პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი (ციციშვილი, რუს. Павел Дмитриевич Цицианов; დ. 19 სექტემბერი, 1754, მოსკოვი — გ. 8 თებერვალი, 1806, ბაქო) — საქართველოში მოღვაწეობა 11 სექტემბერი 1802 - 8 თებერვალი 1806 წწ. რუსეთის იმპერიის ქართველი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი (1804), ასტრახანის სამხედრო გუბერნატორი და საქართველოს მთავარსარდალი (1802-1806).
პავლე ციციანოვის ინიციატივით შეიქმნა დებულება სათავადაზნაურო საგუბერნიო კრების შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა სამ წელიწადში ერთხელ გუბერნიისა და მაზრების თავადაზნაურთა წინამძღოლების არჩევას. მანვე გააუქმა მოურავობის ინსტიტუტი. ციციანოვმა საფუძველი ჩაუყარა მოსახლეობისგან დაცლილ ადგილებზე იმპერიისთვის კეთილსაიმედო ელემენტების ჩასახლებას. საქართველოში მან არაერთი სიახლის დანერგვა სცადა: სელის, მატყლისა და ტყავის გადამამუშავებელი საწარმოების დაარსება, თეატრის გახსნა. აღწერა თბილისის მოსახლეობა და გახსნა კეთილშობილთა სასწავლებელი, რომლის მთავარ მიზანს მომავალი თაობისთვის რუსული ენის სწავლება წარმოადგენდა.