ლევან მელქაძე თამაზის ძე სერჟანტი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
თერთმეტი აგვისტო თენდებოდა, გვიან ღამით ხეთაგუროვში პატარა სალოცავი იპოვა, მთელი ღამე ილოცა, ღმერთს ევედრებოდა... ახლად შერთული მეუღლე და 3 დღის ჩვილი დატოვა სამშობიაროში. ალბათ, მათთან კიდევ ერთხელ შეხვედრას სთხოვდა უფალს. 11 აგვისტოს, დილით, დედას უკანასკნელად დაურეკა: მშვიდობით ვარ, მოვდივარო... მას მერე ლევანის ხმა აღარ გაუგონიათ. ხეთაგუროვიდან გამოსვლისას მტრის ალყაში მოექცა მისი ოცეული, შეტაკებისას დაიღუპა... ლევან მელქაძე გმირულად დაეცა სამშობლოს მიწაზე.
ქეთევან ტორონჯაძე, დედა: „ბოლოს ჩვენგან 5 აგვისტოს წავიდა. ომი რომ დაიწყო, ვუკავშირდებოდით, მაგრამ გვატყუებდა, კოპიტნარში ვარ, კარგად ვარო. ამ დროს კი ცხელ ხაზზე იყვნენ თურმე. 11 აგვისტოს დილას დაგვირეკა, გვითხრა: ყველაფერი კარგად არის, გამოვდივართო. როცა დაგვირეკა და დაგვაიმედა, ხეთაგუროვში ყოფილან. გამოსვლისას მტრის ალყაში მოქცეულან და ამ შეტაკებას შეეწირა კიდეც. დაღუპულები პატრიარქმა გამოიყვანა. უწმინდესს ჩემი შვილი ერთ-ერთი პირველი გამოუყვანია. ამის მეტი არაფერი ვიცით... მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ხეთაგუროვში წინა ღამით სალოცავი უპოვია და მთელი ღამე ულოცია. სიკვდილს მაინც ვერ გადაურჩა“.
ლევან მელქაძე 1984 წლის 8 ოქტომბერს დაიბადა ქალაქ სამტრედიაში. ოჯახს სამი შვილი, ორი ბიჭი და ერთი გოგო ჰყავდა. ლევანი ყველასგან გამორჩეული იყოო, იხსენებს დედა. მოსიყვარულე და თბილი, ვაჟკაცური სულის, უზომოდ კეთილი.
ქეთევან ტორონჯაძე, დედა: „სხვების დახმარება ძალიან სიამოვნებდა. არავის არ აწყენინებდა. დიდი სამეგობრო ჰყავდა. დედისთვის რთულია ასეთ დროს შვილის ბავშვობაზე საუბარი. საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ ძმებს. უმცროსი დაიკოც ძალიან უყვარდა. ლევანს ყველაფრის მიმართ ჰქონდა მიდრეკილება. ალბათ, მეტი დრო არ ჰქონდა სიცოცხლის და ამიტომ. სამეგობრო წრეში უკრავდა. მეგობრები ყვებიან, ლევანი საოცარი ადამიანი იყოო. საინტერესო საუბარი იცოდაო. ყველაფერს ბოლომდე ჩაეძიებოდაო. მართალია, უმაღლესი განათლება არ ჰქონდა, მაგრამ თვითნასწავლი და განათლებული ბიჭი იყო. მეგობრები პატარა კომპიუტერს ეძახდნენ. განსაკუთრებით საქართველოს ისტორია უყვარდა.
2007 წელს დაოჯახდა. ქეთი ძალიან უყვარდა. ცხოვრებაში ყველაზე მეტად სურდა, დიდი ოჯახი ჰქონოდა. შვილებზე იცნებობდა. ანებრივდებდა მეუღლეს. სურვილი, მამა გამხდარიყო, აუსრულდა, მაგრამ მამობის ბედნიერება მხოლოდ სამი დღე იგემა. სამშობიაროში დატოვა საყვარელი მეუღლე და ჩვილი.
მამობას ვერ მოესწრო, მაგრამ შვილს გმირის სახელი დაუტოვა, დედა იხსენებს, რომ ლევანს ყოველთვის მოსწონდა სამხედრო საქმე, სულით და ხორცით პატრიოტმა ჯერ სავალდებულო სამსახური მოიხადა, შემდეგ კი კონტრაქტი გააფორმა.
ქეთევან ტორონჯაძე, დედა: „სკოლის დამთავრების შემდეგ ძმებმა სამხედრო სავალდებულო ჯარი ქუთაისში მოიხადეს. მერე 2004 წელს ორივემ საკონტრაქტოს მოაწერა ხელი. განაწილებით სხვადასხვა ადგილზე მოხვდნენ. ლევანი სენაკის მეორე ბრიგადის საარტილერიო დაზვერვაში იყო. შემდეგ სერჟანტთა მომზადების სკოლა გაიარა თბილისში, რომელიც 2006 წელს დაამთავრა და დაინიშნა უფროს სერჟანტად. სიცოცხლეშივე მიღებული აქვს სიგელი წარმატებული სამსახურისთვის. დაღუპვის მერე მიიღო ჯილდო „მედალი მხედრული მამაცობისთვის“.
პირველი შვილის ამქვეყნად მოვლინებით გახარებული წავიდა მტერთან შესახვედრად 23 წლის ქართველი ვაჟკაცი. ოჯახს გმირის სახელი დაუტოვა, მშობლიურ სამტრედიას კი – თავისი სახელობის ქუჩა.