შალვა გაბუნია ემზარის ძე 1989-08წწ. გარდ. სამაჩბლოში დაბ. ფოთი
შალვა გაბუნია ემზარის ძე რეზერვისტი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
მტერმა სენაკის ბაზის დაბომბვა რომ დაიწყო, ის არც დაჭრილა, არც დაღუპულა. დაჭრილები გამოჰყავდა, მესამე შესვლისას მოხვდა ანასხლეტი. მოხვდა არტერიაში და... გათავდა ერთი ქართველი ბიჭის სიცოცხლე, ის არ იყო გამობრძმედილი მეომარი, ის იყო 19 წლის სტუდენტი ბიჭი, დღე-დღეზე ქუვეითში რომ უნდა წასულიყო არაბული ენის შესასწავლად და ქუვეითის ნაცვლად საკუთარი ფეხით რომ ჩავიდა სენაკის ბაზაზე – როგორც შეშვენოდა, მისი აზრით, რეზერვისტს.
დღეს შალვა გაბუნია უკვე მამულისთვის დაღუპულ გმირთა დასშია.
თავის დროზე, დედამისს რომ ეუბნებოდნენ, გამორჩეული შვილი გყავსო, არ იმჩნევდა. დედას საყვედურობდნენ. დედაც თავს იმართლებდა: რა იყო, ერთი ჩვეულებრივი ბიჭიაო. ახლაღა ხვდება, რომ ჩვეულებრივი კი არა, გმირი გაუზრდია.
შალვა გაბუნია ფოთში დაიბადა 1989 წელს. ოჯახში პირველი შვილი იყო.
მაია ბოკუჩავა, დედა: „განსაკუთრებული ბავშვი იყო, დინჯი, აუჩქარებელი... მე ვიყავი დაუნახავი დედა, არასოდეს ვაქებდი. რომ დასცლოდა, თავის კვალს დატოვებდა ცხოვრებაში. საოცრად ნიჭიერი იყო... პირველ კლასში დუმბაძე უკვე წაკითხული ჰქონდა. 6 წლის იყო, დეიდამ და ბიძამ პარიზში რომ წაიყვანეს, ლუვრი, ვერსალი დაათვალიერებინეს. გიდები გაოცებას ვერ მალავდნენ, რადგან 6 წლის ბიჭი, ასაკისთვის შეუფერებელ, საოცრად ჭკვიანურ კითხვებს სვამდა... მეხუთე კლასში იყო, მისი მასწავლებელი ნინო მორგოშია რომ ამბობდა: საგანგებოდ ვემზადები მის კლასში შესასვლელად, არ ვიცი, შალვა რა კითხვას დამისვამსო. ყველაფრის მიმართ ინტერესს ავლენდა. მტკიცე იყო გადაწყვეტილებების მიღებისას, მოზომილი სიტყვა-პასუხი ჰქონდა და ვერც სხვა აკადრებდა ვერაფერს. მორიდებული იყო, ლექსებსაც წერდა... ყველასგან განსხვავდებოდა და ამიტომაც ეძახდნენ მეგობრები დონ შალის“.
შალვა გაბუნია ფოთის მესამე პროფილური სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. დედა იხსენებს, რომ წარმატებამ დიდი სტიმული მისცა შალვას. იხსენებს, როგორ განსაკუთრებით უბრწყინავდა თვალები, როგორ ზრუნავდა მუდამ სხვებზე, უნდოდა, ყველას დახმარებოდა, მაგრამ დაღუპვამდე ერთი წლით ადრე ოჯახს თავს ტრაგედია დაატყდა – შალვას მამა გარდაეცვალა.
დედა ორი შვილის ამარა უმწეოდ დარჩა. მერე გაიხსენებს, როგორ ამშვიდებდა შალვა: ნუ გეშინია, დედა, პატარა აღარ ვარო...
პატარა რომ აღარ იყო, ეს სამშობლოსაც დაუმტკიცა.
დედა: „აგვისტოს მოვლენები რომ დაიწყო, თბილისში იყო. ქუვეითში უნდა წასულიყო არაბული ენის შესასწავლად, ელჩთან შეხვედრას ელოდებოდა და სიტუაციაც დაიძაბა ქვეყანაში. მობილიზაცია გამოცხადდა, რეზერვისტი იყო. თვითონ შეეხმიანა სენაკში თავისი ბატალიონის უფროსს, საჭირო არ ვარო? არაფრით არ დაუშვებდა, სხვებს ებრძოლათ და თვითონ უცხოეთში წასულიყო სასწავლებლად. იმ დღესვე წამოვიდა სენაკის ბაზაზე. გავიგე თუ არა, დავურეკე, მინდოდა, საყვედური მეთქვა, მაგრამ მისი ხმა რომ გავიგე, გულმა სხვა რამ მათქმევინა, გადაწყვეტილება შევუქე, ყოჩაღ, დედა-მეთქი. როგორც იცოდა, მშრალად და მოკლედ, მკაცრი ხმით მიპასუხა: კარგი, დედა, არ გინდა ასეთი საუბარი, ბაზაზე რომ ჩავალ, დაგირეკავო. ის შეჩვეული არ იყო ჩემგან შექებას და გაუკვირდა, სულ მეტსა და მეტს მოვითხოვდი მისგან. იმ დღეებში საშინელი წინათგრძნობა მქონდა, თითქოს რაღაც ხმა ჩამძახოდა, ორი დღეც და შენი შვილი გადარჩებაო, კიდევ ერთი დღე და შენი შვილი გადარჩებაო, ბოლოს – სხვისი შვილები ომში წავიდნენ და შენი შვილი უნდა დამალოო?.. მასაც წინათგრძნობა ჰქონია თურმე, ბაზაზე ჩასული თავის მეგობრებს უყვებოდა, სამარშრუტო ტაქსში ჩამეძინა და ბაზას რომ მოვუახლოვდი, დედაჩემის ლანდი დავინახე და გამომეღვიძაო...
მისი თანაკლასელი და საუკეთესო მეგობარი ოთიკო კიკალეიშვილი მასთან ერთად დაიღუპა სენაკის ბაზაზე. 8 აგვისტოს მისთვის დაურეკავს და უთქვამს, მეც მოვდივარო. განსაკუთრებული მეგობრობა ჰქონდათ და სიკვდილიც ერთად ეწვიათ... შალვა თურმე პირველი დაბომბვის დროს არ გარდაცვლილა, დაჭრილები გამოჰყავდა, მესამედ რომ შებრუნდა დაჭრილის გამოსაყვანად, მაშინ მოხვდა ანასხლეტი არტერიაში. სიცოცხლის ჟინი მოძალებული ჰქონდა, მაგრამ საკუთარი სიცოცხლე სხვების სიცოცხლეს შესწირა...“
სენაკის ბაზის დაბომბვა რომ გაიგო, ელდანაკრავი დედა შვილს ამაოდ ურეკავდა, ვერ უკავშირდებოდა. მეზობლებისგან შვილის მეგობრის – ოთიკო კიკალეიშვილის დაღუპვა შეიტყო და ქვეყანა გააყრუა მისმა გოდებამ, ქვეყანას უყვებოდა, როგორი კარგი ბიჭი დაიღუპა. ამ დროს კი აღარც მისი შვილი იყო ამქვეყნად. მოგვიანებით შეატყობინა დისშვილმა: შალვა დაჭრილია, მაგრამ საშიში არაფერიაო. მეზობლებთან ერთად სენაკის საავადმყოფოში გაიჭრა. ვერ მიაკვლია. უთხრეს, ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანესო.
დედა: „მოვდიოდი და უფალს ვევედრებოდი, შვილი გადამირჩინე-მეთქი, სახლს რომ მოვუახლოვდი, ხალხი იყო შეკრებილი, მივხვდი, რაც ხდებოდა...
ჩემი შვილის ცხედარიც საოცრად ლამაზი იყო... როცა ვეფერებოდი, თვალიდან ცრემლი გადმოუვარდა... შალვა სტიქაროსანი იყო, ტაძარში რომ მივასვენეთ, ორი მტრედი მოფრინდა და დასაფლავებამდე იქ იყო... გარდაცვალებიდან მეოთხე დღეს დავკრძალეთ...“
შალვა გაბუნია უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტი იყო. შვილმკვდარ დედას დღემდე ეამაყება უნივერსიტეტის რექტორის სამძიმრის წერილი:
„...ვწუხვარ, რომ ასეთი მოტივირებული, მიზანდასახული და გაბედული ახალგაზრდა დააკლდა ჩვენს უნივერსიტეტსა და მთლიანად ქვეყანას. მისი სწრაფვა და რწმენა იმისა, რომ 19 წლის ასაკში სამშობლოს გამოადგებოდა, ყველა ჩვენგანისთვის მისაბაძია. შალვა გაბუნიას გმირობა უნივერსიტეტის იმ სახელოვან მამულიშვილთა სათაყვანებელ ისტორიას მიემატება, რომელთაც ქვეყნისთვის საჭირო მომენტში დაუფიქრებლად გადაწყვიტეს ომში წასვლა. ჩვენ ამ ტრაგედიის თანამოზიარე ვართ“.
19 წლის შალვა გაბუნიას განგებამ არ აცალა დაოჯახება. უშვილძიროდ გადაეგო ამ ქვეყნიდან...
დედა: „რწმენა მეხმარება ტკივილის დაძლევაში, ვიცი, შვილი უფალთან მყავს და ამით ვინუგეშებ თავს. განსაკუთრებული შვილი მყავდა და ამის დანახვა არ მინდოდა... ყველა მსაყვედურობდა, სულ ვამბობდი: რა იყო, ერთი ჩვეულებრივი ბიჭია-მეთქი, ახლა კი მინდა ეს სიტყვები მოვინანიო შალვას სულის წინაშე...“