ლევან ცუცქირიძე 12 იანვარი 1926 დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.
ლევან სიმონის ძე ცუცქირიძე (დ. 12 იანვარი, 1926, ხაშური, — გ. 17 ნოემბერი, 2021) — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი და პედაგოგი, ქართული მონუმენტური ფერწერის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967), პროფესორი (1990), ანდერსენ-ნექსეს სახელობის საერთაშორისო დიპლომის მფლობელი (1974).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერისა და გრაფიკის კლასები 1957 წელს.
1960-1963წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრაზე; 1967-1975წწ. წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხატვის კათედრის დოცენტი; 1975-2005წწ. იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორი. არის ილუსტრატორი წიგნებისა: "ვეფხისტყაოსანი", "შუშანიკის წამება", "სადღეგრძელო" (გრ. ორბელიანი), ვაჟა-ფშაველას 5 პოემა, "ფაუსტი"(გოეთე) და სხვ. მის მიერ შესრულებული ვრცელი პანოები ამშვენებს თბომავალს "შოთა რუსთაველი" და ფოთის საზღვაო პორტის ადმინისტრაციულ შენობას. 1980-იანი წლების დამლევს ცუცქირიძემ მოხატა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი. 1998 წელს წიგნის მოყვარულთა საზოგადოებამ "არსი", 4 წიგნად გამოსცა მის მიერ დასურათებული "წმინდა ოთხთავი".
არის შესანიშნავი პორტრეტისტი. მისი პირველი პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო თბილისში, 1959 წელს. ამის შემდეგ მისი პერსონალური გამოფენები სხვადასხვა დროს მოეწყო მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში და არაერთ კერძო კოლექციაში. ქართული მონუმენტური ფერწერის ოსტატი; პროფესორი(1990).
წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 386
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1974 - ანდერსენ-ნექსეს სახელობის საერთაშორისო დიპლომი, საბავშვო წიგნის საუკეთესო გაფორმებისთვის
- 1967 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
ბიბლიოგრაფია
- საგანი სივრცეში და მისი კონსტრუქცია = An object in the space and its construction (ავტორი). - თბილისი, შპს "სეზანი", 2008. - 244გვ.
- გულაგის არქიპელაგი სინამდვილეში (ილუსტრატორი). - თბილისი, "მერანი-3"-ის გამ-ბა და სტ., 2001. - 237გვ.
- სახარება მარკოზისა (ილუსტრატორი). - თბილისი, წიგნის მოყვ. საზ-ბა : არსი, 1998. - 197გვ.. - ISBN: 99928-62-01-7
- ლურჯა ცხენები : ლექსები (ილუსტრატორი). - თბილისი, საქართველო, 1992. - 64გვ.