მათხოჯის დედათა მონასტრის დედათა სულიერ ცხოვრებას წლების მანძილზე მამა დავით ჯინჭარაძე წარმართავდა. მამა დავითი გახლდათ ცნობილი მგალობელი, ათონზე გაზრდილი, ანტონ დუმბაძის მოწაფე. ის თავის დროზე ცოლიანი მღვდელი იყო. შემდეგ ცოლ-ქმარი შეთანხმდა და დავითი ბერად აღიკვეცა, მისი მეუღლე ნინო - მონაზვნად. მამა დავითი ჯერ აკენში მსახურობდა. როცა იქ ეკლესია-მონასტრები დახურეს და დაანგრიეს, მათხოჯში დასახლდა. ამ საოცარ, დიდად განათლებულ ადამიანს ჯერ კიდევ აკენში მსახურებისას ჰყავდა დაყენებული დიდი გუნდი, მათხოჯშიც ისე გაწვრთნა გალობაში მონაზვნები, რომ იქაურებს დღესაც ახსოვთ და ენატრებათ მათი ტკბილხმოვანი გალობა. აბა, ასეთ მოძღვარს ვინ მოასვენებდა, ლამის ყოველ პარასკევ საღამოს იჭერდნენ და ორშაბათს უშვებდნენ, რათა ეკლესიაში არ ეწირა. მიუხედავად დიდი დევნისა და ათეისტური პროპაგანდისა, ხალხი მაინც დადიოდა ტაძარში, რასაც კომუნისტები ვერ მოითმენდნენ. გავიდა წლები. მოხუცი, ავადმყოფი იღუმენი დავითი ისევ გურიაში დაბრუნებულა. იგი ჯიხეთის დედათა მონასტერში დაუკრძალავთ.
საფლავის ფოტო გადაღებულია ჯიხეთის დედათა მონასტერში დავით ფეიქრიშვილის მიერ
იღუმენი დავითი, ერისკაცობაში -– დავით იესეს ძე ჯინჭარაძე 1860 წელს ქუთაისის გუბერნიაში, ოზურგეთის მაზრაში, სოფ. ბახვში გლეხის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელი. საღვთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ქართულ და რუსულ ენაზე საბერძნეთში, ათონის წმ. მთის ქართველთა მონასტერში ისწავლა, სადაც გარკვეული პერიოდი გაატარა. ასევე ქართული გალობის ცოდნა ცნობილ მგალობელ ანტონ დუმბაძესთან განიმტკიცა.
1881 წელს გურიის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ტუსკია) შუა სურების „ლომისის-კარის“ წმ. გიორგის სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1883 წლის იანვრიდან გურიის ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევითა და ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით იმავე სასწავლებელში სლავური და ქართული გალობის მასწავლებლად დაინიშნა. 1886 წლის 1 სექტემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი), როგორც გალობის საუკეთესო მცოდნე,ფოთის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. საკათედრო ტაძარში მგალობელთა გუნდის რეგენტად გადაიყვანა ამავე პერიოდში მან ჯვარი დაიწერა ნინო მაქსიმეს ასულზე (დაბ.1868წ.), რომელთანაც სამი შვილი
ჰყავდა: მავრა (დაბ. 1891წ.), ელენე (დაბ. 1894წ.), ალექსანდრე (დაბ. · 1896წ.). ერთი ვერსიით მისი მეუღლე შემდგომში მათხოჯის დედათა მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა. 1891 წლის 10 თებერვალს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დავითი დიაკვნად აკურთხა და იმავე შტატში დატოვა. 1894 წლის 8 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და ფოთის საკათედრო ტაძრის კრებულში დაადგინა. 1896 წლის 1 სექტემბერს ფოთის საკათედრო ტაძართან არსებულ ორკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში სლავური და ქართული გალობის პედაგოგად დაინიშნა. 1898 წლის იანვრიდან ფოთის წმ. ოლღას ქალთა სასწავლებელში იგივე თანამდებობაზე განამწესეს. 1898 წლის 4 თებერვალს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1899 წლის7 ნოემბერს აკეთის მაცხოვრის სახ. ტაძარში დაინიშნა. მასვე დაევალა აკეთის ტაძართან არსებულ სკოლაში საღვთო სჯულისა და გალობის სწავლება, სადაც ის წლების მანძილზე უსასყიდლოდ ასწავლიდა. 1900 წლის ივლისში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) გურიის ტაძრები დაათვალიერა. ამასთან დაკავშირებით ქართული პრესა წერდა: „სოფ. აკეთის მაცხოვრის ეკლესიაში ყოვლადსამღვდელომ მოისმინა ქალებისაგან ქართული გალობა და ამ ამბით მათი მეუფება დიდად აღტაცებული და ნასიამოვნები დარჩა. ამ ეკლესიის წინამძღვრად სულ რამდენიმე თვე იქმნება, რაც მღვდელი დავით ჯინჭარაძე იქმნა დანიშნული. პატივცემულს მოძღვარს, როგორც გალობის კარგად მცოდნესა და გატაცებით მოყვარულს, მოსვლისთანავე უმთავრესი ყურადღება ამ საგნისათვის მიუქცევია. პირველად მისი სურვილი ყოფილა, რომ მგალობელთა გუნდი განსაკუთრებით მამაკაცთაგან შეედგინა, მაგრამ, სამწუხაროდ, მამაკაცებს საკმაო ბეჯითობა და გულმოდგინეობა ვერ გამოუჩენიათ და დაწყებული საქმე სასურველად ვერ მოგვარებულა. მაშინ ქალებს განუცხადებიათ სურვილი გალობის სწავლისა და ეს სურვილი მამა ჯინჭარაძის დაუღალავის შრომის მეოხებით და მათის მუყაითობის წყალობით განუხორციელებიათ კიდეც, ყოვლადსამღვდელომ მადლობა გა- მოუცხადა მამა ჯინჭარაძეს ასეთის უსასყიდლო და სასარგებლო შრომისათვის და შემდეგისათვის
მხნეობა უსურვა“, 1903 წლის 22 ივლისს სკუფია უბოძეს. 1907 წლიდან, თავისი სურვლით, ასრულებდა წირვა-ლოც-
22-1 საპატრიარქოს უწყებანი N22 22-28ივნისი 2017წ გვ.19
დავითი (ჯინჭარაძე) 1860-1965 (გაგრძელება)
ვებს მათხოჯის წმ. ნინოს სახ. დედათა მონასტერში. 1910 წლის 12 აპრილს მღვდელი დავითი მცხეთაში, სამთავროს წმ. ნინოს სახ. დედათა მონასტრის მწირველად და სულიერ მოძღვრად დაინიშნა, სადაც 1911 წლის 22 დეკემბრამდე იმსახურა. 1911 წლის დეკემბრიდან ისევ მათხოჯის დედათა მონასტრის მწირველი და სულიერი მოძღვარია.
1914 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. მღვდელ დავითის დაუღალავი და ნაყოფიერი სამსახური შეუმჩნეველი არ დარჩენილა ქართველი საზოგადოებისა და პრესისათვის. 1914 წელს ჟურნალ „შინაური საქმეებში“ უცნობი ავტორი ლ. იმერელი მათხოჯის სავანისა და იქ მოღვაწე მოძღვრის შესახებ წერდა: „ათას ცხრაას შვიდწლამდე დედათა სავანეს არ ყოლია საკუთარი მღვდელი-მწირველი, ვინაიდგან სასულიერო მთავრობა არავითარ ყურადღებას არ აქცევდა მათ და თითონ მონაზვნებს კი, სად შეეძლოთ
მღვდლის დაქირავება. ვისაც კი მიმართავდნენ თხოვნით, ყოველთვის ასეთ პასუხსა ღებულობდენ: „ბევრი ხარჯი გვაქვს და არ შეგვიძლია მანდ
სამსახურიო“. ეს იყო მათი საერთო გასამართლებელი მიზეზი... 1907 წელს, პატიოსანი, კეთილ გრძნობებით აღჭურვილი მღ. დავით ჯინჭარაძე, შევიდა მონაზონთა უმწეო მდგომარეობაში და აღუთქვა მათ მუდმივი უფასო დახმარება... გადაუმეტებლად რომ ვსთქვათ, ეს ერთად ერთი
ოქროს ხანაა მათხოჯის დედათა სავანის მონაზონთა ცხოვრებაში... აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პატ. მღ. ჯინჭარაძეს კარგათ მოწყობილი მგალობელთა ხორო ყავს (რომელიც მონაზვნებისგან შესდგება) და თვითონაც იშვიათი ბარიტონი აქვს.. ბევრჯერ გამოვლაპარაკებივარ მონაზვნებს, მსურდა გამეგო, თუ რამდენათ ღრმა და
შეგნებული სარწმუნოებისანი იყვნენ და ყოველთვის გაკვირვებულვარ მათი პასუხებით. ყველა ამაში, რასაკვირველია, მადლობის ღირსია პატ.
მღ. ჯინჭარაძე, რომელმაც ასე გაწვრთნა ისინი. წირვა-ლოცვა და საერთოდ ღვთის მსახურება აქ წმიდა ათონის წეს-რიგზეა. დღიდან ჩამობრძანებისა პატ. მღვდელი ჯინჭარაძე მუდამ ამ დედათა სავანის კეთილდღეობისთვის ფიქრობდა და ცდილობდა“. ზუსტად უცნობია, თუ რომელ წლამდე ემსახურებოდა მამა დავითი მათხოჯის სავანეს, ან როდის მოხდა მისი ბერად აღკვეცა. 1922 წლის 22 ივნისს ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,
უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსს (ხელაია) სწერდა: „ლანჩხუთში ვიყავი მწირველი და იქ შემთხვევით შევიტყე, რომ ჯუმათის მონასტერი 1921 წლის სექტემბერ-ოქტომბერში სრულიად გაუძარცვავთ ყაჩაღებს, მაგრამ საერო მთავრობამ ეს ამბავი იქაურ მღვდელ-მონაზონს დააბრალეს, დაიჭირეს და ქუთაისში წაიყვანეს, სადაც ციხეში გარდაიცვალა... ამას გარდა, ამას წინად შემოქმედის მონასტერში მისულან ყაჩაღები ღამით. ვინც ყოფილა იქ, ყველა ერთად დაუტუსაღებიათ, მერე წაუყვანიათ ეკლესიაში წინამძღვარი იღუმენი დავითი და მღვდელმონაზონი მელეტი. იქ არაფრისათვის ხელი არ უხლიათ, მხოლოდ დაჟინებით მოითხოვდნენ თურმე ოქროს აკვანს და ბრილიანტებს. ბერებს უთქვათ: აქ ამისთანა არაფერიაო (მართლაც არ არის თურმე). კაი ხნის წვალების შემდეგ (ხანჯლებით) ბერები ცოცხლები გადარჩენილან; ყაჩაღები წასულან
ცარიელ-ტარიელნი“. 1923 წლის 23 მარტს უღმერთო ხელისუფლებამ დააპატიმრა იღუმენი დავითი და მასთან მოღვაწე მღვდელ-მონაზონი მელეტი (თოფურია). მათ ბრალად ედებოდათ მონასტრის გაძარცვა. 1926
წლის 8 თებერვალს ქ. ოზურგეთის სახალხო სასამართლოს თავმჯდომარე შემოქმედის სამრევლო საბჭოს შემდეგი შინაარსის მოწმობას აძლევს: „ესე
ეძლევის მორწმუნეთა წარმომადგენელს გიორგი ფარსადანის ძე დუმბაძეს, მას შინა, რომ როგორც რწმუნებულ ჩემდამო სახალხო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სამაგიდო რეესტრიდან 1923 წლისა სჩანს, საქმე #304/23წ. ბრალდებისა გამო წინამძღვრის დავით ჯინჭარაძისა და მღვდელ-მონაზვნის მელეტი თოფურიასა შემოქმედის მონასტრის განძეულობის და ძვირფასი თვლების მოპარვაში. აღნიშნულ პირებს სასამართლოს მიერ მიესაჯათ თითოეულს ექვს-
22-2 საპატრიარქოს უწყებანი N22 22-28ივნისი 2017წ გვ.20
დავითი (ჯინჭარაძე) 1860-1965 (დასასრული)
ექვსი თვით სასჯელი გამასწორებელ სახლში პატიმრობით, რომელიც აღნიშნულმა პირებმა უკვე მოიხადეს“. 1927 წლის 15 მარტს იღუმენმა დავითმა რუსულიდან ქართულზე თარგმნა წმ. ტიხონ ზადონელის დაწერილი „მოწოდება სინანულად ცოდვილისა“, რომელიც ამჟამად ჯიხეთის დედათა მონასტერშია დაცული. ამ ეტაპზე უცნობია, თუ სად მოღვაწეობდა 1927-1952 წლებში იღუმენი დავითი. ასევე უცნობია, ზუსტად რომელი წლიდან მსახურობდა იგი ჯიხეთის დედათა სავანეში. საპატრიარქოს არქივში დაცული საბუთების მიხედვით ჯიხეთში 1951 წლის ჩათვლით მსახურობდნენ დეკანოზი ეპ. ხონელია და მღ. ათანასე გოგუაძე. სავარაუდოდ, მისი იქ დამკვიდრება 1952 წლიდან უნდა ვივარაუდოთ. ჯიხეთის დედათა სავანეში შემორჩენილია წერილის ნაგლეჯი, სადაც ვკითხულობთ: „სულიერო შვილო თეოდორა! მშვიდობა შენდა. მე ღვთით დავბრუნდი ტფილისიდან მოკეთებული; შეუდექი წირვას შობიდან, რომელიც ღმერთმა მრავალს დაგვასწროს შენიანებით კეთილად სათნოდ ღვთისა. ნინო კარგათ არის. სხვა ამბავს არ გწერ აქ, გეტყვი ყოლაფერს თავად...“ სამწუხაროდ აქ წყდება წერილი, რომელსაც წელიც არ უწერია, მხოლოდ თარიღი აქვს -- 26 დეკემბერი. 1981 წლის 21 იანვარს უფროსი ინსპექტორი ო. მ. ჯაში სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულს საქ. სსრ რესპუბლიკაში ამხ. გ. შ. მაისურაძეს სწერდა: „ა. წ. 19 იანვარს მივლინებით ვიმყოფებოდი ქ. ლანჩხუთში ჯიხეთის მონასტრის საკითხის შესასწავლად.. სასოფლო საბჭოს ხელმძღვანელებთან, ძეგლის მცველთან და მონაზვნებთან საუბარში გაირკვა, რომ ხსენებულ ეკლესიაში 1965 წლამდე იყო მღვდელი ჯინჭარაძე, რომლის გარდაცვალების შემდეგ, 1965 წლიდან, შეცვალა მღვდელმა ქვარაიამ“. როგორც ამ წერილიდან ირკვევა, იღუმენი დავითი 1965 წელს
აღესრულა. იგი ჯიხეთის დედათა მონასტრის ეზოშია დაკრძალული.