ზურაბ ურიგაშვილი თამაზის ძე კაპრალი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
7 აგვისტოს ცხინვალში შედიოდნენ... „ბეემპე“ გაუფუჭდათ და სოფელ სვენეთთან შეჩერდნენ. მანქანას ელოდებოდნენ, ნაწილში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ბოლოს დას ელაპარაკა, წყალი მომიტანეთ და ბავშვებიც მანახვეთო... ზურა ურიგაშვილი „ბეემპეზე“ მემიზნე ოპერატორი იყო.
იმ ღამეს ტანკი გორის ნაწილში ჩამოიყვანეს. 9 აგვისტოს, როცა გორის ინტენსიური დაბომბვა დაიწყო, ხმაურზე ზურა, დანარჩენ ჯარისკაცებთან ერთად, ნაწილის ეზოში გამოსულა...
საზარელი აფეთქების ხმა...
ერთ წამში ყველაფერი მიწასთან გასწორდა... ზურა 25 წლის იყო...
1983 წლის 5 სექტემბერს ურიგაშვილების ოჯახში, პირველი შვილის შემდეგ, ნანატრი ბიჭი გაჩნდა.
ნაირა მედოიძე, ზურას დედა: „52 წლის ვარ... გაჭირვებით გავზარდე შვილები. პირველი გოგო შეგვეძინა, ზურა მეორე იყო... ძალიან დიდი სიხარული შემოიტანა ოჯახში... წვალებით გავზარდე. შრომას არ თაკილობდა, ჯან-ღონით სავსე, ძალიან ჭკვიანი, თბილი და უთქმელი ბავშვი იყო. ვერ გაიგებდი, რა სწყინდა... ყველა უყვარდა და ისიც ყველას უყვარდა.
ძალიან სხვანაირი ბავშვი იყო, და-ძმისგან განსხვავებული. მესამე – 21 წლის ბიჭიც მყავს, მაგრამ ის ძალიან სხვანაირი, უთქმელი იყო. სულ იმას ფიქრობდა, როგორ ვესიამოვნებინეთ. ისე გახდა 25 წლის, რომ მისგან ერთი ცუდად ნათქვამი სიტყვა არ მახსოვს“.
19 წლისა სავალდებულოს მოსახდელად გორში, ჯავშან-სატანკო ბატალიონში გაიწვიეს. იქიდან ვაზიანში გადაიყვანეს. წელიწად-ნახევრის შემდეგ, რეზერვისტად წავიდა. სამხედრო რეჟიმს შეჩვეულმა, ჯარისკაცობა გადაწყვიტა და კონტრაქტს მოაწერა ხელი...
2006 წელს დაქორწინდა. ამ დროს უკვე კონტრაქტით მსახურობდა.
ირინე პირველად ქუჩაში დაინახა. უთქვამს, ეს გოგო ჩემი ცოლი გახდებაო და სამ წელში ეს სიტყვები სისრულეში მოიყვანა... მაგრამ მანამდე იყო „ესემესები“, რომელსაც სატელეფონო საუბრები მოჰყვა, საუბარს – შეხვედრა და ერთმანეთის სიმპათია. სამი წლის შემდეგ ურთიერთობა დაოჯახებით დააგვირგვინეს. მათი თანაცხოვრება ხანმოკლე აღმოჩნდა. ერთად სულ ორი წელი გაატარეს...
წლისთავზე ვაჟი შეეძინათ, გიორგი დაარქვეს. სიარულს რომ დაიწყებს, სპორტზე უნდა ვატაროო, – ოცნებობდა.
ბოლოს, მეჯვრისხევში, სოფლის დღესასწაულზე ცოლ-შვილთან ერთად იყო ასული, ბავშვს მთელი უბანი შემოატარა, ნახეთ, როგორი კაცი მყავსო... ბევრ შვილზე ოცნებობდა.
ცხრა თვის იყო გიორგი, მამა რომ დაეღუპა...
„ომამდე ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა. არ ვიცი, სიზმარი ნახა თუ გული უგრძნობდა, მაგრამ სულ იმას ამბობდა, თუ ომი დაიწყო, ვერ გადავრჩებიო... ახლა რომ ვაკვირდები, ბოლო პერიოდში, რაღაცნაირად აღელვებული იყო.
ექვსში, განგაში რომ გამოცხადდა, ღამე, ორ საათზე დაურეკეს. ორ წუთში ჩაიცვა და სახლიდან გიჟივით გავარდა. შვიდში წაიყვანეს ცხინვალისკენ. მირეკავდა, მამშვიდებდა, თვითონ არანაირი შიში არ ჰქონდა... რვაში ისევ გამოსულა, „ბეემპე“ გაფუჭებიათ. არ ვიცოდი, ეს მერე გავიგე. ბოლოს რვაში საღამოს ველაპარაკე. ცხრაში დილით რომ ვრეკავდი, უკვე გათიშული ჰქონდა ტელეფონი. ბოლოს, გორის დაბომბვა რომ დაიწყო, მე, ბავშვი და დედაჩემი თბილისში წამოვედით... მეორე დღეს მამამთილმა დამირეკა, დაიღუპაო... იმ დღესვე ჩავედი მეჯვრისხევში... ცხოვრება რთული ყოფილა. მინდა გიორგი, მამის მსგავსად, ვაჟკაცი გაიზარდოს“.
ბოლო სამი წელი სოფლის იშვიათი სტუმარი გახდა. სამსახური მაქვს ისეთი, რომ დაგვიანება არ შეიძლებაო. პასუხისმგებლობა ჰქონდა. კაპრალი ურიგაშვილი, მეუღლესთან ერთად, გორში, სადგურთან ახლოს, სამხედრო ბაზიდან რამდენიმე მეტრში ცხოვრობდა. როცა 7 აგვისტოს სიტუაცია აირია და ხალხი აქეთ-იქით გარბოდა, დედას უკანასკნელად ესაუბრა. უთქვამს, ნუ გეშინია, დედა, ფანჯრები გააღე და მე დაგიცავო...
„7 აგვისტოს ველაპარაკე. მითხრა: დედა, ცხინვალში უნდა შევიდეთო... მაფრთხილებდა, შენს თავს მიხედე, ნუ გეშინიაო. ბოლოს ივლისის ბოლოს ვნახე, სოფლის დღეობაზე იყო ამოსული, ცოლ-შვილთან ერთად. ბოლო პერიოდში სულ გამოძახება ჰქონდა და ვეღარ ახერხებდა ხშირად ამოსვლას.
უკვე ბოლოს, ტელეფონზე რომ ვეღარ ვუკავშირდებოდით, მამამისი გორში ამბის გასაგებად წავიდა. უთქვამს, ჩემი ირინე და ბავშვი გაიყვანეთ აქედან და თბილისში წადითო.
როცა თამაზი გორიდან მოდიოდა, ვერხვებთან აფეთქების ხმა გაიგო... არ იცოდა, რომ შვილი უკვე აღარ ჰყავდა...
სანამ თამაზი სახლში მოვიდოდა, ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი, გული ცუდს მიგრძნობდა, რაღაცა ცუდი ხდებოდა ჩემს თავს. ჩემს მულთან ავედი ჩახისუბანში. იქაც ვერ გავჩერდი, მერე მეზობელთან გავედი... ადგილს ვერ ვპოულობდი“.
სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე ზურამ ეზოში ფანტანი და ხის სკამი გააკეთა. ეს ადგილი განსაკუთრებულად უყვარდაო, – იხსენებენ თვალცრემლიანი მშობლები...
ნაირა მედოიძე, ზურას დედა: „მთელი საღამო აქეთ-იქით დავდიოდი... უკვე შუაღამე იყო, ყველას ეძინა... ეზოში მის გაკეთებულ ფანტანთან ვიდექი. მანქანის ხმა გავიგე... ზურას კლასელთან გაჩერდა, სამხედრო პატრული იყო... მანქანა მერე ჩვენს კართან მოვიდა. ჩემი მეზობელი ქალი შემოვიდა. ნაირა, გამაგრდიო... ეს ჩემი სიკვდილი იყო...
გამთენიისას, უბნის ბიჭებმა, გორიდან ზურას ცხედარი მოასვენეს....
ვერ ვისვენებდი, კუბოს გარშემო ვუვლიდი, რამდენჯერმე ვცადე გახსნა, მაგრამ არ გამახსნევინეს... უკანასკნელ, ბოლო ღამეს ათევდა საკუთარ სახლში ჩემი შვილი. შავების ჩაცმაც ვერ მოვასწარი, დედა მოუკვდეს... ცუდი ამბები ისმისო და რამდენიმე საათში გაჭრეს საფლავი... მეორე დღეს, საღამოს ექვს საათზე დავასაფლავეთ... სოფელი უკვე დაცლილი იყო.
ერთი წელი ჩემს თვალზე ცრემლი არ შემშრალა... აქამდე სიზმარში, წყალში ვხედავდი. მითხრეს, ამდენი ტირილი არ შეიძლებაო... ტირილის მეტი არაფერი დამრჩენია. ხან ხმა მომესმის, ხან დახველება... ცხოვრებას მეორე ბიჭი მატანინებს. ჩემი ცხოვრება არაფერი აღარ არის, წვალებით გაზრდილი... მის გაყინულ სხეულსაც ვერ მოვეფერე... რაც დრო გადის, უფრო მენატრება... მისი ცხედარი რომ არ მინახავს, მგონია, სადღაც არის წასული. სულ ველოდები. ვიხედები, ვუყურებ, ან ახლა გამოჩნდება ან ახლა-მეთქი... ამაზე დიდი უბედურება, რასაც შვილის სიკვდილი ჰქვია, არაფერია. ძალიან ძნელი ყოფილა... მეორე ბიჭს, ვატოსაც უნდოდა ჯარში კონტრაქტით წასვლა, მაგრამ „დაბრაკეს“. ძალიან მეშინია...“
ზურას გარდაცვალების შემდეგ, მისი მეუღლე თავდაცვის სამინისტრომ ჯარში, გორის მეხუთე ბრიგადაში დაასაქმა. ამჟამად ირინა კავშირგაბმულობის ასეულშია, საქმის მწარმოებლად მექანიზებულშია მივლინებული. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულებით, ზურა დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.
დედის ცრემლი და მშობლიური მეჯვრისხევის მცხუნვარე მზე მიაცილებდა უკანასკნელ გზაზე... კიდევ ერთი ლამაზი სიცოცხლე დასრულდა. გმირის სახელთან ერთად დატოვა მოუშუშებელი სევდა და დიდი სიხარული – გვარის გამგრძელებელი ვაჟკაცი.