გივი ფანცულაია 29.08,1984 – 26.07.2012 კაპრალი
საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდა ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში. 2012 წლის იანვარში დაიჭრა ნაღმტყორცნის ჭურვით. 6-თვიანი მკურნალობის მიუხედავად, ჯარისკაცი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა 27 ივლისს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში.
ოჯახის წევრები, დედას ორი თვე უმალავდნენ ავღანეთში სასიკვდილოდ დაჭრილი შვილის მდგომარეობას... კომაში მყოფ ქართველ ჯარისკაცს, ორი თვე გერმანიაში, შემდეგ კი გორის ჰოსპიტალში მკურნალობდნენ უიმედოდ... რეანიმაციის განყოფილებაში მართვითი სუნთქვის აპარატზე იყო, ექვსი თვის შემდეგ გულის ფეთქვა შეწყდა...
6 იანვარს, ჰელმანდიის პროვინციაში მტრის ნასროლი ნაღმტყორცნის ჭურვით დაჭრილ რამდენიმე ჯარისკაცს შორის, ერთ-ერთი გივი ფანცულაია იყო. აფეთქების შემდეგ, დაჭრილების დასახმარებლად მისულ ქართველ ჯარისკაცებს, გივი უკანასკნელ სიტყვებს ეტყვის – „მე არაფერი მიჭირს, სხვებს მიხედეთო“... არადა, ყველაზე მძიმედ თვითონ იყო დაჭრილი... ფეხზე ჭრილობა საკუთარი ხელით გადაუხვევია და გონება დაუკარგავს...
კაპრალი გივი ფანცულაია, სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში დაიბადა. ის ოჯახში მეორე შვილი იყო...
მამუკა ფანცულაია, გივის მამა: „ძალიან წყნარი, მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი იყო. დიდთან დიდი იყო და პატარასთან პატარა. სკოლაში კარგად სწავლობდა, მაგრამ ყოველთვის სპორტსმენობაზე ოცნებობდა. გარკვეული პერიოდი რაგბსაც თამაშობდა, მაგრამ მალევე დაანება თავი. მეცხრე კლასიდან გამოსვლის შემდეგ სენაკის ტექნიკუმში, ეკონომიკურ ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. შემდეგ ჯარში გაიწვიეს და ერთი წელი თბილისში, დაცვის სამსახურში მოიხადა სავალდებულო. მისი დამთავრების შემდეგ ოთხწლიან კონტაქტს მოაწერა ხელი და კომანდოში ჩაირიცხა. ქუთაისში მსახურობდა. კონტრაქტის დამთავრებამდე სამი თვე ჰქონდა დარჩენილი... როდესაც სახლში თქვა, კონტრაქტით უნდა შევიდე ჯარშიო, მე და ჩემი მეუღლე სასტიკი წინააღმდეგები ვიყავით, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა. ჯიუტი იყო და რასაც იტყოდა, ვერ გადაათქმევინებდით. პირველი ხელფასით საოჯახო ნივთები შეიძინა. ამბობდა, ახლა ჩემი ძმა უნდა დავნიშნო და მერე მეც დავქორწინდებიო... სამომავლოდ გერმანიაში ფიქრობდა წასვლას, იქ ბევრი მეგობარი მყავს და ვიმუშავებო... სახლში ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. ჰყავდა თუ არა თვითონ შეყვარებული, ეგეც არ ვიცით...
პირველად, ავღანეთში, 2011 წელს წავიდა, შვიდი თვე იმსახურა... მეორედ, რვა თვის შემდეგ წავიდა და რამდენიმე თვეში უკან უნდა დაბრუნებულიყო“...
ალიკა ბაღათურია, გივის მეგობარი: „მე და გივი ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით. ძალიან მშრომელი და უანგარო ბიჭი იყო. თუ ვინმესთვის რამის გაკეთება შეეძლო, არაფერს იშურებდა. ძალიან ბევრს ეხმარებოდა. მეც დამხმარებია რამდენჯერმე ფინანსურად... თვითონ, ძალიან გაჭირვებულ ოჯახში იზრდებოდა და კარგად იცოდა რა იყო გაჭირვება...
წასული რომ იყო, ხშირად ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს, ძირითადად სოციალური ქსელით ვწერდით. მე რომ მომიკითხავდა, მერე თითოეული ჩვენი ძმაკაცის ამბებს კითხულობდა, ის როგორ არის, ეს როგორ არისო... სანამ დაიჭრებოდა ერთი კვირით ადრე მომწერა. იმ დღესაც ჩვეულებრივ მოვიკითხეთ ერთმანეთი... მანდ რა ხდება, მომიყევი-მეთქი, ვკითხე. ყველაფერი კარგადააო. სამსახურზე ერთ სიტყვას ვერ ათქმევინებდით...
ბოლოს მითხრა, რომ ჩამოვალ ერთი კარგად ვიქეიფოთო... სუფრაზე ყოველთვის ამბობდა სადღეგრძელოს – ვისაც ფორმა ჩაუცვია და თავის ხელით ვეღარ გაუხდია, იმ ადამიანების შესანდობარი იყოსო... დღეს მისი ძმაკაცები ამ სადღეგრძელოს გივის სახელზე ვსვამთ... ხშირად ავდივართ მის საფლავზე, გუშინაც იქ ვიყავით...
6 იანვარს, როდესაც გივი დაიჭრა, თავდაცვის სამინისტროდან მის ძმას შეატყობინეს. ოჯახში არაფერი უთქვამს. გორში რომ ჩამოიყვანეს, საავადმყოფოში, დედამისს მაშინ უთხრეს“...
ნატო ძაგანია, გივის დედა: „დედა მოუკვდეს, 6 იანვარს დაიჭრა და 3 მარტს გავიგე... სწორედ მაშინ ჩამოიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მანამდე თურმე გერმანიაში მკურნალობდნენ და მე არაფერი ვიცოდი... კი მიკვირდა, როგორ არ გვეხმიანება აქამდე მეთქი, მაგრამ როდესაც მის ტელეფონზე ვრეკავდი, მისი მეგობრები მპასუხობდნენ, კარგად არის, ოპერაციაზეა გასულიო. ხან რას იმიზეზებდნენ და ხან რას. იმ პერიოდში რატომღაც ერთიდაიგივე სიზმარი მესიზმრებოდა. სულ გერმანიაში, საავადმყოფოს ერთ პალატაში ვიყავი... გული რაღაცას კი მიგრძნობდა, მაგრამ ცუდზე არ მინდოდა მეფიქრა...
სად და რა ვითარებაში დაიჭრა კონკრეტულად, არაფერი ვიცით. თქვეს, რომ ნაღმტყორცნის ჭურვით დაიჭრა... მასთან საშველად მისული ჯარისკაცებისთვის უთქვამს, მე არაფერი მიჭირს, სხვებს მიხედეთო. არადა, ყველაზე მძიმედ ეს იყო დაჭრილი. როგორც ჩანს, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთი ფეხი მოწყვიტა. თავისი ხელით გადაუხვევია ჭრილობა... ძალიან ბევრი დაზიანება ჰქონდა სხეულზე. მთელი ექვსი თვის განმავლობაში აპარატზე იყო შეერთებული. 26 ივლისს გული გაუჩერდა... მეორე დღეს გადმოვასვენეთ სოფელში... ძალიან გვიჭირს მის გარეშე ყოფნა... ყოველდღე მის საფლავზე ვართ“...
დაკრძალვის დღემდე ქართველ გმირს, საპატიო ყარაული უთევდა ღამეებს... უკანასკნელ გზაზე ჩოხოსნებმა გააცილეს... გივი ფანცულაია, მშობლიურ მიწას 27 წლის ასაკში მიაბარეს. გმირის სახელის უკვდასაყოფად კი, მის საფლავზე საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა ფრიალებს...
გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.