საპატრიარქოს უწყებანი N20 24-30მაისი, 2012წ გვ.17
დეკანოზი რომანოზი დეკანოსიძე 1834-1919
მან „ქვეყნითგან ნაშოვნი სიმდიდრე ისევ ქვეყანას უანდერძა“
დეკანოზი რომანოზ მარკოზის ძე დეკანოსიძე
1834 წელს ქუთაისის გუბერნიაში, ხარაგაულის მაზრის სოფელ ვარძიაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. მამამისი, მღვდელი მარკოზ იოანეს ძე დეკანოსიძე (1789-1863) საეკლესიო ყმა გახლდათ. ჰყავდა სამი ვაჟი: ლუკა, პავლე და რომანოზი. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მარკოზმა თავის მოძღვართან ისწავლა. 1814 წელს ნიქოზელმა ეპისკოპოსმა ათანასემ (მაჭავარიანი) დიაკვნად აკურთხა, 1826 წელს ახტალელმა ეპისკოპოსმა იოაკიმემ კი მღვდლად დაასხა ხელი და ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა; გარდაიცვალა 1863 წლის 14 ნოემბერს. მღვდელი მარკოზის ვაჟებიდან მხოლოდ უმცროსმა გააგრძელა სასულიერო გზა. რომანოზმა საეკლესიო განათლება ოჯახში, მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიილო. იგი სიყრმიდანვე გამოირჩეოდა ღვთისმოშიშებითა და თავმდაბლობით. წლების განმავლობაში რომანოზი მედავითნედ მსახურობდა იმერეთის ეპარქიის სხვადასხვა სოფელში. XIX საუკუნის 60-იან წლებში დაქორწინდა ანუსია გრიგოლის ასულზე, რომელთანაც ერთი ასული, მანიკა შეეძინა. 1867 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მღვდლად დაასხა ხელი და ბაბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1879 წელს მამა რომანოზი ჩხერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად გადაიყვანეს. დეკანოზ რომანოზს დიდი ღვაწლი მიუძღვის ხარაგაულის მაზრაში სასულიერო და საგანმანათლებლო სფეროს განვითარებაში. ჯერ კიდევ 1875 წელს ხარაგაულში გაიხსნა ერთკლასიანი სამინისტრო სკოლა, შემდეგ ეს სკოლა გადაკეთდა ორკლასიან სასწავლებლად, თუმცა სწავლის ყველა მსურველს ვერ აკმაყოფილებდა. ამის გამო, 1897 წელს ხარაგაულის საზოგადოებამ, ხალხმა, აზნაურობამ და სამლვდელოებამ ერთხმად გადაწყვიტეს, რომ საკუთარი საეკლესიო-სამრევლო სკოლა დაეარსებინათ. მართლაც, სასულიერო მთავრობამ ამის ნება დართო და 1897 წელს სექტემბერში დაქირავებულ სახლში სკოლა გაიხსნა. დაარსების დღიდან ამ ახალმა სკოლამ საკუთარი შენობის უქონლობის გამო ბევრი ტანჯვა და წამება გამოიარა, ხოლო წლისთავზე კინაღამ გაუქმდა კიდეც. სწორედ ამ დროს სკოლას მაშველად გამოუჩნდა ჩხერის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი რომანოზი, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო სკოლის შენობის აგება. 1899 წლის სექტემბრში მან სკოლა თავის სახლში გადაიტანა და ახალი შენობის თადარიგსაც შეუდგა. აი, რას წერდა მამა რომანოზის ღვაწლის შესახებ გაზეთი „ივერია“ 1900 წლის 149-ე ნომერში: „დიახ, ბევრი რამ არის ჩვენს ცხოვრებაში ჩასაფიქრებელი და ღირსსაგულისხმო, და აი, სწორედ ამისთანა დროს კაცმა ერთი ბეწოც რომ სანუგეშო დაინახოს, მისს სიხარულს და აღტაცებას საზღვარი არ ექნება. სრულის პატივისცემითა და სასოებით შეჰყურებთ იმ კაცს, რომლის აზრი, ჭკუა, გონება და თვით ნივთიერი შეძლებაც კი „ამ სასოწარკვეთილების ხანას“ რაიმე კეთილ საქმეს ემსახურება. აი, სწორედ, დღესდღეობით ამ განუსაზღვრე-
20-1 საპატრიარქოს უწყებანი N20 24-30მაისი, 2012წ გვ.18
დეკანოზი რომანოზი დეკანოსიძე 1834-1919 (გაგრძელება)
ლის პატივისცემით შევყურებ მღვდელ რომანოზ დეკანოსიძეს, რომელიც ამჟამად ხარაგაულში თავისის ხარჯით აშენებს სკოლისათვის სამსართულიან ქვიტკირის სახლს. ამ სახლში მოთავსებული იქნება სკოლა, მასწავლებლის სადგომი, წიგნთსაცავი და ზემო სართულში -–– ეკლესია. ამ სკოლასვე შესწირა მამა რომანოზმა ორი დესიატიანა მიწა და აგრეთვე თვით იკისრა მიეღო ყოველივე ხარჯი სკოლის და სასკოლო ეკლესიის მოსაწყობად. ჯერჯერობით ყველა ამ კეთილ საქმის განსახორციელებლად მამა რომანოზს გადადებული აქვს თხუთმეტი ათასი მანეთი, ხოლო თუ საჭიროება კიდევ მეტს მოითხოვს, პატივცემული სულიერი მამა არას დაიშურებს. სასკოლო შენობა ენკენისთვისათვის მზად იქნება და სწავლაც, რასაკვირველია, მაშინ დაიწყება, თუ სკოლის დაარსების ნებართვის მიღება არ შეგვიანდება. აი, ღირსშესანიშნავი და ჩვენს ცხოვრებაში იშვიათი მაგალითი ქველმოქმედების და კეთილგონიერებისა! თვით ამ აზრის განმარტება და მის მნიშვნელობის გათვალისწინება მეტად მიმაჩნია, ეს იშვიათი კეთილმოქმედება თავისთავზე მჭერმეტყველად ღაღადებს, მხოლოდ ვიტყვი, რომ დროა გონს მოვიდეთ და ვიზრუნოთ იმ კეთილსაქმისათვის, რომელსაც სწავლა-განათლების საქმე ჰქვიან, დროა თვითოეულმა ჩვენგანმა, მამა რომანოზ დეკანოსიძესამებრ, შეიტანოს თავიანთი წვლილი იმ საეროვნო ტაძრის დასამკვიდრებლად, რომლის მადლიან საკურთხევლიდგან ხალხს სწავლაგანათლებისა და თვითცნობიერების სხივი უხვად ეფინება“. 1900 წლის სექტემბერში მამა რომანოზს ახალი ქვითკირის შენობა უკვე მზად ჰქონდა, დარჩენილი იყო მხოლოდ შენობის ბოლო სართულზე ეკლესიის მოწყობა. იმერეთის საეპარქიო საბჭომ აღძრა საკითხი, რომ ამ შენობაში ორკლასიანი საეკლესიო სკოლა გახსნილიყო, რაზედაც თანხმობა მიიღეს. მამა რომანოზმა ამ საქმეში 600 თუმანი დახარჯა. 1901 წლის 23 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) აკურთხა ხარაგაულის ორკლასიანი სამეურნეო-საეკლესიო სკოლის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია. მიუხედავად უამინდობისა, მრავალმა ადამიანმა მოიყარა თავი სკოლის გარშემო. საღმრთო ლიტურგიაზე თანამწირველები იყვნენ იმერეთის ეპარქიის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურე, მღვდელი მელიტონ კელენჯერიძე, მღვდელი რომანოზ დეკანოსიძე და ადგილობრივი სამღვდელოება. „განიცადეზე“ მშვენიერი სიტყვა წარმოთქვა სკოლის მასწავლებელმა ბ. კ. კელენჯერიძემ, რომელმაც აღნიშნა ის ღვაწლი, რომელიც სკოლისა და ტაძრის დამაარსებელს, მღვდელ რომანოზ დეკანოსიძეს მიუძღვის ხარაგაულის საზოგადოების წინაშე. წირვის დასასრულს კი მეუფე ლეონიდემ მიმართა მრევლს ქადაგებით და ხალხის სახელით მამა რომანოზს დიდი მადლობა გამოუცხადა უანგარო მოღვაწეობისათვის, რომლის მაგალითიც ჩვენში იშვიათიაო... საბოლოოდ, მამა რომანოზმა ამ საქმეზე 10 000 მანეთი დახარჯა, რაც იმ დროს საკმაოდ დიდი თანხა იყო. აღსანიშნავია, რომ ამ სკოლაში მან თავად მოიწვია პედაგოგები: ერთი საღვთო სჯულის და ორიც - სხვადასხვა საგნების, გასამრჯელოსაც თავად უხდიდა. ამ დამსახურების გამო, 1903 წლის 6 მაისს მლვდელ რომანოზს კამილავკა ეწყალობა,ხოლო 1904 წლის 3 თებერვალს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1903 წელს მამა რომანოზმა სასწავლებლის ეკლესიის გვერდით, თავის ეზოში აღმართა საოჯახო სამარხი, ქვის მაღალი ძეგლით დამშვენებული. ამ სამარხში მან გადმოასვენა თავისი ცხრა წლის წინ გარდაცვლილი ერთადერთი ასული, რომელიც შვიდი წლის ასაკში გარდაიცვალა და სოფლის სასაფლაოზე ჰყავდა დაკრძალული. სამარხის კურთხევაზე მან მოიწვია ეპისკოპოსი ლეონიდე, კრებულით. 1903 წლის 7 ივნისს ჩატარდა სულის მოსახსენებელი წირვა და პანაშვიდი, რომლის შემდეგ ახალ სამარხში დაკრძალეს გარდაცვლილი გოგონას გვამი. პანაშვიდის დასრულების შემდეგ სიტყვა წარმოთქვა თბილისის სასულიერო სემინარიისა და საეპარქიო დედათა სასწავლებლის მასწავლებელმა ილია ფერაძემ: „საღმრთო განგებამ დაგაჭკნო უდროვოდ ჯერ გაუშლელ-გაუფურჩქვნელი ყვავილი, სიკვდილმა წარიტაცა შენი ნორჩი სიცოცხლე. შენი მშობლების და ნათესავების გული მწარედ მოსწყლა შენმა უდროვოდ გარდაცვალებამ... მაგრამ შენმა გულდამწვარმა მშობლებმა არ დაჰგმეს ღმერთი შენის სიკვდილის გამო და მიჰყვეს ხელი შენდამი მშობლიურ მხურვალე სიყვარულით გამსჭვალულებმა უხვსა ქველმოქმედებასა. კერძო სიყვარული ერთი შვილის მიმართ გააფართოვეს, გააზოგადეს, გარდაიტანეს თვის სოფლელთა ყველა შვილებზე. ეს ორკლასიანი სკოლის შენობა და მისი ტაძარი უტყუარი ძეგლია ამ განზოგადებულის სიყვარულისა. ამ სკოლაში დღეს სწავლობს ას ოცი მოწაფე, ორივე სქესისა. უხარის ჭეშმარიტად დღეინდელს დღესა შენს უმანკო სულსა. ეს დღეა დღე სიყვარულის და ქველმოქმედების გამარჯვებისა. მაშ, ვისურვოთ, რომ ამ სიყვარულით გამსჭვალულს მშობლებს, უდროვოდ გარდაცვალებულის ასულისას ლოცვითა და ზნეობითის გამხნევებითა ყოვლადსამღვდელო ლეონიდისათა, კვლავ განეგრძოთ თვისი საკეთილო მოღვაწეობა თვისთა თანა მემამულეთა ახალთაობის სასარგებლოდ. ჭეშმარიტად სადიდებელია შემოქმედის სახელი, რომელიც სიბნელეს აქრობს სინათლით და სიკვდილით პჰბადებს ცხოვრებას, რომელიც ერთის უბედურებაზე
ამყარებს ათასთა ბედნიერებას“. მამა რომანოზი
20-2 საპატრიარქოს უწყებანი N20 24-30მაისი, 2012წ გვ.19
დეკანოზი რომანოზი დეკანოსიძე 1834-1919 (გაგრძელება)
ასევე ანუგეშა და გაამხნევა ეპისკოპოსმა ლეონიდემ. თავის მხრივ, ქველმოქმედმა მოძღვარმა საზოგადოებას პირობა მისცა, რომ თავის სახლის ეზოში დააარსებდა დედათა სასწავლებელიც თავისი ასულის სახელობაზე. 1907 წლის 15 მაისს მღვდელი რომანოზი სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1911 წლის აღდგომას დეკანოზის წოდება მიენიჭა, ხოლო 1914 წლის 15 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა. XX საუკუნის 10-იან წლებში მან თავისი სიტყვაც შეასრულა და ხარაგაულში ერთსართულიანი ქვიტკირის შენობა ააშენა, სადაც ქალთა სასწავლებელი გაიხსნა. გარდა ქველმოქმედებისა და სკოლების გახსნისა, მამა რომანოზი იყო მოთავე ყველა კეთილი საზოგადო საქმისა ხარაგაულში. მის გარეშე არ წყდებოდა არც ერთი საკითხი და მოსახლეობა ყოველთვის ანიჭებდა უპირეტესობას მის აზრსა და გადაწყვეტილებას. ხარაგაულში ჩამოდიოდა პატარა მდინარე ჯიხველა,
რომელიც ადიდების დროს საშინელი გამანადგურებელი ძალით მოვარდებოდა და წალეკავდა ახლომახლო ადგილებს. რაც დრო გადიოდა, მით უფრო საშიში ხდებოდა მდგომარეობა. ადგილობრივმა ბოქაულმა ბ. გაგუამ შეკრიბა მოსახლეობა, სადაც სიტყვით გამოვიდა მამა რომანოზი და ურჩია ხალხს, წყალს ნუ წაალეკინებთ ოფლითა და სიმწრით აშენებულ ქონებასო. მან პირობა დადო, რომ 20 საჟენს თავისი ხარჯებით გააკეთებდა, ხოლო დანარჩენი საზოგადოებამ იკისროსო. მართლაც, მოსახლეობამ მოძღვარს დაუჯერა და მოიწვიეს სპეციალისტები ჯებირ-კედლების ასაშენებლად. მამა რომანოზის მეცადინეობის შედეგად ხარაგაულში დაარსდა საექიმო პუნქტი,ფოსტის შენობა, წიგნსამკითხველო, წვრილი კრედიტის ამხანაგობა და მომრიგებელი მოსამართლის ოთახი. დეკანოზი რომანოზი იყო შეუდარებელი ქველმოქმედი ადამიანი. მან თავისი ხარჯებით მრავალი სწავლას მოწყურებული ხარაგაულელი ახალგაზრდა გააგზავნა რუსეთისა და ევროპის უნივერსიტეტებში და ყოველწლიურად სტიპენდიის სახით მათ არსებობისათვის ფულსაც უგზავნიდა. დაუვიწყარია მისი ღვაწლი და ამაგი ხარაგაულის მოსახლეობისათვის. მისი საზრუნავი მხოლოდ ხარაგაული არ ყოფილა. იგი ასევე ეხმარებოდა მეზობელი სოფლის სამღვდელოებასა და ეკლესიებს. 1912 წლის „შინაური საქმეების“ ნომერ 43-ში ბაბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი რედაქციას წერდა: „უმორჩილესად გთხოვთ თქვენი პატივცემული გაზეთის საშუალებით უღრმესი მადლობა გამოუცხადო პირადად მე და მრევლის მხრითაც დეკანოზ რომანოზ დეკანოსიძეს, რომელმაც შესწირა ჩემდამო რწმუნებულ სამრევლოს ახლად აშენებულ სოფელ დეისის ეკლესიას ტრაპეზის მორთულობა და სხვადასხვა ნივთები, ღირებული ოცდაოთხი მანეთისა“.
დეკანოზმა რომანოზმა იშვილა და აღზარდა მისივე თანასოფლელი, ანანია კიკნაძე, რომელსაც შესაბამისი სწავლა-განათლება მიაღებინა. ანანია წლების განმავლობაში პედაგოგად მუშაობდა გორის მაზრაში, სოფელ ბეკამის სამრევლო სკოლაში, 1905 წელს კი მამა რომანოზის წარდგინებით იგი დიაკვნად აკურთხეს და დუშეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში განამწესეს, ხოლო 1912 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ხარაგაულის მაზრაშიი სოფელ თეთრიწყაროს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1912 წელს ჟურნალ „შინაური საქმეების“ რედაქტორი, ასევე ცნობილი საეკლესიო მოღვაწე და წმინდა მღვდელმოწამე სვიმონ მჭედლიძე, მამა რომანოზის შესახებ თავის ჟურნალის მე-4- მე-5 ნომერში წერდა: „ხარაგაულში მოღვაწეობს ჩვენი სასიქადულო მოძღვარი, დეკანოზი რომანოზ დეკანოსიძე. ამ ღირსეულმა მამამ ერთი წლის განმავლობაში მშვენიერი შენობა ააგო სკოლისთვის და ზემო სართულში მოაწყო ეკლესიაც. მანვე შესწირა მას საბაღე ადგილიც და ყველა ეს გადასცა იმერეთის სამოსწავლო საეპარქიო საბჭოს, რომლის შეფასებით მამა რომანოზის შემონაწირი სკოლის ქონება ღირს 14 000 მანეთი. ასეთი მსხვილი შეწირულება მოახერხა სოფლის მღვდელმა, რომლის სამრევლო ერთი ღარიბი სამრევლოთაგანია ზემო იმერეთში. მამა დეკანოზი დღეს თავს დასტრიალებს თავის ნაჭირნახულევ ორკლასიან სკოლას, როგორც გამგე და როგორც მზრუნველი მამა. მას ამხანაგად გვერდში უდგია მისი მეუღლე -- ნიჭიერი, მოქმედი და ნამდვილი მეოჯახე, პატივცემული დედა ანუსია. ბევრი სხვისი შვილი აღუზრდია პატიოსან ცოლ-ქმარს თავის საკუთარ უბეში და დაუსახლკარებია კიდეც. ეხლა ხომ ყოველ წელიწადს ასობით ბავშვი სწავლობს მათგან დაარსებულ სკოლაში და მათი მეოხებით გზას იკვლევენ ცხოვრებაში. როგორც გავიგეთ, მამა დეკანოსიძე ქალების სკოლის გახსნასაც აპირებს. ღმერთმა ხელი მოუმართოს! ამ პატიოსანი ცოლ-ქმრის სამსახურს არ დაივიწყებს ხარაგაულის პატარა კუთხე, მათი ქველმოქმედება მისაბაძავ მაგალითად დაიდება ჩვენ შორის.
20-3 საპატრიარქოს უწყებანი N20 24-30მაისი, 2012წ გვ.20
დეკანოზი რომანოზი დეკანოსიძე 1834-1919 (დასასრული)
მამა დეკანოზის ქველმოქმედება ცოცხლად მაგონებს განსვენებულ ეპისკოპოს გაბრიელის ქველმოქმედებას. როგორც გაბრიელმა, ისე მამა რომანოზმაც, თავის ჯანღონით ქვეყნითგან ნაშოვნი სიმდიდრე ისევ ქვეყანას უანდერძა. ჭეშმარიტად წასაბაძავი მაგალითია!“ დეკანოზი რომანოზი 1919 წლის 30 იანვარს, 85 წლის ასააკში, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ აღესრულა. მისმა გარდაცვალებამ ყველას გული დასწყვიტა. ხარაგაულის საზოგადოებამ, სამლვდელოებამ და მრევლმა დიდი პატივით მიაბარეს მისი ცხედარი ეზოში გამზადებულ სამარხში, სადაც მისი ასული განისვენებდა. ქართული პრესა ფართოდ გამოეხმაურა დამსახურებული დეკანოზის გარდაცვალებას, დაიბეჭდა სამძიმრის წერილები, ხოლო გაზეთ „ჩვენ ქვეყანაში“ მღვდელმა მიხეილ ბუაჩიძემ მოზრდილი წერილი მიუძღვნა მამა რომანოზის ამქვეყნიდან გასვლას. აი, რას წერდა იგი: „ძველი დარბაისელი და ღვთის მოსავი მოძღვრები თანდათან გვეცლება ხელიდან. ერთი ასეთი მოძღვართაგანი ამ დღეებშიც მოგვტაცა ულმობელმა სიკვდილმა. მართალია, განსვენებული დეკანოზი რომანოზი შინაური განათლებით იყო აღჭურვილი, მაგრამ ბუნებისგან უხვად იყო დაჯილდოებული კაცთა სიყვარულით. ამ კაცთა სიყვარულს შეალია მან მთელი თავის სიცოცხლე და ქონება. თავის მომჭირნეობით შეგროვილი სიმდიდრე განსვენებულმა ხალხის საკეთილდღეო საქმეებს მოახმარა. დაბა ხარაგაულში ააგო მშვენიერი თლილი ქვისგან ორსართულიანი შენობა. ამ შენობის ქვედა სართული სასწავლებელს დაუთმო, ზედა კი ეკლესიად მოაწყო. რამდენიმე წლის განმავლობაში აღნიშნულ სასწავლებელს თავისი ხარჯით ინახავდა. პირველ ხანებში ეს სასწავლებელი შერეული იყო დაორივე სქესისათვის, მაგრამ როდესაც მოსწავლეების რიცხვი გადიდდა და სასწავლებელმა ვეღარ დაიტია და შეუძლო გლეხის შვილები სასწავლებლის გარეთ რჩებოდნენ, განსვენებული ამ გარემოებამ დიდათ შეაწუხა და ახალი სასწავლებლის დაარსება გადაწყვიტა. ასეთი გადაწყვეტილება მალე მოიყვანა სისრულეში. თავის ეზო-გარემოს კარგა მოზრდილი ადგილი ჩამოსჭრა და ზედ ერთსართულიანი მშვენიერი ქვითკირის შენობა წამოჭიმა, ეს შენობა შიგ-ნით და გარეთ მორთო, მოაწყო სასწავლებლისათვის და საგანგებოდ საქალებო სასწავლებლად აქცია. ასე ამ რიგად, პირველი სასწავლებელი, რომელსაც ანუსია-რომანოზის სასწავლებელი დაარქვა, ვაჟებს “ მიუჩინა, და მეორე, რომელსაც თავის ერთადერთი გარდაცვალებული შვილის „მანიკას“ სახელი უწოდა - შეუძლო და ღარიბ ქალიშვილების თავშესაფრად და სასწავლებლად გახდა. განსვენებული, თავის მეუღლით, როგორც საყვარელ შვილებს, ისე დასტრიალებდნენ ამ სასწავლებლებს თავს. ღარიბები ამ სასწავლებლებში არამც თუ სასწავლო ფულს იხდიდნენ, სამოსწავლო წიგნებსაც და ხშირად ტანისამოსსაც უფასოდ ღებულობდნენ სასწავლებლის დამაარსებლისაგან. სასწავლებლების გარდა სხვა სფეროშიაც ტრიალებდა მადლიანი ხელი განსვენებული დეკანოზისა. უდედმამო შვილების აღზრდა და მოსწავლე ახალგაზრდობის დახმარება ჩვეულებრივი მოვლენა იყო მის ცხოვრებაში. ასეთი პირები ჯერ კიდევ მის გაუცივებელ გვამს თავს ახვევიან და მათი ვინაობის დასახელება უხერხულია, და მოვა დრო, როდესაც თვითონ ეს პირები გამოამზეურებენ განსვენებულის მოღვაწეობას. თავის ოჯახურ ცხოვრებაში მამა რომანოზი იყო მეტად შრომისმოყვარე ადამიანი. ხშირად თვითონ თოხნიდა, მარგლიდა, ვენახს სხლავდა, ვაჟკაცობის დროს ხნავდა კიდეც. ასეთმა შრომამ ნაყოფი გამოიღო და ამ ნაყოფით დღეს ის ხალხი ტკბება, რომელმაც წარმოშვა განსვენებული დეკანოზი. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი“.