სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12415

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
დანიელი ( დავით) გრიგოლის ძე დათუაშვილი დ.1955) ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დაბ. თბილისი
ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი დათუაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

239       ბეჭდვა

დანიელი ( დავით) გრიგოლის ძე დათუაშვილი დ.1955) ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დაბ. თბილისი


მაღალყოვლადუსამღვდელოესი დანიელი ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი

საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის ცენტრის თავმჯდომარე

ერისკაცობაში – დავით გრიგოლის ძე დათუაშვილი

დაიბადა: 1955 წლის 29 მაისს, ქ. თბილისში.


ანგელოზის დღე: 30 დეკემბერი – წინასწარმეტყველი დანიელის ხსენება

დიაკვნად კურთხევა: 04. 06. 1983წ.

მღვდლად კურთხევა: 28. 08. 1985წ.

ბერად აღკვეცა: 31. 10. 1991წ.

ეპისკოპოსად კურთხევა: 22. 05. 1992წ.

მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 14. 10. 1993წ.

მიტროპოლიტობა ებოძა: 28. 11. 2000წ.

სკუფიაზე ბრილიანტის ჯვარი: 19. 08. 2010წ.

მისამართი: საქართველო, ივანწმინდა, ლესელიძის ქ. #75

ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია (ქ. ჭიათურა, ქ. საჩხერე, ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები).

კათედრა და რეზიდენცია საჩხერეში.


წიგნი: საქმემან შენმან. ჭიათურა საჩხერე 2023წ.

მიტროპოლიტი დანიელი – ერისკაცობაში დავით გრიგოლის ძე დათუაშვილი, დაიბადა 1955 წლის 29 მაისს ქ. თბილისში. 1963-1972 წლებში სწავლობდა თბილისის 24-ე საშუალო სკოლაში, 1972-1977 წლებში – შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინომცოდნეობის ფაკულტეტზე. 1978-79 წლებში გადიოდა სტაჟირებას მოსკოვის კინოს თეორიისა და ისტორიის ინსტიტუტში.

სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს კინოკომიტეტის საგამომცემლო განყოფილებაში, სადაც მუშაობდა 1981 წლამდე. იგი იმ მცირერიცხოვანი ახალგაზრდობის ჯგუფის წარმომადგენელია, რომელთაც უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების შემდეგ თავიანთი მომავალი საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას დაუკავშირეს.

1981 წლიდან დავით დათუაშვილმა მუშაობა დაიწყო საქართველოს საპატრიარქოს საგამომცემლო განყოფილებაში. ამავე წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში.

1983 წლის 4 ივნისს, წმინდა დავით გარეჯელის ხსენების დღეს, დავით დათუაშვილი მამა დავითის ეკლესიაში დიაკვნად აკურთხა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ახვლედიანი). 1985 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, დიაკვანი დავითი უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სიონის საპატრიარქო

ტაძარში აკურთხა მღვდლად. მეუფე დანიელის მდივანი მონაზონი ელენე (ნაფეტვარიძე) იხსენებს: „მამა დავითი იმხანად სიონის საპატრიარქო ტაძრის მოძღვარი იყო, პარალელურად შაბათობით წირავდა მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში. ეკლესიები გაიხსნა დმანისში, წყნეთში. მამა დავითი თავისი მრევლით ამ ეკლესიებშიც წირავდა ოთხშაბათსა და ხუთშაბათს. მისი კურთხევით მრავალრიცხოვანი მრევლი ვიკრიბებოდით სიონის ტაძარში და ვაწყობდით მომავლის გეგმებს, დავალაგეთ და მოვაწესრიგეთ მეტეხი, ანჩისხატი, ხაშმის, შავნაბადას, თელეთის წმინდა გიორგის ეკლესიები, რომელნიც თითქმის 70 წელი უპატრონოდ იყო მიტოვებული. ვაგროვებდით თანხას გაჭირვებულთათვის, შევდიოდით საპატიმროებში...

1989 წლის 9 აპრილის ცნობილი მოვლენების დროს ჩვენს მრევლს ერთი წუთითაც არ დაუტოვებია ჩვენი თანამემამულენი, ვამხნევებდით მათ“.

ისტორიულმა ძნელბედობამ განსაკუთრებით დააზარალა სამხრეთი საქართველო, მესხეთი – ტაო-კლარჯეთი. XIX საუკუნიდან, გამაჰმადიანებული ქართველების ოსმალეთში გასახლების ხარჯზე, რუსეთის ხელისუფლებამ აქ გადმოასახლა სომხები და დემოგრაფიული ვითარება ქართველების საზიანოდ შეიცვალა.. ბოლშევიკური მმართველობის ხანაში ახალციხის, ახალქალაქის, ბოგდანოვკის, ადიგენის რაიონები სახელმწიფო საზღვრის განსაკუთრებულ, დახურულ ზონებად გამოცხადდა და სპეციალური საშვის გარეშე ამ რაიონებში შესვლა შეუძლებელი იყო. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ 1988 წლის 19 ივლისს სიონში ქადაგებისას აღნიშნა: „ამ რამდენიმე დლის წინათ ჩვენ სამცხე-ჯავახეთი მოვინახულეთ – ეს საოცარი მხარე საქართველოსი. წმიდათაწმიდა ადგილია, საიდანაც დაედო სათავე ჩვენს გაქრისტიანებასა და სულიერ კულტურას... მოვიარეთ სოფლები, უმეტესად დაცარიელებულნი, ვიყავით სოფელში, სადაც ადრე სამასი ქართული ოჯახი ცხოვრობდა, დღეს კი მხოლოდ სამია. მაგრამ განსაკუთრებით გულდასაწყვეტი მდგომარეობა ახალქალაქისა და ბოგდანოვკის რაიონებშია შექმნილი. ახალქალაქის რაიონში მოსახლეობის სამი თუ ოთხი პროცენტია ქართული, დაცარიელებული და დაობლებული ქართული ტაძრები მძიმე განცდას იწვევს, ვიყავით კუმურდოს ტაძარში, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ ნახევრად დანგრეულია, დიდებულება მაინც შენარჩუნებული აქვს, მაგრამ მინდა, ისევ ფარავნის ტბას მივუბრუნდე, რომლის გარშემოც დღეს მხოლოდ სომხური სოფლებია. ერთ-ერთ მათგანში, რომელსაც ფოკა ჰქვია, ქართული ტაძარი დგას, წმინდა ნინოს სახელობისა. იქ ყოფნისას განსაკუთრებით შევიგრძენით წმინდა ნინოს მადლი.

ჩვენ შეკთხოვეთ უფალს, რომ ამ მშვენიერ მიწა-წყალს თავისი ძველი პატრონი ქართველობა დაუბრუნოს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფარავნის ტბის ნაპირას, იქ, სადაც წმინდა ნინოს უფალი გამოეცხადა, ქართული ეკლესიის ცენტრი ავაშენოთ... მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება დასაწყისი თავის ძველ სამკვიდრებელში ქართველების დაბრუნებისა“. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ 1989 წლის 1-ელ ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად წირვა ჩაატარა ფოკაში, ფარავნის ტბასთან, და დალოცა წმინდა ნინოს ნაკვალევზე წამომსვლელი 33 მლოცველი. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა მამა დავით დათუაშვილი...

მომლოცველნი ჩერდებოდნენ სოფლებში, ხვდებოდნენ მოსახლეობას სრულდებოდა მდინარეში შთაფვლით ნათლობა. დაიწნყო ხალხის გამოღვიძება, სარწმუნოებისაკენ მობრუნება. აქედან მოყოლებული, ფეხით მსვლელობა წმ. ნინოს ნაკვალევზე ყოველწლიურად აღესრულება. მასშივე სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ ჩვენი ეკლესიის მსახურნი, მათ შორის დღევანდელი მიტროპოლიტები: იობი, დავითი, ნიკოლოზი. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მამა დავითს ჩააბარა საპატრიარქოსთან ახლადშექმნილი მომლოცველთა სამსახურის ხელმძღვანელობა. 1990 წელს მამა დავით დათუაშვილი აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. ამავე პერიოდში იგი დაინიშნა ჯერ სვეტიცხოვლის ტაძრის, ხოლო შემდეგ – სხალთის მამათა მონასტრის წინამძღვრად და ხულოს სასულიერო სასწავლებლის რექტორად. პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში.

1991 წლის 31 ოქტომბერს დეკანოზი დავით დათუაშვილი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად დანიელი. იმავე წელს მიენიჭა არქიმანდრიტობა. 1991 წლის ივლისიდან საქართველოს საპატრიარქოსთან

არსებული მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების თავმჯდომარეა.

1992 წლის 22 მაისს არქიმანდრიტი დანიელი აღყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა ბოდბის ეპარქიის მმართველად.

წინა დღეს, 21 მაისს, სიონის საპატრიარქო ტაძარში არქიმანდრიტმა დანიელმა თავისი სიტყვა ასე დაიწყო: „თქვენო უწმინდესობავ, ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, ქრისტესმიერ საყვარელნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო! ეფესელთა მიმართ დაწერილ ეპისტოლეში მოციქული პავლე ბრძანებს: „და მან

მოსცნა რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინასწარმეტყველნი„ რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღვარნი დასამტკიცებლად წმიდათა საქმედ მსახურებისა, აღსაშენებლად გუამისა ქრისტესისა“ (ეფეს. 4, 11-12). ამ სიტყვებში უდიდესი საიდუმლოებაა განცხადებული, გუამი ქრისტესი არის ეკლესია, ხოლო ღვთისმსახურნი დადგენილნი არიან მის აღსაშენებლად. ადამიანი მონაწილეობს ღვთაებრივი სხეულის სრულყოფაში, საშინელი და შესაძრწუნებელი საიდუმლო სამყაროს შემქმნელმა ადამიანი ღვთაებრივი შესაქმის თანამონაწილე გახადა. უსაზღვროა მოწყალება ღვთისა, იგი არა მარტო გვანიჭებს სიცოცხლეს, არამედ მისი უმაღლესი მდგომარეობისაკენ მოგვიწოდებს: „იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა სრულ არს“ (მათე 5, 48) – ბრძანებს უფალი. დღევანდელი დღე სწორედ ამ უსაზღვრო მოწყალების ერთ-ერთი გამოვლინებაა. უფალი უწმინდესი მსახურების უფლებას გვაძლევს. დიდია და განუზომელია პატივი ესე, ენით გამოუთქმელი და დაუტევნელია ჩვენი სიხარული. „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერავინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა“. დღევანდელი წყალობა მთელი ეკლესიის კუთვნილებაა, მაგრამ განსაკუთრებულია იგი ჩემთვის.

უპირველეს ყოვლისა, ვმადლობ ღმერთს ესოდენი სულგრძელობისა და შეწყნარებისათვის. ღვთის შემდეგ მადლობას გწირავთ თქვენ, უწმინდესო და უნეტარესო, იმ დიდი შუამდგომლობისათვის, რომელიც თქვენ გამიწიეთ წინაშე ღვთისა, ასევე მადლობა მინდა მოვახსენო წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, ჩვენს სამღვდელოებას, მორწმუნე მრევლს და აქ დამსწრეთ დღევანდელ ზეიმში მონაწილეობისათვის. მაგრამ, მიუხედავად ესოდენ დიდი სიხარულისა, მე კარგად მესმის მთელი სიმძიმე და პასუხისმგებლობა დაკისრებული მოვალეობისა, ამისათვის ვევედრები მაღალ ღმერთს, შემაძლებინოს ამ რთულსა და სახიფათო გზაზე მშვიდობიანი მსვლელობა. დიდია ჩემი სასოება, თქვენო უწმინდესობავ, თქვენი ლოცვისა და თანადგომისა. ვესავ უფალს, ლოცვითა თქვენითა მომანიჭოს მღვიძარება და ზომიერება, რათა, სიტყვისაებრ წინასწარმეტყველისა, „არა მივდრკე არცა მარჯულ, არცა მარცხულ, არამედ გზასა სამეუფოსა ვიდოდე“ (2 სჯ. 4,

29, 17, 11). შევთხოვ ჩვენს წმინდა სინოდს, ჩვენს სამღვდელოებასა და მრევლს, მომავალშიც ნუ დამივიწყებენ ჟამსა ლოცვისასა, სულგრძელნი და მიმტევებელნი იყვნენ ჩემდა მომართ. დღეს რთული დროა; მეტად ძნელია, შეინარჩუნო სიწმინდე და ჭეშმარიტ გზაზე შეუფერხებლად იარო, მაგრამ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ დღეს მტერი ღვთისა ცდილობს, თვით მართლმადიდებლობის წიაღში აუბნიოს გზა მორწმუნეებს.

ბოროტი ძალის მანქანებით ხშირად ვცილდებით იმ სულს, რომელიც წმინდა მამებმა გვიანდერძეს,.როგორ განვასხვავოთ ჭეშმარიტი სული ამა სოფლის სულისაგან? წმინდა იოანე ლვთისმეტყველი თავის ეპისტოლეში ბრძანებს: „საყვარელნო!

იყუარებოდეთ ურთიერთას, რამეთუ სიყვარული ღმრთისაგან არს და ყოველსა, რომელსა უყვარდეს, ღმრთისაგან შობილ არს, და იცის ღმერთი“ (1 იოანე 4, 7). აი, ჭეშმარიტების შეცნობის უტყუარი ნიშანი – ვისაც უყვარს, მან იცის ლმერთი. ამიტომ მინდა, ამ ბედნიერ დღეს კიდევ ერთხელ გავიმეორო მაცხოვრის უმთავრესი მცნება და მოწოდება: „იყვარებოდეთ ურთიერთას“. უკეთუ ერთმანეთი გვეყვარება, წმინდა მამების სწავლება ანთებული სანთელი იქნება ჩვენთვის. დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი ეკლესიისათვის, დღეს ჩვენი ეკლესიის მეოხისა და მფარველის, წმინდა ნიკოლოზის ხსენებას ვდღესასწაულობთ. წმინდაო ნიკოლოზ, დალოცე ეკლესია ჩვენი, დაიცავი მისი ერთობა და მთლიანობა ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სულით, აღამაღლე და განაბრწყინე იგი, რათა მისი დიდებით გამხნევებული მოიქცეს და გადარჩეს ქართველი ერი. ამინ".

22 მაისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია I-მ ქართველი მღვდელმთავრების თანამწირველობით არქიმანდრიტი დანიელი აკურთხა ეპისკოპოსად. პატრიარქმა თავისი ქადაგება ამ სიტყვებით დაიწყო: „დღეს უდიდესი დღესასწაულია ქართული ეკლესიისა, მოსახსენებელი დღე მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა წმინდა ნიკოლოზისა, რომელიც მფარველია საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერისა. დღესვე არის ხსენება ღირსისა მამისა ჩვენისა შიო მღვიმელისა. ამ ღირსშესანიშნავ დღეს ღმერთმა ინება ბოდბის ეპისკოპოსად ხელდასხმა მეუფე დანიელისა. თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, ქრისტეს მიერ ძმაო, ჩვენო სულიერო შვილო, დიდია განგება ღვთისა და წყალობა მისი, რომელიც დღეს უხვად გადმოვიდა შენზე: წყალობამან ღვთისამან შენ დღეს ეპისკოპოსის ტახტზე აგიყვანა, რათა მთელი სულით, გულითა და გონებით ემსახურო საქართველოს ეკლესიას და ქართველ ერს.

არაფერი არ არის შემთხვევითი, ყველაფერი ღვთის განგებით წყდება. არც ის არის შემთხვევითი, რომ დღეს მეუფე დანიელი ბოდბის ეპისკოპოსად ეკურთხა. ეს შედეგია წმინდა ნინოს განსაკუთრებული მფარველობისა მისი ერთგული მსახურის მიმართ. მეუფე დანიელმა, როცა ის ჯერ კიდევ მღვდელი იყო, მორწმუნეებთან ერთად სამგზის გამოიარა წმინდა ნინოს გზა ფარავნიდან მცხეთამდე.

როგორც ცნობილია, მორწმუნეთა მოგზაურობამ მეუფე დანიელის წინამძლოლობით მრავალი კეთილი შედეგი გამოიღო. ამიტომ მეუფე დანიელს პირველს ეწოდა მორჩილი წმინდა ნინოსი და, აი, მოციქულთა სწორმა დედა ნინომ დააფასა მისი ღვაწლი და მიიწვია იგი თავის საფლავთან, რათა იქ გაძლიერდეს წირვა-ლოცვა ჩვენი ერისა და ეკლესიის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. მეუფეო დანიელ, თქვენ იცით, თუ როგორ მძიმე და რთულ დროს გვიხდება ჩვენ ცხოვრება.

რამდენი წინააღმდეგობის დაძლევა გვიწევს ყოველდღიურად, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ბოროტი სულები და ძალები უძლურნი არიან ღვთის ძალისა და დიდების წინაშე. რა თქმა უნდა, წინ მრავალი განსაცდელი გელის, მძიმე დღეებიც გექნება, მაგრამ ნუ შეგეშინდება ამ განსაცდელისა, რადგან წმინდა ნიკოლოზი და წმინდა ნინო, წმინდა გიორგი, ლირსი მამა შიო მღვიმელი და სხვანი წმინდანნი მარად იქნებიან შენი შემწე. თქვენ საქართველოს საპატრიარქოში ხელმძღვანელობთ ურთულეს განყოფილებას, რომელსაც ეწოდება მისია და ევანგელიზაცია. ეს არის განყოფილება, რომელიც ზრუნავს ჩვენი ერის მოქცევისათვის, განყოფილება, რომელმაც უნდა გაზარდოს მისიონერები, მქადაგებლები. ჩვენ დღეს ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ იმისათვის, რომ ქართველი ერი, რომელიც ღვთის განგებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა აირჩია, ისევ მისი კალთის ქვეშ მოვაქციოთ. თქვენმა განყოფილებამ უნდა იზრუნოს არა მხო-ლოდ საქართველოს მკვიდრთათვის, არამედ მათთვისაც, რომელნიც დღეს სამშობლოს გარეთ ცხოვრობენ. ჩვენ განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ იმ ქართველებზე, რომელთაც სხვადასხვა მიზეზთა გამო დატოვეს ქრისტიანობა და დღეს მუსლიმები არიან.

ჩვენი ვალია, უცხოეთში მცხოვრებ ყველა ქართველში ეროვნული გრძნობა გავალვიძოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნული გრძნობის გაღვიძებასთან ერთად, ყოველ მათგანში ქრისტიანობაც გაიღვიძებს.

აი, რამდენი საქმეა, რამდენი სამკალია დღეს საქართველოში. ეკლესიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ჩვენი ერი გაერთიანდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი აერთიანებს, ხოლო ეშმაკი ყოფს. აქედან გამომდინარე, ყოველი, ვინც გათიშულთა გაერთიანებისათვის იღვწის, ღვთის ნებას ასრულებს, ხოლო ვინც ჩვენი ერის გაყოფას ცდილობს, იგი მსახურია ბოროტი ძალებისა.

აი, აქედან შეგვიძლია გაგება იმისა, თუ ვინ რომელ გზას ადგას. სადაც არის სიყვარული, შენდობა და ცოდვათა მიტევება, იქ ღმერთია, ხოლო სადაც სიძულვილი და გაყოფაა, იქ ეშმაკია. ღმერთმა მოგცეს სიბრძნე და ძალა ეკლესიისა და ერის სამსახურისა. მადლი, რომელიც შენ დღეს აქ, ამ წმინდა სვეტიცხოველში, უხვად მიიღე ღვთისაგან, შენს სამწყსოს და საერთოდ საქართველოს უნდა გადასცე. მიიღე კვერთხი ესე, რათა დამწყსო რწმუნებული შენდა სამწყსო ქრისტესი; მიიღე ეს კვერთხი და დალოცე სამწყსო სრულიად საქართველოსი, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად ლოცულობდა შენთვის“. მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ ამ გულითადი დალოცვის შემდეგ, რომლის მიხედვითაც მღვდელმთავრის მთელი მოღვაწეობა იქნა განსაზღვრული, მიტროპოლიტი დანიელი დღემდე ცდილობს, კეთილსინდისიერად, დიდი რუდუნებით იაროს ამგვარი ღვაწლის გზით.

1992 წლის 17 ოქტომბრიდან მეუფე დანიელი გადაყვანილ იქნა ბოდბის ეპარქიიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის დროებით მმართველად, ხოლო იმავე წლის 22 დეკემბრიდან ოფიციალურად დადგინდა ცხუმ-აფხაზეთის მმართველ მღვდელმთავრად. ამ დროს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში ურთულესი ვითარება იყო. ინსპირირებულმა კონფლიქტმა, დაპირისპირებამ ქართველებსა და აფხაზებს შორის (სინამდვილეში რუსეთსა და საქართველოს შორის) პიკს მიაღწია. მიმდინარეობდა საომარი ოპერაცია. ასობით დაჭრილი, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი იყო ეპარქიაში. მონაზონი ელენე (ნაფეტვარიძე) იხსენებს: „ქალაქში სროლა ხშირია, თავზე წითელი ტყვიების წვიმაც არაა იშვიათი...

ჩატარდა პირველი წირვა, სამი მლვდელმთავარი წირავს ერთად – მეუფე იობი (აქიაშვილი), მეუფე დანიელი, მეუფე დავითი (მახარაძე). სასწაული იყო ეს წირვა და მთელმა მრევლმა იგრძნო მისი ძალა... შემუშავდა სამოქმედო გეგმა: 1. ქალაქის დალოცვა (ჯვრით, ხატებით, ნაკურთხი წყლის სხურებით ქუჩების მოვლა, დაწესებულებების კურთხევა და დალოცვა), ლოცვის გაძლიერება.

2. ჯარის ნაწილების, შტაბების კურთხევა, სამხედროების ზიარება, ნათლობა. 3. მრევლისა და სამწყსოს გაცნობა, მთავრობასთან კონტაქტის დამყარება და საეკლესიო ცხოვრების აღორძინება... მეუფე დანიელმა მალე მოიხვეჭა მრევლის პატივისცემა. ყველას უკვირს, რომ ასეთი ახალგაზრდაა და ამდენ

გამოცდილებასა და სიდინჯეს ამჟღავნებს“. საომარი ვითარების მიუხედავად, მეუფე დანიელი, სამღვდელოება გადიოდნენ სოფლებში, ლოცავდნენ და ამხნევებდნენ ხალხს. 27 სექტემბერს აგუძერაში მეუფე დანიელს მოახსენეს – სოხუმი დაიპყრეს რუსებმა და ჩრდილოკავკასიელმა კონფედერატებმა

და აუცილებელია თქვენი სამღვდელოებით გაერიდოთ აქაურობასო. მონაზონი ელენე: „გადაწყდა, ლამით უნდა დაგვეტოვებინა აგუძერა და მერხეულის გზით სვანეთში გადავსულიყავით... გზაზე ყველაფერი იწვოდა, აყრილი ხალხი ბარგი-ბარხანით გზას შესდგომოდა, დედებს გულში ჩაეკრათ ძუძუთა შვილები მოდიოდნენ ჯარისკაცები, მოხუცები. ეს გზა დაუვიწყარია. თუკი ვინმეს უნახავს, გულს მოგიკლავდა ფუძიდან აყრილი გაუბედურებული ხალხის დანახვა, ღრმად მოხუცები, ფეხმძიმე ქალები, ჩვილბავშვიანები, პატარა ბავშვები მოლასლასებდნენ მშიერნი, მწყურვალნი, ფუთააკიდებულნი. ძნელია ამ დროს ნუგეშის ცემა“. ეს გზა გამოიარა მეუფე დანიელმა თავის მრევლთან ერთად. უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია I-ის ლოცვა-კურთხევით, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის სამღვდელოებას დროებით რეზიდენციად გამოეყო მარტყოფის მონასტერი, სადაც სოხუმის მამათა მონასტრის წევრები ცხოვრო-ბენ. ბოდბისა და მარტყოფის დედათა მონასტრებში კი იმყოფებიან აფხაზეთის ეპარქიიდან დევნილი მონაზვნები. 1993 წლის 14 ოქტომბერს მეუფე დანიელი მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2000 წლის 28 ნოემბერს მიტროპოლიტის პატივში იქნა აღყვანილი. 1995 წელს შეთავსებით დაინიშნა ზუგდიდისა და

ცაიშის მთავარეპისკოპოსად.

2002 წლიდან მეუფე დანიელი შეთავსებით იყო მარგველი ეპისკოპოსი, ხოლო ამჟამად ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მმართველია. 2007 წლის 25 დეკემბერს მიტროპოლიტი დანიელი დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდენით. უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია I-ის ლოცვა-კურთხევით მეუფე დანიელი ხელმძღვანელობდა საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციას სხვადასხვა ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ შეკრებაზე.

მისი ხელმძღვანელობით შვიდჯერ ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი ქრისტიანული ეკლესიის, საქართველოს ეკლესიის ისტორიის პრობლემებზე. მეუფე დანიელი ხშირად ხვდებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას, ანუგეშებდა მათ და განუმტკიცებდა რწმენას, რომ ისინი აუცილებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ისტორიულ კერას, მტრისაგან იავარქმნილ აფხაზეთს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის აღდგება ისტორიული, ტრადიციული ურთიერთობა და ჩვენი ქვეყანა კვლავ გამთლიანდება.

მასალა მომზადებულია პროფესორ სერგო ვარდოსანიძის წიგნის „ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)“ მიხედვით 


ამაღელვებელი და დაუვიწყარი იყო ეპარქიაში მიტროპოლიტის ჩამოსვლის პირველი დღე. საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი უდიდესი სიხარულითა და იმედით შეეგება მიტროპოლიტის ჩამობრძანებას. მეუფემ აღავლინა სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი. ყოველთა დედოფალს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა და წმინდა ნინოს შეავედრა მეუფემ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის თითოეული მცხოვრები. ოცი წელია, მიტროპოლიტი დანიელი განსაკუთრებული სიყვარულითა და მზრუნველობით წინამძღვრობს

ჩვენს ეპარქიას.

საჩხერეში მიტროპოლიტი ჩამობრძანდა 2002 წლის 17 ოქტომბერს. მიტროპოლიტს თან ახლდნენ მონაზონი ელენე (ნაფეტვარიძე) და მონაზონი ელისაბედი (ზედგენიძე).

საეპარქიო რეზიდენცია არ არსებობდა. მიტროპოლიტსა და ჩამოსულ მონაზვნებს საჩხერის მცხოვრებმა შერმადინ გოგოლიძემ შესთავაზა თავისი სახლი, რომელშიც იმხანად არავინ ცხოვრობდა, რადგან თავად საცხოვრებლად გადასული იყო თბილისში. წყალი შორიდან იყო მოსატანი, თვით საჩხერის მოსახლეობასაც არ ჰქონდა წყალი. არ იყო გაზი და გათბობა. მიწისძვრისგან დაზიანებულ სახლში სადენების სრულად დატვირთვა არ შეიძლებოდა. ერთი დიდი ღუმელი იდგა სამზარეულოში, რომელზეც ცხელდებოდა წყალი და კეთდებოდა საკვები. ერთი პატარა ღუმელი მიტროპოლიტის საძინებელში იდგა.

საკმარისი შეშა ყოველთვის არ იყო. ელექტროენერგიაც მცირე დროით მოეწოდებოდა და მისი გამოჩენა „ზეიმით აღინიშნებოდა“. მიტროპოლიტმა დიდი შემართებით მოჰკიდა ხელი ეპარქიაში არსებული მდგომარეობის შესწავლას.

მისი კურთხევით, მონაზონი ელისაბედი (დღეს იღუმენია) ხელმძლვანელობდა ივერიის ლვთისმშობლის ხატის ოჯახებში გადაბრძანებას, ეცნობოდა მრევლს და დახმარებას უწევდა გაჭირვებულებს. ამავე დროს, იგი ხელმძღვანელობდა ეპარქიის ფინანსური საკითხის მოგვარებას, რაშიც მას დახმარებას უწევდა ტაძრის მრევლი და მეზობელი თინათინ მოდებაძე. მონაზონი ელენე მიტროპოლიტ დანიელის მესენაკისა და პირადი მდივნის მოვალეობას ასრულებდა, რასაც დღესაც აგრძელებს. 



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 16.07.2026
სულ რედაქტირებულია 8




დათუაშვილი - გვარის 5 ღვთისმსახური

1 0

დათუაშვილი პაატა ნასყიდას ძე 1954-95წწ საქართველოს გენერალ-მაიორი, დაბ. ყვარელი კახეთი

1 0


ზვიად დათუაშვილი 1983 -2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ.შუახორგა ხობი სამეგრელო

2 0


ილია დათუაშვილი დ. 1969 წ. ლოტბარი, ანსამბლის ხელმძღვანელი წარმ. სოფ. მელაანი (კოსორი) გურჯაანი

1 0


თამარ დათუაშვილი 1954წ მსახიობი. წარმ. იმერეთი. დაბ. თბილისი

1 0