დათა ხურცილავა ბესიკის ძე 1986-2008 გარდ. 22 წლის სამაჩბლო, დაბ. ხობი სამეგრელო
დათა ხურცილავა ბესიკის ძე დაიბადა ხობში 1986 წლის 16 თებერვალს
რეზერვისტი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
ძმის გადასარჩენად გარბოდა, ბომბის ნამსხვრევი რომ მოხვდა...
მტერი სენაკის ბაზას ბომბავდა. ბიჭები მიწას გაერთხნენ, მასაც უყვიროდნენ „დათა, დაწექი!“ ის არ დაწვა – რა დავწვე, დაჩის ვერ ვპოულობო, უმცროსი ძმის ძებნა განაგრძო და... ბომბის ნამსხვრევი მოხვდა კიდეც იმ წუთას. ძმების მამა, რომელიც ბაზის კართან იდგა, ბაზაზე შეიჭრა თავზარდაცემული. პირველად დაჩი იპოვა – მძიმედ დაჭრილი, დათას საძებნად გავარდა და... მიაგნო... მკვდარ შვილს უხდიდა ბოდიშს – მაპატიე, აქ რომ გტოვებო... დაჩისთან დაბრუნდა გადასარჩენად...
დათო ხურცილავა სიცოცხლით სავსე, 22 წლის ბიჭი იყო... ომის დაწყებისთანავე გულანთებული გავარდა რეზერვში.
დაიბადა ხობში 1986 წლის 16 თებერვალს. დედა, ნინო ბულია გაიხსენებს, როგორ ბრუნდებოდა ღონიერი და მოუსვენარი დათა ყოველდღე სკოლიდან დასვრილი და პერანგდახეული. „ძალიან ცელქი იყო, უფროსკლასელებთან ჩხუბობდა თურმე... მეექვსე კლასიდან საეკლესიო სკოლაში გადავიყვანეთ, გამოიცვალა, დადინჯდა, გაკვეთილებს არ აცდენდა, კარგი მოსწავლე იყო. თავისზე უფროსებთან მეგობრობა უყვარდა...“
დაჩი, ძმა: „ძალიან მოუსვენარი, ჯანმრთელი და ენერგიული იყო. ძალიან ალერსიანი, მოსიყვარულე, მოფერება უყვარდა და ეს თვისება სიცოცხლის ბოლომდე გამოჰყვა. ნიჭიერი და მიზანდასახული იყო, ბაღში ზეიმები რომ იყო, ყველას ლექსები ზეპირად იცოდა, ახლაც ყურში ჩამესმის მისი ხმა... სკოლაში მათემატიკის კარგი ცოდნით გამოირჩეოდა. ამიტომაც დაისახა მიზნად ეკონომისტი გამხდარიყო და მიაღწია კიდეც. ეხერხებოდა ხაზვა. უმაღლესი სასწავლებლის მასალებს აძლევდა მასწავლებელი დასახაზად. მშვენივრად აკეთებდა ყველაფერს და მაღალ შეფასებებს იმსახურებდა. გახარებული მიჩვენებდა შეფასებულ ნამუშევრებს. ახლა მაგის დათვალიერება ჩემთვის ჯოჯოხეთია...“
მათემატიკის და ხაზვის გარდა, დათას ფეხბურთი და ჭადრაკიც ჰყვარებია. ჭადრაკის მასწავლებელი კმაყოფილი ყოფილა მისი გონებაგახსნილობით... დაღუპვის შემდეგ, ხობში მისი სახელობის სტადიონი გაიხსნა, მის დაბადების დღეზე ტარდება ფეხბურთის ჩემპიონატი...
დედა: „ძალიან მგძნობიარე იყო, უჩემოდ არსად ჩერდებოდა. მახსოვს, ერთხელ დედაჩემთან დავტოვე, დავპირდი რომ ერთ კვირაში წამოვიყვანდი, ვეღარ ჩავაკითხე, ისეთი გულჩათხრობილი გამხდარა, ჩემმა ძმამ სასწრაფოდ ჩამოგვიყვანა, შემეშინდა, ისე მოიწყინაო, რომ დაგვინახა მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა... ასეთი იყო სკოლის დამთავრებამდე... ძალიან უყვარდა ძმა, მშობელივით უფრთხილდებოდა, არადა, ერთი წელი იყო მათ შორის სხვაობა. ბავშვობაში ძმას რომ გაუჯავრდებოდა და ხელს ასწევდა დასარტყმელად, ჰაერშივე აჩერებდა ძმაზე აწეულ ხელს...“
სკოლის დამთავრების შემდეგ, ტექნიკურ უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, ფინანსებსა და საბანკო საქმეს ეუფლებოდა.
დედა: „სტუდენტი რომ გახდა, მეც თან გავყევი თბილისში. ერთად გავატარეთ სტუდენტობა... ჩვენ მარტო დედა-შვილი კი არა, მეგობრებიც ვიყავით... მოწინავე სტუდენტი იყო, კარგად იცოდა თავისი საქმე, კერძოდ ფინანსები. რომ დაამთავრა, თავისი პროფესიით ეძებდა სამსახურს, რომ ვერაფერი იპოვა, უსაქმოდ ხომ არ ვიქნებიო და ყულევის ტერმინალზე, დაცვის სამსახურში დაიწყო მუშაობა. ოპტიმისტი იყო, ამბობდა, მერე რამე გამოჩნდებაო...“
დედა გაიხსენებს, რომ ბოლოს დათა გონებაგაფანტული იყო და თავადვე აკვირვებდა საკუთარი დაბნეულობა. „სულ ცდილობდა მომფერებოდა“ - იტყვის დედა... მის დაღუპვამდე ერთი თვით ადრე კი, თავად დედას ჰქონია ავი ზმანება - „ხილვა მქონდა – სასტუმრო ოთახი ყვავილებით იყო სავსე და იქვე ჩემი შვილი ესვენა... საკუთარ თავს ვეჩხუბებოდი, ეს როგორ გავიფიქრე-მეთქი. რა მალე ამიხდა ეს ხილვა... ასეთივე ხილვა ჰქონდა მიშიკო იოსავას დედასაც და გაოგნებულები ვიყავით, ერთმანეთს რომ ვუყვებოდით ამ საოცრებას...“
მერე დაიწყო ომი. ორივე ძმა - დათაც და დაჩიც რეზერვისტები იყვნენ. დაჩი წასულა კიდეც რეზერვში. დათაც გამოიძახეს, მაგრამ სამსახურიდან არ უშვებდნენ.
დედა: „სამსახურში სამჯერ შესულა უფროსთან, ეხვეწებოდა გამათავისუფლე რეზერვში უნდა წავიდეო. მესამე თხოვნაზე გაუთავისუფლებია უფროსს. დათას გარდაცვალების შემდეგ ის კაცი წუხდა, არ უნდა გამეშვა, ჩემი ბრალიაო, მაგრამ დათა თუ რამეს გადაწყვეტდა, ვერავინ გადააფიქრებინებდა... ბებიასა და ბაბუას არ უნდოდა მისი გაშვება, ამბობდნენ, რაღაც ცუდი მოხდებაო, მაგრამ ვინ დაუჯერა... მამამისი გაგიჟებული იყო, არ უნდოდა გაშვება, ხვეწნა რომ დავუწყე, არ წახვიდე-მეთქი, მომიბრუნდა – დამალვას მთავაზობო?! არა, შვილო, დაჩი ხომ წავიდა-მეთქი, ჰოდა დაჩის ვერც მე მივატოვებ, დაჩი იქაა, მე აქ რა მინდაო. სულ იმეორებდა დაჩი იქ არის და მე აქ რა გამაჩერებსო... ჩაყარა ტანსაცმელი, ტანზე ნახევრადსველი მაისური ჩაიცვა და გავარდა...“
მამამ რომ ვერაფერი გააწყო, თავადაც წავიდა ბაზაზე.
„ჩემი მეუღლე სამხედრო ბაზის კარებთან იდგა, ორივე შვილი აქ მყავს და სახლში რა მინდაო... დაბომბვამდე ნახევარი საათით ადრე ველაპარაკე დათას, მამშვიდებდა, დაიძინე, არაფერი მოხდებაო. რა დამაძინებდა ჩემი შვილები იქ იყვნენ...“
მერე მტერმა ბაზის დაბომბვა დაიწყო...
ძმა ძმას ეძებდა თავზარდაცემული, ბაზაზე შეჭრილი მამა კი თავის შვილებს...
„დათას თურმე მეგობრები უყვიროდნენ, დაწექი, დათა, დაწექიო. როგორ დავწვე დაჩის ვერ ვპოულობო, უთქვამს... მის მოსაძებნად გარბოდა, რომ დაღუპულა. ბაზაზე შევარდნილმა ჩემმა მეუღლემ პირველად დაჩი იპოვა დაჭრილი, დათას ძებნა გააგრძელა, ცოტა ხანში გარდაცვლილი იპოვა... მიატოვა და დაჩის დასახმარებლად დაბრუნდა უკან, საავადმყოფოში წაიყვანა, იქნებ ეს მაინც გადარჩესო. დათას ბოდიშს უხდიდა, მაპატიე შვილო, დროებით იქ რომ დაგტოვეო, მაგრამ შენს ძმას უნდა ვუშველოო. ერთი შვილი სასიკვდილოდ დაჭრილი და მეორე გარდაცვლილი... დღესაც მიკვირს, როგორ გაუძლო ამ სიმწარეს... დაჩი ძალიან ცუდად იყო, გერმანიაში რომ არ წაეყვანათ, ისიც მომიკვდებოდა, ბეწვზეა გადარჩენილი, ერთი წელი ფეხზე ვერ დგებოდა...
ჩვენს ყოფნას ცხოვრება არ ჰქვია... განადგურებული ვართ, ტანჯვაში გადის დრო... დათას ბაბუა ორმოცი დღის განმავლობაში სასაფლაოზე ათენებდა, იქ იწვა, სულ იმეორებდა დათას სიბნელის ეშინოდა და მარტო არ დავტოვებო...“
მოტრიალდება დაღუპვიდან ორი წელი... საფლავზე მისულ შვილმკვდარ დედას დახვდება ყვავილები და... ვიღაც გოგონას ლექსი ყვავილებთან ერთად...
დედა: „დიდი მონატრება იყო ჩაქსოვილი... შეყვარებული იყო, ცოლის მოყვანა ეჩქარებოდა, სექტემბერში უნდოდა დაოჯახება... ძალიან უყვარდა ბავშვები, ალბათ, გული უგრძნობდა, რომ ვერ მოესწრებოდა მამობას... საშინელებაა... გასახსენებელი ბევრი მაქვს, მაგრამ გული ვეღარ უძლებს მეტის გახსენებას...“