ზაზა ახალკაცი ბეგლარის ძე სერჟანტი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ. 1981 - 2008წწ
გორის სატანკო ბაზის დაბომბვამ სიცოცხლე მოუსწრაფა, ელენა ჭიღლაძე კი ნაადრევად დააქვრივა...
ზაზა ახალკაცს არც ომამდე ჰქონია დალხენილი ცხოვრება. მის ხანმოკლე სიცოცხლეში იყო ბევრი გაჭირვება, ბევრი დაბრკოლება და დიდი სიყვარული, რომელიც ამ დაბრკოლებებს ალახვინებდა.
ელენა ჭიღლაძე, მეუღლე: „რომ გითხრა, სანამ გავყვებოდი, დიდი ხნის ურთიერთობა მქონდა-მეთქი, არ იყო ასე... გაცნობიდან ძალიან მოკლე ხანში დავქორწინდით... როგორც მისი მონაყოლიდანაც და ახლობლებისგანაც ვიცი, ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა. ბავშვობიდანვე დამოუკიდებლად ცხოვრებას იყო მიჩვეული, თავად უწევდა თავის მიხედვა. 3 წლის იყო, როცა მშობლები დაშორდნენ, სკოლა-ინტერნატში იზრდებოდა, ტაშისკარის სკოლა-ინტერნატი დაამთავრა. მერე თავისით ისწავლა იურიდიულ კოლეჯში, სხვათა შორის, წითელ დიპლომზე დაამთავრა...“
ზაზას გაცნობა თავად ელენას ინიციატივა ყოფილა. მათი რომანი „ესემესებით“ დაწყებულა.
ელენა ჭიღლაძე: „სკოლა გორში დავამთავრე, თბილისში სდასუ-ში ვსწავლობდი, ზაფხულში გორში ვიყავი, იმ დროს ტელეკომპანია „თრიალეთზე“ „მესიჯ-კლუბი“ გადიოდა. მახსოვს, მარიამობა დღე იყო და ამ „მესიჯ-კლუბში“ გავიდა ასეთი მესიჯი – ამა და ამ ნომერზე დამიმესიჯონ ქერა გოგონებმაო. არასოდეს არავისთვის გამიგზავნია ასე მესიჯი, მაგრამ ზაზას რატომღაც დავუმესიჯე, ტელევიზორში რომ არ გამოგეცხადებინა, რა იყო-მეთქი? ვინა ხარ და რა გინდა, რა გამოვაცხადე ტელევიზორშიო? გაკვირვებულმა მომწერა, თურმე მის ნაცნობ გოგონებს უხუმრიათ და გაუგზავნიათ ეს განცხადება და მისი ნომერი. მე აქეთ გაკვირვებულმა მივწერე, როგორ, ტელევიზიით აცხადებ და არ იცი, რას აცხადებ-მეთქი? ასე დაიწყო ჩვენი მიმოწერა. მერე ჩემთან სოფელში ამოსულა. შორიდან ვუნახივარ. სწავლა რომ დაიწყო, და თბილისში ჩამოვედი, „მზიურთან“ დამხვდა, მე ვარ ის, რომ გემესიჯებოდაო... მახსოვს, 26 სექტემბერი იყო... მეც დავინტერესდი... მერე „მზიურში“ ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს...
28 აგვისტოს მიმოწერა დავიწყეთ, 26 სექტემბერს შევხვდი და ოქტომბერში უკვე გავიპარეთ. უფრო სწორად, მოტყუებით წამიყვანა.
არა, გაყოლას ვაპირებდი, მაგრამ იმ დღეს თუ მივყავდი, არ ვიცოდი.
მე გორში მოვდიოდი, ზაზამ მითხრა, მეც გორში მოვდივარო, წამომიყვანა და გორის ნაცვლად საჩხერეში წამიყვანა თავისი მეგობრის დის ოჯახში. ის მეგობარი მერე ჩვენი მეჯვარე გახდა.
მის ოჯახურ მდგომარეობაზე მართლა არაფერი ვიცოდი. იმდენად კარგი ბუნების ბიჭი იყო, იმდენად კარგი პიროვნება, გადასარევი ხასიათის, რომ არაფრის გამოძიება არ დამიწყია. როცა გავყევი, ჩემმა ოჯახმა საერთოდ არაფერი იცოდა ზაზაზე. ზაზამ ბიძაჩემთან დარეკა და გააგებინა, რომ გავთხოვდი, რომ მას გავყევი ცოლად. ჩემმა მშობლებმა დაგვიწყეს ძებნა, ვერც ჩვენ მოგვაგნეს და ვერც ზაზას ოჯახს.
ბოლოს მიპოვეს, წამომიყვანეს სახლში. ზაზა ნამდვილად არ იყო ვინმეს დასაწუნი, მაგრამ...
ჩემ ძმას გატაცების მუხლით ჰქონდა შეტანილი საჩივარი, ძალიან დიდი პრობლემები იყო, ან ზაზას დაიჭერდნენ, ან ჩემს ძმას ექმნებოდა პრობლემები, თუ არ წამოვიდოდი. ეს აქედან მეხვეწებოდა, ის – იქიდან. წამოვედი მშობლებთან. ერთი კვირის მერე მოვიდა ჩემი ქმარი და ისევ წამიყვანა, ახლა უკვე სახლიდან მომიტაცა მეორედ. მშობლები არ მელაპარაკებოდნენ, ჩემს ძმას პრობლემები შეექმნა და არ ვეკონტაქტებოდი. გაბრაზებულები იყვნენ. ორი თვის თავზე, ჩემი ახლობლები მოვიდნენ, მამაშენია მოსული, დედაშენია ძალიან ცუდად და შერიგება უნდათო. წამოდი, დედაშენი ნახეო. არ მივდიოდი, მოვიდეს აქ და ჩემს ოჯახში მნახოს-მეთქი. ვერ მოვა, ისე ცუდადააო. რომ მიდიოდნენ, ეზომდე ჩავაცილე და იქ ჩემი ბიძაშვილი და მამაჩემი დამხვდნენ და ახლა იმათ წამიყვანეს. ამ დროს უკვე ფეხმძიმედ ვიყავი დავითზე, მაგრამ ბავშვზე პრობლემა არ ჰქონდათ.
საბოლოოდ, მე ვთქვი, ესაა ჩემი ბედი-მეთქი. გადაწყვიტა, რომ ჯარში შესულიყო და მართლაც შეასრულა თავისი პირობა, ერთ თვეში მუშაობა დაიწყო. ახალი ჩამოყალიბებული იყო საინჟინრო ბატალიონი, იქ დაიწყო უზრუნველყოფის ასეულში სერჟანტად მუშაობა. 2006 წლიდან დაღუპვამდე, იქ მუშაობდა. ბავშვს რომ ველოდებოდით, საცხოვრებლად სოფელში, ახრისში, ჩემს მშობლებთან გადავედით. ჯარში იქიდან დადიოდა ზაზა“.
შეეძინათ პატარა დავითი. ომამდე შვებულებაში იყო, ზღვაზე დაისვენა ცოლ-შვილთან ერთად. რომ ჩამოვიდნენ, მალევე განგაშიც გამოცხადდა.
„5 აგვისტოს მოვიდა საღამოს სახლში, 6 აგვისტოს დილით წამოვიდა, მითხრა, მორიგე ვარ და დღეს ვერ მოვალო. 7-ში სიტუაცია დაიძაბა, ყაზარმულზე გადავიდნენ, იმის მერე... 9 აგვისტოს უკვე დაიბომბა ნაწილი და ზაზაც მოყვა დაბომბვაში... დაღუპვამდე ტელეფონით ვეკონტაქტებოდი. ჩემი ძმაც ჯარში მსახურობდა, ჩემი ძმა ცხინვალში იყო შესული, ზაზა მეუბნებოდა, მამშვიდებდა, მე არ ვარ ცხინვალშიო, მართლაც არ იყო ცხინვალში, ომის პერიოდში, 7, 8, 9 აგვისტოს აგარაში იყო, ტყვია-წამლის გადამზიდი მანქანები ებარა, მათი ფუნქცია ტყვია-წამლით მომარაგება იყო, ცხინვალში ბოლო მომენტში უნდა შესულიყვნენ, როცა ყველა შევიდოდა.
9 აგვისტოს, დილის 8 საათი იქნებოდა, ჯერ კიდევ აგარაში იყო, რომ მელაპარაკა, გორში ვაპირებ ჩამოსვლასო. ეს უბედურება რომ დაიწყო, ვრეკავდი, არ მპასუხობდა, ბოლოს ძმაკაცმა აიღო, ზაზა გასულიაო, რას უყურებთ, იბომბებით, გაიქეცით-მეთქი. არადა ამ დროს თურმე ზაზა უკვე დაჭრილი იყო...
მერე რომ ვრეკავდი, აღარავინ მპასუხობდა. და საერთოდ გაწყდა კავშირი...
თურმე ზუსტად დაბომბვამდე ათი წუთით ადრე მისულა ნაწილში. ზოგი მიყვება, დაღლილი იყო და თავის საწოლზე წამოწვაო...
მამაჩემი მაშინვე წამოვიდა, როგორც კი ნაწილის დაბომბვის ამბავი გავიგეთ“.
სიმამრმა სიძე ვერც დაჭრილების სიაში იპოვა, ვერც გარდაცვლილების. სამი დღე ეძებდნენ საავადმყოფოებში. თბილისის არც ერთი საავადმყოფო არ დაუტოვებიათ, რომ არ მიეკითხებინათ. ბოლოს პატარ-პატარა კლინიკებშიც ეძებდნენ. ბოლოს უკვე სურათებს ტოვებდნენ საავადმყოფოებში, რომ, თუ სურათზე ვინმე იცნობდა, შეეტყობინებინათ. 11 აგვისტოს ღამით ონკოლოგიური საავადმყოფოს კარისკაცმა ამოიცნო სურათით – აქ წევს ეს ბიჭიო.
ზაზა ახალკაცს საბედისწერო დიაგნოზი დაუსვეს – ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, ტვინის ღეროს დისლოკაცია და გულ–სისხლძარღვთა უკმარისობა. ოპერაცია ღუდუშაურის კლინიკაში მიწვეულმა გველესიანმა და მაღალაშვილმა ჩაუტარეს, მაგრამ საშველი არ იყო, გულიღა უცემდა.
„მამაჩემმა 11-ში ღამით მიაგნო ზაზას, მერე მე წამიყვანეს, ღამით ვნახე, აპარატზე იყო მიერთებული უგონო მდგომარეობაში. 12-ში ღამის 11 საათზე დალია სული...
დავითი ახლა 2 წლისაა, ზაზამ დაარქვა დავითი. ჩვენ სულ ვახსენებთ და ვესაუბრებით მამაზე. ჩემი ძმები, როცა კი რამეს მოუტანენ, ეუბნებიან, რომ მამამ გამოუგზავნა. ისიც ასე იძახის: „მამამ მომიტანა“. ზაზას კუთხესთან, სადაც სანთელს ვუნთებთ და ლოცვებს ვუკითხავთ, იქიდან თუ იღებს ხილს ან კანფეტს, ამბობს: „მამამ მომცაო. თავიდან ზაზა რომ ახალი დაღუპული იყო, გარდერობს რომ გამოაღებდა, „მამაო“, – იძახდა, ტანსაცმელს ცნობდა. არ ვიცი, ახსოვდა, რომ ის ტანსაცმელი ეცვა თუ ინსტინქტურად გრძნობდა...“