„დაანებეთ ამდენთ მორწმუნეს ეკლესია“ ეპისკოპოსი იოანე (ფანცულაია) 1866 –- 1937
ეპისკოპოსი იოანე, ერისკაცობაში –- ბარნაბა იოანეს ძე ფანცულაია 1866 წლის 16 აპრილს ქუთაისის გუბერნიაში, სენაკის მაზრის სოფ. ბანძაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1876-1884 წლებში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1884-1890 წლებში სოხუმის ეპარქიის სხვადასხვა სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლებში
რიგით პედაგოგად მუშაობდა. 1885 წლის 18 მარტს რეპის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1890 წელს რეპ-შეშელეთის სამრევლო–საეკლესიო სკოლის მასწავლებელია.
1891 წელს ბარნაბამ ჯვარი დაიწერა მარიამ სესირყვას ასულ მერჭულეზე (დაბ. 1876წ.), რომელიც 1917 წელს გარდაიცვალა. დარჩა შვილები: ვერა
(დაბ. 1896წ., დაამთავრა ფოთის ქალთა გიმნაზია), პანტელეიმონი (დაბ. 1899წ.), ნეონილა (დაბ. 1901წ.), ნადეჟდა (დაბ. 1902წ.), იოანე (დაბ. 1903წ.), თეოდოსი (დაბ. 1906წ.), ვარლაამი (დაბ. 1908წ.).
1893 წლის 6 იანვარს სოხუმის ეპისკოპოსმა აგათოდორემ (პრეობრაჟენსკი) ბარნაბა დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 10 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და მეორე ბედიის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ტაძარში დანიშნა. 1893 წლის 21 ნოემბერს გუპის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1906 წლის 13 თებერვალს
საგვერდულით დაჯილდოვდა. 1910 წელს სოხუმის „ოკრუგის“ II ოლქის მთავარხუცეს, დეკ. დიმიტრი მარღანიას მოხსენების შედეგად დროებით ჩამოერთვა სასულიერო ხარისხი. 1912 წლის 20 ოქტომბერს პლასტუნკის ქართული დასახლების წმ. ნინოს სახ. ტაძარში მედავითნის შტატში განამწესეს. 1913 წლის 8 თებერვალს აღუდგინეს მღვდელმოქმედება და ილორის წმ. გიორგის სახ. ტაძრის უშტატო მღვდელმსახურად დაინიშნა. 1914 წლის 17 მარტს აკაპო-კელასურის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს. 1920 წელს წარჩეს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. მამათა მონასტერში ბერად აღიკვეცა და სახელად იოანე ეწოდა. 1921 წელს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა იოანემ (მარღიშვილი) იღუმენის წოდება მიანიჭა და წარჩესა და ფუწყურის მამათა მონასტრების წინამძლვრად დაადგინა. 1925 წელს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) ლოცვა-კურთხევით, იღუმენი იოანე რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებაში გადავიდა და მოსკოვში, მაცხოვრის სახ. საკათედრო ტაძრის უშტატო მღვდელმსახურადდაინიშნა. იმავე პერიოდში „ობნოვლენცური“ ეკლესიის გავლენის ქვეშ მოექცა. 1925 წელს რუსეთის „ობნოვლენცური“ წმ. სინოდის თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ბენიამენმა (მურატოვსკი) არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა და ქ. ორიოლის ღვთისმშობლის საფარველის სახ. საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ განამწესა.
1926 წლის 30 ოქტომბერს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ორიოლის ეპარქიის ქორეპისკოპოსად დაინიშნა. 1927 წლის 25 ივნისს ციმბირში, ტიუმენ-იალუტროვსკის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს, სადაც რვა თვე იმსახურა. 1928 წლის თებერვალში, ავადმყოფობის გამო, რაც გამოწვეული იყო ფილტვების ანთებით, თავი დაანება სამსახურს. ეპისკოპოს სერგის (ლარინი) გადმოცემით, 1928 წელს ეპისკოპოსი იოანე ქ. მოსკოვში ჩავიდა და „დედაქალაქში ბარტყულითა და პანაღიით დადიოდა. იყო ახირებული და უცნაური ხასიათის, უყვარდა ფუფუნება“. 1928 წელსვე საქართველოში დაბრუნდა. უმეტესად ცხოვრობდა აფხაზეთში, ქ. სოხუმში, თავის საკუთარ სახლში.
1933 წლის 12 ივლისს ფოთის (ნახუჰე ტურუს) საკათედრო ტაძრის სამრევლო კრებამ, პელაგია საბახთრიშვილის თავმჯდომარეობით, მოისმინა განცხადება დეკ. იოანე ბობოხიძისა, რომ ის პირადი საქმეებისა გამო თავს ანებებს სამრევლო საბჭოს თავმჯდომარეობას და დაადგინა: „1) ფოთის საკათედრო ტაძრის სამრევლო საბჭოს თავჯდომარედ არჩეულ იქნეს ეპისკოპოსი იოანე (ფანცულაია), რომლის განკარგულებაში გადაეცეს საკრებულო სახლი, მდებარე ძველი სობოროს ეზოში,
32-1 საპატრიარქოს უწყებანი N32 2-8ნოემბერი 2017წ გვ.19
„დაანებეთ ამდენთ მორწმუნეს ეკლესია“ ეპისკოპოსი იოანე (ფანცულაია) 1866 –- 1937 (გაგრძელება)
ხოლო მედავითნის ადგილზე -- მღვდელ-მონაზონი ექვთიმე (ნანეიშვილი); 2) დაბეჯითებით ეთხოვოს დეკ.ი. ბობოხიძეს, დარჩეს ფოთში საკათედრი ტაძრის წინამძღვრად, ყოველ შემთხვევა- ში მაშინ, როცა ის იცხოვრებს ფოთში და მომავალშიაც განაგრძოს თავის გონივრული ხელმძღვანელობა ფოთში საეკლესიო საქმეებისა; 3) ეთხოვოს საკათალიკოსო სყნოდს, დააჩქაროს ეპისკოპოს იოანეს დანიშვნა ჭყონდიდის კათედრაზე, რომ მღვდელმთავრის ყოფნამ ფოთში და მისმა გაბრწყინებულმა წირვამ, რასაც
ფოთელები შეჩვეულნი არიან, ეგებ მოაბრუნოს ფოთელ მორწმუნეთა გული ეკლესიისაკენ; 4) მიენდოს ეპ. იოანეს, რადგან თომა ჩიქვანაია ფოთში არ ჩამოვიდა, მის უწმიდესობას გაუკეთოს სიტყვიერი მოხსენება ფოთში საეკლესიო საქმეების მდგომარეობის შესახებ... რომ დეკ. ბობოხიძის გონივრულ მოქმედებას არ გამოესწორებია საქმე,
დღეს ნახუტურის ეკლესიაც დარღვეული იქნებოდა, სობორიც დაკეტილი და ფოთში არ იქნებოდა არც ერთი ეკლესია და რომ დეკ. ი. ბობოხიძე სასულიერო მთავრობის მხრით ღირსია არა საყვედურისა, არამედ დაჯილდოებისა, როგორც ფრიად გონიერი და კეთილი მწყემსი ქრისტეს ეკლესიისა“.
1933 წლის 18 ივლისს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) ამ წერილს შემდეგი მინაწერი გაუკეთა: „ვიღებ რა მხედველობაში საკათალიკოზო სინოდის პლენუმის განჩინებას, რომლითაც ჭყონდიდის ეპარქიაში, სადაც ოფიციალური ცნობით მოქმედებს მხოლოდ ერთი ეკლესია, ამჟამად საკუთარი მღვდელმთავრის დანიშვნა შეუძლებლად მიმაჩნია“. 1935 წლის 8 მარტს ეპისკოპოსი იოანე ქ. თბილისში, საკათოლიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველსა და სიონის საპატრიარქო ტაძრის კანდელაკ, დეკ. მიხეილ ნაცვლიშვილის სწერდა: „ცხადია, რომ, როგორც თქვენ, აგრეთვე ჩვენც, არ დაგვიკ- ლია მეცადინეობა, რომ დაგვეკმაყოფილებინა მორწმუნე საზოგადოების და ჩვენი გული, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოგვდის. პატივსადებმა პირებმა, მორწმუნე და არამორწმუნემ, არ მირჩიეს გაჩერება, ვინაიდან მონდომებულნი არიან, გამოგიწყონ საქმე ისე, რომ შენ დაგაბრკოლონო, ასე გიქნან, ისეოდა ეკლესია კლუბად გახადონო და ასე მირჩიეს ამ დროებით თავის შველა, სანამ აქ მორწმუნე ხალხი საქმეს გამოაწყობსო სასულიერო და სამოქალაქო მთავრობის მეოხებით. 7 მარტს წამოვედი სოხუმში სახლში. ამასობაში 7 კაცი აბაშის რაიაღმასკომმა დაიბარა 5 მარტს და შეაშინეს,
სხვადასხვა მუქარობით და 4000 ნალოგი შეაწერეს. მეორე დღეს მე დამიბარეს და მითხრა აღმასკომმა, ვითომ ხალხს ვაბუნტებდი, და რომ ხალხს არ უნდა ეკლესია და
მე ვაძალებ და სხვ. მამაო მიხეილ, თუკი მათმა უწმინდესობამ არ ინება გავლენა ცაკთან, რომ უბრძანოს აბაშის აღმასკომს, „დაანებეთ ამდენთ მორწმუნეს ეკლესია“ -–- ვერაფერი გა- ეწყობა.. მართალია, რომ როგორც გამაგებინეს, რომ დავრჩენილიყავი, ისეთ მახეს დამიგებდნენ, რომ ციხეში ჩამსვამდნენ და ეკლესიას თავისი საქმისთვის მოიხმარდნენ ხის ეკლესია, იმისთანა ძვირფასი და მშვენიერი, ლამაზი და მტკიცე მე არ მინახავს ჯერ არსად თავისი არხიტექტურით და სახურავით... ერთობ დაკარგულია“. სამწუხაროდ, ეპისკოპოსი იოანე წერილში არ ახსენებს, რომელ ეკლესიასა და სოფელზეა საუბარი. როგორც ჩანს, მას უნდოდა ტაძრის გახსნა და ოფიციალურად დარეგისტრირება, რაშიც
მას აბაშის აღმასკომმა შეუშალა ხელი და იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა იქაურობა. 1935 წლის 27 ნოემბერს ჭყონდიდის საეპარქიო საბჭოს თავმჯდომარის, დეკ. იოანე ბობოხიძის გადაწყვეტილებით, ეპისკოპოსი იოანე დროებით სუჯუნის წმ. გიორგის სახ. ტაძარში საეკლესიო წესების შესასრულებლად მიავლინეს. მას უნდა შეესრულებინა ყოველივე მღვდელთმოქმედება, გარდა სამღვდელოთ ხელდასხმისა. ვითომდა, ყველაფერი კარგად უნდა წარმართულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ეპისკოპოს იოანესა და სუჯუნის ტაძრის წინამძღვარს, მღვდელ პეტრე კუციას შორის ურთიერთობა თავიდანვე ვერ დალაგდა. 1936 წლის 16 იანვარს პეტრე მღვდლის მიერ უწმინდეს კალისტრატესადმი გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: „. „მე რაც შემეძლო სიხარულით და პატივისცემით შევეგებე როგორც ეპისკოპოს ეკადრებოდა. პირველ კვირას მოითხოვა წირვა, მე ერთი ხელი შესამოსი მაქვს, ჩემი შესამოსელით შეიმოსა და ისე წირა, რაც ეპისკოპოს არ ეკადრება. შემდეგ კვი-
32-2 საპატრიარქოს უწყებანი N32 2-8ნოემბერი 2017წ გვ.20
„დაანებეთ ამდენთ მორწმუნეს ეკლესია“ ეპისკოპოსი იოანე (ფანცულაია) 1866 –- 1937 (დასასრული)
რეებში სულ მან მოინდომა წირვა და მე კი გარედ დავრჩი უწირავად... ვერ მოვითმინე, რადგანაც ხსენებულ ეკლესიის არსებობას შევსწირე ჩემი თავი, არ დავიშურე ჩემი ქონება და რაც მქონდა, ყოველიფერი დავკარგე, დამხმარე არავინ მყავდა და ეხლა სულის მეტი არაფერი არ გამაჩნია. ეხლა უკანასკნელად სარწმუნო წყაროდან გავიგე, რომ ყოვლადსამღვდელო ფანცულაია ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსად არ ყოფილა მიჩენილი, არამედ მას თვითონ უთხოვნია ჭყონდიდის ეპარქიის მთავარხუცესობა. ჭყონდიდის ეპარქიაში არის მხოლოდ ორი მოქმედი ეკლესია: ფოთში და სუჯუნაში. რაც შეეხება მთავარხუცესობას, 1928 წლიდან მე ვიყავი სუჯუნის ოლქში. ამისათვის უმორჩილესად გთხოვთ, არც მე შემიყვანოთ შეცდომაში; მართლა ყოვლადსამღვდელო ფანცულაიაა ეხლა ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსი? თუ არის, სიმართლე მეცნობოს და მეც დავემორჩილები თქვენი უწმინდესობის განკარგულებას და ვემსახურები საკადრისად. 1936 წლის 17 იანვარს უწმიდესმა კალისტრატემ ამ წერილს ასეთი რეზოლუცია დაადო: „ეცნობოს მამა პეტრე
კუციას, რომ ყოვლადსამღვდელო იოანე არ არის დანიშნული არც ჭყონდიდლად და არც მთავარხუცესად. სუჯუნის ეკლესიაში მას ყოვლადსამღვდელოს შეუძლია წირვა მხოლოდ მამა კუციასთან შეთანხმებით. წესების შესრულებაც სუჯუნის სამრევლოში უნდა ხდებოდეს მამა კუციასთან შეთანხმებითვე. გაეგზავნოს მამა კუციას ყოვლადსამღვდელოსათვის მიცემული მანდატის პირი, -- ცნობისათვის და სახელმძღვანელოდ“. სამწუხაროდ, ეპისკოპოსი იოანე 1937-1938 წლების რეპრესიების მსხვერპლი გახდა. იგი დააპატიმრეს სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 (აგიტაცია ან პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას) მუხლის საფუძველზე და 1937 წლის 12 ნოემბერს გაასამართლეს. მას ასევე ბრალი დასდეს იმჟამად უკვე ხალხის მტრად გამოცხადებულ აფხაზ კომუნისტ ნესტორ ლაკობასთან კავშირში და სამეულმა მას დახვრეტა მიუსაჯა, რაც იმავე წლის 15 დეკემბერს სისრულეში მოიყვანეს. ეპისკოპოს იოანეს სურათი შემორჩენილი არ არის. იგი XX საუკუნის ერთადერთი ქართველი მღვდელმთავარია, ვისი ფოტოც ამ ეტაპზე არ მოგვეპოვება. მას რამდენიმე შვილი დარჩა და სავარაუდოდ, მისი შთამომავლები მრავლად უნდა იყვნენ დარჩენილნი. იქნება ამ სტატიამ, ღვთის შეწევნით, გვაპოვნინოს წმ. მღვდელმოწამე იოანეს ერთი სურათი მაინც.