ჯიმშერ კურდღელაშვილი ელგუჯას ძე 1986-2008წწ
9 აგვისტოს დილა. გორის ჯავშან-სატანკო ბაზა. თავშეყრილი ჯარისკაცები. შუაგულში ბიჭი – წელსზემოთ შიშველი. დგას და რაღაცას ყვება, ბიჭები იცინიან… ბომბი. მათ სიცილისას დალიეს სული… ჯიმი კურდღელაშვილი სულ 22 წლის იყო. დაიბადა ცხინვალში. მისი მშობლიური სოფელი – ზემო ხვითი ცხინვალიდან სულ 3 კილომეტრის მოშორებითაა. 90-იანი წლების დასაწყისში დედამ არაერთხელ გამოარიდა ის და მისი და-ძმა სოფელს. ჯიმი შუათანა იყო, ვიტალი – მასზე ერთი წლით უფროსი, გამუდმებით ერთად ყოფილან, უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ, ყოველ საღამოს კინკლაობასა და ჭიდაობაში ატარებდნენ.
მერე ვიტალი დაელოდა და სავალდებულო ჯარიც ერთად მოიხადეს. სავალდებულო ჯარამდე იყო სკოლა. ლეილა კურდღელაშვილი, დედა: „ნიჭიერი ბავშვი იყო, სკოლაში კარგად სწავლობდა, უფრო ქართული და ისტორია უყვარდა. ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ბავშვებთანაც, მასწავლებლებთანაც. საერთოდ, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. დიდთან დიდი იყო, პატარასთან პატარა. ყველას უგებდა, ყველას ეხმარებოდა, ლარიანი რომ სდებოდა ჯიბეში, აიღებდა და სხვას გაუნაწილებდა. ხან მონოს გადაურიცხავდა, ხან ფულს მიაწვდიდა. არავისთვის არაფერი ენანებოდა და სოფელშიც, საძმაკაცოშიც სულში ისვამდნენ, ისე უყვარდათ, ყველას მომფერებელი იყო, ყველას გულშემატკივარი. 2003 წლის გაზაფხულზე სავალდებულოშიც გაიწვიეს, ორივე ძმა წავიდა ჯარში. გარდაბანში მსახურობდნენ. თავიდან 40 ბიჭი მსახურობდა იქ, მერე 12-ღა დატოვეს, ადგილობრივ მოსახლეობას დაუახლოვდნენ, მიეჩვივნენ იქაურობას. მერე ბრძანება გამოვიდა, სავალდებულო სამსახური 7-თვიანი გახდა და იანვრის დასაწყისში გაათავისუფლეს. ჯარში სხვა ბიჭებიც იყვნენ ჩვენი სოფლიდან და ყველა დაბრუნდა, ჩემები არ ჩანდნენ. ვურეკავდი, დედა, თქვენ არ შეგეხოთ-მეთქი? არა, დედი, მაისამდე აქ უნდა ვიყოთო. მატყუებდა ჯიმი. მერე ძველით ახალი წლის წინა დღეებში მოვიდნენ ორთავენი. მაგრამ ჯიმი მეუბნება, ხვალ დილით ისევ უნდა დავბრუნდე და სასწრაფოდ „ბუშლატი“ გამირეცხე და გამიშრეო. ისეთ დღეში ჩავვარდი, ეს „ბუშლატი“ დილამდე როგორ გაგიშრო-მეთქი. ეცინებოდა ჩუმად. შენ რაღაცას მიმალავ-მეთქი. არა, დედა, დროზე გაათბე წყალიო. ავდექი, რაღას ვიზამდი, დავდგი წყალი, თან ვტიროდი, რაღა მაინცდამაინც თქვენ არ შეგეხოთ ეგ ბრძანება-მეთქი. ეს „ბუშლატი“ რომ უნდა ჩამეგდო წყალში, მწვდა უცებ, ამოიღო სამხედრო ბილეთი და თავისუფალი ვარ დღესო, მახარა, ისეთი სიხარული იყო იმ წუთას ჩვენს ოჯახში… ასეთი ბავშვი იყო, სული სძვრებოდა ხუმრობაში, დაურეკავდა ძმაკაცებს, ჩქარა, ჩქარა ამოდით, ცოლი მოვიყვანეო, მოცვივდებოდნენ ბიჭები, რა უყავ ქალიო და გამექცაო“…
სავალდებულო ჯარის მოხდის შემდეგ, სახლში იყო, მამას ეხმარებოდა ნაკვეთების დამუშავებაში. თან გული ჯარისკენ მიუწევდა, დედა სასტიკ უარზე იდგა, მან მაინც თავისი გაიტანა. დედა: „სავალდებულოდან რომ დაბრუნდა, სახლში იყო, მამას ეხმარებოდა, ნაკვეთები გვაქვს. აჩემებული ჰქონდა, ჯარში უნდა წავიდე ისევო. ცივ უარზე ვიყავი. ის შვიდი თვე, რაც სავალდებულოში იყვნენ, სულ ტირილში გავატარე. არ ვიცი, ალბათ, გული მიგრძნობდა… ყოველღამე ჩხუბი გვქონდა. უნდა წავიდე ჯარში – ვერ წახვალ, უნდა წავიდე – ვერ წახვალ… ბოლოს ასე მომახსენა: დედა, ჩემს წინ რომ დავარდე, მაინც წავალ ჯარში და გამანებე თავი, აღარაფერი მითხრაო. მერე მამამისმა მითხრა, შეეშვი, არ ჩერდება და წავიდესო.
ამან რომ ჯარში გაიწია, უფროსმაც აიტეხა, ეს თუ ჯარში მიდის, მე აქ რაღა მინდაო. ვეღარ შევაკავე… ბიჭი სანამ კალთაში გიზის, მანამაა დედისა, თორემ მერე, რომ აიწყვეტს… წავიდნენ ჯარში, 2007 წლის 10 აპრილს დაიწყეს სამსახური გორში, სატანკო ნაწილში. ძალიან მადლობლები იყვნენ, კარგი პირობები ჰქონდათ. სულ იმას მაყვედრიდა, აჰა, რომ არ მიშვებდი, ხომ ხედავ, რომ კარგად ვარ და არაფერი მიჭირსო. არ ვიცი, გული უგრძნობდა თუ რა იყო, ომამდე აიტეხა, მანქანა უნდა ვიყიდოო. გამოიტანა კრედიტი, იყიდა მანქანა, მერე გაყიდა, უკეთესი უნდა ვიყიდოო. მერე ომი დაიწყო. ზემო ხვითში რომ ტანკებმა აიარეს, დედას თავზარი დაეცა – ბიჭები სატანკო ნაწილში მსახურობდნენ და იფიქრა, რომ ომში წაიყვანეს. მერე ბიჭებმა შეატყობინეს, რომ ნაწილში იყვნენ, ომში არ წაუყვანიათ. 8 აგვისტოს ოჯახი ხვითიდან გამოიქცა ჩუსტებისა და მეორე დილით უკან დაბრუნების იმედის ამარა. მეჯვრისხევს შეაფარეს თავი. სანამ მეჯვრისხევში ავიდოდნენ, ჯიმიმ დედას დაურეკა, მნახეთო. დედა: „ჯიმი გარეთ იდგა, ნაწილის წინ, იარაღასხმული. უფროსი ბიჭი რომ ვერ ვნახე, გავგიჟდი, მამშვიდებდა, ნაწილშიაო. რომ არ დავუჯერე, ბიჭებს დააძახებინა. ბიჭები მამშვიდებდნენ, ჩვენი დარდი არ გქონდეთ, ოღონდ თქვენ გაეცალეთ აქაურობასო. ჩემს ცრემლს ვერ იტანდა, მანქანაში რომ ჩავჯექი, ცრემლები წამსკდა, შემოყო თავი, თითი დამიქნია, ცრემლი არ დაგინახო, ხომ ხედავ კარგად ვარო. 9 აგვისტოს, დილით ადრე დამირეკა, ბალი-ბარათები ჩამარიცხვინა. მერე ათის ნახევარზეც ველაპარაკე. დედა, ნუღარ წვალობ, დაკავშირება ჭირს, ხომ იცი, კარგად ვართო. მერე ტელევიზორით გავიგე გორის ბაზის დაბომბვის ამბავი… ვერც ერთს ვერ ვუკავშირდებოდი, 4 საათისთვის ძლივს მოვახერხე ვიტალისთან დარეკვა, დამამშვიდა, კარგად 179 ვართ, ჩვენ არაფერი შეგვეხოო. ჯიმიც ჩემს გვერდზეაო…“ არადა, ამ დროს ჯიმი არ იყო მის გვერდით, არათუ მის გვერდით, საერთოდ აღარ იყო ამქვეყნად… დაბომბვას გადარჩენილი ძმა დაღუპულ ძმას ეძებდა… ეძებდა და მთელი დღე ატყუებდა დედას, გვიან ღამით მხოლოდ იმაში გამოუტყდა დედას, რომ ჯიმის ვერ პოულობდა, მერე ტელეფონი გამოურთო საერთოდ, მეორე დილამდე… დედა: „ვიტალი მიყვებოდა მერე, მე პოსტზე ვიდექი, ათი მეტრის იქით 22 ბიჭი ურიკაზე იჯდა, ჯიმი წელსზემოთ შიშველი იდგა და ბიჭებს აცინებდაო, ამ სიცილში დაიღუპნენ – შუაში ჩაუვარდათ ბომბი. ბომბი რომ ჩამოვარდნილა, ტალღას აუსვრია ვიტალი, გონს რომ მოსულა, მისი ავტომატი იქით გდებულა, მაღლიდან მოდიოდა მთელი ქვიშა, მიწა, ქვა და თავზე მეყრებოდაო. ასე მეგონა, ხელ-ფეხი ზედ აღარ მებაო. როგორც იქნა, წამოვიწიე და თვითმფრინავის ხმაც მომესმა, ისევ მოდიოდა, შეშინებული გორაკებისკენ, სანგრებისკენ გავვარდი, როგორც იქნა, მივაღწიე და ჩავვარდი შიგო. აზრზე რომ მოვედი, თავში დამკრა, რომ ჯიმი იქ იყოო. გამოქცეულა, დაუნახავს პოლიცია, სასწრაფო, იქამდე რომ მიაღწია, ყველა გაყვანილი ჰყავდათ უკვე. ჰოსპიტალისკენ გამოქცეულა. რომ მორბოდა, დაჭრილს დაუძახია, დამეხმარეო, წამოუყვანია, მოჰყავდა ეს დაჭრილი ბიჭი, გზად მსუბუქი მანქანა დასწევიათ, ვიტალი გადასდგომია, გაუჩერებია, დაჭრილია, წაიყვანეთო, კარი გამოუღია და იმ მანქანაში ამ დაჭრილი ბიჭის ძმა ესვენა მკვდარი… ვიტალი ისევ ჯიმის საძებნელად გამოქცეულა. ჰოსპიტალში რომ შევარდა, თავიდან სისხლი სდიოდა, ექიმები დასდევდნენ თურმე შესახვევად, არ უჩერდებოდათ, ძმას ეძებდა დაჭრილებში. ვერსად უნახავს. მორგშიც შესულა, სამი მიცვალებული უნახავს, მეტი ვეღარ გაუძლია… გამოსულა, დეიდაშვილს დაურეკა, იქნებ თბილისში გადმოიყვანეს, დაჭრილებში ეძებეთო. თვითონ ვიტალიმ 10 აგვისტოს დილით გაიგო ძმის დაღუპვის ამბავი. ჩვენი სოფლელი ბიჭი დაიღუპა ცხინვალში, იმას ეძებდნენ თავისი ძმები, ჯიმი ნახეს და შეატყობინეს. დედას ისევ უმალავდა, დეიდის ქმარს დაურეკა, ჯიმი დაიღუპა, გორში ვარ ჰოსპიტალში, ჩამომხედეთ, დედაჩემსა და მამაჩემს არ გააგებინოთო. დედა: „მორგიდან გამოიყვანეს, დედა მოუკვდეს, და თავის სოფელშიც ვერ წავიყვანეთ. გომში, ხაშურის რაიონშია მამიდამისი გათხოვილი, და იქ დავკრძალეთ დროებით. იქაც უკვე ისეთი ამბავი იყო, მკვდარი არ დაგვატირებინეს, თვითმფრინავი დაგვტრიალებდა თავზე, გვბომბავდა. ჭირის სუფრის გაშლა უნდოდათ, შესანდობარი მაინც ვუთხრათო, გაგიჟებული ვიყავი, მზეზე არ დარჩეს ჩემი შვილი, გაიყვანეთ, მიაბარეთ მიწას, ვერ ხედავთ, რა ამბავია-მეთქი. სირბილ-სირბილით მივაბარეთ მიწას და გამოვიქეცით გომიდან. გამოვიქეცით და გამოვასწარით, გორში უკვე რუსის ჯარი შემოდიოდა, წინ შევეფეთეთ, ავტომატებს გვიშვერდნენ მანქანებში, შიშითა და უბედურებით გამოვედით. სოფელში ოქტომბერში დავბრუნდით და ოქტომბრის ბოლოს გადავასვენეთ მშობლიურ სოფელში…“