ომარ ასლანიძე უმცროსი სერჟანტი ომარ ასლანიძე ლეოს ძე მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
მტრის ავიაცია ზემო ნიქოზს დასტრიალებდა და ქართველ ჯარისკაცებს უტევდა. ქართველი მეომრები კი სოფლად ჩარჩენილ მოსახლეობაზე ზრუნავდნენ. ცდილობდნენ სამშვიდობოს გაეყვანათ. გაერიდებინათ იმ უბედურებისგან... ევაკუაციისას მან და მისმა თანამებრძოლებმა მოხუცი სარდაფში ჩაიყვანეს. ამობრუნდნენ და... 26 წლის უმცროსი სერჟანტი ომარ ასლანიძე მტრისგან ჩამოგდებულმა ჭურვმა იმსხვერპლა...
აგვისტოს რუსულ-ქართულ ომში, ქართველ ქვეითებზე იერიშები, ბუდიონოვკაში ბაზირებულმა 468-ე პოლკის ავიაციამ მიიტანა. სწორედ რუსული ავიაციის მიერ ჩამოყრილმა მასობრივი განადგურების კასეტურმა ბომბებმა იმსხვერპლა ქართველ სამხედროთა უმეტესობა. ცხინვალის დაბომბვის შემდეგ, მოზდოკის აეროპორტიდან აფრენილი რუსული მოიერიშეები – სუ-24 და სუ-25-ები სოფელი ზემო ნიქოზის თავზე დაფრინავდნენ და იქ ეძებდნენ ქართველ ჯარისკაცთა პოზიციებს. საჰაერო შეტევის შემდეგ, ქართველმა ჯარისკაცებმა, იქ დარჩენილი ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. ადლიის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მებრძოლებმა ერთ-ერთი ადგილობრივი მოხუცი საცხოვრებელი სახლის სარდაფში ჩაიყვანეს. ამ დროს, თბილისის მიმართულებით, ერაყიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები მოფრინავდნენ, მათ შორის იყო უფროსი სერჟანტი რომან ასლანიძე. ბაღდადის სამშვიდობო ოპერაციიდან სამშობლოში დაბრუნებულმა ძმამ ომარს ცოცხალს ვეღარ მიუსწრო.
ომარ ასლანიძე 1981 წელს დაიბადა, ქობულეთის რაიონის სოფელ ჯიხანჯურში.
ოჯახში სამი შვილი იზრდებოდა. ომარი შუათანა იყო.
მამა გაიხსენებს, რომ ომარი მხიარული და სხარტი ბავშვი იყო, ძლიერი ყოფილა და მეგობრებს „ძვალო“ შეურქმევიათ. ვარჯიში ჰყვარებია, შემდეგ სოფლის ბავშვებიც აუყოლიებია და მათაც ავარჯიშებდა.
„დღემდე ვინახავ მის გირებს... ყველას ძალიან უყვარდა, ყველა აფასებდა... ძალიან განიცდიან მის დაღუპვას მეგობრები, თანატოლები....“- იტყვის მამა.
ჯარში წასვლა ომარს 2007 წელს გადაუწყვეტია და ჩარიცხულა კიდეც ადლიის ბატალიონში. მალე, მონდომებისა და ფიზიკური სიძლიერის წყალობით, ოცმეთაურიც გახდა და უმცროსი სერჟანტის წოდება მიიღო.
ლეო ასლანიძე, მამა: „აპრილში ჩემს დაბადების დღეზე ბანკიდან კრედიტი გამოიტანა და მანქანა მაჩუქა. ვუთხარი - უკვე 27-ე წელში ხარ, ცოლი მოიყვანე, ოჯახს მოეკიდე და ეგ იქნება ჩემთვის დიდი საჩუქარი-მეთქი. მითხრა, მამა ცოტაც მაცალე, ბინას გავარემონტებ, ჩემი ძმაც ჩამოვა ერაყიდან და შემოდგომაზე ცოლსაც მოვიყვანო, თუმცა ვეღარც ძმის ნახვას მოესწრო, ვეღარც ცოლის შერთვას...“
ომამდე ერთი თვით ადრე, საგურამოში იყო სწავლებებზე, მალე ორფოლოშიც უნდა წასულიყვნენ, მაგრამ სწავლების მაგიერ ომში წავიდნენ.
მამა: „საგურამოდან დაბრუნების შემდეგ თითქოს შეიცვალა, ყველას გვეფერებოდა, ყველას გვეალერსებოდა. ალბათ, ადამიანის ტანი გრძნობს მოახლოებულ აღსასრულს. შინ ბოლოს 6 აგვისტოს მოვიდა. დაძაბული და მოწყენილი იყო. მითხრა, ორფოლოში უნდა წავიდეთ სწავლებებზეო. 9 აგვისტოს მისი ძმა, რომანი ერაყიდან ბრუნდებოდა და გული სწყდებოდა, ვერ ვნახავო. დავპირდი, როგორც კი ჩამოვა, აუცილებლად შეგახვედრებთ ერთმანეთს-მეთქი... საღამოს სახლში რომ დაბრუნდა, მეზობლები მოინახულა, დას მოეფერა და უთხრა - დამლოცეო. ღამით ტელეფონმა გააღვიძა, თანამებრძოლებმა უთხრეს - სასწრაფო განგაშიაო. უთენია წამოდგა. ვუთხარი - ბიჭო საჭმელი მაინც ჭამე, მშიერი ხომ არ წახვალ-მეთქი. არა მამა, ძალიან მეჩქარება და უნდა წავიდეო... სახლიდან გასვლისას ოჯახის თითოეულ წევრს გვემშვიდობებოდა ხოლმე, იმ დღეს არც დაგვმშვიდობებია... ვუთხარი: მოიცადე და მანქანით გაგიყვან-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა... წავიდა... ორ საათში დამირეკა. ამ დროს მე უკვე ქობულეთში ვიყავი საქმეზე წასული. მკითხა, სად ხარო, რომ გაიგო სადაც ვიყავი, მთხოვა მანდ იყავი, ნახევარ საათში გამოგივლი და გნახავო. ქობულეთის ყოფილი რაიკომის შენობასთან ვიდექი, რამდენიმე წუთში ჩემსკენ მომავალი კოლონა შევნიშნე. წინ მომავალ მანქანებში ტვირთი იყო, უკანა მანქანებში კი იარაღასხმული ბიჭები ისხდნენ. ვიცოდი, რომ ორფოლოში მიდიოდნენ სწავლებებზე, გამიკვირდა მათ ხელში იარაღი რომ დავინახე... თვალით ვეძებდი ჩემს შვილს. ყველას ხელს ვუქნევდი. თვითონ დამინახა, მანქანის ბორტზე იჯდა, წამოხტა და დამიძახა: `მამა, აქ ვარ, მე მალე დავბრუნდები!..“ ეს კადრი თვალებიდან არ ამომდის, ბოლოს ამ დღეს ვნახე ჩემი შვილი“.
მალე ბიჭები კონფლიქტის ზონაში შევლენ, ქართული სოფლების მტრისგან დასაცავად.
მამა: „საღამოს შემეხმიანა. აღელვებული ჩანდა. სად ხართ მეთქი, ვკითხე. გორში ვართო. გორში რა გინდათ, ორფოლოში ხომ ხაშურიდან უნდა გადაგეხვიათ-მეთქი, გავიკვირვე. მამა ომი დაიწყო და ომში მივდივართო...
ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა. ვერ გავაანალიზე რას მეუბნებოდა. შემდეგ დაამატა, მამა ჩემს თავს გაფიცებ, დედას არ უთხრა, არ ინერვიულოსო. ჩემი მეუღლე მეორე ჯგუფის ინვალიდია და ომარი დედას განსაკუთრებულად უფრთხილდებოდა...“
ადლიის ბატალიონის ბიჭებმა ისეთი იერიში მიიტანეს მტერზე, რომ მათი წარმატება ლეგენდად იქცა. ნაბიჯ-ნაბიჯ იწევდნენ წინ, მაგრამ მტერმა ჰაერიდან შემოუტია საქართველოს. ბომბავდნენ ყველაფერს, სადაც კი ქართველი მებრძოლები ეგულებოდათ.
მამა: „როგორც ომარის მეგობრებმა მიამბეს, 9 აგვისტოს, ცდილობდნენ ქართულ სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობა სამშვიდობოს გაეყვანათ. ერთი მოხუცი სარდაფში ჩაუყვანიათ. ომარი ამოსულა და დაბომბვაც დაწყებულა. ჭურვის ნამსხვრევები მოხვედრია. ბიჭებმა სასწრაფოდ წაიყვანეს გორის ჰოსპიტალში, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო... ჩვენ 10 აგვისტოს შევიტყვეთ, რომ დაჭრილი იწვა გორის ჰოსპიტალში. ჩემი ძმა წავიდა გორში და ჩამოასვენა.
მთელი სოფელი ტიროდა, ყველამ განიცადა მისი დაღუპვა. სოფელში ერთ კაცს ვერ ნახავ, რომ ომარი არ ჰყვარებოდა...“
ომარ ასლანიძე დაიღუპა და რამდენიმე საათში ერაყიდან საქართველოში მისი ძმაც დაბრუნდა... ომის შემდეგ, რომან ასლანიძე პირველი ქვეითი ბრიგადიდან ადლიის ბატალიონში გადავიდა. ბატალიონში, რომლის რიგებშიც უმცროსი სერჟანტი ომარ ასლანიძე იბრძოდა ოკუპანტების წინააღმდეგ.
მამა: „ჩემი ტკივილი განუზომელია, მაგრამ ომი მსხვერპლს მოითხოვს, ჩემი შვილი რომ არ დაღუპულიყო, სხვისი დაიღუპებოდა... ღმერთს ვთხოვ, ჩემი შვილი უკანასკნელი ახალგაზრდა ყოფილიყოს, ვინც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას შეეწირა. მისი დაკრძალვის დღეს, საფლავთან მივედი და დავპირდი, რომ მივახარებდი ჩვენი სამშობლოს გაერთიანებას. იმედი მაქვს საქართველო მალე გაერთიანდება და მე ჩემი შვილის საფლავთან ამაყად ვიტყვი - შვილო, თქვენს საქმეს უკვალოდ არ ჩაუვლია, საქართველო ერთიანია!“