უმცროსი სერჟანტი ფანცულაია მამია თამაზის ძე 1979 – 09 აგვისტო 2008 წელი
მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
დღე-დღეზე ნანატრი შვილის გაჩენას ელოდა, საქართველოს რომ რუსეთი დაესხა თავს და ომში გაიწვიეს. ბოლოს 9 აგვისტოს, დილით, ესაუბრა მეუღლეს, მოიკითხა, გაამხნევა, ბავშვზე იფიქრეო, უთხრა და... ნახევარ საათში რუსის ნასროლმა ტყვიამ გული გაუპო...
მამია ფანცულაია 9 აგვისტოს დაეცა გმირულად ხეთაგუროვაში.
9 აგვისტოს მოევლინა ქვეყანას მისი გოგონა – ანა...
მამაია ფანცულაია 1979 წელს დაიბადა აფხაზეთში, გუდაუთაში, სოფელ აბგარხუკში. მშობლებისთვის მესამე შვილი იყო. როგორც იხსენებენ, ძალიან წყნარი და გულჩათხრობილი ბავშვი ყოფილა. მეხუთე კლასში იყო, ოჯახი კოპიტნარში რომ გადავიდა საცხოვრებლად. სკოლის ფრიადებზე დამთავრების შემდეგ სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში აგრონომიული ფაკულტეტი დაამთავრა, სამხედრო ვალი ქუთაისში მოიხადა და ჯარში დარჩა, ტყიბულში მსახურობდა, ნაწილის დაშლის შემდეგ კი, 2005 წლის მარტში, კონტრაქტი გააფორმა საქართველოსთან. მსახურობდა სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში, 22-ე ბატალიონში, ათმეთაურად.
კონტრაქტის გაფორმებამდე მომავალი მეუღლე – მაია ცინაძე გაიცნო. 2 წელი უყვარდათ ერთმანეთი.
მაია ცინაძე: „ერთი წელი ერაყში იყო, იქიდან რომ ჩამოვიდა, 2006 წელს, ჩუმად გავიპარეთ... ძალიან თბილი ადამიანი იყო... ერთი წელი არ მყავდა ბავშვი და ძალიან გაგვიხარდა, როცა დავფეხმძიმდი. აგვისტოში, როცა წავიდა, უკვე დღე-დღეზე ველოდი ბავშვს. ოცნებობდა, რომ გოგო ჰყოლოდა და სახელიც დაუტოვა: ანა დავარქვი... 5 აგვისტო იყო, შინ რომ მოვიდა, ძალიან გულჩათხრობილი იყო. დედაჩემი ახლოს ცხოვრობს, გასვლა მინდოდა მასთან და არ გამიშვა, სახლში იყავიო... მოწყენილი იყო მთელი ის დღე. გული უგრძნობდა... მეგობრებისთვის უთქვამს: ცხინვალში მიშვებენ და ვიცი, ცოცხალი ვერ დავბრუნდებიო... გარდაცვლილი ბიძაშვილი გოგონა დასიზმრებია, რომელსაც უთქვამს: დღეს ჩემთან უნდა წამოხვიდეო და იმ დღეს დაიღუპა მართლაც...“
მამია შინიდან 6 აგვისტოს, დილით, გავიდა. მეუღლე გაიხსენებს, როგორ გადაეხვია გამომშვიდობებისას, ჩაირბინა კიბეები და... როგორ აბრუნდა უკან, გადაეხვია და უკანმოუხედავად წავიდა...
მამია ფანცულაია ორ ჯარისკაცთან ერთად იყო დატოვებული დასაზვერად ხეთაგუროვაში, ეკლესიის ეზოში. თანამებრძოლები რომ დაბრუნდნენ, მამია გარდაცვლილი დახვდათ – გულში მოხვედრილი ტყვიით... გარდაცვლილი იყო მეორე ჯარისკაციც, მესამე – მძიმედ დაჭრილი. ის დაჭრილი გაიხსენებს, როგორ მოცელა მტრის ტყვიამ მისი თანამებრძოლები, როგორ დაიჭრა შემდეგ თავადაც...
მამიას დაღუპვა ოჯახს მეორე დღეს შეატყობინეს. მეუღლე უკვე საავამდყოფოში იწვა – ანა საკეისერო კვეთით მოევლინა ამ ქვეყანას. მაიამ მხოლოდ კვირისთავზე, სამშობიაროდან გამოსულმა გაიგო, რომ ანა ობოლი იყო... ოჯახი მიცვალებულს ვერ პოულობდა, 3-4 დღის ძებნის მერეღა მიაკვლიეს გორის ჰოსპიტალში... დაკრძალეს კოპიტნარში...
პატარა ანა სურათებით იცნობს გმირ მამას...
მეუღლე: „სულ ელაპარაკება მამის სურათებს. ბურთები მამამ მომიტანაო, იძახის... ძალიან ძნელია ცხოვრება მის გარეშე... იშვიათად მესიზმრება, მაგრამ რომ ვნახულობ, ზუსტად ისეთია, როგორიც ცხოვრებაში იყო...“
ფოტო მოგვაწოდა ია ჯემალის ასულმა კუხალაშვილმა დაბადებულია 1960 წელს წყალტუბოში, მუშაობს ადგილობრივ მუზეუმში