ზაქარია კვირიკაშვილი კაპრალი კვირიკაშვილი ზაქარია იოსების ძე მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
სხვისი შვილებისთვის ლოცულობდა დედა და არ იცოდა, რომ მისი შვილი ამ დროს გააფთრებული მტრის პირისპირ იდგა. გორში, რუსეთის საავიაციო იერიშის დროს დაიღუპა ზაქრო კვირიკაშვილი. 9 აგვისტოს ღამით გმირის ოჯახიდან უკვე ტირილის ხმა ისმოდა. შვილის გმირულად დაცემის ამბავი, იმავე დღეს გაიგეს. ზაქრომ სამშობლოსთან უვადო კონტრაქტი გააგრძელა.
თამილა საკაშვილი, დედა: „ომი რომ დაიწყო ლომისაში ვიყავით. კაზარმული გამოცხადდა. მისი ჯარის მეგობრებიც იმ დღეს ჩვენთან ერთად იყვნენ და ყველა წავიდა, მარტო ზაქრო დარჩა, რადგან ხელი ჰქონდა ნატკენი, არ გამოუძახიათ. მაგრამ სულ ბიჭებზე ლაპარაკობდა, ხშირად ურეკავდა და ეკითხებოდა რა ხდებოდა, რა მდგომარეობაში იყვნენ.
პარასკევს ადგა დილით და ჩავიდა გორის ჰოსპიტალში. თავის ექიმს უთხრა, უნდა მომხსნა სახვევი ბიჭების გვერდით უნდა ვიყოო. ექიმს უთქვამს, რომ მოგხსნა სახვევი, მაინც ვერ იხმარ მაგ ნატკენ ხელსო. ნაწილში წასულა, უფროსისთვის უთხოვია, მეც გამიშვითო, მასაც სახლში გამოუშვია. მობრუნდა დაღონებული და მითხრა, ფორმა გამომიღეო. გამოიცვალა და წავიდა... მეზობლები, მთელი სოფელი ეხვეწებოდა, რომ არ წასულიყო. ხელი ისევ შეხვეული ჰქონდა. სახლიდან რომ გადიოდა მაშინ თქვა, მე სახლში როგორ გავჩერდე, ბიჭები ომიდან რომ დაბრუნდებიან მათ თვალებში როგორ შევხედოო, რამეში მაინც გამოვადგები და დავეხმარებიო. უფროსს რომ არ მოეშვა საიარაღოს გუშაგად დააყენეს. გორში იყო იმ ღამეს. დაგვირეკა და გველაპარაკა, ნუ გეშინიათ არაფერი არ მოხდება, მალე დამთავრდება ყველაფერიო. მისთვის მართლაც მალე დამთავრდა სიცოცხლე... 9 აგვისტოს 11 საათზე დაიღუპა.
სხვისი შვილებისთვის ვლოცულობდი, მეგონა ჩემი შვილი ომში რომ არ გაგზავნეს, არაფერი მოუვიდოდა. მაგრამ ბომბი რომ ჩამოვარდა პირველი ზაქრო დაიღუპა.“
ზაქრო კვირიკაშვილი 1983 წლის 6 სექტემბერს, გორის რაიონში სოფელ მეჯვრისხევში დაიბადა, იქვე დაამთავრა სკოლა. ოჯახში მესამე შვილი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში გაიწვიეს, სავალდებულო მოიხადა და კონტრაქტით დარჩა.
დედა: „ზაქროს სულ უნდოდა რომ ჯარში ყოფილიყო, ჯარის მეგობრებზე გიჟდებოდა, სულ მათთან უნდოდა. სიცოცხლე უყვარდა. ბევრი აუხდენელი ოცნება დარჩა, შეყვარებული ჰყავდა და გვითხრა, ომი რომ დამთავრდება ცოლს მოვიყვანო. მანქანის ყიდვაც უნდოდა და არ ვაყიდინე, ძალიან მეშინოდა, რისი მეშინოდა არ ვიცი, ასე მეგონა, მანქანას რომ იყიდიდა რაღაც დაემართებოდა. პირველი ხელფასი მეგობრებთან ერთად დახარჯა. ყოველთვის რაღაცას მჩუქნიდა.
მისი დაღუპვის ამბავი იმავე ღამეს გავიგეთ. მისმა მეგობარმა გვითხრა. წარმოუდგენელი გრძნობა მქონდა, ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა. მასთან ერთად დაიღუპა მისი კლასელი,ზურა ურიგაშვილი, იმ ღამესვე მოვასვენეთ ბავშვები.
სამი დღის შემდეგ დავკრძალეთ. თავზე დაგვტრიალებდა თვითმფრინავი. ძალიან მძიმე პერიოდი იყო.
აზრი დაკარგა ჩემმა ცხოვრებამ, ხანდახან რომ მივდივარ, მგონია რომ გვერდით მომყვება“.
დედას ტკივილი არ ტოვებს, მისთვის 9 აგვისტოს ყველაფერი დამთავრდა, მხოლოდ შვილის სახელის უკვდავსაყოფად ცოცხლობს, შვილის, რომელმაც ომში მეგობრები არ დატოვა და მათთან ერთად გმირის წოდებით შევიდა სავალდებულო სამსახურში, ამჯერად სამშობლოსთან უვადო კონტრაქტით.