არქიმანდრიტი ანთიმოზი (რობაქიძე) — ერისკაცობაში ანტონ გიორგის ძე რობაქიძე დაიბადა 1841 წელს. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1863 წლის 22 ოქტომბერს გახდა ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის მორჩილი, სადაც შეისწავლა წმიდა წერილი, საეკლესიო გალობა და ტიბიკონი. 1870 წლის 3 ნოემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) იგი ბერად აღკვეცა და სახელად ანთიმოზი უწოდა. იმავე დღეს ხელი დაასხეს დიაკვნად. 1874 წლის 8 დეკემბერს აკურთხეს მღვდლად და დატოვეს ჯრუჭის მონასტრის საძმოში. 1892 წლის 3 მაისს გადავიდა გელათის მონასტერში და დაინიშნა ეკონომოსად. 1888 წლის 31 მაისს დაჯილდოვდა საგვერდულით. გელათში მოღვაწეობისას მამა ანთიმოზმა განაახლა მონასტრის წყაროს სათავეზე წყარო-ცხოვრების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც 1903 წელს აკურთხა არქიმანდრიტმა სერაპიონმა (ახვლედიანი). 1899 წლის 3 აპრილს დაჯილდოვდა სამკერდე ოქროს ჯვრით. 1907 წლის 31 იანვარს გათავისუფლდა გელათის მონასტრის ეკონომოსის თანამდებობიდან. იმავე წლის 6 მაისს მიენიჭა იღუმენის წოდება. 1911 წლის დეკემბრის ბოლოს დაინიშნა გელათის მონასტრის წინამძღვრის მოადგილედ. 1913 წლის 6 მაისს დაჯილდოვდა წმ. ანას III ხარისხის ორდენით, 1916 წლის 6 მაისს კი არქიმანდრიტის წოდებით. სავარაუდოდ გარდაიცვალა 1917 წელს.
იღუმენი სოფრომი (თალაკვაძე)
იღუმენი სოფრომი (თალაკვაძე) — ერისკაცობაში სიმონ ლაზარეს ძე თალაკვაძე 1835 წელს დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ ასკანაში. წმინდა წერილი, საეკლესიო კითხვა-გალობა და ტიბიკონი შეისწავლა შემოქმედის მონასტერში. 1857 წლის 28 თებერვალს აკურთხეს დიაკვნად, ხოლო 1858 წლის 28 აპრილს ხელი დაასხეს მღვდლად. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გაუჩნდა სურვილი, ბერად შედგომისა. 1863 წლის 27 ივნისს გელათის მონასტერში ბერად აღიკვეცა სოფრომის სახელით. 1867 წლის 10 ივნისს გადავიდა ჯრუჭის მონასტერში. 1882 წლის 17 მაისს დაინიშნა მონასტრის მოლარედ. 1883 წლის 2 აგვისტოს დაჯილდოვდა საგვერდულით. 1885 წლის 15 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მამა სოფრომი ეკლესიაში ერთგული მოღვაწეობისათვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა. 1887 წლის 9 მარტს გადავიდა მარტვილის მონასტერში და იმავე წლის 14 სექტემბერს დროებით დაინიშნა მონასტრის ეკონომოსის მოვალეობის შემსრულებლად. 1888 წლის 19 აპრილს კი ოფიციალურად დაინიშნა ეკონომოსად. 1889 წელს დაჯილდოვდა სამკერდე ოქროს ჯვრით, ხოლო 1893 წლის 15 მაისს მიენიჭა იღუმენის წოდება. 1900-იან წლებში გადავიდა გელათის მონასტერში უშტატო წევრად. 1916 წლის 6 მაისს დაჯილდოვდა წმ. ანას III ხარისხის ორდენით. გარდაიცვალა 1918 წლის აგვისტოში. ფოტო გადაღებულია 1916 წელს. ინფორმაციის მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით ქუთაისის ცენტრალური არქივის დირექტორს მერაბ კეზევაძეს. ფოტო მოგვაწოდა გელათის სასულიერო აკადემიის პრორექტორმა ბეჟან ხურციძემ.