„მწყემსი გონიერთა ცხოვართა“ მღვდელი ნიკოლოზ ციბაძე 1835-1903
მღვდელი ნიკოლოზიესეს ძე ციბაძე 1835 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ფარცხანაყანევში, ღარიბი გლეხის ოჯახში დაიბადა. ოჯახს მატერიალურად უჭირდა, რის გამოც პატარა ნიკოლოზი სასწავლებელში ვერ მიაბარეს. იგი მამის ოჯახში ცხოვრობდა და მშობლებს სასოფლოსამეურნეო საქმიანობაში ეხმარებოდა.
ხანდახან მინდორში ცხვრებსა და ძროხებს მწყემსავდა. შემდგომში იგი ხშირად იხსენებდა, რომ სწორედ მწყემსობის პერიოდში დაებადა აზრი, გამხდარიყო „მწყემსად გონიერთა ცხოვართა“. მართლაც, ოცდაორი წლის ასაკში, მიუხედავად მშობლების წინააღმდეგობის, ნიკოლოზმა დატოვა ოჯახი და ადგილობრივ მღვდელთან მივიდა, რომელთანაც მოჯამაგირედ მსახურება იმ პირობით დაიწყო, რომ მოძღვარი მას წერა-კითხვას ასწავლიდა და საეკლესიო მსახურებისთვის მოამზადებდა. მშობლებმა ნიკოლოზი არ მოასვენეს, ხშირად აკითხავდნენ და სახლში დაბრუნებას სთხოვდნენ. ამის გამო მან მშობლიური სოფელი დატოვა და გელათის მონასტერში მივიდა, სადაც დიდი მონდომებითა და სიყვარულით დაეწაფა სწავლას. რამდენიმე წელმა განვლო შრომასა და მორჩილებაში. მონასტრის ბერებმა გულით შეიყვარეს ახალგაზრდა და მოწადინებული მორჩილი, რომელიც ყველა დავალებასა და მორჩილებას დაუზარლად ასრულებდა. სამწუხაროდ, მშობლებმა აქაც არ მოასვენეს სწავლას მოწყურებული შვილი, რის შემდეგაც ნიკოლოზი იძულებული გახდა, საერთოდ წასულიყო დასავლეთ საქართველოდან. იგი ქართლ-კახეთის ეპარქიაში გადავიდა და სხვადასხვა მოძღვრებთან რამდენიმეწლიანი მომზადების შემდეგ ზედმიწევნით განისწავლა სასულიერო საგნებში. როდესაც ნიკოლოზმა თავი მომზადებულად ჩათვალა, მან თხოვნით მიმართა საქართველოს ეგზარქოს ევსევის (ილინსკი), სადმე თავისუფალი მედავითნის ადგილზე დაენიშნათ. ეგზარქოსის ლოცვა-კურთხევით, ნიკოლოზი ანანურისა და ფასანაურის სამრევლოებში განამწესეს. იწვნია რა თავის თავზე გაჭირვება და უსახსრობა, მან მიზნად დაისახა, აღეზარდა პატარა ბავშვები და მათთვის განათლება მიეცა. ნიკოლოზმა ეკლესიასთან გახსნა სკოლა, სადაც უსასყიდლოდ ასწავლიდა პატარებს წერა-კითხვას, ლოცვებს, საღმრთო ისტორიას. უმაღლეს საეკლესიო მმართველობას მისი ერთგული სამსახური უყურადლებოდ არ დარჩენია. 1867 წელს ეგზარქოსმა ევსევიმ ნიკოლოზი დიაკვნად აკურთხა და ხევში, სოფელ სტეფანწმინდის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში განამწესა. დიაკონმა ნიკოლოზმა სტეფანწმინდაშიც გახსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა და დაუზარლად და უსასყიდლოდ ამეცადინებდა ბავშვებს. აი, რას წერდა 1880 წელს გაზეთი
37-1 საპატრიარქოს უწყებანი N37 7-13 ნოემბერი 2013წ გვ.19
„მწყემსი გონიერთა ცხოვართა“ მღვდელი ნიკოლოზ ციბაძე 1835-1903(გაგრძელება)
„დროება“ მისი მოღვაწეობის შესახებ: „სტეფანწმინდის საზოგადოებაში იპოება ორმოციოდე მოსახლე, რომელთაც იციან წერა-კითხვა. ამათთვისაც უსწავლებია ერთს უბრალო მთავარდიაკონს, რომელსაც შინაურულად მოუკიდნია ხელი ამ კეთილი საქმისათვის 1867 წელს. ამ წელს დაუნიშნავთ სტეფანწმინდაში მიხაილ მთავარანგელოზის ეკლესიაში მთავარდიაკვნად ნიკოლოზ ციბაძე, რომელმაც თავი გამოიჩინა საკვირველის ნიჭიერებით ბავშვების სწავლებაში. ამ პატიოსანმა პირმა შესანიშნავის ზრუნვით და მეცადინეობით მიიზიდა აქაური გლეხის შვილები და შეძლებისამებრ ცდილობდა იმათ აღზრდას. მაგრამ ბოლოს ის მსხვერპლი გახდა უსვინდისო პირების მოქმედებისა: რაღაცა მიზეზებით სოფელმა მისცა საჩივარი, ზოგიერთი პირების ჩაგონებით ამ ციბაძეზე, და ეს სასარგებლო პირი გადაიყვანეს ხევიდგან და ამდენი ბავშვები მოაკლეს ამისთანა ბეჯით მასწავლებელს“. XIX საუკუნის 70-იან წლებში დიაკონი ნიკოლოზი იმერეთის ეპარქიაში დაბრუნდა და ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) ლოცვა-კურთხევით გეგუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა. 1882 წელს ეპისკოპოსმა გაბრიელმა მღვდლად დაასხა ხელი და ბაში-ეწერის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. მღვდელი ნიკოლოზი იყო სამაგალითო მლოცველი და მშრომელი მოძღვარი, გაჭირვებულთა გულშემატკივარი და შემწეობის აღმომჩენი. მიუხედავად იმისა, რომ სემინარიაში არ ჰქონდა მიღებული განათლება, თითქმის ყოველი წირვის შემდეგ შესაფერისი ქადაგებით მიმართავდა მრევლს. მისი წარმოთქმული სიტყვა ადვილი გასაგები იყო უბრალო ადამიანებისთვის. საეკლესიო მსახურების შემდეგ მამა ნიკოლოზი დაუზარლად მუშაობდა თავის მამულში. ამუშავებდა ყანას, ვენახს, ბაღს, ტყიდან თავად მოჰქონდა შეშა და ამით შრომის სიყვარულის ცოცხალ მაგალითს აძლევდა მრევლს. იგი ასე მიმართავდა ხალხს: „უშრომელად ცხოვრება სირცხვილი და თანაც ცოდვა არის; ღმერთმა გვიბრძანა პატიოსნად ვიშრომოთ და მას კი ვევედროთო ლოცვითო და სხვ...“ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მამა ნიკოლოზს სულითა და გულით უყვარდა ბავშვებთან ურთიერთობა. ეკლესიის გალავანში არსებულ თავის სენაკში იგი ხშირად შეკრებდა ხოლმე სოფლის პატარებს და ასწავლიდა მშობლიურ ენაზე წერა-კითხვას, ლოცვებს, შემოკლებულ კატეხიზმოს, საზოგადოდ “- ქრისტიანული ცხოვრების ანბანს. განსაკუთრებით უყვარდა მოძღვარს საეკლესიო მსახურება და წირვა-ლოცვა. იგი ყოველ დილა-საღამოს, სადილ-ვახშმობის დაწყებამდე ხანგრძლივად და სასოებით ლოცულობდა. თითქმის ყოველ ალიონზე ასრულებდა სრულად ცისკრის ლოცვებს. მის საყვარელ ლოცვებს შეადგენდა საღმრთო წერილიდან ამორჩეულ- ამოკრებილი სიტყვები: „შეგიყვარო შენ, უფალო, ღმერთო ჩემო“, „უფალო, და- „ მამტკიცებელო ჩემო და შესავედრებელო ჩემო“. იგი მტკიცედ იდგა სარწმუნეობაზე და შეუდრეკელად იცავდა ეკლესიის ავტორიტეტს. მოძღვარი გვერდით ედგა ყოველ კეთილ წამოწყებას, იქნებოდა ეს სკოლების გახსნა, ეკლესია-მონასტერთა აშენება-რესტავრაცია, გზების შეკეთება და სხვ. არ უყვარდა პირში მომფერებელი და ფარისეველი ადამიანები და მათ მაშინვე ამხელდა ცუდ მიდრეკილებებზე. საეკლესიო ჯილდოებზე მამა ნიკოლოზს თავისი შეხედულება ჰქონდა. იგი თვლიდა, რომ: „ჯილდო“ მისებურად „სვინდისი“, ყოველ ადამიანს ღვთისაგან ეძლევა და ვინც მას უმანკოდ შეინახავს და გონივრულად გაუძღვება, ის არის ნამდვილი ადამიანი“. მოძღვარი ცდილობდა სარწმუნოება, შრომა და ცხოვრება ერთმანეთთან დაეკავშირებინა. თავისი გულწრფელი ხასიათითა და მოღვაწეობით მან სამღვდელოებასა და მრევლში დიდი ავტორიტეტი და პატივისცემა მოიპოვა. წლების განმავლობაში დაუზარელმა შრომამ, ასკეტურად ცხოვრებამ და მოღვაწეობამ გამოფიტა მისი სხეული. 68 წლის ასაკში, 1903 წლის შობის მარხვაში მოძღვარი მძიმედ დასნეულდა. ორი კვირა ებრძოდა სიკვდილს და ამ ხნის განმავლობაში ერთი აუგი არ დასცდენია პირიდან. გამუდმებით ლოცულობდა და უფალს სამშობლოს კეთილდღეობასა და ცოდვათა მიტევებას ევედრებოდა. ვალმოხდილი აღესრულა 1903 წლის დეკემბერში. მღვდელ ნიკოლოზის დაკრძალვაზე მობრძანდა იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე), თავისი კრებულით და პატივი მიაგო განსვენებული მოძღვრის ხსოვნას. მან ჯერ ოჯახში გადაიხადა პანაშვიდი, ანუგეშა მამა ნიკოლოზის ქალ-ვაჟი და დიდი სიყვარულით გაიხსენა მისი ერთგული და თავდადებული სამსახური დედაეკლესიის წინაშე. ამის შემდეგ ეკლესიაში აღასრულა წირვა და წესის აგებაც მეუფე ლეონიდემ თავად შეასრულა ურიცხვი სამღვდელოების თანამწირველობით. გულდამწვარმამრევლმა მამა ნიკოლოზის ცხედარი დიდი მოკრძალებით მიაბარა მიწას.საუკუნოდ იყოს ხსენება ნეტარხსენებული და პატიოსანი მოძღვრისა ნიკოლოზ ციბაძისა, ამინ.