ილია გაბუნია ივანეს ძე უმცროსი სრჟანტი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
ის გმირია, რომელიც შინდისის მიწაზე დაეცა. მტრის ალყას თავი ვერ დააღწია და საუკუნოდ შეუერთდა საქართველოსთვის თავდადებული გმირების რიგებს. ოჯახი დღეს მისთვის ლოცულობს, „ვნატრობ იმ დღეს, როცა იმერში გადავინაცვლებ და ჩავეკონები ჩემს მოუსიყვარულებლად დაღუპულ შვილს, ილოს“ - გმირის დედა შვილთან შეხვედრას ელოდება.
თეა ოქროპირაშვილი, მეუღლე: „გვეუბნებოდა ომში არ ვარო. 8 აგვისტოს დამირეკა და ისევ მომატყუა, კარგად ვარო. ბოლოს კი 11 აგვისტოს დავუკავშირდით და ვკითხე სად იყო, მითხრა: გორში ვართ, ბრძანებას ველოდებით და სამშვიდობოს გამოვდივართო. ამის შემდეგ არაფერი ვიცოდი.
როგორც გვითხრეს, 11 აგვისტოს მტრის ალყაში მოექცნენ შინდისში, ვერ გამოსულან, სწორედ მაშინ არის დაღუპული. ილია შინდისში იპოვეს გარდაცვლილი. მისი გადმოსვენება პატრიარქის დახმარებით მოხდა. 17 აგვისტოს ჩამოვასვენეთ და საღამოსვე წესის აგებით დავასაფლავეთ.
ჩვენთვის ჯოჯოხეთი იყო ამის გაგება. როცა მოგვენატრება, მაშინ დიდ დარდთან, ყოველი ნუგეში ამაოა“.
ილია გაბუნია 1975 წელს ვანის რაიონის სოფელ ზედა გორაში დაიბადა. ოჯახს ეიმედებოდა, ისიც ყოველთვის გვერდში ედგა, შრომისმოყვარე ყოფილა, არანაირ სამუშაოს არ თაკილობდაო, იხსენებს მეუღლე.
თეა ოქროპირაშვილი, მეუღლე: „საქართველოს ისტორია ჰყვარებია. მეფეთა საგმირო ამბები იტაცებდა თურმე. სკოლის დამთავრების შემდეგ გაუწვევიათ სამხედრო სავალდებულო სამსახურში. ქუთაისში გაუვლია სავალდებულო სამსახური. იქ მოწინავე ჯარისკაცის სახელი ჰქონდა. 2008 წელს კონტრაქტს მოაწერა ხელი. ყველა ვუშლიდით, მაგრამ მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. სენაკის საინჟინრო ბატალიონში მოხვდა. კონტრაქტის გაფორმებიდან კი 4 თვეში ეს უბედურება დაგვატყდა თავს.
1997 წელს დავოჯახდით სიყვარულით, სამი შვილი გვყავს. ძალიან თბილი და მოსიყვარულე მეუღლე და მამა იყო“.
ობლად დარჩენილ შვილებს, მამის გარეშე ცხოვრება უჭირთ, დედა ამხნევებს შვილებს, ხშირად ახსენებს მათ, რომ გმირი მამის შვილების საპატიო წოდება აქვთ.