ავიაციის უმცროსი სერჟანტი დაბ. ქ.ჯამბული ყაზახეთი 01 აპრილი 1969წელი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ. 1969 - 11 აგვისტო 2008
გმირულად დაეცა მტერთან ბრძოლაში. იმ უთანასწორო შეტაკებაში, რომელიც შინდისთან მოხდა.
ერთ-ერთი იყო ვინც გაშმაგებული ებრძოდა ვერაგულად ჩასაფრებულ მტერს...
ფელიქს კაკაურიძე საქართველოში არ დაბადებულა, არც გაზრდილა, დაიბადა ყაზახეთში, ქალაქ ჯამბულში, 1969 წელს. სკოლაც იქ დაამთავრა, ინსტიტუტშიც იქ ჩააბარა, მხოლოდ შემდეგ ჩამოსულა საქართველოში და სწავლა ქუთაისის უნივერსიტეტში, რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გაუგრძელებია.
როგორც მეუღლისთვის, თამარ კაკაურიძისთვისაა ცნობილი, ფელიქსი ძალიან ცელქი და მოუსვენარი ბავშვი ყოფილა, თავიდანვე აინტერესებდა ჯარისკაცული ამბები. ჯარი სევასტოპოლში მოუვლია. ჯარის შემდეგ სწავლა გაუგრძელებია, თან პარალელურად ბაღდათის რაიონის სოფელ პირველ ობჩაში სამხედროს მასწავლებლად მუშაობდა სკოლაში.
20 წლის იყო რომ დაოჯახდა. მომავალი მეუღლე, თამარი, მეგობარმა გააცნო. შეყვარებულობის ხანამ 3 თვეს გასტანა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს დანიშნულები იყვნენ, ყველაფერი მაინც გაპარვით დასრულდა – „მაინც გავიპარეთ“ – იტყვის ჯარისკაცის ქვრივი.
როგორც ყველა მამას, მასაც უნდოდა რომ ბიჭი ჰყოლოდა, მაგრამ ორი შვილი შეეძინათ, ორივე გოგონა.
თამარ კაკაურიძე: „შვილებისთვის გიჟი მამა იყო და ძალიან ბევრი გეგმა ჰქონდა მათთან დაკავშირებით. შვილების უდიდესი მეგობარი იყო. უფროსი გოგონა 18 წლის იმ წელს გახდა, სექტემბერში, როცა მამამისი დაიღუპა...“
ჯარში სამსახური ფელიქს კაკაურიძემ 2000 წელს დაიწყო.
თამარ კაკაურიძე: „ჩვენ არც ვიცოდით, ისე გააკეთა საბუთები და შევიდა საკონტრაქტო სამსახურში, 2004 წელს მეორე კონტრაქტს მოაწერა ხელი. მსახურობდა სენაკის მეორე ბრიგადაში, მძღოლად, ბატალიონის მეთაურს ატარებდა... ბოლოს, ფიქრიანი გახდა, არაფერს ამბობდა, საკუთარ თავში ჩაიკეტა, ეს ყველაფერი მერე და მერე გავაანალიზეთ...
შინიდან ბოლოს დაღუპვამდე 2 კვირით ადრე წავიდა... შვებულებაში იყო, რომ გამოიძახეს და წავიდა. გამომშვიდობება ყოველთვის ასე იცოდა: დაგვკოცნიდა ყველას და ისე წავიდოდა ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ საღამოს ბრუნდებოდა სახლში... ტელეფონით ყოველდღე ვსაუბრობდით. 7 აგვისტოს რომ ველაპარაკე, მითხრა, საშიში არაფერია, მშვიდობაა, ცხინვალის დასაცავად მივდივართო, გვამშვიდებდა, მალე დავბრუნდებიო... ბოლოს გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე ვესაუბრე 11 აგვისტოს. გორი დაიბომბა და მე დავურეკე – სადა ხარ-მეთქი? – გორში ვარო, მომატყუა, თურმე, შინდისში ყოფილან, სადაც შეტაკება მოხდა. ხმა მესმოდა ავტომატების ჯერის, ვუთხარი, ხომ მშვიდობაა-მეთქი, კიო, დაბომბვა მიდის და ამის ხმები გესმისო. ნახევარ საათში დაიღუპა... ჩვენ ეს ამბავი ოქტომბერში გავიგეთ დნმ-ის ანალიზით... მანამდე ველოდით... მუხათგვერდის სასაფლაოზე იყო დაკრძალული, 20 ოქტომბერს გადმოვასვენეთ და ბაღდათის რაიონის სოფელ საიმედოში, მამის გვერდით დავკრძალეთ... სულ შვილებზე ფიქრობდა, მათ სწავლა-განათლებაზე. ბაბუობაზე ოცნებობდა, რასაც სამწუხაროდ, ვერ მოესწრო. ახლა დღე-დღეზე ველოდები შვილიშვილს... ძალიან მიჭირს მის გარეშე ყოფნა, ვცდილობ ვძლიო დარდს, მაგრამ არ გამომდის...“
ოჯახთან ერთად შვილები ქეთევან და რუსუდან კაკაურიძე
ფელიქს კაკაურიძე 40 წლის იყო რომ დაიღუპა. დარჩა ორი ქალიშვილი, გოგონები მაშინ 18 და 17 წლისანი იყვნენ...
ითანამშრომლა ძმისშვილმა ნანიკო კაკაურიძემ