ალექსანდრე მრევლიშვილი (1866-1933)
ბიოგრაფია
დაწყებითი განათლება მიიღო თბილისში, ჯერ სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ - მხატვარ ლომგოს კერძო სამხატვრო სტუდიაში. 1884-1890წწ. სწავლობდა მოსკოვში - ფერწერის, ძერწვისა და ხუროთმოძღვრების უმაღლეს სასწავლებელში, 1896-1903წწ. კი პარიზში - ჟიულიენის აკადემიაში. მოიარა იტალია, გერმანია, გაიმდიდრა გონებრივი თვალსაწიერი. მის მიერ შექმნილი სახეები ხასიათდება ცხოვრებისეული სიმართლით, ეროვნული თვითმყოფადობით. ნამუშევრები: "კრწანისის ბრძოლის შემდეგ" (1900-1920), "უკანასკნელი მცველნი" (1890-იანი წლები), "სოფლის კანცელარიასთან" (1889), "დაბალი ღობე" (1900, ყველა - საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).
მუშაობდა წიგნის გრაფიკაში. გააფორმა ი. გოგებაშვილის "დედა ენა", "ბუნების კარი", ქართული ზღაპრები. ნაყოფიერად მუშაობდა პორტრეტის ჟანრში. თბილისში არის ალექსანდრე მრევლიშვილის ქუჩა. ფერმწერი, გრაფიკოსი, თანამედროვე ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
წყარო:თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.691