სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
გიორგი მამუკაშვილი ვალერის ძე 1987-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. გორი გიორგი მამუკაშვილი ვალერის ძე 1987-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. გორი

1987-2008 წწ. გარდ. 21 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი მამუკაშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

378       ბეჭდვა

გიორგი მამუკაშვილი ვალერის ძე 1987-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. გორი

კაპრალი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ. 1987 – 2008


 9 აგვისტოა. დილა. ომი მძვინვარებს. გორს რუსული ავიაცია დასტრიალებს.

გიორგი გორის ჯავშან-სატანკო ბაზაზეა. ომში არ წაიყვანეს – ორჯერ ძალით ჩამოაგდეს ავტობუსიდან, ბაზაზე დატოვეს.

დედამ მიაკითხა. დედაც ყაზარმულ რეჟიმზეა – სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობს მედდად. დედა სულ რამდენიმე საათით გამოუშვეს ჰოსპიტალიდან, სამდღიანი დაძაბული მუშაობის შემდეგ. დედა-შვილმა ისაუბრეს. შვილმა დედა გამოისტუმრა, სახლში ჩადი, სადილი გაამზადე და ცოტა ხნით ჩამოვალო. დედა წამოვიდა, მათი სახლი იქვეა – ვერხვების უბანში. მივიდა სახლში და დაიწყო დაბომბვა.

„მეც, მამამისიც გიჟებივით გამოვცვივდით, იმ ქაოსში ნაწილამდე ვერ მივაღწიეთ, ვრეკავდი, კავშირი გაწყვეტილი იყო...“ - იხსენებს დედა.


ბოლოს, როგორც იქნა, დარეკა დედამ შვილთან.

გიორგის ნაცვლად ტელეფონს მისმა სიდედრმა უპასუხა. დედას ცუდად ენიშნა. გიორგის სიდედრი ჰოსპიტალში, მიმღებში, შოკის დარბაზში მუშაობდა, მას მიუსვენეს სისხლისგან დაცლილი სიძე.

მედეა მამუკაშვილი, დედა: „ანა, რა ხდება, შენ რატომ გაქვს ტელეფონი, გიორგი სადაა-მეთქი. ნუ გეშინია, დაჭრილია გიორგი, აქაა მოყვანილი, ისეთი არაფერი არა აქვსო. მოვდივარ-მეთქი, – ესღა ვთქვი. გამოვიქეცი სახლში და იქაურობაც დაქცეული დამხვდა. გვერდით, მეზობლის სახლს ბომბი ჰქონდა დაცემული... აღარაფერი მახსოვდა, შევვარდი სახლში, სპორტულები ავიღე, ბავშვს გამოსაცვლელი ჰქონდეს-მეთქი და ამ დროს დამირეკა სიდედრმა, აღარ ჩამოხვიდე, მე ამოვიყვან სახლში, ისეთი არაფერიაო. თქვენს მტერს და დამაწყევარს... მომიყვანეს სასწრაფოთი უკვე ცხედარი“.

დედას მიუსვენეს 21 წლის ბიჭი. ბიჭი, რომელსაც წლები ელოდნენ.


გიორგი მამუკაშვილი ნაბოლარა იყო...

დედა: „გიორგი მესამე, რომ იტყვიან, სიბერეში შეძენილი შვილი იყო, ორი გოგონას შემდეგ შეგვეძინა. გიორგი რომ დაიბადა, უფროსი 13 წლის იყო, მეორე – 10 წლის. ძალიან ლამაზი და ლაღი ბავშვობა ჰქონდა, ძალიან ცელქი და მოძრავი ბავშვი იყო. ერთ ადგილზე გაჩერება არ შეეძლო, არც ბავშვობაში, არც შემდეგ. ყველაფერი ეჩქარებოდა, ყველაფრის მოსწრება უნდოდა...“

უფროს დას, მარინას, დედის თანაბარი ამაგი ჰქონდა მის გაზრდაში. დედა მუშაობდა და გიორგი უმეტესად მარინასთან იყო. მერე მარინა გათხოვდა და გიორგი ხუთი წლისაც არ იყო, ბიძა რომ გახდა, ძმისშვილმა თაზომ კი თავის პატარა ბიძას სახელი „წაართვა“.

მარინა, და: „ყოველი დღე მახსოვს – დაბადებიდან სიკვდილამდე... ხუთი წლისაც არ იყო, თაზო რომ შემეძინა, გიორგის ბიძა დაარქვეს, პატა ბიძა. თვითონაც შეიფერა სახელი, პატარაობიდანვე კაცად ჩამოყალიბდა, ლამის ბავშვობა არ ჰქონია. ერთხელ ჩემი ბიჭი დაიჭირა და ეჩხუბებოდა, შენი გულისთვის სახელი დავკარგე, გიორგის აღარავინ მეძახის, ყველა ბიძას მეძახისო. მერე და მერე, რომ წამოიზარდნენ, ძმაკაცობდნენ...

გიორგი ყველას უყვარდა – ბაღში, სკოლაში, უბანში... ვერავინ გეტყვის, რომ გიორგისგან რამე სწყენია. ყველაფერს ისე აკეთებდა, რომ ძალიან დიდი სიყვარულით სარგებლობდა. მოდიოდნენ სულ პატარა ბიჭები, რომ გიორგის ჭკუა დაერიგებინა...“

დის მეგობარი იხსენებს: „სიგარეტს ვეწეოდით გოგოები, პატარა იყო მაშინ გიორგი. სულ გვეჩხუბებოდა, მერე თითქოს მიეჩვია. ერთხელაც, ჯოკერს ვთამაშობთ, თან ვეწევით. ჩავაფერფლეთ საფერფლეში და... ბუხ, აფეთქდა მთელი საფერფლე... თურმე დამდგარა, ასანთისთვის თავები წაუტეხია და მთელი საფერფლე იმით გაუვსია... დაგვსაჯა, საფერფლე აგვიფეთქა...“


როგორც ყვებიან, პატარაობიდანვე სიგიჟემდე ჰყვარებია მანქანა. მისი ერთადერთი სათამაშო მანქანები ყოფილა. მეხუთეკლასელი კი უკვე ნამდვილ მანქანას მართავდა – ჯერაც რომ არ ჩანდა მანქანიდან. მამა დააყენებდა მანქანას. წავიდოდა სადმე, მოვიდოდა და ადგილზე არ დახვდებოდა – გიორგის გასაღების ასლით გაჰყავდა მანქანა. მამა ცვლიდა გასაღებს. გიორგიც აკეთებდა ახალ „დუბლიკატს“. ბოლოს მამას შეშინებია – შარში არ გაეხვესო, ამდგარა და მანქანა გაუყიდია.

მარინა: „მაშინ მამას ხუმრობით უთხრა: მამა, მანქანა მიყიდე, თორემ ცოლს მოვიყვანო. ერთადერთი მაშინ ახსენა ცოლი, ისიც ხუმრობით, სხვა ჩვენ არაფერი ვიცოდით, არ უთქვამს, ცოლი მომყავსო. არც იმ გოგოზე უთქვამს საერთოდ რამე. არაფერი არ ვიცოდით, კარზე მოგვაყენა პირდაპირ. თურმე ჰყვარებია ინა“.

დედა: „გიორგიმ სკოლის დამთავრების შემდეგ, გორში, მცირე აკადემიაში, იურიდიულზე ჩააბარა, ინაც მცირე აკადემიაში სწავლობდა ფარმაკოლოგიის ფაკულტეტზე, იქ გაიცნეს და შეუყვარდათ ერთმანეთი. 18 წლის იყო, რომ შეირთო. შეეძინათ პატარა მარიამი. ძალიან უყვარდა თავისი პატარა ოჯახი. ნამდვილად არ გვიჭირდა, მაგრამ პასუხისმგებლობას გრძნობდა და სულ მუშაობდა, სანამ ჯარში შევიდოდა, ხან სად მუშაობდა, ხან სად – კერძო ფირმებში“.

და: „მუშაობას არ თაკილობდა. ფირმაა ასეთი, „ფლამინგო“, იქ მუშაობდა ქათმებზე. „მექათმეს“ ვეძახდით. ნახევარფაბრიკატების ფირმა იყო „ოქროს თევზი“, იქაც მუშაობდა, სანამ ხორცმა არ მისცა ალერგია. არ ჩერდებოდა უსაქმოდ. ასაკისთვის გასაოცარ პასუხისმგებლობას გრძნობდა თავისი ცოლ-შვილის წინაშე. მახსოვს, ინა რომ სამშობიაროში წაიყვანა, სამი დღე და ღამე სამშობიაროსთან მანქანაში გაატარა, უცებ რამე არ დასჭირდესო“.


ინსტიტუტს ამთავრებდა, საკონტრაქტო ჯარში რომ შევიდა. სახელმწიფო გამოცდები ისე ჩააბარა, ლექტორებმა არ იცოდნენ, რომ ის ჯარში იყო. ყვებიან, რომ სამხედრო კარიერის გაგრძელებას აპირებდა – სამხედრო აკადემიაში ჩაბარებას. ელოდა იურიდიულის დიპლომის აღებას. მაგრამ ომმა არც დიპლომის აღება აცალა, არც სამხედრო კარიერის გაგრძელება. და არც სანუკვარ მანქანაში გახარება – ჯარში შესულა თუ არა, მანქანა უყიდია, მაგრამ... 21 წლისა დაიღუპა.

მარინა, და: „ჯარში შევიდა, მაგრამ შესვლის დღე იყო და სამშობლოს სიყვარული, რაც მუდამ ჰქონდა, გაუასმაგდა. ჩემი მეუღლე და გიორგი ერთ ოცეულში მსახურობდნენ. სახლში ერთად რომ დასხდებოდნენ, ორ ჭიქას დალევდნენ თუ არა, სულ იმაზე ლაპარაკობდნენ, როდის შევიდოდნენ ცხინვალში. ერთი სული ჰქონდათ. ვეტყოდი ხოლმე, გიორგი გაჩუმდი, მართლა არ ახდეს ეგ ყველაფერი-მეთქი. უნდა ახდეს, აბა, რას ჰქვია, ჩვენ თუ არ შევედით, ჩვენი შვილები ისევ ასე იქნებიანო.

გიორგი მამუკაშვილმა სულ 7 თვე იმსახურა გორის სატანკო ბატალიონში. 7 თვის თავზე ომი დაიწყო. განგაშმა დედას ჰოსპიტალში უხმო, შვილს – ბაზაზე. საიდანაც ომში არ წაიყვანეს.

მარინა მამუკაშვილი: „ორჯერ ჩამოაგდეს ავტობუსიდან. მათი ოცეული ბაზის დასაცავად დატოვეს. ჩემი მეუღლეც იქ იყო. ისიც მძიმედ დაიჭრა, მაგრამ გადარჩა, გონი არ დაუკარგავს და ის დროზე გადაიყვანეს ჰოსპიტალში. “

დედა: „გიორგი სიკვდილამდე 15 წუთით ადრე ვნახე. სამი დღე და ღამე ჰოსპიტალში ფეხზე ვიდექი, გადავიღალე და ცოტა ხნით გამომიშვეს. თან რაღაც წინათგრძნობა მეწეოდა. დავურეკე და ნაწილში ავაკითხე. 10-15 წუთი ვისაუბრეთ. ვუთხარი კიდეც: გიორგი, ძალიან ცუდი ამბებია, შვილო, იქნებ რაღაცნაირად ან თავი დაანებოთ, ან წამოხვიდეთ შენ და სოსო(ჩემი სიძე)-მეთქი. რას ამბობ, დედა, ბიჭები აქ ვდგავართ ყველანი. სად უნდა წამოვიდეო. მერე დამამშვიდა: მიდი, კარგი სადილი გააკეთე რამე და ცოტა ხნით ჩამოვალო. მივედი სახლში და გავიგე აფეთქების ხმა...“

მარინა მამუკაშვილი: „ჩემი შვილები და გიორგის ცოლ-შვილი მცხეთაში მყავდა წაყვანილი. დაბომბვამდე სადღაც 20 წუთით ადრე ველაპარაკე ჩემს ქმარს და გიორგის. ჩემმა ქმარმა მითხრა: რა ვიცი, ველოდებით, როდის დაგვბომბავენო. ჩემმა ძმამ კი: კარგი, რა გააწყალე გული, რამდენჯერ უნდა დარეკოო. დაბომბვის მერე რომ ვრეკავდი, უკვე კავშირი აღარ იყო. ჩემმა დეიდაშვილმა დამირეკა თბილისიდან, გიორგი დაჭრილიაო. მას დაურეკავს გიორგისთან და სიდედრს უთქვამს, რომ დაიღუპა. მე დამიმალა დაღუპვა, მაგრამ გულმა ცუდი მიგრძნო, დავტოვე ყველა იქ და გამოვვარდი. ძლივს ჩამოვაღწიე გორამდე, მივედი სახლში და უკვე მოსვენებული ჰყავდათ – სიდედრი აპატიოსნებდა. იმ ღამეს ჭირისუფლები მხოლოდ მე, დედაჩემი და მამაჩემი ვიყავით. სხვა არავინ მოსულა, სიდედრ-სიმამრის გარდა. გორი დაცლილი იყო უკვე. ცოლის ჩამოყვანასაც აღარ ჰქონდა აზრი. მოძღვარმა სასწრაფოდ აუგო წესი და გვირჩია, მეორე დილითვე მიგვებარებინა მიწისთვის, ზემოთ არ დაგრჩეთო. მეორე დილით, ჩემი მეგობარი რომ მოვიდა, უკვე დაკრძალული გვყავდა...“



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2020
ბოლო რედაქტირება 28.08.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0