თამარ დეკანოსიძე (დ. 3 ნოემბერი, 1922, ხარაგაული, — გ. 23 ივლისი, 2008, თბილისი)
ქართველი პათოლოგანატომი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1983), საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1973). მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1966), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1976). თბილისის საპატიო მოქალაქე (2002).
1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (თსსი). 1943-1969 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი, 1969-1973 წლებში — ჰისტოლოგიის და ემბრიოლოგიის კათედრის გამგე; 1973-1996 წლებში — პათოლოგიური ანატომიის კათედრის გამგე; 1943-1990 წლებში მუშაობდა თბილისის სხვადასხვა დაწესებულებების პროზექტორად. 1980-2000 წლებში იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი პათოლოგანატომი, 1984-1999 წლებში — საქართველოს პათოლოგ-ანატომთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. მონაწილეობდა თბილისში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის მუშაობაში. დეკანოსიძის სამეცნიერო შრომები ეხება საქართველოში სექციური მასალის ანალიზს ნოზოლოგიური პროფილის დადგენის მიზნით, ნერვულქსოვილოვან ურთიერთობებს ნორმალური და პათოლოგიური ზრდის პირობებში გეროგენული ცვლილებების მორფოლოგიური საფუძვლებს, სამედიცინო-ბიოლოგიური პროცესების შეფასების აუცილებლობას სინერგეტიკის პოზიციებიდან (მოლეკულური ბიოლოგია, ბიოფიზიკა). 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საქართველოს კომუნისტური პარტიისგან. ხელი აქვს მოწერილისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
ავტორია 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, გამოქვეყნებული აქვს 6 მონოგრაფია, მათ შორის „შეგუებისა და კომპენსაციური პროცესების მორფოფუნქციური საფუძვლები“, რომელშიც მიენიჭა ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემია 1962 წელს. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 187 საკანდიდატო და 72 სადოქტორო დისერტაცია. მის სახელს უკავშირდება საქართველოში პათოლოგიური ანატომიის სამსახურის (1968), ჰისტოლოგიის და ემბრიოლოგიის სწავლების (1969), პათოლოგიური ანატომიის სწავლების რეორგანიზაცია (1973), იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის სარედაქციო საბჭოს და ჟურნალ „Архив патологии“-ს რედ. კოლეგიის წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997).