-დარბაზისთვის საკუთარი სახელი მიეწერა. ეროვნულ მუზეუმში მითხრეს, აბრა, ალბათ, ვიღაცამ თავისი ინიციატივით გააკრაო. შესაბამის ხალხს მივმართე სხვადასხვა სამინისტროში. ზოგმა პასუხი არ გამცა, ზოგმა აბრის აღდგენაზე ტენდერს გამოვაცხადებთო. ამ კურიოზული პასუხის შემდეგ თქვენ მოგმართავთ. გთხოვთ, ჩემთან ერთად ხალხსაც გააგებინოთ, რა ბედი ელის ამ სასახლეს".
ვინ იყვნენ ჭილაშვილები?
ჭილაშვილები XVII საუკუნის დასასრულს გადმოვიდნენ დუშეთში. მათი სამკვიდრო საჭილაო იმერეთ-სამეგრელოს საზღვარზე იყო და მუდამ ამ სამთავროთა დაპირისპირებაში მოყოლილმა სამმა ძმა ჭილაშვილმა, როგორც ჩანს, ვეღარ გაძლო და ვახტანგ VI-ს მიაშურა. მან ძმები კარის აზნაურებად ჩაწერა და საგურამოს ზემოთ, ჭილაანთკარში დაასახლა. მერე, მეფის ერთგულებითა და ვაჟკაცობით იმდენად სწრაფად გაითქვეს სახელი, ძმებიდან ერთ-ერთს, ბაბანას, მილახვრიანთკარის სასახლე უბოძეს, - ერთსართულიანი კოშკი. სწორედ ეს კოშკი აქცია ბაბანამ ციხე-დარბაზად და ქალ-ვაჟიც იქვე გაზარდა.
მის ვაჟს, გლახას, 5 ვაჟი და 4 ქალი ჰყავდა. მეფე ერეკლემ იცოდა გლახას ვაჟკაცობისა და განსწავლულობის ამბავი და თავისი ვაჟი -ვახტანგ-ალმასხანი აღსაზრდელად მისცა. სწორედ ვახტანგ-ალმასხანთან შეთანხმებით დაესხა თავს გლახა რუსეთის ჯარის პირველ მთავარსარდალ კნორინგს და 18 გრენადერი დაუჭრა. მერე კი გაზრდილს პეტერბურგში გაჰყვა და 16 წელიწადი, სიკვდილამდე გვერდიდან არ მოშორებია ბატონიშვილს.
გლახას ქალიშვილები ამ დროს უკვე გათხოვილნი იყვნენ, ერთი ვაჟი ცოცხალი აღარ ჰყავდა - ყმაწვილი პეტერბურგში საქართველოს უკანასკნელ დედოფალს გააყოლეს მხლებლად, გაცივდა და გარდაიცვალა. დანარჩენი ოთხი მამამ პეტერბურგში წაიყვანა და უნივერსიტეტში შეიყვანა. აქედან დაიწყო ჭილაშვილთა აღზევება, რომლებსაც, მართალია, რუსები რუსული სახელებით მოიხსენიებენ, - ჩელიაევი გიორგი (იაგორი), ბაბანა (ბორისი), შიოში (სერგეი) და კონსტანტინე, (ადრე გარდაიცვალა), მაგრამ უწინარეს საქართველოს ღირსებას იცავდნენ.
გიორგი ჭილაშვილი
გიორგი ჭილაშვილი დეკაბრისტების მოსაზრებებს იზიარებდა. გიორგის ერუდიციამ იმდენად მოხიბლა იმპერიის ერთ-ერთი მინისტრი, რომ თავის მდივნად მიიწვია. მოგვიანებთ კი შესთავაზა, - მე შემიძლია იმპერიის ყოველი გზა გაგიხსნა, თუკი იმპერიის ერთგული იქნები, ამის დასამტკიცებლად კი რუსი ქალი უნდა შეირთოო. გიორგისაც უარი არ უთქვამს.
მერე ისე მოხდა, რომ გიორგის ცოლი პრასკოვია პოპოვა საქართველოში ჩამოვიდა. აქაურობის შემხედვარემ სამშობლოში დაბრუნება აღარც მოინდომა და რუსეთში დარჩენილ დიდმოხელე ქმარს წერილს წერილზე სწერდა, - მანდ რაღას უზიხარო! გიორგიც საქართველოში უზენაესი პროკურორის რანგში დაბრუნდა, ვახტანგ VI-ის კანონების შემსწავლელი და მთარგმნელი კომისიის წევრი, ერთ-ერთი პირველი ქართველი ისტორიკოსი და 1832 წლის შეთქმულთა საყრდენი გახდა. შეთქმული თავადები, ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ, სწორედ გიორგი ჭილაშვილს უპირებდნენ შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრად დანიშვნას. ამის შემდეგ, რაღა თქმა უნდა, მისი კარიერა დამთავრდა.
https://www.kvirispalitra.ge/history/43263-bolshevikebema-samshobloshi-dabrunebul-konstantines-col-shvilic-shimshilith-amoukhoces-mamulishvil-tcilashviltha-istoria.html?fbclid=IwAR3_rHI1gGT7_tbS9AlxNKCYB6BSQVYyApCHvcFIYsZyiK6JeA1Smd-WT38