საბა დადვანი შამილის ძე კაპრალი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ. 1989-08/08/2008წწ
საბა დადვანი ცხინვალში რუსულმა ჭურვმა იმსხვერპლა... 18 წლის კაპრალი ბავშვობიდან გვერდში ედგა მარტოხელა დედას და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ცხოვრებაც დედისა და სამშობლოს უსაფრთხოებას ანაცვალა. საბა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გმირია...
დედა, მაია ქალდანი: „საბა 1989 წლის 21 სექტემბერს დაიბადა. ბოლნისში, სოფელ ტანძიაში იზრდებოდა. საბას ორი ძმა ჰყავს, მამა ძალიან ადრეულ ასაკში გარდაეცვალათ და პატარაობიდან დიდი კაცივით მედგა გვერდში. ცდილობდა, ძმებისთვის არაფერი მოეკლო. ფიზიკურ სამუშაოზეც მიდიოდა და ძალიან ბევრს შრომობდა. ამასთანავე, ძალიან მხიარული ბავშვი იყო და ყველას უყვარდა. საბა კარგად სწავლობდა, თუმცა სკოლა დაამთავრა თუ არა, მაშინვე ჯარში, პირდაპირ საკონტრაქტოზე წავიდა, სავალდებულოც არ ჰქონია მოხდილი. წელიწად-ნახევარიც არ იყო გასული ამ ამბიდან, რომ ომი დაიწყო და საბა ხელიდან გამომაცალა...
საკონტრაქტოზე ვაზიანის მეოთხე ბრიგადაში გაანაწილეს. წოდებით კაპრალი იყო, სნაიპერი... როცა ჯარში კონტრაქტით წასვლა დააპირა, უარი არ მითქვამს, სოფლიდან მისი რამდენიმე თანატოლი იყო წასული და მასაც ძალიან უნდოდა. დავაჟკაცდება-მეთქი, ვფიქრობდი... 15 აგვისტოს ერაყში აპირებდა წასვლას... ამბობდა, კონტრაქტს რომ მოვრჩები, კიდევ უნდა მოვაწერო ხელიო... მოსწონდა ჯარისკაცური ცხოვრება და ამ მიმართულებით აპირებდა ცხოვრების აწყობას.
როცა პირველი ხელფასი აიღო, სახლში მოვიდა და ბოლო კაპიკამდე თავის ძმებს დაახარჯა. ახალი ტანსაცმელი უყიდა, მეც მომცა ფული: დედა, შენ რაშიც გინდა, იმაში მოიხმარეო... პლასტიკური ბარათი სახლში ჰქონდა დატოვებული და როგორც კი ხელფასი დაერიცხებოდა, მაშინვე გვაგებინებდა, სულ ჩვენ ვხარჯავდით მის ფულს... თვითონ თუ რამე დასჭირდებოდა, დაგვირეკავდა და გვეტყოდა.
სახლში შაბათ-კვირას ამოდიოდა ხოლმე.
ბოლოს თითქმის სამი კვირა არ ყოფილა სახლში. ერაყისთვის ამზადებდნენ და სულ წვრთნები ჰქონდა. 15 აგვისტოს აპირებდნენ წასვლას და მითხრა, სანამ წავალ, ორკვირიან შვებულებას ავიღებ და სახლში ჩამოვალო, მაგრამ ვერ მოასწრო... ერაყში წასვლის იდეა არ მომწონდა, ძალიან მაშინებდა... რაც არ უნდა იყოს, მაინც წავალო, ვერ გადავიბირე... ბოლოს სახლში, ომამდე ერთი თვით ადრე იყო მოსული. სახლიდან რომ გავიდა განსაკუთრებულად არც ერთს არ გამოგვმშვიდობებია. ძმებს ასე ემშვიდობებოდა, აბა, კარგად იყავით და დედას დაუჯერეთო. იმ დღესაც ასე გავიდა სახლიდან.
არც თვითონ და არც მე გული ცუდს არ გვიგრძნობდა. ვერც კი გავივლებდი გულში ასეთ რაღაცას. რას წარმოვიდგენდი, თუ ომი დაიწყებოდა...
ბოლოს 4 აგვისტოს ველაპარაკეთ. თვითონ დაგვირეკა და გვემასხრებოდა. ძალიან მხიარული იყო. ჩვეულებრივ მოგვიკითხა... იმის მერე ტელეფონიც გამორთო და ეს არეულობაც დაიწყო...
ვაზიანიდან 7-ში დილაუთენია გაუყვანიათ ბიჭები. ჯერ გორში ჩაუყვანიათ, შემდეგ ცხინვალისკენ და შინდისში რომ შესულან 8 აგვისტოს, იქ დაღუპულა... როგორც გვითხრეს, ბოლომდე ვაჟკაცურად იბრძოდა, არც ერთ წუთს არ შეუსვენია. ბოლოს კი რუსულმა ჭურვმა იმსხვერპლა.
11 აგვისტოს გადმოვასვენეთ გორის ჰოსპიტალიდან, ჩვენი ახლობელი მამა გიორგისა და ბიძაშვილის დახმარებით. ერთი კვირის შემდეგ, 16 აგვისტოს, მამამისის გვერდით დავასაფლავეთ...“