გიორგი ღვინიაშვილი კაპრალი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
როცა მის წინ მიმავალი ტყვია-წამლით დატვირთული მანქანა აფეთქდა, ის, ამ მანქანაში მსხდომი ბიჭების გადასარჩენად გაიქცა, თუმცა ალმოდებულ მანქანასთან მიახლოებისას მეორე აფეთქებამ 23 წლის კაპრალი, გიორგი ღვინიაშვილი იმსხვერპლა...
გიორგი 1985 წლის 17 ივლისს დაიბადა და 23 წლის შემდეგ 7 აგვისტოს თავი სამშობლოს შესწირა... გარდაცვალემაბდე რამდენიმე თვით ადრე კი, ორსულ მეუღლეს კონსპექტების რვეულში წერილი დაუტოვა, რომელიც ლია ბერიძემ გიორგის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ აღმოაჩინა...
ჩემს საყვარელ მეუღლეს, ლიკას!
20.04.2008
ლიკა, ჩემო სიცოცხლე, შენით მიხარია სიცოცხლე და იმ პაწუათი, რომელიც მუცელში ფართხალებს. მე თუ წამიყვანეს ერთი თხოვნა მაქვს, თავს გაუფრთხილდი და პატარას, ბავშვი გამიზარდე ისე, როგორც ნამდვილ ქართველს შეეფერება, ბიჭი თუ იქნება, ნამდვილი ვაჟკაცი გამიზარდე, თუ გოგო, ქართველს რომ შეეფერება ისეთი ქალი აღზარდე, ანუ შენნაირი...
უზომოდ მიყვარხარ, შენი მთელი ცხოვრება ვერ მიხვდები ამას, იმიტომ, რომ სიყვარულის გამოხატვა არ შემეძლო, მაგრამ ჩემს გულში რამხელა დარდი და მონატრება გამყვება თქვენი, შენ ვერ წარმოიდგენ...
მე თუ რამე დამემართა, ჩემს პატარას მოუყევი, თუ როგორი მამა ჰყავდა. თუ დავიღუპე, იცოდე, რომ ვაჟკაცურად დავიღუპები, თუ გადავრჩი ვაჟკაცურად და სიამაყით სავსე დავბრუნდები. ამას იმიტომ ვიძახი, რომ საქართველოს და ჩემი შვილის სამშვიდობო ოპერაციაში მივიღე მონაწილეობა...
იცოდე, რომ ძლიერ მიყვარხარ და სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან შენი სიყვარული გამყვება. იქიდანაც თქვენზე ვიფიქრებ და ვილოცებ! მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ ...
ლია ბერიძე, მეუღლე: „მე წარმოშობით ასპინძიდან, სოფელ ახალციხიდან ვარ. გიორგის მამიდა ჩვენს სოფელში იყო გათხოვილი და ერთმანეთი იქ გავიცანით. ოთხწლიანი ურთიერთობის შემდეგ ვარძიაში გავიპარეთ, საიდანაც უკვე თბილისში ჩამოვედით და აქ 3 წელი ერთად ვიცხოვრეთ.
გიორგის დედა პატარას გარდაეცვალა, მამა კი მეორე ჯგუფის ინვალიდი ჰყავდა, ამდენად შრომა მისთვის ადრეული ასაკიდან ძალიან ნაცნობი იყო და არასდროს იზარებდა. ჯარისადმი ინტერესიც სულ ჰქონდა და მიუხედავად მამის და ჩემი წინააღმდეგობისა, მაინც თავისი გაიტანა, საბუთები რომ უნდა შეეტანა საკუთარ დას სთხოვა ფული. 3 თვე გაიარა კარანტინი და 6 თვე იმსახურა. წოდებით კაპრალი იყო და ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მძღოლად მუშაობდა მეხუთე სატანკო ბრიგადაში.
შვილზე ოცნებობდა, ერთხელ მითხრა, ეკლესიაში ვიყავი და უფალს ვთხოვე, რომ ოღონდ შვილი მომეცი და თუ გინდა მე წამიყვანეო. ჩემი ორსულობა რომ გაიგო ძალიან ბედნიერი იყო. მე ივლისში სოფელში წავედი... ომის დაწყებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე ჩამოვიდა და გვნახა...
მას შემდეგ ტელეფონით კი სულ გვქონდა საუბარი, მაგრამ ნახვით აღარ მინახავს. სახლში ყოფილა მოსული და ჩემი მული იხსენებს ისე გამოგვემშვიდობა თითქოს გრძნობდა რაღაცასო. პირველ აგვისტოს მთელი ღამე ლაპარაკში გაუთენებიათ.
ტელეფონით დაკავშირება კი ძალიან ჭირდა, მაგრამ 7 აგვისტოს დამირეკა დილით და მითხრა, რაღაც მინდა გთხოვოო, შვილი გაზარდე ისეთი, მე როგორიც მინდოდა გამეზარდა და შენ როგორიც გინდა რომ გაიზარდოსო. თავს მიხედეო, ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი...“
ლიკა დღეს მახათას მთაზე, საჰაერო თავდაცვაში მუშაობს და პატარას ზრდის:
„ძალიან რთულია, როცა მოდიხარ ღამე სახლში და ქმარი გახსენდება, გინდა ტირილი, მაგრამ პატარას გამო ემოციების მოთოკვა გიწევს. მე რომ ვტირი ისიც ტირილს იწყებს. ჯერ, ალბათ, ვერც ხვდება რომ ის გმირის შვილია.“